რუნი მარა - გოგონა დრაკონის ტატუთი

რუნი მარა - გოგონა დრაკონის ტატუთი

ეს გოგონა მსოფლიომ ლისბეტ სალანდერის როლით გაიცნო ფილმში "გოგონა დრაკონის ტატუთი", რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვიდა კინოეკრანებზე. სწორედ ამ როლით ავიდა ჰოლივუდის დიდების კვარცხლბეკზე და "ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" ნომინაციები დაიმსახურა.

პატრისია რუნი მარა 1985 წლის 17 აპრილს დაიბადა აშშ-ში, ნიუ-იორკში. მამამისი, ტიმოთი კრისტოფერ მარა - ერთ-ერთი ცნობილი სპორტული კლუბის ვიცე-პრეზიდენტია. რუნის ჰყავს ორი ძმა და და კეიტი, რომელიც ასევე მსახიობია.

მარას ირლანდიური და იტალიური ფესვები აქვს. მისი წინაპრები ამერიკული ფეხბურთის თაყვანისმცემლები და სპორტული კლუბების მეპატრონეები იყვნენ, მისი დიდი პაპა სტადიონსაც კი მართავდა ნიუ-იორკში, მაგრამ გოგონამ სამსახიობო მიმართულება აირჩია, ისევე, როგორც მისმა დამ.

მარამ საერთაშორისო სოციალური სამართალი და ფსიქოლოგია შეისწავლა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ კი მალევე მოხვდა ჰოლივუდში. პირველი ფილმი, რომელმაც სახელი გაუთქვა, იყო "კოშმარი თელების ქუჩაზე". ამას კი ცნობილი "გოგონა დრაკონის ტატუთი" მოჰყვა.

მსახიობობის გარდა მარა საქველმოქმედო ფონდის მმართველია, რომელიც საკვებით, ტანისამოსითა და წამლებით უზრუნველყოფს კენიის დედაქალაქ ნაირობის გარეუბნების მცხოვრებთ. მარა იქ ჯერ კიდევ 2006 წელს იყო, რათა ობლებს დახმარებოდა. ამბობს, რომ ამ ადამიანებს მისი დახმარება სჭირდებათ და აქტიურად არის დაკავებული ფონდის მუშაობით.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, რუნი მსახიობ ჩარლი მაკდოუელს ხვდება, თუმცა, წყვილი ჯერ დაქორწინებას არ ჩქარობს.

ლისბეტი

როცა მსახიობს სტიგ ლარსონის ცნობილი რომანი წაუკითხავს, მაშინვე მიმხვდარა, რომ ლისბეტ სალანდერის როლისთვის იყო დაბადებული. მაგრამ დევიდ ფინჩერი სხვაგვარად ფიქრობდა - რეჟისორი ვერ ხედავდა ლისბეტს ამ ნაზ მსახიობში. მსახიობს ატალახებული ჰქონდა ფინჩერის ოფისის კარი, სინჯებზე ითხოვდა ჩაწერას. ხუთჯერ წაიკითხა რეპლიკა და ხუთჯერვე უარით გაისტუმრეს. ბოლოს უკვე ხელის ჩაქნევას რომ აპირებდა, სწორედ მაშინ მიიღო როლი. მარამ როლის შესასრულებლად ვარცხნილობაც შეიცვალა, წარბებიც გაიუფერულა და სახეზე პირსინგიც გაიკეთა.

- ვიცი, რომ ბევრი ძალისხმევის გამოჩენა მოგიხდათ, სანამ როლზე დაგამტკიცებდნენ ფილმში "გოგონა დრაკონის ტატუთი"...

- მართლა დიდხანს დამჭირდა ლოდინი. ყოველ კვირას მივდიოდი და რაღაც ახალს ვაკეთებდი, რომ ფილმის შემქმნელები მომეხიბლა და მოვახერხე კიდეც.

- დევიდ ფინჩერი ცნობილი პერფექციონისტია. ამბობენ, როცა მასთან მუშაობდით ფილმში "სოციალური ქსელი", 99 დუბლის გაკეთებამ მოგიწიათ ბარის სცენისთვის. როგორი იყო ისევ მასთან მუშაობა?

- ეს შესანიშნავი იყო. "სოციალური ქსელის" გადაღებებზე ისე კარგად ვერ მოვასწარი მისი გაცნობა, სულ ოთხი დღე ვიმუშავეთ ერთად. უეჭველია, ის დიდი პროფესიონალია. მისი მუშაობის სტილი დიდ პატივისცემასა და აღტაცებას იმსახურებს. დიდი გამოცდილება მივიღე მასთან მუშაობით.

- რომელი ეპიზოდი იყო თქვენთვის ფილმში ყველაზე რთული?

- ძნელია ასე თქმა, რომ რომელიღაც მომენტი უფრო რთული იყო სხვასთან შედარებით. ეს ფილმი ჩემთვის იყო უდიდესი გამოცდილება ჩემი სამსახიობო კარიერის განმავლობაში. ის მთლიანად იყო რთული.

- ამ ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ თქვენ შესახებ მსოფლიო ალაპარაკდა. არ გეშინიათ, რომ შემდგომში ხალხი მხოლოდ ლისბეტად აღგიქვამთ და არა როგორც ნიჭიერ ახალგაზრდა მსახიობს?

- სხვათა შორის, სწორედ ეს მითხრა დევიდმა, როცა როლს მთავაზობდა. თუ სწორად მახსოვს, სანამ მის წინადადებას მივიღებდი, მითხრა: "თუ ყველაფერს სწორად გააკეთებ, ხალხი შენზე ილაპარაკებს. თუ - არა, მაშინ ეს შენი კარიერის ბოლო იქნება და იძულებული გახდები ეს ფაქტი მიიღო". მეც ვფიქრობ, რომ თუ ჩემი სამუშაო კარგად გავაკეთე, ხალხს სამუდამოდ დავამახსოვრდები ლისბეტად, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა როლებში არ ვიქნები შესაბამის სიმაღლეზე. ხალხი მათაც მიიღებს. კი, დევიდი მიწინასწარმეტყველებს, რომ ერთი როლის მსახიობად ვიქცევი, მაგრამ ნახავთ, რომ შევძლებ ამ სახიდან გამოძრომას და სხვა, უფრო საინტერესო სახეების შექმნასაც.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება