თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვინც მიფრინავს ან მოფრინავს, თუ არ დაეზარება და ილუმინატორიდან აეროპორტის ჩრდილოეთ მხარეს - ალექსეევკის სამხედრო-საჰაერო ბაზის სადგომს დააკვირდება, აღმოაჩენს განსხვავებული ფორმის შვეულმფრენს, რომელიც არც საბჭოთა წარმოების Ми-24-ებსა და Ми-8-ებს ჰგავს და არც ამერიკულ "იროკეზებს".
ეს ფრანგული წარმოების Puma-ს ტიპის სატრანსპორტო შვეულმფრენია. ის კამუფლირებული ფერებით ჯერ არ არის შეღებილი, რადგან თავდაცვის სამინისტრომ ახლახან შეიძინა.
2010 წლის 14 ივნისის "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ სტატიაში - "რატომ ყიდულობენ ფრანგულ "სუპერპუმებს" - ვწერდით, რომ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა ქართული საშვეულმფრენო პარკის გადახალისებისა და ორი ფრანგული "სუპერპუმის" შესყიდვის შესახებ განაცხადა.
წელიწად-ნახევრის შემდეგ თბილისის აეროპორტში პირველი ფრანგული შვეულმფრენი ჩამოიტანეს და ალექსეევკის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ააწყვეს, თუმცა იგი არა "სუპერპუმა", არამედ ჩვეულებრივი "პუმა" აღმოჩნდა.