სოფია სებისკვერაძის აზრით, გამონათქვამი, თუ არ გიმართლებს ქმარში, გაგიმართლებს დედამთილში, სწორედ მასზეა ზედგამოჭრილი. მას ქმარი სახლიდან არ უშვებდა და საშინლად ეჭვიანი იყო. სამაგიეროდ ჰყავდა დედამთილი, რომელთანაც დღემდე მეგობრობს. ერთადერთი, რაც სოფიას ქმარმა არ დაუშალა, ვიზაჟისტობის სწავლა იყო. დღეს ვიზაჟისტობა სოფიას დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცა. სოფიო უკვე მესამე წელია, ყურებამდე შეყვარებულია. რეჟისორი გიორგი ლიფონავა უყვარს და ამას დიდი ხანია, არც მალავს. მართალია, არ მონაწილეობს გიორგი ლიფონავას სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები", მაგრამ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, "ღვინის გზაში". ქართულ-ლიტვურ სერიალში სოფია ძიძა უნდა ყოფილიყო, თუმცა სცენარის მიხედვით მასზე ბავშვის დედამ იეჭვიანა და სამსახურში არ აიყვანეს. ამით, სავარაუდოდ, დამთავრდა "ღვინის გზაში" მისი მონაწილეობა. სოფია ამჯერად უმუშევარია და შეთავაზებებს ელის.
ბავშვობაში გაჩენილი ეჭვი, რომელზეც დღემდე ხუმრობს
- დედა ნინო ლომინაძე, პროფესიით ექთანია, მამა - გია სებისკვერაძე, ადრე სპორტს მისდევდა. ახლა თავისი ბიზნესი აქვს. მამა კლასიკურ ჭიდაობაში წარმატებული სპორტსმენი იყო. საბჭოთა კავშირის ჩემპიონიც კი გახდა. შემდეგ მწვრთნელადაც მუშაობდა.
- მშობლებმა როგორ გაიცნეს ერთმანეთი?
- დედა და მამა ერთ სკოლაში სწავლობდნენ. მამას დედა ძალიან უყვარდა, დედას კი - არა. ამიტომ სკოლა როგორც კი დაამთავრეს, მამამ მოიტაცა. მოხდა ისე, რომ მანქანაში დედა მძღოლის გვერდით აღმოჩნდა და მამა უკანა სავარძელში, თან მეგობრების შუაში. ახლა ამ ყველაფერზე ხუმრობენ და ამბობენ, რომ დედამ გაიტაცა მამა.
- საქართველოს რომელ კუთხეში გაიტაცა დედამ მამა?
- ქუთაისში. წარმოშობით ამ ქალაქიდან ვარ. მშობლები დღემდე ამ ქალაქში ცხოვრობენ. თბილისში ბევრი ნათესავი მყავს. სკოლის დამთავრების მერე თბილისში ჩამოვედი და შეიძლება ითქვას, ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი თბილისში მაქვს გატარებული.
- შემდეგი ფოტო დედასთან გაქვს გადაღებული.
- დედას და მამას ხუთი წელი შვილი არ უჩნდებოდათ. უკვე ხელიც ჰქონდათ ჩაქნეული. დედა თურმე ოთხი თვის ორსული იყო, როცა მიხვდა, რომ ბავშვს ელოდებოდა. ორი წლის მერე ჩემი ძმა დათო გაჩნდა და მეტი შვილი არც ჰყოლიათ. ბავშვობაში გავიგე ჭორი, რომ მე აყვანილი ვიყავი. მითხრეს, შენ რომ აგიყვანეს, მერე გაჩნდა შენი ძმაო. დედაჩემს დღემდე ვეხუმრები ხოლმე, აბა, მაჩვენე ფოტო, სადაც ჩემზე ფეხმძიმედ ხარ-მეთქი. დედა მაჩვენებს ხოლმე ფოტოს, სადაც მხოლოდ თავი ჩანს და მეუბნება, აქ ვარ შენზე ფეხმძიმედო (იცინის). სინამდვილეში დედასაც ვგავარ და მამასაც. ჩემს ძმას საერთოდ არ ვგავარ. შემდეგი ფოტო კისლოვოდსკში დასვენების დროს გვაქვს გადაღებული მე და ჩემს ძმას. დათოს დათვის ძალიან ეშინოდა, მაგრამ მაინც გადავაღებინე ფოტო.
- ნანატრ შვილს ვისი სახელი დაგარქვეს?
- პასპორტში სოფიო მიწერია. არც ერთ ჩემს ბებოს არ ერქვა. დედას უნდოდა, ჩემთვის სალომე დაერქმია, მაგრამ ბიძაჩემს სახელი სოფიო მოსწონდა და დამარქვა. ბიძას ძალიან ვუყვარდი. სამწუხაროდ, გარდაიცვალა. თავის შვილს თამთა დაარქვა და მერე სულ ეშლებოდა და სოფოს ეძახდა ხოლმე.
- შემდეგ ფოტოზე მშობლებთან, ბიძასა და ბიძაშვილებთან ერთად ხარ, როგორც ინტერვიუს დასაწყისში მითხარი.
- ამ ფოტოზე მთელი ჩვენი დიდი ოჯახი ვართ. ბიძას ჩემი ძმა გარეგნულად ძალიან ჰგავს. სურათი გაგრაში დასვენების დროსაა გადაღებული. დედას დეიდაშვილები ცხოვრობდნენ გაგრაში და სანამ ომი დაიწყებოდა, ხშირად დავდიოდით აფხაზეთში დასასვენებლად.
- ბავშვობაში აფხაზეთში გატარებული წლები კარგად გახსოვს?
- დაწვრილებით არა, მაგრამ მახსოვს, რომ კარგ დროს ვატარებდით.
- გაგრაში მცხოვრები ნათესავები ამჯერად სად ცხოვრობენ?
- ზოგი ქუთაისშია ლტოლვილებად და ზოგი რუსეთში.
როგორ მოიგო მასწავლებლის გული
- სკოლაში როგორ სწავლობდი?
- ცუდი მოსწავლე ნამდვილად არ ვყოფილვარ. იმის გამო, რომ ძალიან ხშირად ვიყავი გასტროლებზე, გაკვეთილებს ვაცდენდი, მაგრამ მასწავლებლები მპატიობდნენ. მხოლოდ მათემატიკას ვერ ვსწავლობდი კარგად. სამაგიეროდ, თემების წერა მეხერხებოდა. მახსოვს, ერთხელ თავისუფალი თემა მათემატიკის მასწავლებელ კაცზე დავწერე და ისე გაუხარდა, თემა ჯიბით დაჰქონდა. მას შემდეგ სულ ანგარიშს მიწევდა ხოლმე და თუ მეკუთვნოდა ოთხი, მიწერდა - ხუთს.
- ამით მისი გული მოიგე?
- დიახ. არიან მასწავლებლები, რომლებსაც თემა კი არა, ლექსი რომ მიუძღვნა, არაფრად ჩააგდებენ. მათემატიკას მართლა ძალიან კარგი კაცი გვასწავლიდა.
- შემდეგი ფოტო სად გაქვს გადაღებული?
- 13-14 წლის ვიყავი, როცა ზურა მახნიაშვილის ჯგუფ "სუპერგოგონებში" ვმღეროდი. ჯორჯ ბალანჩინის სახელობის საბალეტო დას "გელათში" ვიყავი და ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი ევროპის ქვეყნებში. ფოტოზე დაახლოებით თხუთმეტი წლის ვიქნები. სურათი საფრანგეთში, დიჟონშია გადაღებული. საბალეტო დასი "გელათი" ვიყავით კონკურსზე წასული. იმ პერიოდში ძალიან ბევრ ფოტო გადავიღეთ კონკურენტ ბავშვებთან, ეს ერთ-ერთი მათგანია. ჩემს თავს რომ ვუყურებ, ძალიან მომწონს იმ პერიოდში ჩემი თმის ფერი. მართალია, ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად ქერა მიხდება, მაგრამ მაინც მენატრება ის დრო, როდესაც ჩემი ბუნებრივი ფერის თმა მქონდა.
- მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდი?
- კი და დედაჩემს პროტესტის გრძნობა გაუჩნდა. მეგონა, რომ თეატრალურში ვერ ჩავაბარებდი. თეატრალურში რომ აბარებენ, ძალიან სერიოზულად ემზადებიან. მე კი თბილისში პირდაპირ ჩამოვედი და ის პროგრამაც კი არ ვიცოდი, რა უნდა მესწავლა. მხოლოდ ერთი ლექსი და იგავ-არაკი მოვამზადე.დედის პროტესტის მიუხედავად მაინც შევიტანე სამსახიობო ფაკულტეტზე საბუთები და ჩავაბარე.
- მამაც წინააღმდეგი იყო?
- არა. მშობლებს არასდროს არაფერში შევუზღუდივარ. ყოველთვის თავისებური ბავშვი ვიყავი. ბევრი რკინის ნივთი მეკეთა და დიდი ბათინკებით დავდიოდი. ცოტა ჩაკეტილი ტიპი ვიყავი, მაგრამ არ გაუპროტესტებიათ. დედაც და მამაც ამბობდნენ, ასეთი პერიოდი აქვს და გაუვლისო. მეც ვცდილობ, ჩემი შვილი არაფერში შევზღუდო. უბრალოდ, ვუხსნი რა არის კარგი და რა - ცუდი. როდესაც ადამიანს რამეს დაუშლი, ის ყოველთვის ცუდ გზას აირჩევს.
- რკინების ტარების პერიოდმა მალევე გაგიარა?
- როდესაც აზროვნებას იწყებ, პროტესტები გიჩნდება. მე ეს პროტესტი დღემდე მაქვს. მაგრამ ახლა ამ პროტესტს საქციელით გამოვხატავ და არა ტატუთი, რკინების ტარებით ან დახეული ტანსაცმლით. ჩემი ყოფილი მეუღლე სულ მეუბნებოდა, როდის უნდა გაიზარდოო. ამას ჩემი მეგობრებიც ხშირად ამბობენ, ისინიც კი, ვინც ჩემზე გაცილებით პატარები არიან. ანუ იმის შეგრძნება, რომ დიდი ვარ და რაღაცას მივაღწიე, დღემდე არ მაქვს. ფაქტობრივად, როცა ყველაზე აქტიური უნდა ვყოფილიყავი, ის პერიოდი დავკარგე. იმიტომ, რომ ჩემი ყოფილი მეუღლე მიშლიდა. მე ახლა, 30 წლის ასაკში ვიწყებ რაღაცის კეთებას და ეს ძალიან ცუდია.
- თეატრალურში ვის ჯგუფში მოხვდი?
- ჩვენი ხელმძღვანელი ანზორ ქუთათელაძე იყო, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. შემდეგ იყვნენ ბიძინა ხვთისიაშვილი და მანანა ბერიკაშვილი. ჯგუფში ვიყავით გაგი სვანიძე, რომელიც "მარილივით თეთრში" მთავარ როლს ასრულებს, ლევან ხურცია, ტატო ჩახუნაშვილი, აჩიკო სოლოღაშვილი.
- ჯგუფელებთან ერთად სად გაქვს ფოტო გადაღებული?
- ფოტო პირველ კურსზე ერთ-ერთ პიკნიკზე გვაქვს გადაღებული. თეატრალურიდან ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე გადავედი. რასაც, მართალი რომ გითხრა, საერთოდ არ განვიცდი. ზოგადი ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღე.
- თეატრალურის ჯგუფელებთან ერთად ფოტო როდის გაქვს გადაღებული?
- ჩვენ გვაქვს დათქმული დღე, 3 იანვარი, როდესაც ჯგუფელები ვიკრიბებით. ბოლოს დაახლოებით სამი წლის წინ შევიკრიბეთ. შემდეგი ფოტო სწორედ ამ ბოლო შეკრებაზეა გადაღებული. იმ დღეს ბევრი ვიმხიარულეთ.
რატომ არ თამაშობს "ჩემი ცოლის დაქალებში"
- გვიამბე შენს პირად ცხოვრებაზე. ვინ იყო შენი ყოფილი მეუღლე.
- ძალიან პატარები ვიყავით, მე და პაატა ბუხნიკაშვილმა ერთმანეთი შემთხვევით რომ გავიცანით და შეგვიყვარდა. საცხოვრებლად წავედით უკრაინაში. ადვილი ცოლქმრობა არ გვქონია. როგორც აღმოჩნდა, სხვადასხვა ადამიანები ვიყავით. ახლა უფრო კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე მაშინ, როცა ერთად ვცხოვრობდით. თუმცა გვყავს არაჩვეულებრივი შვილი, მარი. შემდეგ ფოტოზე სწორედ მე და მარი ვართ.
- ყოფილი მეუღლე ნახულობს შვილს?
- საქართველოში არ ცხოვრობს. უკრაინაში აქვს ბიზნესი და როცა ჩამოდის თბილისში, რა თქმა უნდა, ნახულობს. პაატა ძალიან ეჭვიანი იყო. თუმცა ამის საბაბი ნამდვილად არ ჰქონია. მთელ დროს სახლში ვატარებდი.
- სკანდალით დაშორდით?
- არა, უბრალოდ ჩავალაგე ჩემოდანი და წამოვედი.
- არ გკითხა, რატომ მიდიხარო?
- ექვსი თვის მერე მკითხა. ჰქონდა შერიგების მცდელობა, მაგრამ მე არ შევურიგდი. უფრო ადრე უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი. წამოსვლაზე ისედაც დიდხანს ვიფიქრე.
- მარტოხელა დედობის არ შეგეშინდა?
- არა, რადგან ჩემი ყოფილი დედამთილი ჩემი შვილის გაზრდაში დღემდე მეხმარება. ქალბატონ მარინასთან დღემდე გადასარევი ურთიერთობა მაქვს. ხანდახან ტელეფონზე რომ მირეკავს მეკითხება, როგორ ხარ, გიორგი ხომ არ გაბრაზებსო.
- და რას პასუხობ ყოფილ დედამთილს. გაბრაზებს შეყვარებული?
- ხან მე ვაბრაზებ, ხან გიორგი მაბრაზებს.
- გიორგის გაცნობის ისტორია გვიამბე.
- ფოტოები სხვადასხვა სააგენტოში მივიტანე. "პირველ არხზე" მოვხვდი სერიალში "მესამე თაობა". გიორგი მაშინ გავიცანი. ჩვენი დაახლოება უცბად არ მომხდარა. დაახლოებით ერთი წელი დაგვჭირდა, რომ ერთმანეთი შეგვყვარებოდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ გიორგი ჩემი საყვარელი ადამიანი გახდებოდა. ერთი შეხედვით მკაცრი და შეუვალია. ბავშვებს რომ ჰგონიათ ხოლმე, რომ მასწავლებლები არ ჭამენ და ტუალეტში არ დადიან, ასე მეგონა გიორგიც.
- დღემდე ასე ფიქრობ?
- (იცინის) არა, რა თქმა უნდა. უკვე მესამე წელია, ერთად ვართ.
- როგორ ფიქრობ, რატომ არ ხარ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"?
- ამ კითხვას ძალიან ბევრი მისვამს. არ ვიცი, რატომ არ ვარ ამ სერიალში. ყველაფერს გიორგი არ წყვეტს. მსახიობებს რამდენიმე ადამიანი არჩევს. თუ დასჭირდებათ ჩემნაირი ტიპაჟის გოგო, ალბათ დამაკავებენ. ჩემზე ხშირად უთქვამთ, ეს ის გოგო არაა, გიორგი ლიფონავას ყველა ფილმში რომ თამაშობსო და ძალიან მეცინება, ამას რომ ვისმენ. გიორგის ყველა ფილმში ნამდვილად არ ვარ. მხოლოდ "ჭამა და სექსში" გადამიღო. შემდეგი ფოტო სწორედ ამ ფილმზე მუშაობის დროს გადაგვიღეს.
- გიორგის ჰქონდა ოჯახი?
- გიორგის თოთხმეტი წელი ჰქონდა ოჯახი. მეუღლეს დაშორდა. მისი მეუღლე, ნუნუკა, პროფესიით ვიზაჟისტია და "ჩემი ცოლის დაქალებში" მუშაობს. მანამდე სხვა პროექტებშიც ერთად მუშაობდნენ.
- ამის გამო არ ეჭვიანობ?
- ხანდახან ვეჭვიანობ, მაგრამ მერე ვხვდები, რომ სისულელეა ამ შემთხვევაში ჩემი ეჭვები. ორივეს თავისი ცხოვრება აქვს და ამ მხრივ არც ერთი არ იტანჯება.
- "ჭამა და სექსში" ვიზაჟს გიორგის ყოფილი ცოლი გიკეთებდა?
- არა, ამ ფილში სხვა ვიზაჟისტი ჰყავდათ. მე და ნუნუკას ერთად არასდროს გვიმუშავია, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, არაფერი დაშავდება.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)