გიორგი გაგლოევი ტატუკას მოტაცებით ემუქრება

გიორგი გაგლოევი ტატუკას მოტაცებით ემუქრება

მსახიობები - სალომე ნინუა და გიორგი გაგლოევი ხანგრძლივი განშორების მერე, ერთმანეთს "დიღმის ველზე", სერიალზე ("გოგონა გარეუბნიდან") მუშაობისას შეხვდნენ. სერიალში სალომე - ტატუკას, გიორგი კი მასზე შეყვარებული ზურიკოს როლს ასრულებს. წყვილი უკვე პოპულარულია და მაყურებლების სიმპათიით სარგებლობს. მოგეხსენებათ, სალომე მეორე ქორწინებაში იმყოფება, გიორგი კი თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცესას მოლოდინშია...

გიორგი:

- ჯერ კიდევ თეატრალურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, როცა კასტინგის შედეგად მოზარდ მაყურებელთა თეატრში მოვხვდი და 4 წელია, იქ ვმუშაობ. რამდენიმე თვის წინ კი "ღამის შოუს" სტუდიის კასტინგზეც დამიბარეს...

სალომე:

- ვიცოდი, რომ კასტინგზე ვიღაც ბიჭი მოვიდა, რომელიც როლზე მაშინვე დაამტკიცეს. მერე გაირკვა, რომ ეს ბიჭი ჩემი მეგობარი ყოფილა.

გიორგი:

- ერთმანეთს თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდიდან ვიცნობთ. მაშინ რუსთაველზე "მარშრუტკები" და ტროლეიბუსები დადიოდა. მე და სალომე უნივერსიტეტშიც საერთო საქმეს ვემსახურებოდით: მე თვითმმართველობაში გახლდით - ერთ-ერთი მმართველის მოადგილე ვიყავი, სალომე კი ჩემი ხელქვეითი იყო (იცინიან).

სალომე:

- თვითმმართველობის საპრეზიდენტო არჩევნებს ვატარებდით, "ვაყალბებდით"...

გიორგი:

- სხვათა შორის, ჩვენმა აქტიურობამ შედეგი გამოიღო: თეატრალურში სწავლა რომ დავასრულე, ტროლეიბუსებიც უკან მომაყოლეს - მას შემდეგ რუსთაველზე ეს ტრანსპორტი არავის უნახავს... ერთ მშვენიერ დღეს მე და სალომე ერთმანეთს "დიღმის ველზე", ისევ შევხვდით.

- ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ?

სალომე:

- ჩვენ სულ ვმხიარულობთ. სხვათა შორის, ამას წინათ კორპორატიულ წვეულებაზეც კარგად ვიხალისეთ - ვიცეკვეთ, ყველაფერი თავზე დავიმხეთ!..

გიორგი:

- "ტატუკა" საკმაოდ "დაბალია" და ცეკვისას შემთხვევით, ფეხებს ვაბიჯებ ხოლმე.

სალომე:

- წვეულებაზე უცხო ბიჭი მეცეკვებოდა. ჰოდა, ესეც უცებ მოვარდა...

გიორგი:

- და მათ შორის "გმირულად" ჩავდექი!..

სალომე:

- ცოტა ხანში დავინახე, რომ "ზურიკო" ვიღაც გოგონასთან ერთად ცეკვავდა და თვალებიდან სიყვარულს აფრქვევდა. წყვილთან მივედი. "ზურიკომ" მაშინვე წარმადგინა: გაიცანი, ეს "ტატუკააო". შემდეგ გოგონას მიუბრუნდა და ჰკითხა: თქვენი სახელიო?

გიორგი:

- არადა, მახსოვდა, რომ იმ გოგოს ვიცნობდი (იცინიან).

- ბევრი ხომ არ დალიე?

- მახსოვს, რომ სახლში მივედი...

სალომე:

- კი არ მიხვედი, მიგიყვანეს!

- გიორგი, სასმელს ვერ იტან?

- ამას იმიტომ მეკითხები, რომ სერიალში ჩემი გმირი 3 ჭიქის შემდეგ დათვრა, არა? არ დაიჯეროთ, სინამდვილეში სასმელი ძალიან მიყვარს. დიდი ხანია (დაახლოებით, 12 საათია), არ დამილევია. ჰოდა, ახლა სასმელზე ვინმე თუ დამპატიჟებს, მადლობას ვეტყვი, ოღონდ - ლიქიორი არ მიყვარს.

- შენი პერსონაჟი უკვე პოპულარულია. მისი სახელით ხშირად მოგმართავენ?

- აღარც კი მახსოვს, "გიოს" როდის მეძახდნენ.

- ამას არ აპროტესტებ?

- ვერ გავაპროტესტებ, რადგან მაყურებელმა "ზურიკოდ" გამიცნო. ბევრმა ჩემი ნამდვილი გვარ-სახელიც არ იცის.

სალომე:

- "ზურიკოთი" კოლეგებიც ხშირად მივმართავთ.

- სალომე, როგორ ფიქრობ, - გიორგი ზურიკოს ჰგავს?

- ძალიან ბევრი რაღაცით ჰგავს. მაგალითად - გიორგიც ხალისიანი და ენერგიულია; გარშემო მყოფებს კარგ განწყობილებაზე აყენებს.

გიორგი:

- მეც აღფრთოვანებული ვარ "ჩემი ტატუკათი". აი, ნახეთ, ახლა ცრემლიც კი მომადგა...

- გიორგი, შენს ცხოვრებაში არსებობს გოგონა, ვისზეც სერიოზულად ფიქრობ?

- კი!

სალომე:

- უი, ეს ამბავი მეც ახლა შევიტყვე. ხედავ, როგორი ჩუმჩუმელაა?!

გიორგი:

- ალბათ, შემოდგომაზე ცოლად შევირთავ "ჩემს ტატუკას"...

სალომე:

- გინდა, რომ ჩემი მესამე ქმარი იყო?..

გიორგი:

- სიმართლეს გაგიმხელთ: ჯერჯერობით სერიოზულად არავისზე ვფიქრობ. ძიების პროცესში ვარ.

სალომე:

- დაასრულე ეგ ძიება, თორემ ხომ ხედავ, დაბერდი უკვე!

- გიორგი, რამდენი წლის ხარ?

- ხომ გითხარი, - რუსთაველზე ტროლეიბუსები რომ დადიოდა, იმ ეპოქის ვარ.

სალომე:

- 25 წლისაა, მე კი მასზე 1 წლით უფროსი ვარ.

გიორგი:

- გოგონებისგან გამოხმაურებებს ველი.

- ბევრი თაყვანისმცემელი გყავს?

- ალბათ, მაგრამ "ის" ჯერ არ გამოჩენილა. თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცესას ველი. თეთრი რაშით თუ არა, მანქანით "მოფრინდეს", პრობლემა არაა.

- როგორი გოგონები მოგწონს?

- თუკი გოგონა "გახსნილი", უშუალო და კარგი პიროვნებაა, უკვე მიყვარს! გარეგნობით "ჩემი ტატუკასნაირი" უნდა იყოს.

- ასეთ თამამ განცხადებას რომ აკეთებ, ხომ არ გავიწყდება, რომ ტატუკას ქმარი ჰყავს?

- ტატუკას ქმარი არ ჰყავს!

- კარგი, სალომეს ხომ ჰყავს?

- სალომე ვინაა, არ ვიცი, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ტატუკას არავინ ჰყავს.

- სიყვარულთან დაკავშირებულ საკითხში ზურიკოს ჰგავხარ?

- არა, მისგან რადიკალურად განვსხვავდები: დაბნეული, მორცხვი და მორიდებული საერთოდ არ ვარ. უფრო მეტიც, შეყვარებულობის პერიოდში ზედმეტად მობილიზებული ვარ.

- სალომე, შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია დაქალების მოსაზრება იმ მამაკაცთან დაკავშირებით, რომელსაც ხვდები?

სალომე:

- სიტყვა "დაქალი" არ მიყვარს. მე მყავს მეგობრები, რომლებსაც ჩემს სიმდიდრედ მივიჩნევ! არ შემიძლია ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ჩაცმას, სტატუსს, ბრენდს და მსგავს ქაჯურ რაღაცებს დიდ ყურადღებას აქცევს!.. ჩემთვის მეგობრების სიტყვა კანონია. მაგალითად, როცა შეყვარებული ხარ, "ბრმავდები", ასეთ დროს კი მეგობარზე უკეთეს რჩევას ვერავინ მოგცემს.

- გარეგნულად ძალიან გამსგავსებენ მსახიობ ნანუკა ლითანიშვილს, რომელიც სერიალში შენი გმირის - ტატუკას დედის როლშია.

- ამას მართლაც, ძალიან ბევრი აღნიშნავს. ნანუკა სერიალზე მუშაობისას გავიცანი - ანუ მასთან ნათესაური კავშირი არ მაქვს. თუმცა, უკვე ერთმანეთი სიგიჟემდე გვიყვარს და ნანუკას ხშირად ვეუბნები, - შენი მეხუთე შვილი ვარ-მეთქი.

- რეალურ დედასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- კამათი ყველა დედა-შვილს მოსდის, მაგრამ დედაჩემის სიტყვა ჩემთვის გადამწყვეტია! სხვათა შორის, მისთვის რჩევა მეც ბევრჯერ მიმიცია. მინდა ისეთი დედა ვიყო, როგორიც დედაჩემია.

- ეს გამოგდის?

- დედა ხშირად მეუბნება: შენ ბევრად მკაცრი მშობელი ხარო. მართლაც, ჩემი უფროსი შვილის მიმართ ზედმეტად მომთხოვნი ვარ...

- მაყურებელი ზურიკოს მიმიკებზე ხალისობს ხოლმე. გიორგი, ამ გმირის ხასიათის წარმოჩენა შენი დამსახურებაა თუ რეჟისორებმა მიგითითეს?

გიორგი:

- ამას რეჟისორი ვერ მიგითითებს. გმირის ხასიათი მსახიობმა უნდა მოძებნოს და მოირგოს, რეჟისორი კი ეტყვის - "ჩაჯდა" თუ არა. ზურიკოს ლაპარაკის მანერა, მიმიკები თავად მოვძებნე. მგონი, მოუხდა.

- სერიალში თქვენი სასიყვარულო ამბავი როგორ განვითარდება?

- ტატუკას ცოლად შევირთავ!

სალომე:

- არ დაიჯეროთ!

გიორგი:

- მოვიტაცებ! ხომ იცი, მაინც "ტროლეიბუსის ეპოქის" ხალხი ვართ (იცინიან)...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება