მოდელსა და ჟურნალისტ თიკო ნატროშვილს ფობიებზე ვესაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ თიკო საკმაოდ გაბედული ადამიანი ყოფილა, თუმცა, მიუხედავად ამ გამბედაობისა, მაინც აქვს სუსტი მხარეები, რომელთა შესახებაც თავად გიამბობთ.
- მშიშარა ვარ, მაგრამ ჩემს შიშს უფრო სიფრთხილეს ვუკავშირებ. რაც შეეხება ფობიებს, კლაუსტროფობია და მსგავსი გავრცელებული ფობიები არ მაქვს, ერთადერთი, რისი გამორჩევაც შემიძლია, მწერების მიმართ შიშია. ეს იმდენად ძლიერია, რომ უკვე ფობიაში გადამივიდა და ამასთანავე მაქვს გზაზე გადასვლის შიში, ოღონდ ამას ვერ ვხსნი. ჩემი ასეთი დამოკიდებულება გამომდინარეობს უნდობლობისგან, რადგან ხშირად მძღოლები წესრიგს არღვევენ, ამიტომ მე სიფრთხილეს ვიჩენ. არასდროს გადავკვეთ გზას იქ, სადაც არაა შუქნიშანი, ან თუ მახლობლად მიწისქვეშა გადასასვლელია.
მიმაჩნია, რომ ფობია არის აუხსნელი შიში რაღაცის მიმართ, მე ვპოულობ ჩემი შიშის ახსნას, ვინც ამას ვერ ახერხებს, მას უკვე ჩამოყალიბებული ფობია აქვს. ცოტა ხნის წინ ფსიქოლოგთან მქონდა სწორედ ამ თემაზე საუბარი, რომელმაც თქვა, ადრე იყო თითზე ჩამოსათვლელი ფობიები, ახლა კი ყველაფერს ფობიას ეძახიან და უკვე ვეღარც კი ითვლიან, რამდენს აღწევს ფობიების რაოდენობაო. მანვე გვიამბო ერთი ადამიანის შესახებ, რომელსაც თვითმფრინავის ისე ეშინოდა, რომ არასდროს არ უმგზავრია, მეტიც, აეროპორტშიც კი არასდროს მისულა თუნდაც მეგობრის დასახვედრად. ჩემი აზრით, ფობია სწორედ ესაა და არა ის, რომ ვიღაცას რაიმე ამოჩემებული შიში აქვს.
- მწერების შიში ახსენე, რომელსაც ენტომოფობია ჰქვია...
- არანორმალურად მეზიზღება კალია. ალბათ ყველას გახსოვთ, ერთ წელიწადს უამრავი კალია შემოესია თბილისს და მოდებული იყო ყველგან, მაცივარშიც კი ვიპოვე ერთხელ. სწორედ იმ პერიოდში ღამით ლამპიონის ქვეშ დავდექი და უცებ ვიგრძენი, რომ კალიების წვიმაში აღმოვჩნდი, ოღონდ ეს იყო არა ჩვეულებრივი კალიები, არამედ "სარანჩები". საშინელი შეგრძნება დამეუფლა და გასაკვირი არ არის, რომ ამ ფაქტის შემდეგ მეზიზღება კალიები. ყოფილა შემთხვევა, რომ სწორედ კალიების გამო არ წავსულვარ სხვადასხვა ადგილას, რადგან ვიცოდი, რომ იქ მრავლად იქნებოდნენ. ისევ და ისევ კალიების შემოფრენის შიშით ზაფხულში ფანჯარას ვხურავდი და ისე ვიძინებდი. საერთოდ, ასეთი ტიპი ვარ, სანამ ფაქტის წინაშე არ დავდგები, არ მეშინია. ერთხელ გველიც კი დავიჭირე და სახლში ავიყვანე, შეიძლება ვიღაცისთვის უცნაურია, მაგრამ არ შემშინებია. თაგვებს, რომლებიც მრავლად არიან თბილისის სადარბაზოებში, ფეხზეც კი გადაურბენიათ ჩემთვის, მაგრამ მათ მიმართაც არ გამჩენია ზიზღი. აქედან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ თუ რაღაცამ გამოიწვია ჩემში განსაკუთრებული შიში, მერე მიჭირს მისი დაძლევა, მაგრამ ამას ფობიას მაინც ვერ დავარქმევ.
