"დეტექტივები არ მიყვარს; სხვა ყველანაირი ჟანრის ლიტერატურა შემიძლია წავიკითხო", - ამბობს "ვანოს შოუს" ბენდის ხელმძღვანელი, თამუნა ლეკვეიშვილი. ბავშვობაში წასაკითხ ლიტერატურას დედა ურჩევდა. 2-3 წლით უფროს ბავშვებთან მეგობრობდა და რჩევებს ისინიც ხშირად აძლევდნენ. წუხს, რომ მოუცლელობის გამო, ბოლო დროს წიგნების საკითხავად ვეღარ იცლის. სანამ ინტერვიუზე დამთანხმდებოდა, ცოტა იყოყმანა, - არ ვიცი, როგორი რესპონდენტი ვიქნებიო, - მაგრამ უარი მაინც არ მითხრა და შინ მიმიპატიჟა.
- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?
- პაულო კოელიოს "თერთმეტი წუთი". მწერლის ენა და ფანტაზია მომეწონა. კარგი ნაწარმოებია.
- პოეზია გიყვარს?
- მიყვარს, მაგრამ პროზაზე მეტად - არა. გააჩნია, როგორ განწყობილებაზე ვარ.
- წიგნი მოგიპარავს?
- წიგნი - არა, მაგრამ ნოტები მომიპარავს.
- ვის მოჰპარე?
- (იცინის) არ გეტყვი. ახლაც შენახული მაქვს. პატრონმა ვერ გაიგო.
- რომელიმე პერსონაჟი თუ გიყვარს გამორჩეულად?
- არა, ასეთი გმირის დასახელება არ შემიძლია.
- სკოლაში ყველაზე კარგად რომელ საგანს სწავლობდი?
- ქართულ ენასა და ლიტერატურას და გეოგრაფიას. მათემატიკაც მიყვარდა, მაგრამ ბოლო წლებში მთლიანად მუსიკამ გამიტაცა და სხვა საგნებს ბევრ დროს ვეღარ ვუთმობდი.
- ახლახან მეორე შვილი შეგეძინა.
- დიახ, ნიკოლოზი 24 ნოემბერს დაიბადა. მშვიდი ბავშვია, არ ტირის, ღამეც კარგად სძინავს. მხოლოდ ეგ არის, რომ უფროსი შვილი ცოტა ეჭვიანობს. ნინის უნდა, რომ სულ მასთან ვიყო.
- "რუსთავი 2"-ის გასართობი შოუების სტუდია მალე ახალ სერიალს შემოგვთავაზებს. მუსიკალურ გაფორმებაზე შენ ზრუნავ?
- რა თქმა უნდა. მუსიკა უკვე დაწერილია, სცენარიც მზად არის. დეკორაციას ველოდებით და გადაღებას დავიწყებთ.
- დროა, კითხვარზე გადავიდეთ.
- ძალიან ვნერვიულობ.
- საქართველოს ეს ქალაქი ისტორიულ წყაროებში პირველად XVI საუკუნის 60-იან წლებში მოიხსენიება. XIX საუკუნის 20-იან წლებში იქ კაზაკთა ჯარის პოსტი იყო. ქალაქად 1926 წელს გამოცხადდა. მცირე ხნის მანძილზე რევოლუციონერ ჯუღელის სახელსაც ატარებდა; შემდეგ დაიბრუნა ისტორიული სახელწოდება. ის ზღვის დონიდან 160 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. დაასახელე, რომელ ქალაქზეა ლაპარაკი?
- ეს ისტორია ძალიან მეცნობა. დასავლეთ საქართველოშია?
- დიახ.
- ზესტაფონი ხომ არა?
- გამოიცანი.
- და ზესტაფონელთა რისხვას გადავურჩი!
- ეს კითხვა ნიკა გრიგოლიასაც დავუსვი და ვერ მიპასუხა. ზესტაფონში რა ასაკამდე ცხოვრობდი?
- 16 წლამდე. მერე თბილისში წამოვედი, ექსპერიმენტულ ათწლედში ვსწავლობდი. შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ.
- რომელ წელს ჩამოყალიბდა შვედური ჯგუფი "აბბა"?
- არ ვიცი, ზუსტ თარიღს ვერ დავასახელებ.
- 1972 წელს. ამ ჯგუფს არ უსმენ?
- რომ ვუსმენდე, თარიღიც მემახსოვრებოდა.
- "მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი". ეს...
- (მაწყვეტინებს) ვიცი, ეს სოკრატეს გამონათქვამია.
- დიახ, მინდა გკითხო, რას ამბობდა ამ სიტყვების შემდეგ?
- არ ვიცი.
- "...სხვებმა კი ესეც არ იციან".
- საინტერესოა (იცინის).
- რა ჰქვია შიშს ძაღლის მიმართ?
- არ მახსოვს. არადა, უნდა ვიცოდე, ძაღლების ძალიან მეშინია.
- კინოფობია ჰქვია.
- ვა! გული დამწყდა, რომ ვერ გიპასუხე, კინოლოგია მაინც გამხსენებოდა.
- ძაღლების გარდა, კიდევ რისი შიში გაქვს?
- ქათმის. არ შემიძლია შევეხო. დედაჩემიც ასეა, ეს გენეტიკურად მაქვს.
- ვინ დაწერა "რევიზორი" და "მკვდარი სულები"?
- გოგოლმა.
- ზესტაფონი, ქუთაისი, თბილისი, გორი - ამ ქალაქებიდან რომელია უძველესი?
- ქუთაისი.
- "ის მოიპოვება არა ნათესაური კავშირით, არამედ ინტერესთა ნათესაობით" - რის შესახებ ამბობდა ამას დემოკრიტე?
- არ ვიცი.
- მეგობრობის შესახებ. ცნობილია, რომ თავისუფლების ქანდაკება ფრანგი ხალხის საჩუქარია ამერიკის შეერთებული შტატების ხალხისადმი. იგი მოქანდაკე ფრედერიკ-ოგიუსტ ბარტოლდიმ შექმნა. ვინ გამოიყენა მან მოდელად?
- არც ეს ვიცი.
- საკუთარი დედა.
- კითხვები გამირთულე?
- არ გამირთულებია. რესპონდენტებმა რაც არ იციან, ის ყოველთვის რთულად ეჩვენებათ.
- აზარტში შევედი და ამ 2 კითხვას რომ ვერ ვუპასუხე, ცოტა მოვიწყინე.
- რატომ ატარებდა იულიუს კეისარი დაფნის გვირგვინს?
- ვერ გიპასუხებ.
- სიქაჩლის დასაფარავად.
- (იცინის) მე ეგეც არ ვიცოდი, ქაჩალი თუ იყო.
- ეს მუსიკალური საკრავი უხსოვარი დროიდან არის ცნობილი. შუა საუკუნეებში მას რომანტიკული ბალადების შესასრულებლად იყენებდნენ, ხოლო XVIII საუკუნეში სიმფონიური ორკესტრის შემადგენლობაში შევიდა. დაასახელე, რომელ ინსტრუმენტზეა ლაპარაკი?
- (ფიქრობს) არფაზე.
- 100 კილომეტრი მანძილის გასავლელად ავტომანქანას სჭირდება 8 ლიტრი ბენზინი. რამდენი ლიტრი საწვავი დასჭირდება ამავე ავტომანქანას 125 კილომეტრის გასავლელად?
- დავითვლი და გიპასუხებ. (პაუზის შემდეგ) 10 ლიტრი, ასე არ გამოდის?
- გამოიცანი. 1883-1884 წლებში სად სწავლობდა ვაჟა-ფშაველა და რატომ გახდა ის იძულებული, სწავლისთვის თავი დაენებებინა?
- პეტერბურგში სწავლობდა. რატომ დაანება თავი, ამის ზუსტი მიზეზი არ მახსოვს. მგონი, ხელმოკლეობის გამო.
- დიახ. "მუსიკა საგანძურია, სადაც ყველა ეროვნებას თავისი განძი შეაქვს", - რომელი კომპოზიტორია ამ გამონათქვამის ავტორი?
- მინიშნებას ვერ მეტყვი?
- ის რუსული კლასიკური მუსიკის წარმომადგენელი და არაერთი შედევრის ავტორია.
- პეტრე ჩაიკოვსკი.
- რომელ ბრძოლაში დაიღუპა 9 ძმა ხერხეულიძე?
- ვერ ვიხსენებ.
- მარაბდის ბრძოლაში. საქართველოს რომელი კუთხის შვილები არიან დავით კლდიაშვილის პერსონაჟები?
- იმერეთის.
- რომელია ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე ქალაქი?
- მესტიის მხარეს იქნება.
- არა. ეს ქალაქი სვანეთში არ არის.
- რაჭაშია?
- არა.
- აბა, სად არის?
- სამცხე-ჯავახეთში.
- მართლა? არ ვიცი, რომელია?
- ახალქალაქი. ვინ მიიჩნევა ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებლად?
- მელიტონ ბალანჩივაძე.
- "ამორძალივით მოჯირითე რაინდთა შორის", "ყინწვისის ანგელოსივით მჭმუნვარე", - რომელ პერსონაჟს ახასიათებს ასე კონსტანტინე გამსახურდია?
- შორენა კოლონკელიძეს.
- 1824 წელს პარიზში გამოვიდა ფრანგი დედოფლის - მარია ანტუანეტას მოდელიერი ქალის, მადმუაზელ ბეხტეინის მემუარები. რომელი ფრთიანი გამონათქვამის ავტორი გახდა ეს მოდელიერი მას შემდეგ, რაც დედოფლის ძველი კაბა განაახლა?
- ვერ გიპასუხებ.
- "ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია".
- ვა! არ დავფიქრდი, თორემ ეს გამონათქვამი გამახსენდებოდა.
- წელიწადის რამდენი თვეა ისეთი, რომელიც 30 რიცხვს შეიცავს?
- არ ვიცი, მაგას ხელის მტევანზე ხომ თვლიან ხოლმე; მადროვე (ხელზე ითვლის)... 6 გამოდის.
- საინტერესოა, როგორ დაიანგარიშე?
- რა, ასე არ არის?
- აბა, ეს 6 თვე დამისახელე.
- იანვარი, აპრილი... რატომ იცინი?
- ძალიან დაიბენი.
- რატომ დავიბენი, ასეა, კარგად დაფიქრდი.
- ასეთი მხოლოდ ერთი...
- (მაწყვეტინებს) უი, უი, რა სისულელეს ვამტკიცებ. მხოლოდ თებერვალია (იცინის). ამის წაკითხვისას მკითხველი გამხიარულდება.
- ცნობილი ავტომრბოლელი შუმახერი მონაწილეობდა შემდეგი ლოზუნგის პროპაგანდაში: "ათი წამი, რომელმაც შეიძლება გადაარჩინოს თქვენი სიცოცხლე". რაში უნდა დაიხარჯოს ეს ათი წამი?
- მინიშნება რომ მითხრა, არ შეიძლება? დამეხმარე.
- არ მგონია, მინიშნების თქმა დაგჭირდეს, დაფიქრდი.
- (პაუზის შემდეგ) დავაზუსტებ: ამ რაღაცის გაკეთებას კანონი გვავალდებულებს?
- დიახ.
- მივხვდი - ღვედის შეკვრაზეა ლაპარაკი.
- "განგაში", "ხევისბერი გოჩა", "ნინო", "დათა თუთაშხია" - ამ ფილმებიდან რომლისთვის არ დაუწერია მუსიკა რევაზ ლაღიძეს?
- "დათა თუთაშხიასთვის".
- შეგიძლია, ამ ფილმის მუსიკის ავტორი დამისახელო?
- ბიძინა კვერნაძე.
- რომელ ჩიტს ადარებენ ახალი საქმის პირველად წამომწყებ, სიახლის შემომტან ადამიანს?
- მერცხალს: პირველი მერცხალიაო, ამბობენ ხოლმე.
- "ვეფხისტყაოსნის" რომელ გმირთან არის შედარებული ვეფხვი ამ სტრიქონში: "ხრმალი გავსტყორცნე, გარდვიჭერ, ვეფხვი შევიპყარ ხელითა, მის მიერ კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა".
- ნესტან-დარეჯანს.
- რა ერქვა მდინარეს, სადაც პირველად ოქრო აღმოაჩინეს?
- ვიცოდი და ვეღარ ვიხსენებ.
- კლონდაიკი. დაბოლოს, დაასრულე გოეთეს ცნობილი გამონათქვამი: "თუ მიზნისკენ მიდიხარ და გზად შეჩერდები, რათა ყველა ძაღლს ქვა ესროლო, რომელიც გიყეფს, მიზნამდე..."
- "...მიზნამდე ვერასდროს მიხვალ".
თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)