ფრანგულენოვან მომღერლებს შორის ლარა ფაბიანი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, რომელსაც მართლაც სახალხო სიყვარულით შეუძლია დაიკვეხოს. ლარა მღერის ფრანგულ, ინგლისურ, იტალიურ, ესპანურ, პორტუგალიურ, გერმანულ და რუსულ ენებზე. ლარას ლირიკული სოპრანო აქვს, თუმცა მაინც პოპმომღერლად მიიჩნევა და უნიკალური ვოკალური მონაცემების წყალობით კრიტიკოსებიც დიდ პატივს სცემენ.
პოლიგლოტი მომღერლის სტარტი
ლარა ფაბიანის ნამდვილი გვარი კროკერია. ფაბიანი დედის ქალიშვილობის გვარია. მომღერალი 1970 წლის 9 იანვარს დაიბადა ბელგიაში, ფლამანდიელისა და სიცილიელის ოჯახში. მამამისი გიტარისტი პიერ კროკერი იყო და ლარა ბავშვობიდან მუსიკას აზიარა. მუსიკალურ და საცეკვაო სკოლებში სწავლობდა, ბრიუსელის სამეფო კონსერვატორია დაამთავრა, ოთხი უცხო ენა აითვისა და წარმატებულ მუსიკალურ კარიერაზე დაიწყო ფიქრი.
14 წლისა ბრიუსელის კლუბებში გამოდიოდა, მამამისს უკეთებდა აკომპანირებას და ბევრ მუსიკალურ კონკურსშიც გაიმარჯვა. 1988 წელს "ევროვიზიის" კონკურსზე გამოვიდა ლუქსემბურგის სახელით და მეოთხე ადგილი დაიკავა.
1990 წელს ლარამ ბრიუსელში გაიცნო ახალგაზრდა კომპოზიტორი რიკ ალისონი. რიკი აღაფრთოვანა ლარას მუსიკალურმა მონაცემებმა და მაშინვე შესთავაზა დახმარება სადებიუტო ალბომის ჩასაწერად. ლარა დათანხმდა და ორივენი კანადაში გაემგზავრნენ. გავრცელებული ლეგენდის თანახმად, მათი სასტარტო კაპიტალი იყო 1000 დოლარი და რიკის მამის ძველი მანქანა. მონრეალში ახალგაზრდებმა საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია დააარსეს და 1991 წელს გამოვიდა ლარას პირველი ალბომი სახელწოდებით "ლარა ფაბიანი". ლარას თქმით, ეს ალბომი 90 %-ით მისი საკუთარი ნაშრომი იყო, დანარჩენი 10 % კი - რიკის დამსახურება. პირველივე ალბომს უდიდესი წარმატება ხვდა წილად.
1994 წელს მეორე ალბომი გამოვიდა, რომელმაც საბოლოოდ გაამყარა ლარას წარმატება კანადასა და ფრანგულენოვან ქვეყნებში და ოქროს ალბომად იქცა. 1995 წელს კანადის ხმის ჩამწერი ასოციაციის დაჯილდოების ცერემონიაზე ლარას წლის საუკეთესო შემსრულებლის და წლის საუკეთესო შოუს დამდგმელის ჯილდოები მიანიჭეს, ერთ წელიწადში გამოსულმა ალბომმა კი ლარას ბავშვობის ოცნება აუსრულა - საერთაშორისო მასშტაბის ვარსკვლავად აქცია.
ქველმოქმედი
1999 წელს ლარა პირველად გამოვიდა MTV World Music Awards- ის ცერემონიაზე მონაკოში, სადაც მიიღო პრიზი, როგორც ბენელუქსის ქვეყნებში საუკეთესო მომღერალმა. იქვე შეასრულა თავისი ჰიტი Je T'aime ("მიყვარხარ"). მაყურებელი ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს მომღერალს და მალე კომპანია "სონიმ" ლარას კონტრაქტი შესთავაზა. ერთ წელიწადში მისი პირველი ინგლისურენოვანი ალბომი გამოვიდა და ნიჭიერმა ბელგიელმა მსოფლიოში მოიხვეჭა სახელი, ჟურნალისტები კი ახალ სელინ დიონად მოიხსენიებდნენ. თუმცა ამერიკის ბაზარზე უფრო მეტად სკანდალური და ეპატაჟური ვარსკვლავები სჭირდებოდათ, ვიდრე მართლაც უნიკალური ხმის მქონენი. ამიტომ ლარა ამერიკაში არ დარჩენილა და მალე დაბრუნდა ევროპაში. მას მერე ევროპაში მოღვაწეობს და ფრანგულენოვან მომღერლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, ინტერნეტსივრცეში განსაკუთრებით პოპულარულია მისი ერთ-ერთი საკონცერტო ჩანაწერი, როდესაც მის ცნობილ ჰიტს მასთან ერთად მთელი დარბაზი ასრულებს. არა მხოლოდ მისამღერს, მთელ სიმღერას, სახალხო სიყვარულით მონუსხული ლარა კი აცრემლებული ჰყვება მათ ნამღერს.
1995 წლის შემდეგ ლარა კანადის მოქალაქეა და კანადელ მომღერლადაც მოიხსენიებენ. მისი სიმღერები ბევრ ფილმსა და მულტფილმში ჟღერს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლარას მიერ გახმოვანებული ესმერალდა დისნეის მულტფილმში "კუზიანი ნოტრ-დამიდან", ასევე საუნდტრეკი სტივენ სპილბერგის ფილმისთვის "ხელოვნური გონება".
ლარა აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებში. მრავალი წელია ეხმარება გულის მანკით დაავადებული ბავშვების ასოციაციას. ასევე თანამშრომლობს ასოციაციასთან, რომელიც ავადმყოფი ბავშვების ოცნებებს ასრულებს.
ლარას პირადი ცხოვრებაც აწყობილი და სამაგალითო აქვს, არ გამოირჩევა მრავალრიცხოვანი რომანებით თუ სკანდალებით, რის გამოც ათმაგად სცემენ პატივს მუსიკის მოყვარულები. მისი ქმარი ფრანგი რეჟისორი ჟერარ პულიჩინოა, რომლისგანაც 2007 წელს ქალიშვილი ლუ გააჩინა. ამბობს, რომ უბედნიერესი ქალი და უბედნიერესი დედაა. როგორც მომღერალს, არაფერი აქვს საწუწუნო, რადგან თაყვანისმცემლების არმია ჰყავს, მისი დისკები და ალბომები წარმატებით იყიდება, მისი საკონცერტო ტურნეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)