მოგეხსენებათ, პოპულარული სერიალი - "გოგონა გარეუბნიდან" გიორგი ვარდოსანიძის პერსონაჟის, ლევან ხომერიკის გარეშე გაგრძელდება. დავინტერესდით, რა ბედი ეწევა მარის ანუ ლევანის მეუღლეს, რომლის როლსაც ქეთა ლორთქიფანიძე ასრულებს.
ქეთა ლორთქიფანიძე:
- სერიალში რაღაც ცვლილებებია, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კომენტარს ვერ გავაკეთებ.
- ის მაინც გვითხარი, "ღამის შოუს" სტუდიასთან თანამშრომლობას აგრძელებ?
- ვაგრძელებ!
- ანუ სერიალში - "გოგონა გარეუბნიდან" რჩები?
- კი, ვრჩები. სამწუხაროა, რომ გიორგი ვარდოსანიძე სერიალში აღარაა, მაგრამ იქნებ... თუმცა ეს უკვე სცენარისტებზეა დამოკიდებული.
- ქეთა, როგორც ვიცი, მაია დობორჯგინიძესთან და მარიამ ჯოლოგუასთან ერთად თეატრალურ სტუდიას უძღვები. სხვა პროექტებში მონაწილეობა მუშაობაში არ გიშლის ხელს?
- "ღამის შოუს" სტუდიის გარდა, "თავისუფალი თეატრის" მსახიობიც ვარ, მაგრამ ყველაზე მეტ დროს ჩვენს სტუდიას ვუთმობ - აქ სიარული თითქმის ყოველდღე მიწევს და გაკვეთილებს ვატარებ... ჯერჯერობით საქმეებს ერთმანეთს ვუთავსებ. თუ ამას ვეღარ მოვახერხებ, ზუსტად ვიცი, რომ რაღაც როლი შეიძლება დავთმო, მაგრამ სტუდიიდან არ წავალ. მე, მაია დობორჯგინიძე და მარიამ ჯოლოგუა პედაგოგებიც ვართ და ხელმძღვანელებიც. ბავშვებს მსახიობის ოსტატობას, მეტყველებას, ვოკალს, ქორეოგრაფიასა და ხელოვნების ისტორიას ვასწავლით. დღესდღეობით, სტუდიაში სამოცამდე ბავშვი სწავლობს. ყოველი სემესტრის ბოლოს სპექტაკლებს ვდგამთ, რომელსაც პატარები პროფესიულ სცენაზე თამაშობენ. სხვათა შორის, სტუდიაში ცნობილ მსახიობებს, რეჟისორებსაც ვიწვევთ, რომლებსაც პატარები ხვდებიან...
- სპექტაკლებს რეჟისორობას ვინ უწევს?
- სამივე. საქმე განაწილებული გვაქვს. მოგეხსენებათ, მაია დობორჯგინიძეს სარეჟისორო ფაკულტეტიც აქვს დამთავრებული და თეატრალურ უნივერსიტეტშიც ასწავლიდა... მარიამმაც რეჟისურის ფაკულტეტი დაამთავრა.
- რა ასაკის ბავშვებს ასწავლით?
- 6-დან 17 წლამდე. სულ სამი ასაკობრივი ჯგუფი გვაქვს.
- თქვენი პოპულარობა რომ არა, როგორ ფიქრობ, მაინც ბევრი მოსწავლე გეყოლებოდათ?
- შეიძლება ვიღაცას ამიტომაც მოჰყავს ბავშვი, მაგრამ მერწმუნეთ, მხოლოდ პოპულარობა საკმარისი არაა საიმისოდ, რომ პატარები აღზარდო. თუკი ჩვენს საქმეში დიდი ძალისხმევა და შრომა არ "ჩავდეთ", ბავშვებს ის პროფესია არ შევაყვარეთ, რომელსაც ვემსახურებით, ჩვენი პოპულარობა მალევე "დაიმსხვრევა".
- თეატრალური სფეროთი თქვენი შვილები თუ ინტერესდებიან?
- სტუდიაში მარიამ ჯოლოგუას ვაჟიც დადის. ჩემი უფროსი ბიჭი კინორეჟისურის ფაკულტეტზე სწავლას აპირებს. იმედია, ეს სურვილი გაუვლის, რადგან მინდა, პიანისტი გახდეს. ჩემი ქალიშვილის ოცნება კი მსახიობობაა. ამის წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით - ყველაფერში ვუწყობ ხელს და ალბათ, სტუდიაშიც მოვიყვან. დანარჩენები ჯერ ძალიან პატარები არიან და პროფესიული არჩევანი არ გაუკეთებიათ.
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)