მსახიობ რასელ ბრენდისთვის მომღერალ კეტი პერისთან 6-თვიანი ქორწინება მის ცხოვრებაში ყველაზე მშვიდი პერიოდი იყო. ახლა იგი კვლავ თავისუფალია და სკანდალურ ცხოვრებას აგრძელებს.
რამდენიმე დღის წინ რასელი პაპარაც-ფოტოგრაფზე, ტიმოტი ჯექსონზე განრისხდა და მისი "აიფონი" ფანჯარას ესროლა. ფანჯარა გატყდა, ხოლო ტელეფონი დაზიანდა. მსახიობმა ნივთის პატრონს ზიანის ანაზღაურება მაშინვე შესთავაზა, მაგრამ საქმის მოგვარება ვერ მოხერხდა. დაზარალებულმა ორლეანის პოლიციაში განცხადება შეიტანა და რასელი შესაძლოა, დააპატიმრონ.
რასელის თქმით, ის ფოტოს გადაღების მცდელობამ კი არა, იმან გააღიზიანა, რომ "აიფონის" მფლობელს ტელეფონი არასწორად ეჭირა. ბრენდის აზრით, Apple-ის პროდუქციასთან დაუდევრად მოქცევა კომპანიის ლეგენდარული დამფუძნებლის, სტივ ჯობსის უპატივცემულობის ნიშანია. (სტივ ჯობსი 2011 წლის 5 ოქტომბერს გარდაიცვალა).
"მას შემდეგ რაც სტივ ჯობსი გარდაიცვალა, არ შემიძლია მშვიდად ვუყურო იმ ადამიანებს, რომლებიც აიფონს უდიერად ექცევიან. ეს მის ხსოვნას შეურაცხყოფს!", - დაწერა მან ტვიტერში.
მსახიობი ფილმის - "ღვთის კრავი" გადაღებებში მონაწილეობს.
"ღვთის კრავი"- დიაბლო კოუდის (Diablo Cody) სარეჟისორო დებიუტია. ფილმი ასახავს რელიგიური ახალგაზრდა ქალის ცხოვრებას, რომელიც ავაიაკატასტროფის შემდეგ ღმერთის რწმენას კარგავს და ლას-ვეგასში ცოდვის გემოს გასასინჯად მიემგზავრება. ფილმში რასელთან ერთად ჯულიანა ჰაფი და ოქტავია სპენსერი თამაშობენ.
მომზადებულია newsme.com-ის მიხედვით.