გოჩა ჩერტკოევი კიდევ უფრო მკაცრი გახდება

გოჩა ჩერტკოევი კიდევ უფრო მკაცრი გახდება

გოჩა ჩერტკოევი "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის ყველაზე მკაცრი წევრის სტატუსით სარგებლობს. ამერიკის შეერთებულ შტატებში მეუღლე შორენასთან ერთად, რომელიც თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეების შვილი გახლავთ, 22 წლის წინ გაემგზავრა. წყვილმა თან ერთი წლის ლევანიკოც წაიყვანა. საბჭოთა კავშირიდან ეს პირველი წყვილი იყო, რომელმაც სამეჯლისო ცეკვების სფეროში თავის დამკვიდრება სცადა, წლების განმავლობაში ისინი აშშ-ის სახელით სხვადასხვა კონკურსზე გამოდიოდნენ და იმარჯვებდნენ. მერე საკუთარი სტუდიაც დააარსეს, გოჩამ ძალები სამსახიობო კუთხითაც მოსინჯა და საერთაშორისო პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთი მონაწილეც უნდა გამხდარიყო, თუმცა ამაზე უარი თქვა, რადგან კარიერაში უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნია. მას ამავე პროექტის ჟიურის წევრობაც შესთავაზეს, თუმცა ჯერჯერობით ამ წინადადებაზეც უარს ამბობს. სამაგიეროდ, დათანხმდა შეთავაზებას, ჩამოსულიყო თბილისში და პროექტის ქართული ანალოგის ჟიურის წევრი გამხდარიყო. ამას მხოლოდ და მხოლოდ პატრიოტული მიზეზებით ხსნის. სურს, სამეჯლისო ცეკვები საქართველოშიც განვითარდეს, ისე კი, ამგვარი ცეკვები, მისი თქმით, მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებში სარგებლობს წარმატებით.

- როგორი იყავით, როცა საქართველოდან წახვედით 22 წლის წინ და ახლა როგორი ხართ?

- სრულიად სხვა ქვეყნიდან წავედი და სხვაგან ჩამოვედი. როდესაც ჩვენ წავედით, მაშინ ომობანა და არეულობა ახალი დაწყებული იყო. ხელოვანებისთვის ეს რთული გარემო გახლდათ. ახალგაზრდები ვიყავით, ამ ასაკში ჩვენთვის ყველაფერი წინ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაშინ ცეკვები არავის აინტერესებდა. 22 წლის შემდეგ თბილისში მე და შორენა გასულ წელს ჩამოვედით მხოლოდ 5 დღით და ყველაფრის ნახვა ვერ მოვასწარით, ახლა კი მე უფრო ხანგრძლივი დროით დავრჩი. ცვლილება უზარმაზარია, ძალიან ლამაზი ქალაქია, ხანდახან ახლაც არ მჯერა, რომ ეს თბილისია, ულამაზესი განათებებით, ბევრი რამ შენდება, მაგრამ ასევე არის უამრავი პრობლემა.

რაც შემეხება მე - რაც უფრო დიდხანს ვარ აქ, უფრო მეტად ვგრძნობ, რომ როგორც ადამიანი, ძალიან შევიცვალე. მოველოდი, რომ ისევ იგივე გარემო დამხვდებოდა, სადაც ბავშვობიდან ვიზრდებოდი, მაგრამ ასე არ არის. ასეც უნდა იყოს, ცვლილება საჭიროა, მაგრამ ჩემთვის საკმაოდ დიდი განსხვავებაა - განსაკუთრებით ჩემს აზროვნებაში. ყოველდღე რაღაც ახალს ვნახულობ და ვიგებ. მეორე მხრივ, როცა აქ ვცხოვრობდი, თბილისის ქუჩებში არც ერთი მათხოვარი არ მინახავს. ხალხს უჭირს. ვინც აქ გაიზარდეთ, თქვენთვის ეს ყოველდღიურობაა, მე კი გულზე შემომეყარა, როდესაც დავინახე, რომ თბილისში შეიძლება, ბებია ხელგაწვდილი იდგეს.

- თუმცა თქვენ შოუბიზნესის ხალხთან გიწევთ ურთიერთობა, პირდაპირ თბილისურ ე.წ. გლამურულ ცხოვრებაში მოხვდით...

- რაც შეეხება პროექტს - დიახ, გადაღება, ვარსკვლავები, შოუბიზნესის წევრები (იღიმება). სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს ჩემი ყოველდღიური ცხოვრებაა. ნებისმიერ ხელოვანს რომ ჰკითხოთ, ვისაც აქვს ბედნიერება, რომ სასურველ საქმეს აკეთებდეს, ყველანი იღბლიანები ვართ. გვაქვს საშუალება, ყოველდღე ჩვენი ხელოვნებით ვიყოთ დაკავებული, რაც არ ეხებათ იმ ადამიანებს, რომელთაც უჭირთ და ამისთვის მუშაობენ. თუმცა ასეც უნდა იყოს, ეს ხომ შოუბიზნესია!..

- როგორები არიან ქართველი ვარსკვლავები?

- ჯერჯერობით ვსწავლობ მათ, არც ვიცნობდი აქამდე და არც არსად მინახავს... დამავიწყდა, როგორი ემოციურები არიან ქართველები. ეს ადამიანისთვის კარგი თვისებაა, მაგრამ თუკი უდროო დროს გამოაჩენ, სამწუხაროდ, შემაწუხებელია. მე ვარ ეს და მე ვარ ის... ეს სასაცილოა და მხიარულიც, მაგრამ, მეორე მხრივ, ნებისმიერი ემოცია შოუს ქმნის. უემოციობას ყველანაირი ემოცია სჯობს. ვიღაცამ უნდა იტიროს, ვიღაცას გაუხარდეს, მაგრამ საბოლოოდ, ეს ყველაფერი დადებითია, რადგან ცეკვების კონკურსისგან არავინ გარდაცვლილა. აქ ხომ არ გვაქვს საუბარი გულის ოპერაციაზე ან მსგავს სერიოზულ ამბავზე.

- თქვენ ძალიან იოლად უყურებთ ამ ყველაფერს, რასაც ვერ ვი­ტყვით შოუს მონაწილეებზე...

- არც ერთმა ხელოვანმა, მომღერალმა თუ მოცეკვავემ, არ უნდა ჩათვალოს, რომ მისი გულისთვის ვინმე თავს მოიკლავს. კარგით, რა... ეს შოუბიზნესია!.. საცოდაობა ისაა, როცა ადამიანს ჯანმრთელობა აწუხებს.

- თქვენი კომენტარები მაინც გულს სტკენს ცნობილ სახეებს.

- ასეა, მაგრამ, საბედნიეროდ, ამით ფიზიკურად არავის არაფერი მოსდის. ისინი ალბათ ელოდნენ რბილ შეფასებებს, მაგრამ ვერ გამიგია, რას ეძახიან რბილ შეფასებებს - მე ვაფასებ ან დადებითად, ან ნეგატიურად და ეს ქულებში გამოიხატება. არ მახსოვს, რომ ჟიურის რომელიმე წევრს, ჩემი ჩათვლით, ვინმე დაემცირებინოს და ამ კუთხით ყოფილიყოს ნეგატიური. დანარჩენი კი, როგორ გაიგებენ ჩვენს შეფასებებს და რას მოელიან, თავად ვარსკვლავების საქმეა.

- გოჩა, ბევრ იუმორისტულ შოუში აშარჟებენ თქვენი ლაპარაკის მანერას. ok, alright - ამ სიტყვებს ხშირად იყენებთ საუბრისას.

- ok(იცინის), აი, ახლაც გამოვიყენე. რაც უფრო დიდხანს ვსაუბრობ ქართულად გადაბმით, უფრო მიადვილდება ლაპარაკი. მე ინგლისურად ვფიქრობ, ამიტომაც სიტყვები კი ვიცი, მაგრამ წინადადება ინგლისურად სხვანაირად დგება. ეს პრობლემაა, მაგრამ ვცდილობ, გამოვასწორო. იმედია, გადაცემის შემდეგ ეპიზოდებში უფრო გამართული ქართულით ვისაუბრებ. რაც შეეხება დაცინვას, უნდა დამცინონ, აბა, რა!.. ეს ჩვენი სამსახურია. როცა კამერის წინ გამოდიხარ, უნდა ელოდო იმას, რომ ვიღაც დაგცინებს, ვიღაც შენზე იტყვის - მახინჯიაო, ვიღაცას მოეწონები. იმედია, უფრო დადებითი შეფასებები იქნება, თუმცა თუ არ იქნება, ამაზე არ ვინერვიულებ, დიდი ბიჭი ვარ. ეს არის ჩვენი საქმის ერთ-ერთი ნაწილი. თუ შენზე ცუდს არ ამბობენ, ე.ი. არავის აინტერესებ.

- თქვენი ჩაცმულობის კრიტიკის მოსასმენადაც მზად ხართ?

- არც ეს მადარდებს. ამერიკაშიც იგივე რეაქცია აქვთ. მე იქაც ასე ვიცვამ და ეს ჰოლივუდისთვისაც მეტია. იქაც ყველას არ აქვს იმისი ნერვები და სიძლიერე, რომ ასე ჩაიცვას.

- თქვენს მეუღლეს მოსწონს თქვენი ჩაცმულობა?

- თუკი ამ მხრივ განსაკუთრებული სტილი აინტერესებს ვინმეს, შორენას ჩაცმულობა უნდა ნახოს. რაც უნდა ვეცადო, შორენას გვერდით ჩემი სამოსი აღარ ჩანს (იცინის).

- შორენა რატომ არ ჩამოვიდა თქვენთან ერთად?

- ძალიან დაკავებულები ვართ, სტუდია, ცეკვა, შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავები", რომელიც ერთი კვირის წინ დაიწყო ამერიკაში. ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი მონაწილეობს. ამ შოუს პროდიუსერები ჩვენი მეგობრები არიან. ჯერ იმას ცდილობდნენ, დავთანხმებოდი და მეც მიმეღო მონაწილეობა, როგორც მოცეკვავეს. არ დავთანხმდი, რადგან ეს იქნებოდა ჩემს კარიერაში უკან გადადგმული ნაბიჯი. მეც და შორენაც უკვე საკმაოდ წინ ვართ წასულები იმისთვის, რომ ამ შოუში მივიღოთ მონაწილეობა. აღარ ვცეკვავთ ისე აქტიურად, რომ ამ შოუში ვიხტუნოთ. 2005 წელს შემომთავაზეს მონაწილეობა, რომ წაგეკითხათ, ფურცელზე როგორ სასაცილოდ გამოიყურებოდა ამ შოუს აღწერა... მქონდა საკუთარი შოუები, რომლებიც ცეკვას ეხებოდა. ჩემ გვერდით დამწყებ მსახიობს უნდა ეცეკვა, რომელიც ახლა საპნის ოპერების ვარსკვლავია. თავადაც მსახიობი გახლავართ, ფილმებში მიღებენ. მე უნდა ვყოფილიყავი მისი პარტნიორი, როგორც მოცეკვავე, არადა, მე მსახიობიც ვარ. მე უფრო დიდი ვარსკვლავი ვიყავი, როგორც მსახიობი, ვიდრე ის გოგონა.

გარდა ამისა, არ დამაკმაყოფილა კონტრაქტმა, რომელსაც მოცეკვავეებს უფორმებენ, რადგან ერთ წელს შეუძლიათ დაუძახონ, მეორე წელს - არა. ექვსი წელია, ამ შოუს მოცეკვავეებმა გაითქვეს სახელი, მაგრამ ყოველ წელს მაინც არ იწვევენ. ისე, ჭკვიანურად გაკეთებული შოუა, მაგრამ არ ვნანობ, რომ არ მივიღე მონაწილეობა. მოგვიანებით შემომთავაზეს მსაჯობა, ანუ ჟიურის წევრობა. თუმცა აქ ასაკმა ითამაშა როლი, რადგან სცენაზე ჩემი ასაკის ადამიანები გამოდიოდნენ. ბოლო სამი წელი მთავაზობენ მსაჯობას, გადავიღეთ კიდეც რამდენიმე საცდელი გადაცემა, მაგრამ მე რომ მივიდე მსაჯად, ჟიურის წევრებიდან რომელიმე უნდა მოაშორონ, მე ძლიერი პერსონა ვარ, ხმა რომ არ ამოვიღო, მაინც შემამჩნევს მაყურებელი. ასე რომ, ბევრი მიზეზის გამო ჯერ არ ვარ ამერიკული პროექტის ჟიურის წევრი.

- ქართულ ჟიურიში არ ხართ დომინანტური ფიგურა?

- ამ შემთხვევაში ვარ სამეჯლისო ცეკვების ერთადერთი ექსპერტი ქართულ ჟიურიში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარტო ამ ცეკვების ექსპერტი უნდა იჯდეს მსაჯებს შორის. ჩემნაირი ექსპერტი აუცილებელია ამ პროექტისთვის, რადგან ეს კონკურენციას ზრდის. თუ ყველას ეტყვიან, კარგი იყოო, პროფესიონალიზმი არ გაიზრდება.

- სხვების შეფასებებს თუ უსმენთ?

- არა, არც კი მახსოვს. არ მაქვს დრო, რომ სხვებს ვუსმინო და არ მაინტერესებს. რამდენჯერმე მომხვდა ყურში შეფასებები, მაგრამ ჟიურის დანარჩენი წევრებიც ჩემ მსგავსად დაქირავებული არიან, რომ საკუთარი პროფესიული მოსაზრებები გამოთქვან.

- საქართველოში სიმართლის მოსმენა დიდად არ უყვართ...

- ისწავლონ მოსმენა (იცინის). ეს ისეთი შოუა, რომ სიმართლე უნდა ითქვას. ჩემი მიზანი შემდეგია - საქართველოში პატრიოტული მიზნებით ჩამოვედი. სამეჯლისო ცეკვები განვითარებულ ქვეყნებშია წარმატებული და მინდა, აქაც განვითარდეს.

- ალბათ თავის დროზე ამიტომაც წახვედით ამერიკის შეერთებულ შტატებში...

- მთავარ მიზეზზე უკვე ვისაუბრეთ, რატომაც წავედით, თუმცა 22 წლის წინ უფრო ძნელი იყო ამერიკაში ჩასვლა და იქ თავის დამკვიდრება, სადაც მთელი საბჭოთა კავშირი არაფრად მიაჩნდათ. ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ყველაზე წარმატებული წყვილი ვიყავით. უამრავი კონკურსი და ჩემპიონატი მოვიგეთ ამერიკის სახელით. იმ ფინანსურ მდგომარეობას, რაც თავიდან გვქონდა, ალბათ არ დავაბრუნებდი უკან, მაგრამ იმ გაჭირვებას ახლანდელი გადასახედიდან იოლად ვუყურებ. პირველი ხელფასით ბავშვის საწოლი ვიყიდეთ, რომელშიც ჩვენს ერთი წლის ლევანიკოს ეძინა. ჩვენ აქედან და იქიდან იატაკზე ვიძინებდით. ბავშვს საქართველოში ვერ დავტოვებდით, ამაზე არ წავიდოდით.

- თქვენი და შორენას სიყვარული როგორ დაიწყო?

- გულახდილად გეტყვით, ჩვენ არ გვქონია ისეთი სიყვარული, პირველად რომ შეხედავ ადამიანს და უცბად დაიწყება... ჩვენ პატარაობიდან ერთად ვცეკვავდით, ყოველდღე ერთად ვვარჯიშობდით და ერთად ვიყავით. შორენა ჩემი სხეულის ნაწილია. ეს სიყვარული არ გაცვდა და სხვა რაღაცაში გადავიდა. ისეთ გრძნობაში, როდესაც ადამიანი ყოველგვარი ეჭვის გარეშე, საკუთარ თავზე მეტად გიყვარს. თუმცა ეს მხოლოდ ცეკვის დამსახურება არ არის, გვინახავს ამისი ნეგატიური ეფექტიც, მოცეკვავეების 90%, როცა კარიერას ამთავრებენ, შორდებიან. ჩვენთან პირიქით მოხდა. ცოლი და ქმარი ჩვენს შემთხვევაში ძალიან ზერელე სიტყვებია, ჩვენ უფრო მეტი ვართ ერთმანეთისთვის.

- შორენა უყურებს შოუს?

- უყურებს და უფრო მეტად განიცდის, ვიდრე მე და ძალიან შესტკივა გული. ვხვდები, რომ მე უარესი დამემართებოდა, ჩემს ადგილას შორენა რომ მჯდარიყო. შორენა ძალიან დიდი მოცეკვავე, ხელოვანი ადამიანია და შოუს ამ კუთხით უყურებს, სურს, რომ გადაცემამ გაამართლოს. როცა გადაცემა სრულდება, მირეკავს და მეკითხება, როგორ ხარო. მიხარია, რომ ის არ არის ჩემს ადგილას.

- გოჩა, თქვენი ცოლისძმა, გიორგი გაჩეჩილაძე თიკო სადუნიშვილთან ერთად ცეკვავს და ეს წყვილი პოტენციურად ყველაზე ნიჭიერად შეაფასეთ. ამის გამო ზოგმა არაობიექტურობაშიც დაგდოთ ბრალი.

- არა მარტო თიკოსა და გიორგის, არამედ სხვა წყვილებსაც ბევრი დადებითი ვუთხარი, თუმცა მხოლოდ გიორგის შემთხვევა ახსოვთ. ლელა შევაფასე, როგორც ერთადერთი ნამდვილი ვარსკვლავი და ეს სიტყვები გიორგისთვის რომ მეთქვა, წარმომიდგენია, რას იტყოდა ხალხი.

ცეკვა ჩემთვის უდიდესი რამ არის და არ მაქვს უფლება, არასწორად შევაფასო. თიკო და გიორგი ყველაზე მეტად უხდებიან ერთმანეთს, მე შევაფასე, როგორც პოტენციურად ნიჭიერი წყვილი, ეს ერთ ეპიზოდში იყო მხოლოდ, შემდეგ რა იქნება, არ ვიცი. არ მითქვამს ნიჭიერები ხართ-მეთქი, ვთქვი სიტყვა - "პოტენციურად". პირველ ცეკვაში ჰიპ-ჰოპი, დადგმა საერთოდ არ მომეწონა. უბრალოდ, როგორც წყვილი ერთმანეთს ავსებენ, მაგრამ საქმე ისაა, რომ რადგან ქართულში ხარვეზები მაქვს, ზოგჯერ არ გამოვთქვამ სწორად იმას, რასაც ვფიქრობ.

ჩემი ყოფნა ჟიურიში გიორგიზე ალბათ ყველაზე ნეგატიურად აისახება, რადგან ბევრს ვიფიქრებ, სანამ შვიდიანს დავუწერ. თუმცა, მეორე მხრივ, მგონია, რომ არ უნდა დაიჩაგროს ამის გამო და თვალებს დავხუჭავ იმაზე, რომ ჩემი ნათესავია. ვცდილობ, შუალედი ვიპოვო.

- რას ფიქრობთ ქორეოგრაფის მიერ დადგმულ ნომრებზე და მუსიკაზე, რომელსაც, თქვენი თქმით, მომღერლები არ უსმენენ?

- ქორეოგრაფი გადაცემის ორგანიზატორებმა დაიქირავეს, არ ვიცი და არც მაინტერესებს, ვინ დგამს. მე ვაფასებ საბოლოო შედეგს. ვიღაცამ თქვა სისულელე, მხოლოდ ვარსკვლავები უნდა შევაფასოთო. ეს როგორ შეიძლება? ცეკვა აჭარულს მხოლოდ ხელით ხომ არ შევაფასებთ ისე, რომ ფეხის მოძრაობა გამოვტოვოთ?!..

- რომელი ცეკვა არ მოგეწონათ?

- სამორისა და ლიკას აფრიკული ცეკვა საშინელება იყო. არანაირი კავშირი არ ჰქონდა არც სამბასთან, არც აფრიკულ ცეკვასთან. ეს იმას ჰგავს, ხაჭაპური რომ შეუკვეთოთ და ყავა მოგიტანონ. არ მაინტერესებს, ეს ვისი ბრალია. ვნანობ, რომ ერთიანი არ დავუწერე. ალბათ მაყურებლისთვის ეფექტური ნომერი იყო, მაგრამ იცით, რამდენი რამ შეიძლება იყოს ეფექტური? ჩინურიც, ქართულიც, ბალეტიც. მაშინ "გედების ტბა" იცეკვონ და ესეც ეფექტური იქნება, მაგრამ ეს ხომ სხვა კონკურსია? სამეჯლისო ცეკვების.

- შემდეგ გადაცემებში უფრო დაბალი ქულების დაწერას აპირებთ?

- აფრიკულ ცეკვას საერთოდაც, ნულს დავუწერდი. თუკი იმაზე ვილაპარაკებთ, რა მომეწონა, ესაა კრისტი ყიფშიძის ვენური ვალსი. ეს იყო სამეჯლისო ცეკვა. რასაკვირველია, უკეთესიც მინახავს, იდეალურ ვალსს არ ვადარებ, არამედ სხვა ნომრებს, რომლებიც იქ ვნახეთ. ყველამ დაიმახსოვროს, რომ ეს არის სამეჯლისო ცეკვების ფორმატი. მხოლოდ ამიტომ დავთანხმდი აქ ჟიურის წევრობას. ჟიურიც ფორმატის ნაწილია. ვიღაცის გამო ეს ვერ შეიცვლება.

- თქვენ არ იცეკვებთ ამ შოუში?

- მე შორენას გარეშე არ ვიცეკვებ. გარდა ამისა, ვის აინტერესებს, მე როგორ ვცეკვავ?!.. ამ შოუში ჩემი ცეკვა არ არის საჭირო. ამ შოუში ცეკვავენ ვარსკვლავები, მინდა, უფრო მეტი პროფესიულად დადგმული ნომერი ვნახოთ. წინა ტური ქართულ ცეკვას დაეთმო. ეს ყველაფერი კარგად ჟღერდა, მაგრამ მაინც სიურპრიზი იყო ჩემთვის. ყოველთვის მსიამოვნებს ქართული ცეკვის ყურება, მაგრამ სამეჯლისო ცეკვებთან რა კავშირი აქვს, ვერ გეტყვით.

ნინო სუხიშვილმა ამას წინათ სუხიშვილების კონცერტზე დამპატიჟა. ძალიან მომენატრა. ქართული ბავშვობაში მიცეკვია, მაგრამ მე გავიზარდე, როგორც სამეჯლისო მოცეკვავე. რამდენიმე მომენტში თავი დავიჭირე, რომ ზედმეტი ემოციებისგან ცრემლებიც მომეძალა. ქართული ცეკვა მთელი საქართველოს დამსახურებაა, ემოციები და გრძნობები, რომლებიც ათასობით წლის განმავლობაში დაგროვდა. არავისი დამსახურება არ არის, რომ ქართული ცეკვა ასეთია. დიდი მადლობა ნინო სუხიშვილს, რომ ბილეთები მაჩუქა.

- ამდენი ხანია, ქართველ ცნობილ სახეებზე ვსაუბრობთ და საინტერესოა, უცხოელ ვარსკვლავებზე რას იტყვით?

- ჩვენ იქ შიდა სამზარეულოში ერთმანეთს ვარსკვლავებს არ ვეძახით (იცინის). აზრზე არ ვარ, აქ როგორ იქცევიან ქართველი ვარსკვლავები...

- საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ...

- ძალიან ცუდი. ხელოვანზე დიდი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ხალხს და არა თავად ვარსკვლავს. რასაკვირველია, უცხოეთში ყველამ იცის საკუთარი თავის ფასი, მაგრამ არ გამოხატავენ.

აქ კაციშვილს არ ვიცნობ. ჩემზე ამბობენ, აქ რომ მეცხოვრა და ასეთივე პროფესიონალი ვყოფილიყავი, უფრო სხვა შეფასებებს დავწერდი, მაგრამ სამეჯლისო ცეკვების სფერო ერთია და რეპუტაციაც ფასდება, ამიტომაც ნაცნობობის გამო არ დავწერდი მაღალ ქულას. ხომ გითხარით, სამორისა და ლიკასთვის უნდა დამეწერა ერთი ან ნული, ხოლო ლელა წურწუმიასთვის ვალსში უნდა დამეწერა ორიანი, ან, მაქსიმუმ, სამი. მაგრამ რატომღაც დავუწერე უფრო მაღალი ქულა, რაც დიდი დანაშაულია. უბრალოდ, გავამართლე საკუთარ თავთან, რადგან მომღერალია, მუსიკა არ შეეშლებოდა-მეთქი. როცა შოუ დასრულდა, შორენამ დამირეკა და მკითხა, ლელას ორიანი რატომ არ დაუწერეო (იღიმება). შესაძლოა, მაყურებლისთვის მნიშვნელობა არ აქვს დეტალებს, მაგრამ ამიტომაც არსებობს ჟიური, რომელიც აფასებს პროფესიონალურად და მაყურებელს ესემესებით შეუძლია გულშემატკივრობა. არ ვიცი, ვინ არის ნიჭიერი და ვინ არა, შესაძლოა, ბებიაჩემიც ნიჭიერი ყოფილიყო, მაგრამ არ მინახავს, რადგან ჩემ დაბადებამდე გარდაიცვალა. ასე რომ, კონკრეტული ნომრებით ვაფასებ და მომავალ გადაცემებში უფრო მკაცრი ვიქნები, უფრო მეტად ჩავეძიები დეტალებს (იღიმის)!..

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება