"კეთილი" პატრული და სალომე ბაკურაძის ბრენდომანია

"კეთილი" პატრული და სალომე ბაკურაძის ბრენდომანია

სალომე ბაკურაძე გარდა იმისა, რომ კარგი მომღერალია, საკმაოდ გამოცდილი და როგორც თავად ამბობს, სანდო მძღოლია. პირველი ავტომობილი 6 წლის წინ, დედამ უყიდა, მეორე - ახალთახალი და თვალისმომჭრელი კი პროექტში - "ბრავო" გამარჯვების შემდეგ აჩუქეს.

- სალომე, ავტომობილს თქვენს ცხოვრებაში რა ადგილი უჭირავს? ის ალბათ, ყოველდღიურობის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია, არა?

- ნამდვილად ასეა! ყოველთვის მინდოდა, ავტომობილი მყოლოდა. პირველი მანქანა 6 წლის წინ შევიძინე - ფული დედამ მომცა, რაღაც დანაზოგი მეც მქონდა და დავამატე. მაშინ მანქანის მართვა ნორმალურად არც კი ვიცოდი და არც მოწმობა მქონდა, ამიტომ პედაგოგთან მივედი. ყველაფერს იოლად ავუღე ალღო, ხოლო ის სირთულეები, რაც საჭის მართვას თან ახლავს, დროთა განმავლობაში დავძლიე.

- მართვის მოწმობა ადვილად აიღეთ?

- თეორიული გამოცდა პირველსავე მცდელობაზე ვერ ჩავაბარე, რაც ყველას ძალიან გაუკვირდა. მეკითხებოდნენ, - გოგონებს პრაქტიკული გამოცდა უფრო მეტად უჭირთ, შენს შემთხვევაში კი პირიქით რატომ მოხდაო?

- "ბრავოში" ავტომობილი რომ მოიგეთ, საოცარი ემოცია გქონდათ...

- ყოველთვის მინდოდა, ახალი ავტომობილი მყოლოდა და ამ პროექტში რომ მოვიგე, მართლა შოკში ჩავვარდი. ჩემი ავტომობილი ბიზნესკლასის "ჰიუნდაი სონატაა", ვერცხლისფერი და ძალიან კომფორტული.

- ავტომობილის მართვისას წესებს ხშირად არღვევთ?

- ზოგჯერ - კი. ქართველები დიდად კანონმორჩილი ხალხი არ ვართ, მით უმეტეს, როცა საქმე მოძრაობის წესებს ეხება. ამიტომ თბილისის ქუჩებში ავტომობილის მართვა არც ისე ადვილია.

- სანდო მძღოლი ხართ?

- მეგობრებიც მენდობიან, მათი მშობლებიც და ჩემებიც. მოკლედ, უკვე კარგი მძღოლი ვარ!

- პატრულთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? ხშირად გაჯარიმებენ?

- ჯარიმას ძირითადად, მანქანის უადგილო ადგილას დაყენებისთვის მიწერენ. მახსოვს, ერთხელ გზაზე არასწორად მოვბრუნდი და გამაჩერეს. საბედნიეროდ, კეთილი პატრული აღმოჩნდა, არ დამაჯარიმა. სამართალდამცავებთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს. შეიძლება ითქვას, რომ მათთან ვმეგობრობ და ისინიც მემეგობრებიან, რადგან სერიოზულ პრობლემას არასდროს ვქმნი.

- ავტომობილებში კარგად ერკვევით?

- მანქანას ამა თუ იმ ნაწილს დამოუკიდებლად ვერ გამოვუცვლი, მაგრამ თუ რაიმე უჭირს, ამას მივხვდები და სპეციალისტს მივუყვან.

- ავტომობილის მოვლა სიამოვნებას განიჭებთ?

- კი, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ მანქანას ზედმეტად დავფოფინებ. ვცდილობ, კარგად მოვუარო, რათა მისი მართვისას თავადაც კომფორტულად ვიგრძნო თავი.

- რომელია თქვენი საოცნებო ავტომობილი?

- ცოტა ხნის წინ "მინიკუპერის" პრეზენტაციაზე ვიყავი და იმდენად მომეწონა, რომ აღვფრთოვანდი; რაღაცნაირია - სპორტული და ახალგაზრდული. არ არის გამორიცხული, რომ 2-3 წელიწადში ამ მანქანის შეძენა მოვახერხო!

- თემა შევცვალოთ - როგორია თქვენი ჩაცმის სტილი?

- ყოველდღიურად თავისუფალ სტილს - ჯინსი, მაისური და ა.შ. ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ თუ ვთქვათ, წვეულებაზე მივდივარ, აკადემიურად და სცენისთვის შესაფერისად ვიმოსები. გადაღლილობის ჟამს შეიძლება, კედიც ჩავიცვა... საყიდლებზე სიარული ძალიან მიყვარს, ეს პროცესი სიამოვნებას მანიჭებს. ისე, ბრენდომანიც ვარ. ძალიან საინტერესოა შოპინგი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რადგან იქ ბევრ საინტერესო და უცხო რამეს ვაწყდები. სასცენო კოსტიუმებს ძირითადად, ქართველ დიზაინერებთან ვიკერავ.

- თავს როგორ უვლით? კოსმეტოლოგს ხშირად სტუმრობთ?

- სახლის პირობებში თავის მოვლის არც დრო მაქვს და არც - სურვილი. ამ საქმეს პროფესიონალებს ვანდობ.

- საზოგადოებამ "ჯეოსტარის" მეშვეობით გაგიცნოთ. მას შემდეგ წონაში საგრძნობლად დაიკელით. დიეტას ახლაც იცავთ?

- დიეტასაც ვიცავ და ხშირად ვვარჯიშობ კიდეც. საყვარელ საკვებზე უარის თქმა არ მიჭირს, რადგან გაცნობიერებული მაქვს, რომ ზოგჯერ ასეა საჭირო.

- აქსესუარები თუ გიყვართ?

- ძალიან და ალბათ, ვერც დავთვლი, იმდენი ბეჭედი, საყურე, სამაჯური და სხვა აქსესუარი მაქვს.

- დაბოლოს, თქვენს შემოქმედებაში რა სიახლეა?

- მალე დაიწყება საგაზაფხულო ღონისძიებები, საგასტროლო ტურნე როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე საზღვრებს მიღმა. გარდა ამისა, მუშაობას ვიწყებ ნატო ღოღობერიძის ახალ სიმღერებზე. გეტყვით იმასაც, ყოველ კვირადღეს ერთ-ერთ კლუბში, ნოდიკო ტატიშვილთან ერთად ვმღერი.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება