როგორ აღმოჩნდა მამუკა ლომაშვილის რჩეული გივი სიხარულიძის კალთაში

როგორ აღმოჩნდა მამუკა ლომაშვილის რჩეული გივი სიხარულიძის კალთაში

"ვანოს შოუმ" გივი სიხარულიძეს იუბილესთან დაკავშირებით სიურპრიზი მოუმზადა. ჯერ შეფუთული ვახო ბიჭიკაშვილი მიართვეს, მერე კი ლამაზი გოგონა ჩაუსვეს კალთაში. ეს გოგონა მარი ბერძენიშვილია, "მის სტარი" 2012-ის გამარჯვებული. მარი ძალიან საინტერესო და სახალისო რესპონდენტი გამოდგა.

- მარიამ, გივი სიხარულიძის წყალობით პოპულარული გახდი, მოგვიყევი, როგორ მოხვდი ამ გაუგებრობაში?

- ვახო ბიჭიკაშვილი ჩემი მეგობარია. ერთ დღეს დამირეკა, "ვანოს შოუში" ლამაზი გოგონები გვჭირდება, ერთი მეგობარი წამოიყვანე და წამოდიო. ამიხსნა, რომ გივი სიხარულიძის იუბილე იყო და ჩვენ მისი "საჩუქრები" უნდა ვყოფილიყავით. მხოლოდ ცეკვაზე შევთანხმდით, გივის კალთაში რომ აღმოვჩნდებოდი, ამაზე წინასწარ არ გვილაპარაკია. ვახომ იცის, რომ მოცეკვავე ვარ და ალბათ ამიტომ უფრო ამომარჩია, მგონი, გივიმაც არ იცოდა, მის კალთაში თუ აღმოვჩნდებოდი.

- ვახოს ამის გამო არ უსაყვედურე?

- არა, ისე უცბად მოხდა ყველაფერი, გააზრებაც ვერ მოვასწარი (იცინის).

- ამ ყველაფრის გაპროტესტება არ გიცდია თუ არც გიფიქრია?

- მარტო იმაზე ვფიქრობდი, მამაჩემი როგორ მიიღებდა ამ ყველაფერს. გივიმ რომ თქვა, ადრე ქალებს ამდგარზე მესროდნენ და ახლა დამჯდარზე მესვრიანო, ვიფიქრე, ეს მამაჩემს არ მოეწონებოდა. ამიტომ ჩემებური ინტერპრეტაციით ვუთარგმნე მამას, - ადრე ფეხზე ამდგარს ესროდნენ ქალებს და ახლა დამჯდარს, ამის თქმა უნდოდა-მეთქი (იცინის). საბედნიეროდ, მამაჩემმა ამ ყველაფერს იუმორით შეხედა და გადავრჩი. თან, სტუმრები გვყავდა, სახლში რომ მივედი და ამანაც მიშველა. მამა ნასვამი იყო. საკმაოდ მკაცრი მამა მყავს, მთიული, სულ მაკონტროლებს. იცის, როდის ვარ სამსახურში, როდის ცეკვაზე. სულ ვცდილობ, სახლში მისვლა არ დავაგვიანო. "ვანოს შოუს" რეკლამები რომ გავიდა ეთერში, სადაც ჩანდა, როგორ ვეჯექი გივის კალთაში, სახლში გვირეკავდნენ, ვაიმე, ეს რა გააკეთა მარიამმაო. მამამ რომ ნახა რეკლამა, მითხრა, მკაცრი კი ვარ, მაგრამ არც ისეთი გოიმი, რომ ვერ მივხვდე, ეს შოუა და იუმორით უნდა შეხედოს ხალხმაო.

- ბერძენიშვილები მთიულები თუ იყვნენ, არ ვიცოდი...

- არა, სისხლითა და ხორცით ჩოხელი ვარ. პაპაჩემის მამა რომ გარდაიცვალა, დედამისი ბერძენიშვილს გაჰყვა ცოლად. მამინაცვალმა გერი თავის გვარზე გადაიყვანა და აქედან მოდის ჩემი გვარიც. გუდამაყრელი მთიული ვარ. ბავშვობა თიანეთში გავატარე. იქ სიმონიანთხევის საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, მერე კახეთში გადავედი დეიდასთან საცხოვრებლად. ბოლო, მეთორმეტე კლასი თბილისში დავამთავრე.

- სოფლიდან რატომ წამოხვედით?

- იქ ძალიან რთულია ცხოვრება. ოთხი დედმამიშვილი ვართ. სოფელში რომ იცხოვრო, სულ ტყეში უნდა იყო და საქონელი მწყემსო, პარალელურად მიწა დაამუშაო, რომ ელემენტარული საარსებო პირობები შეიქმნა.

- თბილისში რითი ცხოვრობთ?

- მამა მუშაობს, დედა უმუშევარია, მაგრამ მე სკოლის პერიოდიდან მოყოლებული ვმუშაობ. ჯერ კიდევ მეთორმეტე კლასში ვიყავი, პარალელურად ცეკვას რომ ვასწავლიდი ბავშვებს ჩემი მეგობრის სტუდიაში. მერე დაბადების მოწმობა დავკარგე და მის აღდგენას დიდი დრო და სასამართლო პროცესები დასჭირდა. ამიტომ სწავლის გაგრძელებაზე აღარ მიფიქრია. კინოთეატრ "ამირანში" დავიწყე მუშაობა, მერე 7-დ ფორმატის კინოატრაქციონზე მოლარე-ოპერატორად გადამიყვანეს. ბოლოს რუსთავის უნივერსიტეტში დირექტორის თანაშემწე გახლდით.

- რამდენი წლის ხარ?

- 20-ის და უკვე მუშაობის ოთხწლიანი სტაჟი მაქვს. დავინახე, რომ ოჯახს სჭირდებოდა და დავიწყე მუშაობა. თან საკუთარი ფულიც მინდოდა, გზის, ტანსაცმლის. გული მწყდება, რომ უმაღლესი განათლება არ მაქვს. ბავშვობიდან მინდოდა, თეატრალურზე ჩამებარებინა. ახლა ტურიზმის უნივერსიტეტში ვაპირებ ჩაბარებას, ეს სფერო უფრო პერსპექტიულია დღეს ჩვენს ქვეყანაში.

- "კომედი შოუს" ბიჭებს როგორ დაუმეგობრდი?

- ნიკა გრიგოლია საერთო მეგობრისგან გვიცანი ორი წლის წინ. "ბრავოს" კასტინგზე მოცეკვავე გოგონები სჭირდებოდათ და იქ შევხვდით ერთმანეთს. ვახო ბიჭიკაშვილიც საერთო მეგობრის წყალობით გავიცანი შარშან, დავმეგობრდით. ერთხელ მითხრა, გოგონები გვჭირდება ხოლმე შოუში და დაგირეკავთო. ერთხელ დამირეკეს "რუსთავი 2"-დან, გვჭირდებიო, მაგრამ "მის სტარის" დაჯილდოებაზე მივდიოდი და უარის თქმა მომიხდა.

- შენ "მის სტარი" 2012-ის გამარჯვებული გახდი. ჟიურიში მამუკა ლომაშვილიც იჯდა, ისე აღფრთოვანდა შენით, ყავაზე უნდა დავპატიჟოო, ამბობდა, დაგპატიჟა?

- არა, "გადამაგდო", მხოლოდ სურათების დალაიქებით შემოიფარგლა "ფეისბუქზე".

- ისღა დაგრჩენოდა გივისთან წასულიყავი, არა?

- ჰო, მამუკაც გაიგებდა ამ ამბავს, მომეჭრა თავი (იცინის). 20 წუთი არ იყო გასული გადაცემის ეთერში გასვლიდან, "ფეისბუქის" ჩემს გვერდზე რომ შევედი, გივის კალთაში რომ ვიჯექი, უკვე ის ფოტო იდო ჩემს კედელზე. არც ვიცი ვინ მომნიშნა. ძალიან საინტერესო კომენტარები იყო. ისე გამლანძღეს... გივიზე უკეთესი არ ეღირსოსო, ამ გოგოს ოჯახი არ აქვსო, ერთი ფენიდან არის ორივეო. რას გულისხმობდნენ ამ უკანასკნელში, არ ვიცი. ზოგი მიხვდა, რომ ეს შოუა და ამის სერიოზულად აღქმა არ შეიძლება. დაახლოებით 200 მესიჯი მივიღე იმ დღეს. მამშვიდებდნენ, ძალიან ლამაზი ხარ და ცუდ ხმებს არ აჰყვეო. ჩემი მშობლებიც მამშვიდებდნენ. ჩემი ძმა კი გაბრაზდა, მაგრამ დედა უხსნიდა, რომ ამაზე გაბრაზება არ ღირს.

- რამდენი წლისაა შენი ძმა?

- 21-ის.

- იტირე?

- კი.

- რამ გამოგიყვანა მდგომარეობიდან?

- "რუსთავი 2"-ის წარმომადგენელმაც დაწერა კომენტარი ჩემს ფოტოზე, თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი გოგონაა და ტელევიზიას დღეს ასეთი სახეები სჭირდებაო. მერე დამირეკა, არ ინერვიულოო, მეგობრებიც მამშვიდებდნენ.

- როგორ გგონია, მთიულებს როგორი რეაქცია ექნებათ ამ ამბავზე?

- იტყვიან, ვაიმე, გიას გოგომ ეს რა გააკეთაო. ჩემს ნათესავებს უკვე დაურეკავთ ბებიაჩემისთვის, რომელიც თიანეთში ცხოვრობს, ნახე მარიამმა რა ქნაო. ასეთი ფრაზებიც ყოფილა: ამას აწი რაღა გაათხოვებს, მოგვჭრა თავიო. დედის მხრიდან ბებია ძალიან საყვარელი ქალია. რამდენიმე კვირის წინ "რეიტინგში" ჩემი და მამუკა ლომაშვილის ფოტო რომ დაიბეჭდა, სოფლის თავში იდგა თურმე და ყველას აჩვენებდა, ნახეთ ჩემი მარიამია ჟურნალშიო. არც გივის კალთაზე გადაირეოდა დიდად, ასე მგონია. თანაც, უყვარს "კომედი შოუს" ბიჭები... ბაბო ენაცვალოთ მაგათ, რა კარგი ბიჭები არიანო, ასე ამბობს ხოლმე. ყველას ბაბოა (იცინის). მეორე ბებია ჯერ არ მინახავს. არ ვიცი, რა შეხედულება ექნება.

