ვის უთმობს ქრისტინე იმედაძე თავისუფალ დროს - "მომავალს იმედით ვუყურებ"

ვის უთმობს ქრისტინე იმედაძე თავისუფალ დროს - "მომავალს იმედით ვუყურებ"

ტელეკომპანია "იმედის" მიმდინარე პროექტის - "ცეკვავენ ვარსკვლავები" - ერთ-ერთი მონაწილე, მომღერალი ქრისტინე იმედაძე მიიჩნევს, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ ნიჭი არაა საკმარისი; სწამს, რომ ნიჭთან ერთად აუცილებელია იღბალი და შრომისმოყვარეობა. დაძაბული დღის რეჟიმის მიუხედავად, ის ინტერვიუზე დაგვთანხმდა და "წარმატების კოქტეილის" "ინგრედიენტებიც" გაგვიმხილა.

- ქრისტინე, როგორ აღმოჩნდით პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები"?

- ამ პროექტის უცხოური ანალოგები ნანახი მაქვს და ძალიან მომწონს. როდესაც გადაცემის პროდიუსერი დამიკავშირდა და მასში მონაწილეობა შემომთავაზა, სიამოვნებით დავთანხმდი. იმისათვის, რომ შოუ ლამაზი გამოვიდეს და ტელემაყურებლებმა ისიამოვნონ, ძალიან ბევრს ვშრომობთ არა მარტო მონაწილეები, არამედ მთელი შემოქმედებითი ჯგუფი. ჩემს მეგობრებს წარმატებებს ვუსურვებ! თუმცა ძალიან მინდა, მაყურებელმა ყველაზე მეტი "ესემესი" მე და ჩემს არაჩვეულებრივ პარტნიორს - გიორგი ბარბაქაძეს გამოგვიგზავნოს.

- საკუთარი გამოსვლით კმაყოფილი ხართ?

- საკუთარი თავით ბოლომდე კმაყოფილი არასდროს ვარ, მაგრამ მერწმუნეთ, ნამდვილად ვცდილობ, მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარვდგე. იმედია, გამომდის კიდეც. ჩემთვის უდიდესი სიამოვნება და სტიმულია გულშემატკივრების მოლოცვებისა და დადებითი შეფასებების წაკითხვა, მოსმენა.

- თქვენი აზრით, ჟიურის წევრები ობიექტურები არიან?

- ჟიური თავიანთ პროფესიაში წარმატებული ადამიანებისაგან არის დაკომპლექტებული. ყველა კონკრეტულ ნომერზე მეც მაქვს საკუთარი მოსაზრება და ბუნებრივია, ის ხან ემთხვევა ჟიურის წევრების შეფასებებს, ხან - არა. ვცდილობ, მათი შენიშვნა გავითვალისწინო და ყოველ შემდგომ ტურში გამოვასწორო.

- ქრისტინე, წარმატებული ადამიანი ბრძანდებით. საინტერესოა, რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?

- ყველაზე დიდ მიღწევად პროექტის - "სტეფანე და 3 გოგოს" წარმატებები მიმაჩნია, თავისი ევროპული ტურნეთი, ალბომითა და კლიპით, რომელიც MTV-ზე დატრიალდა. ეს იყო ქართველი შემსრულებლების პირველი ვიდეორგოლი, რომელიც ამ მუსიკალურ არხზე მოხვდა, თანაც - საუკეთესო ათეულში. თუმცა, იმედით ვუყურებ მომავალს და მგონია, რომ მთავარი წარმატებები წინ მელის. ამჟამად ძალიან კარგად ვგრძნობ თავს ტელეწამყვანის ამპლუაში, ეს კი "რუსთავი 2"-ისა და გადაცემის - "შუა დღე" - არაჩვეულებრივი გუნდის დამსახურებაა.

- როგორ ფიქრობთ, წარმატების მისაღწევად რა არის საჭირო?

- იღბალი, მიზანდასახულობა, ნიჭი, შრომისმოყვარეობა, განათლება და საკუთარი საქმის სიყვარული.

- ფიქრობთ, რომ ნიჭიერი ადამიანი არსად დაიკარგება?

- ნიჭთან ერთად, აუცილებელია იღბალიც. პირადად მე, იღბალი ნამდვილად მჭირდება!

- თქვენი წარმატება იმანაც ხომ არ განაპირობა, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდით?

- არ ვიცი, შეიძლება ასეც იყო. თუმცა ჩემთან იოლად არაფერი მოსულა. წარმატების მისაღწევად ბავშვობიდან ბევრს ვშრომობდი; არასოდეს მენანებოდა დრო და ენერგია იმ საქმისთვის, რომელიც მიყვარდა.

- წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე კომპრომისი აუცილებელია თუ პირიქით - არაფერი უნდა დათმო?

- გააჩნია: ხანდახან აუცილებელია პრინციპულობა გამოიჩინო, ხანდახან კი რაღაც აუცილებლად უნდა დათმო.

- თქვენი აზრით, მიზანი ამართლებს საშუალებას?

- არა. კარგია, როცა ადამიანი საკუთარ მიზნებს კეთილსინდისიერი გზით აღწევს.

- რაიმე ცრურწმენის თუ გჯერათ და გეშინიათ?

- ვიცი, რომ ცრურწმენების არ უნდა მჯეროდეს და არც მჯერა!

- ბავშვობაში გქონდათ თუ არა საოცნებო პროფესია, რომელსაც უკვე ზრდასრულმა რაღაც მიზეზით, გვერდი აუარეთ?

- ვოცნებობდი, ბალერინა გავმხდარიყავი და ამ პროფესიას გავყოლოდი...

- თუკი შემოგთავაზებენ მატერიალური თვალსაზრისით ძალიან სარფიან საქმეს, რომლის კეთებაც თქვენთვის სახალისო არ იქნება, ამ წინადადებას დათანხმდებით?

- ძალიან მიჭირს იმ საქმის კეთება, რომელიც არ მიყვარს, მაგრამ შვილის საუკეთესო მომავლისთვის რა თქმა უნდა, ჩემთვის მოსაწყენ ან ნაკლებად საინტერესო საქმესაც მოვკიდებ ხელს.

- საკმაოდ მოწესრიგებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. რატომღაც მგონია, რომ არც დროის სწორად განაწილება გაგიჭირდებათ...

- დრო არასდროს მყოფნის და შესაბამისად, ყოველთვის სადღაც მეჩქარება. ჩემი თავისუფალი დრო კი ქალიშვილს - ტასიას ეკუთვნის. პუნქტუალური ვარ და ვცდილობ, არსად დავაგვიანო.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება