ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 79 წლის ასაკში პიანისტი მედეა გონგლიაშვილი გარდაიცვალა.
მედეა გონგლიაშვილი ნანი ბრეგვაძის უცვლელი აკომპანიატორი იყო. ნანი ბრეგვაძე ამჟამად ყაზახეთში იმყოფება, ამიტომ "ამბები.გე" მის ქალიშვილს, მომღერალ ეკა მამალაძეს დაუკავშირდა.
"3 წელი იავადმყოფა მედეამ, ბოლო დროს ის უგონო მდგომარეობაში იყო. თითქოს შეგუებულებიც ვიყავით მისი აღსასრულის მოახლოებას, მაგრამ მაინც დიდი ტკივილია მისი გარდაცვალება. ნანიმ და მედეამ ერთად 40 წელი ითანამშრომლეს. საწყენია, რომ თბილისში არ იმყოფება ნანი და მისი ახლო მეგობრის პანაშვიდებს ვერ ესწრება", - ამბობს ეკა მამალაძე.
ნანი ბრეგვაძისა და მედეა გონგლიაშვილის შემოქმედებითი ურთიერთობა 1980 წელს მოსკოვის საკონცერტო დარბაზ "როსიადან" დაიწყო. მაშინ საბჭოთა კავშირმა ახალი დუეტი გაიცნო - ნანი ძველ მეგობარ - პიანისტ მედეა გონგლიაშვილთან ერთად გავიდა სცენაზე. დუეტის შექმნის დღიდან ნანი და მედეა ერთმანეთს არ დაშორებულან.
ნანი ბრეგვაძე თავის ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს: "მედეას მაშინდელ გეპეიში შევხვდი. ის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის დიპლომანტი და ნიჭიერთა ათწლედის კურსდამთავრებული იყო. ცოტა ხანში ჩვენი გზები გაიყო: მე "რერო"-ში, მერე "ორერა"-ში წავედი. მედეა ინსტიტუტში დარჩა, მაგრამ ჩვენ შეხვედრებსა თუ კონცერტებზე ერთად გამოსვლა მაინც გვიწევდა. 1974 წლიდან 1979 წლამდე იგი იბრძოდა, "ორერა" დამეტოვებინა. გაიმარჯვა კიდეც. მისი დამსახურებით 1980 წელს შედგა ჩვენი საღამო მოსკოვის საკონცერტო დარბაზში "როსია".
"მედეას სახით მრავალმხრივ ნიჭიერი, თავის საქმეში უზომოდ შეყვარებული, თავდაჯერებული, დიდი შესაძლებლობების მქონე პიანისტ-აკომპანიატორი და იმპროვიზატორი მედგა გვერდით, - იხსენებს ნანი, - მედეას არასდროს წარმოედგინა, რომ არტისტი გახდებოდა, ის ხომ ფიზიკოსი იყო განათლებით, მე კი - პიანისტი, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვდით და მან დაკვრა დაიწყო, მე კი სიმღერა".
გიორგი ბერიძე