თბილისი პატარა ქალაქია და რასაკვირველია, არაფერი იმალება. ჰოდა, რაც უნდა უარყონ ზოგიერთებმა, არა, როგორ გეკადრებათ, ჩვენ შორის არაფერი ხდებაო, თქვენი ბუკლიკო მაინც მოიპოვებს ამა თუ იმ ინფორმაციას ცნობილ სახეებზე.
მოკლედ, სანდო წყარომ შემატყობინა, რომ "ჯეოსტარის" ერთ-ერთი საუკეთესო მონაწილე, ლევან კბილაშვილი და "პირველი არხის" დილის გადაცემის წამყვანი, თამუნა მუსერიძე ერთად არიან, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ერთმანეთი უყვართ. თურმე ეს საახლობლოში იმდენად გაბაზრებული ამბავი ყოფილა, რომ ლევანს თამუნას ოჯახის წევრებთანაც მშვენიერი ურთიერთობა აქვს. შეგახსენებთ, თამუნას შვილი, სანდრო მუსიკოს გუფისგან, ანუ გურამ მაკალათიასგან ჰყავს, ჰოდა, ლევანს სანდროსთანაც მშვენიერი ურთიერთობა ჰქონია. როგორც გავიგე, წყვილი მუდმივად ერთად არის და ეს ყველაფერი მომღერალ გიორგი დათიაშვილის ქორწილში დაწყებულა, ჯერ მეგობრობით დაუწყიათ და მერე ნელ- ნელა შეჰყვარებიათ ერთმანეთი.
რასაკვირველია, ორივე მათგანს დავუკავშირდი ამბის გასაგებად, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, ორივემ უარყო ეს ამბავი, არადა, მე დანამდვილებით მითხრეს.
- თამუნა, როგორ ხარ? გავიგე, რომ შენ და ლევან კბილაშვილს ერთმანეთი გიყვართ. სად გაიცანი?
- (იცინის) ერთი წლის წინ გიორგი დათიაშვილის ქორწილში.
- მერე, მომიყევი თქვენი სიყვარულის ამბავი. მეგობრობით დაიწყეთ და მერე სხვა ურთიერთობით გააგრძელეთ?
- მეგობრობით დავიწყეთ და… მეგობრობითვე ვაგრძელებთ.
- როდის მიხვდით, რომ ერთმანეთი გიყვართ?
- ჯერ არ მივხვედრილვართ.…
- ანუ მომავალში მიხვდებით, თუ რაშია საქმე?
ამ დროს თამუნას ტელეფონი ლევან კბილაშვილმა გამოართვა და ჩემთან დალაპარაკება მოინდომა:
- მოკლედ, ცხელ- ცხელ ამბებს იგებთ ხოლმე.… მე და თამუნა ერთად ვართ, მაგრამ როგორც მეგობრები, თან ძალიან კარგი მეგობრები. ხომ იცი, თბილისი პატარა ქალაქია, ხან იქ დაგვინახეს ერთად, ხან - აქ. თანაც, ერთი სამეგობრო წრე გვყავს და ახლაც ერთად რომ აღმოვჩნდით, ამისი დამსახურებაა და არ ნიშნავს იმას, რომ ერთად ვართ.
- არადა, გვიმტკიცებენ, რომ ერთმანეთი გიყვართ.
- სიამოვნებით მოვალთ ერთად ინტერვიუზე და საპირისპიროს გეტყვით. ჩემზე ძალიან ბევრი ჭორი გამიგია. მგონი, ჭორების გავრცელების მხრივ მეოთხე ადგილზე ვარ (იცინის). ამბობენ, რომ თამუნას გამო დავშორდი ჩემს შეყვარებულს, რაც ასე არ არის. ეს მიზეზი ნამდვილად არ ყოფილა. ყველამ იცის, რომ შეყვარებული მყავდა და ალბათ ამიტომაც იგონებენ ამ ჭორს. მერე რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ დღეს არ ვართ შეყვარებულები. არ ვადასტურებ ამ ჭორს.
ლევანი კი ამბობს ამას, მაგრამ თბილისელი ჭორიკანები სხვა რამეს ამბობენ. მაგალითად, თამუნა მუსერიძეს თავისი "ფეიბუქის" გვერდზე უდევს ლევან კბილაშვილის მხარდაჭერისადმი მიძღვნილი კონცერტის მთელი ალბომი, სადაც უამრავ ფოტოს ნახავთ. ჰოდა, ისიც გავიგე, რომ თამუნა აქტიურად უჭერდა მხარს ლევანს "ჯეოსტარის" მიმდინარეობისას და ახლაც მისი კონცერტების ორგანიზებით არის დაკავებული. გოგონები უბრალოდ მეგობრებისთვის ასე არ ირჯებიან ხოლმე, თუმცა ყველას აქვს უფლება, თავის პირად ცხოვრებაზე როგორიც უნდა, ისეთი კომენტარი გააკეთოს. ჩემი საქმე კი ის არის, რომ ეს ყველაფერი დავწერო.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)