"ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერისას მე და ჩემი მეუღლე ვბჭობდით, თუ რამდენი წელია, რაც ოჯახი გვაქვს. ლელა მეუბნებოდა: 32 წელია, დაქორწინებულები ვართო. - კაცო, 32 რანაირად იქნება, ჯერ მარტო გიოა 34-ის-მეთქი", - ღიმილით მითხრა ბატონმა ზურა ყიფშიძემ, როცა მასთან და გიოსთან ინტერვიუს ჩასაწერად მივედი. მამა-შვილი ყიფშიძეების გვერდით ვერ მოიწყენთ, მით უმეტეს - თუ სასაუბრო თემა მამაშვილობაა...
- ბატონო ზურა, ალბათ არასოდეს დაგავიწყდებათ ის დღე, როცა ვაჟი შეგეძინათ...
- ამ სასწაულს რა დამავიწყებს?!. იმ პერიოდში, როცა ცოლი ფეხმძიმედ მყავდა, მოსკოვიდან, "ხელოვნების ინსტიტუტიდან" დამირეკეს, - "ნაუჩნი კომუნიზმი" უნდა ჩაგვაბაროთ და დიპლომს აიღებთო. სიმართლე გითხრათ, დიპლომი სულაც არ მაღელვებდა, მაგრამ ცოლის ნათესავები ამბობდნენ, - უდიპლომო სიძე არ გვინდაო და მეც, მოსკოვში წავედი. გამოცდა ჩავაბარე და რუსეთში მცხოვრებ ბიძაშვილს ვესტუმრე, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა. ჰოდა, სწორედ ამ დროს დამირეკეს, - ლელა სამშობიაროში წაიყვანესო. სასწრაფოდ აეროპორტში წავედი, სადაც მითხრეს: "ფრენა" დილამდე არ იქნებაო. ჰოდა, ვიჯექი და ველოდებოდი, როდის გათენდებოდა. მეორე დღეს საქართველოში გამოვემგზავრე, მაგრამ თბილისის ნაცვლად, თვითმფრინავი სოხუმში "დაჯდა". კინაღამ გადავირიე. ბორტზე ყველამ იცოდა, შვილს რომ ველოდებოდი და მგულშემატკივრობდნენ.
სოხუმში ბორტის კაპიტანი მოვიდა და მომიბოდიშა: - ვიცით, რომ თბილისში გეჩქარებათ, მაგრამ აქ 1 საათი მოგვიწევს გაჩერებაო. მახსოვს, აეროპორტიდან "კაგებეს" მანქანით წამიყვანეს და თბილისში დამარეკვინეს. აქ რომ ჩამოვფრინდით, სანამ თვითმფრინავს ტრაპს მოადგამდნენ, კარს ჩამოვეკიდე და გადმოვხტი. სამშობიაროსთან მისულმა დავინახე, დედა და ჩემი ძმაკაცები ღობესთან იდგნენ, ექთანი კი მათ ეძახდა, - ჯერ არა, ჯერ არა. ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგადააო... მახსოვს, ლელას ბებია ძალიან ნერვიულობდა, მე კი ბუჩქებს ვეფარებოდი, ვინმეს ჩემი ცრემლები რომ არ დაენახა. გიო პირველად სამშობიაროში ვნახე.
- როგორი ბავშვი იყო?
- გადასარევი! თავიდან ძალიან წყნარი და მშვიდი იყო, მაგრამ მერე "ჟულიკი" გახდა, იტყუებოდა (იცინის).
- გიომ მიამბო, თუ როგორ ეჭვიანობდა ახალდაბადებულ ლენუკაზე. ამის გამო სახლიდან გაპარულა კიდეც...
- ოოო... ლენუკა რომ გაჩნდა, ზურგჩანთაში საგზალი ჩაალაგა და სახლიდან გაგვეპარა. ხილიანის ქუჩის ბოლოს დავიჭირე და ვკითხე: - სად მიდიხარ, შვილო-მეთქი?! - თქვენ აღარ გჭირდებით! რადგან ის პატარა მურთხი გაგიჩნდათ, მე უნდა წავიდეო... მაშინ ხუთი წლის იყო.
გიო:
- გადმოცემით ვიცოდი, რომ დეიდას პატარა ძაღლი ჰყავდა, რომელიც ჩემი დაბადების შემდეგ გააჩუქეს - არ უნდოდათ, თოთო ბავშვი იმ სახლში გაზრდილიყო, სადაც ძაღლიც ჰყავდათ. ჰოდა, ჩემი და რომ გაჩნდა, თავი იმ ძაღლთან გავაიგივე და გადავწყვიტე, სახლიდან წავსულიყავი.
- გიო რთულად აღსაზრდელი იყო?
ზურა:
- არა, მაგრამ როცა გაიზარდა, ძალიან შეიცვალა. ვფიქრობ, მშობელმა შვილთან ურთიერთობისას დისტანცია უნდა დაიცვას. როცა ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან, დედ-მამას ისეთ რამეს უბედავენ, რაც წესით, არ უნდა გაუბედონ. ბავშვი ღრუბელივითაა, ყველაფერს "იწოვს". მასზე დიდ გავლენას ახდენს სკოლა და ქუჩაც... როცა გიო გაიზარდა, მივხვდი, რომ მასში ბევრი რამ არ მომწონდა, მაგრამ ისიც გავიაზრე, რომ მატარებელმა ჩაიარა და ვეღარაფერს შევცვლიდი. იმ პერიოდში, როცა გიო მოზარდი იყო, თბილისში საშინელი პერიოდი გახლდათ და მეშინოდა, გზას არ ასცდენოდა. მისი მეგობრებიდან დღეს ძალიან ბევრი ცოცხალი აღარაა. რაც მთავარია, "აბიჟნიკი" არ იყო...
- გიო, შენი პირველი, მამასთან დაკავშირებული მოგონება რა არის?
- მახსოვს, სკოლაში პირველად რომ წამიყვანა. ბავშვები შენობის წინ, მწკრივში ჩაგვაყენეს. ცოტა ხანში დავინახე, რომ მიდიოდა და პანიკაში ჩავვარდი. ავყვირდი: - მამა, არ დამტოვო, სად მიდიხარ-მეთქი?!.
ზურა:
- მე არ ვტოვებდი, მაგრამ მასწავლებელმა მითხრა, - უნდა წახვიდეთ, ბავშვები კლასში შეგვყავსო... სკოლაზე გამახსენდა: გიო პირველ კლასში იყო, როცა შევამჩნიე, სკოლიდან დასივებული თვალებით მოდიოდა, ხმას არ იღებდა და მარცხენა ხელს მალავდა. ცაციაა და ოჯახის წევრებს არასოდეს გვიფიქრია, მისთვის მარჯვენა ხელით წერა გვეიძულებინა. ერთ დღეს ვნახე, რომ ხელიც დასივებული ჰქონდა... თურმე, პედაგოგი სახაზავით სცემდა და ეჩხუბებოდა, - მარჯვენა ხელით დაწერეო.
გიო:
- საშინელი ქალი იყო. ხელზე კალამს დამადებდა და ზედ მატეხავდა, - მარცხენა ხელით არ დაწეროო. მამამ ეს ამბავი რომ გაიგო, ის ქალი ლამის ფანჯრიდან ისროლა, მერე კი სხვა სკოლაში გადამიყვანეს.
- ბავშვობაში თუ აცნობიერებდი, მამა ცნობილი მსახიობი რომ იყო?
- ვერა. მამას მსახიობობა და პოპულარობა ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო. ადამიანი ღარიბი რომ იყოს და მოულოდნელად მილიონერად იქცეს, ამ ფაქტს ნელ-ნელა აცნობიერებს...
ზურა:
- (აწყვეტინებს) გიო როგორი მათხოვარიც იყო, ისეთივე დარჩა (იცინიან).
გიო:
- ჰო, შეჩვეული ვიყავი, რომ ყველა გვცნობდა... მახსოვს, ცოტა რომ წამოვიზარდე და მამას სპექტაკლებზე დავყავდი, მიკვირდა: - როგორ შეუძლია, ამდენი ხალხის წინაშე დადგეს, ითამაშოს და არ შერცხვეს-მეთქი?!
ზურა:
- გიო ძალიან მორიდებული იყო. მასწავლებელს გაკვეთილს შესვენებაზე უყვებოდა, რადგან კლასელების წინაშე ამის გაკეთების ერიდებოდა.
გიო:
- პირველად ამ დათმობაზე რუსული ენის მასწავლებელი წავიდა, მერე კი სხვებმაც მიჰბაძეს.
ზურა:
- ისე საშინლად მეტყველებდა, გეგონებოდათ, პირში ცხელი კარტოფილი უდევსო. - ბიჭო, წყნარად მოჰყევი-მეთქი, - ვეუბნებოდი, მას კი თვალები უფართოვდებოდა და უარესად იწყებდა ლაპარაკს. მაშინ რას წარმოვიდგენდი, პროფესიად მსახიობობას თუ აირჩევდა?! მსახიობად ლენუკა უფრო წარმომედგინა, რადგან ის სახლში წარმოდგენებს გვიწყობდა ხოლმე...
გიო:
- მეორე ლენა ყიფშიძე ეგონათ, მაგრამ როცა გაიზარდა, ლენუკა დაკომპლექსდა, მე კი გავიხსენი.
ზურა:
- გიორგიმ სკოლა რომ დაამთავრა, გვითხრა, - რეჟისორობა მინდაო. ახლა როგორ გინდა, შვილს აუხსნა, რომ რეჟისორობას "დაღვინება", ბევრი რამის ცოდნა, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება სჭირდება?.. სარეჟისოროზე რომ ჩააბარა, ამ ყველაფერს თავადვე მიხვდა და მსახიობობა გადაწყვიტა.
- გიო ამბობს ხოლმე, - სპექტაკლის შემდეგ მამა თუ მეტყვის: "შენი ყურებისას არ შემრცხვა", - ეს შექებას ნიშნავსო...
- კიდევ კარგი, გიოს შესრულებული როლის ნახვისას არასოდეს შემრცხვენია....
- გიო, მამას შენთვის რაიმე თუ აუკრძალავს?
- მსგავსი რამ არ მახსოვს. ალბათ იცოდა, რომ აკრძალვას აზრი არ ექნებოდა, ჩემსას მაინც გავიტანდი. მასთან ყოველთვის მეგობრულ-ძმაკაცური ურთიერთობა მქონდა. მამური მზრუნველობით მხოლოდ ცურვაზე დავყავდი - აუზზე მიმიყვანდა და მერე ისევ უკან მოვყავდი. ისე, სულ გადაღებაზე იყო და რამე რომც აეკრძალა, ჩემს გასაკონტროლებლად ფიზიკურად ვერ მოიცლიდა. მამა ხშირად მეუბნებოდა: ხარისხი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რაოდენობა. მისი ამ სიტყვების გამო ბევრ როლზე უარი მითქვამს, რადგან მივიჩნევდი, რომ უხარისხო ნამუშევარი იქნებოდა...
ზურა:
- გიოს ვასწავლიდი, რომ დიდი და პატარა როლი არ არსებობს; ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, როცა პერსონაჟის სათქმელი შენსას ემთხვევა.
გიო:
- მახსოვს, სტუდენტს (და შემდეგაც) ხშირად მეკითხებოდნენ, - რატომ აირჩიე ეს პროფესია? როგორ ფიქრობ, მამაშენს აჯობებო?! ეს ჩემზე ძალიან მოქმედებდა; დავკომპლექსდი და სიმართლე გითხრათ, ვღიზიანდებოდი კიდეც, როცა ზურას შვილად მომიხსენიებდნენ.
ზურა:
- აი, მე კი არ მაღიზიანებდა, როცა ლენას შვილად მომიხსენიებდნენ. ხშირად მომიკრავს ყური, როცა ამბობდნენ: - როგორც წესი, ნიჭიერ მსახიობებს არც ისე ნიჭიერი შვილები ჰყავთო... გიოს თაობის მსახიობებისგან ბევრი ვისწავლე. ჩემს დროს მსახიობები კინოში ისევე თამაშობდნენ, როგორც თეატრში და რეჟისორები დიდ გაწამაწიაში ჰყავდათ. შეიძლება ითქვას, რომ თეატრისა და კინოს - ამ ორი სფეროს გამიჯვნაში გიო ძალიან დამეხმარა.
- თქვენ მოიწონეთ გიოს გადაწყვეტილება, როცა რეჟისორობაზე ფიქრს შეეშვა?
- ვიცოდი, რომ რეჟისურა გიოსთვის იოლი არ იქნებოდა...
გიო:
- თეატრალურ ფაკულტეტზე მისაღები გამოცდებისთვის მამა მამეცადინებდა და ჩემს ნაცოდვილარს ხელებში თავჩარგული უსმენდა. მართლა საშინლად ვაკეთებდი ყველაფერს (იცინის).
ზურა:
- სხვათა შორის, ჩემი მეუღლეც ძალიან ეხმარებოდა... ისე, ჩვენი ოჯახის წევრები არა მარტო გიოს ეხმარებოდნენ. მახსოვს, სპექტაკლისთვის - "დონ-ჟუანი" კოსტიუმები სიდედრმა შემიკერა. ყოველ საღამოს, მთელი ოჯახი სპექტაკლს ვარჩევდით და ვბჭობდით, თუ როგორ შეიძლებოდა ესა თუ ის ეპიზოდი უკეთესი გამოსულიყო. ვგრძნობდი, ოჯახის წევრებს აინტერესებდათ, რას ვაკეთებდი და უნდოდათ, სცენაზე უკეთ მეთამაშა.
გიო:
- სპექტაკლების გარჩევაში ბებიებიც აქტიურად მონაწილეობდნენ. ახლა ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს ოჯახში ისევ ეს ტრადიციაა, თუმცა ამა თუ იმ როლზე აუცილებლად ვლაპარაკობთ.
- ბატონო ზურა, როგორი მამაა თავად გიო?
- არაჩვეულებრივი ქალიშვილი ჰყავს და როცა დრო აქვს, სულ ერთად არიან. ვფიქრობ, არ შეიძლება, მამას დააძალო, უკეთესი მშობელი იყოს. ახლა გიო მეორე შვილს ელოდება და ვხვდები, მამობრივი გრძნობა უფრო მეტად გამძაფრებული აქვს. მაშინ, როცა პირველი შვილი ეყოლა, თავადაც ბავშვი იყო... ნატაშკა დიპლომატია. მას მამისთვის არასოდეს უკითხავს, - დედასთან ერთად რატომ არ ცხოვრობო? დარწმუნებული ვარ, ძამიკოს გადასარევ დობას გაუწევს... პირადად მე, მამის გარეშე გავიზარდე და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არ არსებობდა მიზეზი, რის გამოც შვილებს მივატოვებდი. ჩემი შვილების ოჯახების დანგრევა ძალიან განვიცადე, მაგრამ ეს მათთვის არ მითქვამს. გიომ თავისი გზა კი იპოვა, მაგრამ ლენუკაზე ვნერვიულობ. ის ძალიან უკარება გახდა და ამიტომაც ვეუბნები: ქალო, მარტო დარჩები-მეთქი.
გიო:
- იმედია, ნატაშკა მე არ დამემსგავსება - ლენუკასთვის საშინელი ძმა ვიყავი, ხშირად ვაწვალებდი.
- მაშინ, როცა შენ და ლენუკა პატარები იყავით, მამასთან ერთად ფილმშიც მონაწილეობდით.
ზურა:
- დიახ, ომარ გვასალიას ფილმში ითამაშეს. მაშინ ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი, მაგრამ ახლა, როცა იმ კადრებს ვუყურებ, სენტიმენტალიზმი მეძალება და მესმის ადამიანების, რომლებიც ცდილობენ, შვილების ყოველი ფეხის ნაბიჯი ფირზე აღბეჭდონ. არ მიყვარს ფოტოების გადაგდებაც. ვფიქრობ, ყველა კადრი ისტორიის ნაწილია და ვცდილობ, მათ გავუფრთხილდე. მოკლედ, შვილები ნერვებს მიშლიან, მაგრამ მაინც კარგები არიან.
ელენე ბასილიძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)