- ეს პოპულარობისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო შენი მხრიდან...

- რომ გითხრათ, გათვლილი მქონდა-მეთქი, მოგატყუებთ. უბრალოდ, გივია ყურებადი პერსონა და ამიტომ მომაქციეს მეც ყურადღება.

- კულისებში რა მოხდა, გადაცემის მერე?

- განსაკუთრებული არაფერი. გივიმ გადაგვკოცნა ორივე, მადლობა გადაგვიხადა, კარგი გოგონები ხართო და წამოვედით.

- არც გივიმ დაგპატიჟა ყავაზე?

- არა (იცინის). ვიღაც ქალბატონთან ერთად იყო მოსული, ალბათ მისი მოერიდა.

- არის შენს ცხოვრებაში მამაკაცი, ვინც ყავაზე გეპატიჟება ხოლმე?

- არასდროს მყოლია შეყვარებული. მეუბნებიან, წუნია ხარო, მაგრამ ვერ ვნახე ბიჭი, რომელიც შემიყვარდება. სხვანაირი ვარ, ჩემი ასაკის ბიჭები არ მომწონს.

- რატომ?

- ქალის პატივისცემა არ იციან, სკამს არ გამოგიწევენ, ყავაზე რომ გეპატიჟებიან კაფეში, კარში არ გაგატარებენ, ტაქსიში ფულის გადახდაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი, აქეთ გახდევინებენ (იცინის). უტაქტოები არიან. ერთჯერადი ურთიერთობები აინტერესებთ. მე ასეთი ურთიერთობის მომხრე არ ვარ. შეიძლება გოიმი ვარ, მაგრამ რა ვქნა, ჯიუტი მთიული ხარო, მეუბნებიან.

- როგორი უნდა იყოს ბიჭი, შენ რომ მოგეწონოს?

- თბილი, სიმპათიური, ყურადღებიანი, იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს. საკმაოდ მხიარული ადამიანი ვარ და აქ არ გაიცინოო, თუ მეტყვის ჩემი შეყვარებული, მაგას ვერ ავიტან. უნდა ვუყვარდე ისეთი, როგორიც ვარ.

- აბეზარ თაყვანისმცემლებს როგორ იშორებ თავიდან?

- თვითონ ვუმკლავდები. ადრე, როცა მოტაცებით მემუქრებოდნენ და მწერდნენ, მაინც ჩემი გახდები, მოგიტაცებო, ჩემს ძმას ვიშველიებდი. ერთხელ, კინო "ამირანში" რომ ვმუშაობდი, საკმაოდ უცნაური სიურპრიზი მომიწყვეს. ვიღაცამ კინოთეატრის წინ საღებავით დიდი ასოებით დამიწერა, მარი მიყვარხარ. დღემდე არ ვიცი, ვინ ჩაიდინა ეს. მეორე დღეს კინოთეატრის დირექტორმა დამიბარა და მითხრა, თუ ამ წარწერას აქედან არ მოაშორებ, ხვალ აღარ მოხვიდე სამსახურშიო. რა უნდა მექნა, ძალიან მჭირდებოდა სამსახური. ვიყიდე სამი ბოთლი "რასტვარიტელი", დავდექი მუხლებზე და მთელი დღე ამ წარწერას ვშლიდი. ხელები სულ დამეწვა. იმ ბიჭის ნომერიც არ ვიცოდი, რომ დამერეკა და მეთქვა, დამეხმარე-მეთქი. ისეთი სანახავი ვიყავი, გამვლელები ფოტოებს მიღებდნენ.

- კიდევ რა საჩუქრებს გიკეთებენ ბიჭები?

- ძირითადად საჩუქრებს არ ვიღებ ხოლმე. საჩუქარს თუ მიიღებ, ჰგონიათ, ურთიერთობის ნებას რთავ და იმედი ეძლევათ. მანქანის ყიდვის მცდელობაც იყო, მაგრამ უარი ვთქვი.

- ვინ ყიდულობდა შენთვის მანქანას, არ გაგვიმხელ?

- ქართველი არ იყო. თავის ქვეყანაში მულტიმილიარდერია. საერთო ნაცნობის ძმაკაცი იყო. არ ვუყვარდი, უბრალოდ უთქვამს, კარგი გოგოა და მინდა, მანქანით იაროსო. მგონი, ცოლიანი იყო. ცოლიან კაცებთან კატეგორიულად არ ვურთიერთობ. არც უცოლოებთან, მაგრამ ცოლიანებთან განსაკუთრებით.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება