ამჯერად ჩვენი რეიტინგული "დაკითხვა" კომპოზიტორ ლილიკო ნემსაძესა და მის უფროს ქალიშვილს, ანი ბახტაძეს მოვუწყვეთ. ლილიკოს ორი ქალიშვილი ჰყავს, 10 წლის რუსუდანი და 14 წლის ანი. როგორც კომპოზიტორი ამბობს, უფროსმა განსაკუთრებით ამოიჩემა, გამუდმებით ურეკავს და აკონტროლებს. რას საყვედურობს დედას ქალიშვილი და რა თემაზე ჩხუბობს დედა-შვილი, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
- რომელ საათზე და როგორ იწყება მისი დილა? შენი?
ლილიკო:
- 9-ის ნახევარზე იღვიძებს და დამოუკიდებლად ემზადება სკოლისთვის. თუ ჩემი უმცროსი შვილი სკოლაში არ მიდის, შემიძლია, არც გავიღვიძო, იმიტომ, რომ ანა დამოუკიდებლად ემზადება და თან დილას საუზმე არ გვაქვს. მეც დაახლოებით იმავე დროს ვდგები. 9 საათზე სამსახურში მივდივარ. ვმუშაობ უნივერსიტეტში, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტში.
ანი:
- თუ სამსახურში მიდის, ადრე დგება, მე სკოლაში მტოვებს და თვითონ უნივერსიტეტში მიდის. თუ არადა, 11-12 საათზე დგება.
- დამისახელე აქსესუარი, რომლის გარეშეც არ გავა სახლიდან? შენ რომელ აქსესუარს ატარებ?
ლილიკო:
- საათი. მე საყურე მიყვარს, ამის გარეშე მაღაზიაშიც კი არ გავალ.
ანი:
- საყურე. მე არ მიყვარს დიდად აქსესუარები. პატარა საყურე მიკეთია ყოველთვის და საათი.
- მაკიაჟის რომელი დეტალია მისთვის მნიშვნელოვანი? შენთვის?
ლილიკო:
- ანი მაკიაჟს არ იკეთებს, შეიძლება წაისვას მხოლოდ "ბლესკი". მეც ტუჩის საცხი მიყვარს ძალიან.
ანი:
- ტუჩის საცხი და ტონალური კრემი. მე არაფერს ვხმარობ. ერთხელ გავიკეთე მაკიაჟი და ძლივს მოვიშორე (იცინის).
- რას საყვედურობთ ერთმანეთს?
ლილიკო:
- ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ ანი ძალიან მგავს, ლაპარაკით, მანერებით, ქცევებით, ხასიათით. ამიტომ თითქმის ყველაფერი მომწონს მასში.
- ე.ი. საკუთარი თავითაც მოხიბლული ხარ.
- არა, საკუთარი თავით მოხიბლული არ ვარ. ჩვენ იმით განვსხვავდებით ერთმანეთისგან, რომ მე რთულად ვხვდებოდი საკუთარ შეცდომებს, გვიან ვაანალიზებდი სიტუაციებს. ანი უფრო ჭკვიანია, მიხვედრილი, სწორად აზროვნებს, სწორად ცხოვრობს. მეგობრულია, კეთილი. არ არსებობს, ვინმეზე იჭორაოს, ვინმესი რამე შეშურდეს, ვინმეზე დაიბოღმოს. ეს თვისებები ჩემთვის ადამიანის საზომია. რაც არ მომწონს მასში, ეს არის მისი დღის რეჟიმი. გვიან იძინებს, დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან. სხვაფრივ წესიერი ადამიანია. არ მჭირდება მასთან ზედმეტი ახსნა-განმარტება, რა შეიძლება და რა - არა. თვალდახუჭული ვენდობი. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი შვილი ცუდს არ გააკეთებს. მის სკოლაშიც და სამეგობრო წრეშიც ძალიან გამიმართლა...
მას რა არ მოსწონს? რა გითხრა, ხშირად მაძლევს შენიშვნას. მაგალითად, მგონია, რომ კარგი იუმორი მაქვს. როცა ხალმხრავალ ადგილას ვარ და ვცდილობ, ჩემი იუმორი გამოვავლინო, ანი თვალებს მიბრიალებს და მანიშნებს, რომ გავჩუმდე. არადა, თუ ერთხელ გავამხიარულე საზოგადოება, მეკეტება, აღარ ვჩერდები. მომწონს, სხვას რომ ვართობ, იქ ზოგჯერ უცენზურო სიტყვასაც გამოვურევ ხოლმე. მერე ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ გიჟი ვარ, რომლის გარშემოც მაყურებელი იკრიბება და კვდება სიცილით. მე ამას ვეღარ ვგრძნობ. ანი მეუბნება, კლოუნი ხარ, მე მრცხვენია შენ მაგივრადო.
ანი:
- ერთნაირი ხასიათი გვაქვს. აქტიურები ვართ, ხალისიანები, მხიარულები. ცუდ ხასიათზეც რომ ვარ, ვცდილობ, არ შევიმჩნიო და გარშემო მყოფებს არ გადავდო ჩემი ხასიათი. ლილიკოც ასეთია. ყველაფერი მომწონს მისი. რას ვსაყვედურობ? დაბნეულია ცოტა, ზოგჯერ ვიღაცებს არ ესალმება. დედას არ მოსწონს, გვიან რომ ვიძინებ.
- ვისთან ლაპარაკობს მობილურით დღის განმავლობაში ხშირად? შენ?
ლილიკო:
- ჩემთან. ისტერიკა სჭირს ჩემზე. ეს ცოტა მაღიზიანებს კიდეც. დედა, სად ხარ? დედა, მოდი! დედა, ვერ ვძლებ უშენოდ. ჩემი თითოეული ნაბიჯი იცის, სად მივდივარ, რომელ საათზე მოვალ. თუ მოუნდა, თავზეც დამადგება. მეც, შესაბამისად, ჩემს შვილთან და ერთ მეგობართან ვლაპარაკობ.
ანი:
- მეგობრებთან ლაპარაკობს. მეც მეგობრებთან და დედასთან. მომაკითხე, წამიყვანე-მეთქი, ვურეკავ.
- მოგწონს, მძღოლი რომ გყავს დედას სახით?
- (იცინის) ჰო, თან ვაკონტროლებ, ვურეკავ სად ხარ, როდის მოხვალ. შევაწუხე მგონი. მენატრება ხოლმე და რა ვქნა.
- რას უკონტროლებთ ერთმანეთს?
ლილიკო:
- მე ჩაცმის სტილს მიკონტროლებს, მაგრამ ამაში ხელებს ვწევ, ნამდვილად კარგი გემოვნება აქვს. ამ ბოლო დროს ანის გაკონტროლება მეც დავიწყე. არადა, ისე გამზარდეს ჩემმა მშობლებმა, "სად ხარ" და "რატომ იგვიანებ" მათ ლექსიკონში არ ყოფილა. ახლა ანიმ რომ დაიწყო ჩემი გაკონტროლება, მეც თავი ვალდებულად ჩავთვალე, იმავენაირად მოვქცეულიყავი. არადა, ეს თვითონ არ მომწონს. ჩემი დაკვირვებით, შვილი ადრე უთხოვდება იმ დედას, რომელიც მას კუდში დასდევს და მუდმივად აკონტროლებს. საერთოდ, ძალიან არ მიყვარს ადამიანის ამოჩემება. როცა ვინმეს ამოიჩემებ, ქმარს, შვილს, დას თუ შეყვარებულს, შეიძლება, ეს არც ისე კარგად დამთავრდეს. ამიტომ არ მინდა, ანიმ ამომიჩემოს. ვეუბნები ხოლმე, დედა რომ მოგიკვდეს, რა გეშველება-მეთქი. ისტერიკულად კივის ამ დროს (იცინის). მიკვირს მისი ეს საქციელი, ისე გაიზარდა 3 წლამდე, არ მეკარებოდა. სულ მამისკენ იწევდა.
ანი:
- ის სწავლას მიკონტროლებს. მე რა უნდა გავუკონტროლო? ზოგჯერ მეგობრების წრეს ვუკონტროლებ.
- რომელ საიტს სტუმრობს ინტერნეტში ხშირად? შენ?
ლილიკო:
- "თრანსლეით.ჯი". აი, ასეთი კარგი შვილი მყავს მე. ფრანგულ სკოლაში დადის, ინგლისური იცის კარგად და ესპანური თვითონ ისწავლა. როცა კომპიუტერი ჩართული რჩება, ვნახულობ რას აკეთებდა. ხშირ შემთხვევაში სწორედ ლექსიკონი აქვს გახსნილი. მე რაც შემეხება, კომპიუტერთან ვერ ვმეგობრობ, ბატი ვარ მაგ ამბავში. ბავშვები დამცინიან. "ფეისბუქი" მაქვს, მაგრამ ვერავინ ვერასდროს ვერ ნახავს ჩემგან დატოვებულ პოსტს. მაგრამ არა მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვიცი, არ მომწონს, დღის ყოველ ნაბიჯს რომ წერენ და ქვეყანას ატყობინებენ, საჭმელად მიდიან თუ დასაძინებლად.
ანი:
- ორივე "ფეისბუქს" ვსტუმრობთ. კიდევ "თრანსლეით.ჯი"-ზე მიწევს ხშირად შესვლა.
- როდის აქვს დაბადების დღე? ვინ არის ჰოროსკოპით? შენ?
ლილიკო:
- 27 სექტემბერს, ჯვართამაღლებას არის დაბადებული, სასწორია. მე 13 აპრილს დავიბადე. ვერძი გახლავართ.
ანი:
- 13 აპრილს, ვერძია. მე 27 სექტემბერს დავიბადე, სასწორი ვარ.
- რა აჩუქე ბოლოს დაბადების დღეზე? მან რა გისახსოვრა?
ლილიკო:
- მგონი ფეხსაცმელი, ზუსტად არ მახსოვს. არც ის მახსოვს, მან რა მაჩუქა.
ანი:
- არაფერი. დედის დღეს ვაჩუქე ყვავილები. დედამ ფეხსაცმელები მაჩუქა.
- მისი საყვარელი სექცია მაღაზიაში? შენი?
ლილიკო:
- ტანსაცმელი და ფეხსაცმელია მისი სისუსტე. მე დიდი ხანია ჩემთვის ტანსაცმელს აღარ ვყიდულობ. ახლაც იტალიაში ვიყავი და ჩემს შვილებს ჩამოვუტანე ფერად-ფერადი ტანსაცმელი. ანის რომ ვეუბნები, ხომ მათხოვებ-მეთქი, მეთანხმება. ამითაც კმაყოფილი ვარ. ისე, მიყვარს ტკბილეულის სექცია, შოკოლადებს მივაშტერდები ხოლმე. ჩემი სისუსტეა პარფიუმერია.
ანი:
- პარფიუმერიის და ტანსაცმლის. ჩემი სისუსტეც ტანსაცმელი და ფეხსაცმელია.
- მისი საყვარელი კერძი? შენი?
ლილიკო:
- ცეზარი უყვარს და შემწვარი ქათმის ფილე. მე სალათები მიყვარს. ისე დიდი მჭამელი არ გახლავართ.
ანი:
- სალათები უყვარს. მე - შემწვარი ქათმის ფილე.
- როცა რაიმეზე ვერ თანხმდებით, ვინ თმობს ხშირად?
ლილიკო:
- ანი მერევა. ლოგიკურადაც მიმტკიცებს, რომ მართალია და თუ დასჭირდა, ხუმრობით ძალასაც გამოიყენებს.
ანი:
- ლილიკო. ვჩაგრავ (იცინის).
- ბოლოს რაზე იკამათეთ?
ლილიკო:
- "ფეისბუქის" გამო. ყველაფერი დაბლოკილი მაქვს. ახლა გადავწყვიტე, ფოტოც წავშალო, რომელიც მთავარ გვერდზე მიდევს და რაიმე აბსტრაქტული სურათი დავდო. ამაზე გამიბრაზდა, აბა, რისთვის გინდა "ფეისბუქი", ადექი და გააუქმე მაშინო. რა გავაკეთო, არ მიყვარს თავის გამოჩენა, პირადი გრძნობებისა და განცდების გამოფენა.
ანი:
- არ მახსოვს.
- როგორ შეიძლება მისი მოთაფვლა? შენი?
ლილიკო:
- კაფეში უნდა წავიყვანო, რამე კარგი ვაჭამო და მორჩა, მოთაფლულია. შოკოლადებიც უყვარს. მე ერთი კოცნა, ჩახუტება მჭირდება და მისი ვარ (ეღიმება).
ანი:
- არ მჭირდება ლილიკოს მოთაფვლა, სულ მოთაფლულია ჩემთვის. ჩემი სუსტი მხარე შოკოლადებია. თუ შოკოლადს დამპირდა, ყველა სურვილს ავუსრულებ.
- ადვილად სწყინს? შენ?
ლილიკო:
- კი, მაგაში დედიკოს ჰგავს, მაგრამ გულში წყენის ჩადება არც ერთმა არ ვიცით. რომ ვიჩხუბებთ, 5 წუთში აღარ გვახსოვს ჩხუბის მიზეზი.
ანი:
- კი. თუ ვეტყვი, ამ ფოტოში არ მომწონხარ-მეთქი, სწყინს. მერე საერთოდ შლის იმ ფოტოს. მე არ მწყინს ადვილად, ყველაფერი გულთან ახლოს არ მიმაქვს.
- რა სტილის სამოსს ანიჭებს უპირატესობას? შენ?
ლილიკო:
- სპორტული სამოსი მოსწონს და ფერადი, ჩემგან განსხვავებით. მე თვითონ ვერ გავიგე რა სტილი მიყვარს. არ მიყვარს კლასიკური სტილი, პიჯაკები, ქალურად ჩაცმა. ჩემი მეგობრები დამცინიან ხოლმე, რეებს იგონებო. ზოგჯერ თინეიჯერულ სტილსაც მშვენივრად ვირგებ. ის სტილი მიყვარს, რაც ასაკს აპატარავებს. ჯინსი და ბოტასები მიყვარს კიდევ. ერთი-ორჯერ მეცვა სპორტის სასახლეში. ერთხელ ვიღაცას უთქვამს ჩემზე, ლილიკო რომელია, "ჯორდანებით" რომ დადისო და ძალიან შემრცხვა. 43 ზომა ბოტასი მეცვა, თან კაცის.
- რატომ?
- რა ვიცი, რა მოხდა მერე (იღიმება).
ანი:
- უყვარს ჯინსი, კაბები და ქუსლიანი ფეხსაცმელები. მე შარვლები მიყვარს, ჯინსი. ქვედაბოლოებს ვერ ვიცვამ.
- როდის ტირის? შენ?
ლილიკო:
- მეტი დარდი არ აქვს, არ ტირის. ჯანსაღი ფსიქიკა აქვს. თუმცა ჩემსავით გულჩვილია. ტირის ადამიანზე, რომელიც გაჭირვებულია, საწყალია, ავადმყოფია. მე ამაზეც ვტირი და ბევრ სხვა რამეზეც. სულ ვტირი, მაგრამ ჩემს ცრემლებს, ჩემს ტკივილს არასდროს სხვას არ დავანახვებ. ჩემთვის ჩუმად დავჯდები და ვტირი. დღესაც ვიტირე ერთი-ორჯერ. ჩემს მეგობარს ვწერდი რაღაცას და... სულ არ იყო სატირალი. არა, ცოტა სატირალი იყო, მაგრამ მე ბევრი ვიტირე (იცინის).
ანი:
- დიდი ხანია, ლილიკო ატირებული არ მინახავს. მე ყველაფერზე ვტირი, უფრო მაშინ, როცა ჩემი პატარა და მაბრაზებს. ყოველთვის მას ამართლებენ, პატარააო და ვბრაზდები. ეგ სულ პატარა იქნება და ამიტომ დამნაშავე ყოველთვის მე უნდა ვიყო?!
- რა აღიზიანებს საწინააღმდეგო სქესში? შენ?
ლილიკო:
- ძალიან მაღალი, გაუნათლებელი ბიჭები არ მოსწონს. გარეგნობასთან დაკავშირებით ჩვენი გემოვნება ერთმანეთს არ ემთხვევა. ვინმე რომ მომეწონება, დამცინის. მეც უწიგნურობა მაღიზიანებს, მატყუარა კაცებს ვერ ვიტან.
ანი:
- უყურადღებობა გვაღიზიანებს ორივეს.
- როგორ გგონია, რამდენად დაემთხვევა თქვენი პასუხები ერთმანეთს?
ლილიკო:
- 50%-ზე ზემოთ, ალბათ.
ანი:
- ალბათ, 50%-ით.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)