პოპულარული ამერიკელი მსახიობი ("მზის იმპერია", "კომივოიაჟერის სიკვდილი", "სახიფათო კავშირები", "იყო ჯონ მალკოვიჩი" და სხვ.), პროდიუსერი, რეჟისორი და დიზაინერი, ჯონ მალკოვიჩი ცოტა ხნის წინ სიდნეის ეწვია. მონაწილეობდა სიდნეის ყოველწლიურ თეატრალურ ფესტივალში და სპექტაკლ "ჯაკომოს ვარიაციებში" კაზანოვას როლი შეასრულა. ჯონ მალკოვიჩი წარმატებული დიზაინერიც გახლავთ - ქმნის მამაკაცის სამოსს. სიდნეის სამოდელო ცენტრ "ეი-ემ-ჯიში" მან მამაკაცის სამოსის საგაზაფხულო კოლექციის ჩვენება მოაწყო. მე დავესწარი ჩვენებას და სპეციალურად "ყველა სიახლისთვის" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწერე ჰოლივუდელ ვარსკვლავთან.
- როგორ დაიწყეთ სამსახიობო კარიერა?
- მსახიობობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, თუმცა მშობლების ხათრით, რომლებიც ილინოისის შტატის გარემოს დაცვის მოძრაობის დამფუძნებლები იყვნენ, უნივერსიტეტში, ეკოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. სწავლის პარალელურად, დავდიოდი დრამატულ წრეზე, გულანთებული და მოწყურებული ვმუშაობდი როლებზე, მაგრამ რატომღაც პედაგოგმა ამითვალწუნა. მისგან ყოველდღე მწარე შეფასებას ვისმენდი. მეუბნებოდა, შენგან მსახიობი არასდროს დადგებაო. არადა, საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვიყავი და გადავწყვიტე მისთვის დამემტკიცებინა, რომ ცდებოდა, ამიტომ თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარე. დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე, თავის სარჩენად ვმუშაობდი სასკოლო ავტობუსის მძღოლად, მღებავად, საკანცელარიო მაღაზიის თანამშრომლად... ბავშვობაში მსუქანი ვიყავი. ამას ძალიან განვიცდიდი, ამიტომ დავიწყე ვარჯიში და ათლეტური აღნაგობაც დავიყენე. სამწუხაროდ, ახლა თავს ყოჩაღად ვეღარ ვგრძნობ, წლებს თავისი მიაქვს. ვარჯიშს დიდ დროს ვეღარ ვუთმობ, თუმცა ყოველ დილით სუფთა ჰაერზე ვსეირნობ. თავისუფალ დროს შინ ვატარებ, სამზარეულოში ფუსფუსი მიყვარს. ვიგონებ ახალ რეცეპტებს, ვამზადებ კერძებს და სახელებსაც ვარქმევ. ამას წინათ მოვამზადე სალათა და "ჯონ მალკოვიჩი" დავარქვი.
- სიდნეიში თქვენს სტუმრობაზეც გვიამბეთ.
- სიდნეი ულამაზესი ქალაქია. აქ დიდი სითბოთი და სიყვარულით დამხვდნენ. მიხარია, რომ ავსტრალიაში ბევრი თაყვანისმცემელი მყავს. სიდნეის ოპერის თეატრში სპექტაკლ - "ჯაკომოს ვარიაციებში" კაზანოვას როლი ვითამაშე. სპექტაკლის დასრულების შემდეგ საგრიმიოროში შემოვიდა გოგონა, რომელსაც ხელში ჟანგბადის პატარა ბალონი ეჭირა და ავტოგრაფი მთხოვა. მას დედა ახლდა. გოგონა უკურნებელი სენით ყოფილა ავად. მან ხელის კანკალით გამომიწოდა ფურცელი და კალამი. მთელი ღამე იმ გოგონას სახე მედგა თვალწინ და სიცოცხლე კიდევ უფრო მეტად დავაფასე.
- თქვენ წარმატებული დიზაინერიც ხართ. სიდნეიში მამაკაცის სამოსის ახალი კოლექციის ჩვენება მოაწყვეთ.
- დიახ, მე წარმოვადგინე მამაკაცის სამოსის საგაზაფხულო კოლექცია. ჩემი სტილი ტექნობოჰემურია. ამას წინათ ჩვენება გავმართე ფლორენციაშიც. დიზაინერობა ყოველთვის მიტაცებდა. თეატრში ჩემი გმირებისთვის ვქმნიდი სამოსს და აქსესუარებს. ჩემი ნამუშევრები ყველას მოსწონდა. მეც გადავწყვიტე, ამ საქმეს სერიოზულად შევჭიდებოდი.
- თქვენ საქართველოშიც ხართ ნამყოფი, როგორ მოგეწონათ ჩემი სამშობლო?
- საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა. ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს. აღმაფრთოვანა ქართულმა სტუმართმოყვარეობამ. მსოფლიო შემოვიარე და ქართველებივით გულიანი ხალხი არსად მინახავს!
სპეციალურად გაზეთ "ყველა სიახლისთვის" ავსტრალიიდან
თათული ბართაია
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)