- უფრო ვრცლად მოგვიყევი გველის დაჭერის ამბავს... რატომ აიყვანე სახლში?
- ისევე როგორც კალიები, ერთ წელს გველებიც მომრავლებული იყო, ჰოდა ეზოში მე და ჩემმა მეგობარმა დავიჭირეთ გველი, მან კარგად იცოდა, რომ შხამიანი არ იყო, ამიტომ გავუთამამდით, ხელით შევეხეთ და ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ სახლში ავიყვანე და მერე უვნებლად გავუშვით. არ ვიცი, ახლა ასეთ რამეს თუ გავაკეთებდი, მაგრამ მაშინ საერთოდ არ მქონდა შიშის გრძნობა.
- საოცარია... სიჩქარის თუ გეშინია?
- საკმაოდ, მაგრამ თუ მძღოლს ვენდობი, მშვიდად ვარ. ახლახან სამსახურიდან ბაკურიანში წავედით, ცუდი ამინდი დაგვემთხვა, იყო ქარი, თოვლი, ნისლი და გაყინული გზა, რაც, ბუნებრივია, შიშს იწვევდა, მაგრამ იმდენად კარგი მძღოლი გვყავდა, რომ რეალური საფრთხის წინაშე არ დავმდგარვართ. საერთოდ, ქალაქში გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა ქაჯობად მიმაჩნია, ვერ ვიგებ, რატომ უნდა იმოძრაო ქალაქში ქაჯივით. როცა შენი არსებობითა და მოქმედებით საფრთხეს უქმნი სხვა ადამიანებს, არ ხარ პატივისცემის ღირსი და მე არ ვცემ პატივს ასეთ ადამიანებს.
- თიკო, არსებობს ექიმების მიმართ შიში, რომელსაც იატროფობია ჰქვია. შენ როგორი დამოკიდებულება გაქვს მათთან, მიეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც ფრჩხილის წამოტკივებაზეც კი ექიმთან გარბიან?
- არა, არ მახასიათებს ყველაფერზე ექიმთან სირბილი, მაგრამ ადამიანები ვართ და გვჭირდება ხოლმე სხვადასხვა სამედიცინო პროცედურა. მიუხედავად ამისა, საშინლად არ მიყვარს წამლის დალევა, ავადმყოფობის გამო ყურადღების ცენტრში ყოფნა, არ ვემხრობი იმ დედებს, რომლებიც შვილებს გამუდმებით ექიმებთან დაარბენინებენ, სწორედ ასეთ ბავშვებს ექმნებათ პრობლემები ყველაზე ხშირად. ექიმებთან მივდივარ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია.
- ახალი ურთიერთობების, სიახლის შიში ხომ არ გაქვს?
- არა, პირიქით, ახალ ურთიერთობებს ვესწრაფვი, რადგან კონტაქტური გარემო ჩემთვის უფრო მიმზიდველი და ჰარმონიულია.
- თიკო, დასასრულისკენ გვითხარი, ახლა რას საქმიანობ, რით ხარ დაკავებული?
- სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეგიდით გამოდის შემეცნებით-გასართობი ჟურნალი "ანიმა"და იქ ვმუშაობ. ეს გახლავთ არაკომერციული გამოცემა და უნივერსიტეტებში უფასოდ ვრცელდება, ვაშუქებთ პოზიტიურ საკითხებს და არა პრობლემებს, ჩვენთან ძირითადად დადებითი მასალები იბეჭდება.
- ვისთანაა შენი პატარა მათე, როცა დედა სამსახურშია და დაკავებულია?
- მათე ახლა ისეთ ასაკშია, როცა ყოველდღიურად სწავლობს რაღაც ახალს, ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე სიტყვას ამბობს, მაგრამ ცდილობს ენა ამოიდგას და გაგვაგებინოს რა უნდა. წლისა და ოთხი თვისაა და მხოლოდ ორი კვირაა, რაც ბუნებრივ კვებას დაანება თავი. როცა მე ვმუშაობ, მათე ძიძასთანაა, რომელსაც ელზა ჰქვია და ძალიან უყვარს ჩემი პატარა.
ციცი ომანიძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)