რამ აღაფრთოვანა ქეთი ასათიანი ნიუ-იორკში

რამ აღაფრთოვანა ქეთი ასათიანი ნიუ-იორკში

ქართულ-ლიტვურ სერიალში - "ღვინის გზა" ლიკას როლის შემსრულებელი, თუმანიშვილის თეატრის მსახიობი ქეთი ასათიანი ახლახან ამერიკიდან შთაბეჭდილებებით აღსავსე დაბრუნდა. იქაურ ქართველებთან შეხვედრით გულაჩუყებული და ნიუ-იორკით მოხიბლული მსახიობი კვლავ სერიალზე მუშაობას განაგრძობს...

- ამერიკაში ქართველ მაყურებლებს სპექტაკლი - "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" წარვუდგინეთ. ფანტასტიკური ემოციებით შეგვხვდნენ. სხვათა შორის, ნიუ-იორკში პირველად ვიყავი და აღმოვაჩინე, რომ ის "ჩემი" ქალაქია! იქ მცხოვრები ქართველები რაც კი მოგვეწონებოდა, ყველაფერს გვჩუქნიდნენ, სათუთად გვეპყრობოდნენ. ჩვენ შუაგულ ნიუ-იორკში, სასტუმრო "პენსილვანიაში" ვცხოვრობდით. თეატრიც ფანტასტიკურ ადგილას იყო. დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 3 საათი გვეძინა - გვინდოდა, ყველაფრის დათვალიერება მოგვესწრო.

- ნიუ-იორკში ყოფნისას თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება რამ მოახდინა?

- მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურ ენას ვერ ვფლობ, ნიუ-იორკში თავს უცხო ადამიანად არ ვგრძნობდი. იქ შოვინიზმისადმი მიდრეკილება არა აქვთ - ანუ ნიუ-იორკში ყველა ამერიკელია! მაღაზიაში რომ შედიხარ, აუცილებლად ღიმილით გეუბნებიან: გამარჯობა, როგორ ხარო? მინდა, საქართველოშიც ასეთი სიტუაცია იყოს. ახლა ვიღაც იტყვის: აქ მომსახურე პერსონალს შესაბამისი ხელფასი არა აქვსო. ეს გასაგებია, მაგრამ როცა რომელიმე სფეროში მუშაობ, ბოლომდე უნდა დაიხარჯო. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობებსაც "კაპიკებს" გვიხდიან, საკუთარ თავს არ ვაძლევთ უფლებას, ჩვენი ცუდი განწყობილების გამო სპექტაკლში "ისე რა" ვითამაშოთ... რატომღაც, ამერიკაში ბევრს ესპანელი ვეგონე. როცა "ჯორჯიას" ვახსენებდი, ვშიშობდი, - ჩვენი ქვეყანა ჯორჯიის შტატში არ აერიოთ-მეთქი, მაგრამ მპასუხობდნენ: ძალიან კარგად გავიგეთ, რომელი ქვეყნიდანაც ხართო. მიხაროდა, უცხოელებმაც რომ იცოდნენ, სადაა საქართველო! ერთხელ მსახიობები "შოპინგზე" წავედით. მაღაზიაში გამყიდველებად ფერადკანიანი მამაკაცები მუშაობდნენ. ერთ-ერთმა მსახიობმა მათ ქართულად მიმართა და ფერადკანიანმაც ქართულად უპასუხა: ო, საქართველო, საქართველოო! აღმოჩნდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ნამყოფი იყო და საოცარი ემოციით შეგვხვდა.

- აღნიშნე, ინგლისურ ენას ვერ ვფლობო. საინტერესოა, ლიტველ მსახიობთან - აგნესთან ეკრანს მიღმა ურთიერთობა არ გაქვს?

- მხოლოდ ინგლისური ანბანი ვიცოდი, ისიც - სიმღერით. ინგლისურ ტექსტებს გადაღებამდე 1 კვირით ადრე ვსწავლობ. თავდაპირველად პედაგოგთან დავდიოდი, მაგრამ ახლა ამასაც ვეღარ ვასწრებ და ტექსტის დაზეპირებაში მეგობარი - ეკა დემეტრაძე მეხმარება. ხშირად ვამბობ: თუკი ეს პროექტი ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, წარმატებული არ იქნება, მასში მონაწილეობას მაინც არ ვინანებ, რადგანაც მისი მეშვეობით ინგლისურს მაინც შევისწავლი-მეთქი. აგნემ რუსული არ იცის, მაგრამ შემოქმედებითი ჯგუფის სხვა ლიტველ წევრებს სწორედ ამ ენაზე ვეკონტაქტებით. გაოცდებით, მაგრამ აგნესთან ინგლისურად ლაპარაკს უკვე ვახერხებ - ხელებით, ფეხებით, წარბებით, კბილებით (იცინის). ძალიან მოსწონს, რომ მასთან ურთიერთობას ვცდილობ და თავადაც მეხმარება. ჩემ მიმართ მისმა სწორმა დამოკიდებულებამ აგნესთან კონტაქტი გამიადვილა. ვმეგობრობთ. გარდა ამისა, ვცდილობთ, ერთმანეთს ლიტვურად და ქართულადაც ველაპარაკოთ.

- მშვენიერ აგნეს ქართველ მამაკაცებთან როგორი ურთიერთობა აქვს? როგორც ვიცი, დაოჯახებული არაა.

- მეუღლეს გაშორებულია, მაგრამ შვილი ჰყავს. ზოგადად, ლიტველები ჩვენი ბიჭების მიმართ დადებითად განწყობილები არიან და ამბობენ: "სიყვარული ყველაფერს გადაწონის". ასე რომ, ქართველი მამაკაცები ყურადღებით უნდა იყვნენ (იცინის).

- ლიტვაში თქვენი გამგზავრებაც ხომ არ იგეგმება?

- პროდიუსერმა გვითხრა, - წინასწარ არ ვიცით, მოვლენები როგორ განვითარდება. ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთო.

- ის სცენა გავიხსენოთ, როცა ლევან ხურციას პერსონაჟმა თქვენს გმირს - ლიკას ხელი სთხოვა, ის კი ატირდა.

- საერთოდ, ემოციური ადამიანი ვარ. არსებობს გარკვეული საშუალება, რომ "აგატირონ", მაგრამ ეს მეთოდი თავად რეჟისორს არ მოსწონს - ხელოვნურად ეჩვენება. მსახიობობას "ერთი დიდი ტყუილი" ჰქვია, მაგრამ მთავარია, მაყურებელს რამდენად დამაჯერებლად "ატყუებ". კონკრეტული როლის შესრულებისას ვცდილობ, პირადი ამბები გავიხსენო, რათა შესაბამისი ემოციები აღმეძრას. ნამდვილად არ მინდა, როლის შესრულებისას ხელოვნური "ცრემლები" ვღვარო.

- შეიძლება გამიმხილოთ - ჩემს მიერ ნახსენები კონკრეტული სცენის გადაღებისას რა ამბავი გაიხსენეთ?

- სამწუხაროდ, თუმანიშვილის თეატრს და მთელ საქართველოს ნიჭიერი მსახიობი, დრამატურგი, პოეტი და რეჟისორი - ლალი კეკელიძე გამოგვაკლდა. საზოგადოებამ მისი გაცნობა ვერ მოასწრო, მაგრამ ჩემთვის სულიერი დედასავით იყო. ლალი კეკელიძის ბევრ სპექტაკლში ვმონაწილეობდი. მისი გარდაცვალება ჩვენი ჯგუფისთვის შეუხორცებელ ჭრილობად დარჩება. საკმარისია, ლალი გავიხსენო, რომ მაშინვე ცრემლები მომდის...

- თქვენი და ლიკას პირადი ცხოვრება ერთმანეთს ჰგავს?

- აბსოლუტურად განსხვავებულია: ნიკუშამდე (ჩემი მეუღლეა) შეყვარებული არ მყოლია. მისთვისაც პირველი სიყვარული ვარ. წინათ სიყვარულის თემას ინდიფერენტულად ვეპყრობოდი: ნერვები მეშლებოდა, როცა გოგონები პირად ამბებს მიყვებოდნენ. მიკვირდა, - მამაკაცის გამო როგორ შეიძლება, ჭკუა "გადაეკეტოთ"-მეთქი?! მე და ნიკას ერთმანეთი დანახვისთანავე შეგვიყვარდა. შეყვარებულობის პერიოდი მთელი წელი გაგრძელდა. ნიკა ლევანის პერსონაჟისაგან განსხვავებულია: გურამი საოცარი შესაძლებლობის ადამიანია. მას შეუძლია "მთელი ქვეყანა" გაჩუქოს. სამაგიეროდ, ნიკამ სიყვარული მაჩუქა. გვყავს შვილი, ვისთვისაც ცხოვრება ღირს - "ქალბატონ" თამარზე ორივე ვგიჟდებით!

- მოსალოდნელია, რომ სერიალში თამამ სცენებშიც გიხილოთ?

- პროექტის წარმომადგენლებმა თავიდანვე ამიხსნეს, რომ შეიძლება, სერიალს ბავშვებმაც უყურონ, თუმცა ლევანთან კოცნის სცენებიც მექნება - ეს უკვე ჩავწერეთ კიდეც. ამ ფაქტს ორივე პროფესიონალურად ვეპყრობით. ჩვენს საუკუნეში სხვაგვარად არც შეიძლება.

- მეუღლე მეტ-ნაკლებად თამამ სცენებში თქვენს მონაწილეობას როგორ აღიქვამს?

- ზოგადად, ჩემს გადაწყვეტილებას ყოველთვის პატივს სცემს, მაგრამ აბა, რომელ მამაკაცს მოსწონს, მის ცოლს სხვა რომ კოცნის? ამიტომაც, ამ თემაზე ყურადღებას არ ვამახვილებთ. მხოლოდ ერთს გეტყვით - ქმრის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ნიკუშა ძალიან მიყვარს.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება