"თურმე დახვრეტილი ჰყავდათ, ჩვენ კი გეგას დედასთან თბილი ტანსაცმელი მიგვქონდა"

"თურმე დახვრეტილი ჰყავდათ, ჩვენ კი გეგას დედასთან თბილი ტანსაცმელი მიგვქონდა"

"ჩემი თაობიდან ბევრი ნიჭიერი ადამიანი ნაადრევად წავიდა ამ ქვეყნიდან. მინდა დღეს დაკარგული მეგობრები გავიხსენო", - ამ სიტყვებით დაიწყო ჩემთან საუბარი მუსიკოსმა დათო ევგენიძემ. გეგა კობახიძე, ლევან აბაშიძე, ირაკლი ჩარკვიანი - ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენი რესპონდენტის ხსოვნაში სამუდამოდ დარჩნენ... მანამდე კი დათო საკუთარ ბებიებსა და ერთადერთ გარდაცვლილ დას იხსენებს...

- სიტყვა "სიკვდილი" არ მიყვარს, ყოველთვის გარდაცვალებას ვამბობ... პირველი შეხება ამ საშინელ განცდასთან მაშინ მქონდა, როცა დიდი ბებია გარდამეცვალა. იმ წელს სკოლას ვამთავრებდი. მერე უფრო დიდი ტკივილი განვიცადე: ჩემი და 16 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან; მოგვიანებით - გამზრდელი ბებია - ქეთევან მაღლაფერიძე. ძალიან თანამედროვე ბებია მყავდა. მოსკოვში სასწავლებლად რომ წავედი, წამომყვა და დისკოთეკაზეც კი ჩემთან ერთად დადიოდა. წიგნი, მუსიკა, ხელოვნება მან შემაყვარა... 36 წლის იყო, ბებია რომ გახდა, მისთვის პირველი შვილიშვილი ვიყავი და ჩემს შვილიშვილებს მოესწრო. სახელმწიფო ანსამბლში მღეროდა. უგანათლებულესი ადამიანი გახლდათ, 4-5 წლისას "გმირთა ვარამს" და "უქარქაშო ხმლებს" მიკითხავდა.

- რას გარიგებდათ?

- მისი ოცნება იყო, ლოჟაში დამჯდარიყო და მე სცენაზე გამოვსულიყავი. ეს სურვილი შევუსრულე. სანამ კონსერვატორიას დავამთავრებდი, განსხვავებულ მუსიკას ვწერდი... ჩემი დის გარდაცვალების შემდეგ კი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საერთოდ ვერაფერს ვწერდი. მერე მუსიკის სტილი აბსოლუტურად შევიცვალე.

- რა გახდა თქვენი დის გარდაცვალების მიზეზი?

- ზღვაზე დასასვენებლად იყო წასული და რა ვითარებაში დაიღუპა, დღემდე საიდუმლოებითაა მოცული... ნაპირზე ბავშვები თამაშობდნენ და შენიშნეს, რომ ზღვაში შესული გოგონა უკან აღარ გამოვიდა. მაშველებმა ვერტმფრენით ეძებეს და ნაპირიდან საკმაოდ შორს იპოვეს, ხელში კამერა ეჭირა, წყლის ერთი წვეთიც კი არ ჰქონდა გადაყლაპული. შეიძლება შიშით გული გაუსკდა...

ჩემი და და გეგა კობახიძე თანატოლები - თანაკლასელები იყვნენ; თანაც - ერთსა და იმავე დღეს დაბადებულები; დაბადების დღეებს ერთად იხდიდნენ. გეგას დავიწყებაც შეუძლებელია. დაუვიწყარია სიკვდილის ის ფორმა, რომლითაც ის ამ ქვეყნიდან წავიდა (გეგა ერთ-ერთია იმ ბიჭებიდან, ვინც 1983 წელს, "თვითმფრინავის საქმესთან" დაკავშირებით დახვრიტეს. - ავტ.). იმედია, ჩემი ცხოვრება ისე დამთავრდება, რომ აღარავის დამიხვრეტენ. გეგასთან ერთად მინდა, კიდევ ჩემი ორი "ძმა": ირაკლი ჩარკვიანი და ლევან აბაშიძე გავიხსენო.

- თქვენ ბავშვობიდან მეგობრობდით, არა?

- დიახ... ირაკლი ჩარკვიანი ცოტა უცნაურად გავიცანი. დაბადების დღეზე ვიყავი. იქ ერთი ბიჭი პიანინოზე ისე კარგად უკრავდა, მომეწონა, მივედი და ორივემ ერთად 4 ხელში დავუკარით. სოლოლაკში ვიყავით და იქიდან საბურთალომდე "ჩიჩოტკის" ცეკვით წამოვედით. ხანდახან სიტყვებით კი არა, მუსიკალური ბგერებით ვლაპარაკობდით... აფხაზეთში ვიყავით დასასვენებლად, რვეულის ერთ გვერდზე, დღის ამბების ჩანაწერს მე ვაკეთებდი, მეორეზე - ირაკლი. მთელი დღის მანძილზე ერთად ვიყავით და აღმოჩნდა, რომ ამ ერთ თავგადასავალს ორივე სხვადასხვაგვარად ვწერდით, სხვადასხვა ენით ვყვებოდით... მაშინ კლუბები ნაკლებად იყო, ერთნაირად მოაზროვნე ადამიანები მეგობრების სახლებში ვიკრიბებოდით. მე, გეგა, ირაკლი, დათო გომართელი და ლევან კერესელიძე სალონურ კონცერტებს ვაწყობდით... მაშინ გოგოსთვის თავის მოწონება ლექსის კარგად წაკითხვითა და ინსტრუმენტზე კარგად დაკვრით შეიძლებოდა და არა - ბევრი ფულით, ძვირად ღირებული საათითა და მანქანით. ვისაც ბევრი ფული ჰქონდა, ის ჩვენს წრეში ვერ ხვდებოდა.

- მოდი, გეგა კობახიძე გავიხსენოთ...

- უნიჭიერესი ადამიანი იყო, ფანტასტიკურ ლექსებს წერდა, ხატავდა, უკრავდა. ამავე დროს ხიფათიანი იყო; ხუმრობა უყვარდა, ბევრი მის ოხუნჯობას ვერ იგებდა. ერთხელ "კიროვის პარკში" მოგვივიდა ჩხუბი. იქ იმ უბნის "ძველ ბიჭებს" დავუპირისპირდით. ჩვენ გეგას ნაცნობი - ერთ-ერთი ავტორიტეტი გვახლდა. ჩხუბის დროს გეგას მოქნეული ფეხი შემთხვევით სწორედ მას მოხვდა. გაბრაზდა და წავიდა. ჰოდა, მე, გეგა, ირაკლი, დათო გომართელი და ლევან კერესელიძე მაგრად გვცემეს... მაშინდელი ჩხუბიც განსხვავებული იყო. ჯიბეში დანას არ ვიდებდით და ყველანაირი წაკინკლავება შერიგებით მთავრდებოდა.

- უმეტესად რის გამო ჩხუბობდით?

- პოპულარული ბიჭები ვიყავით, გოგონებს მოვწონდით. ჩხუბი უმეტესად ეჭვიანობის ნიადაგზე გვიწევდა. გოგო, რომელსაც რომელიმე მოვწონდით, ვიღაც ბიჭს უყვარდა. ამას პირდაპირ არ ამბობდნენ და საჩხუბარ მიზეზს ეძებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნებაში თავით ვიყავით გადაშვებულები, ქუჩაში ტოლს არავის ვუდებდით, კარგად ვჩხუბობდით... გეგამ "გიჟი" სიყვარული იცოდა. კარგად მახსოვს მისი პირველი სიყვარული - ერთმანეთი დიდხანს უყვარდათ. მერე დაშორდნენ, გეგას სხვა გოგო შეუყვარდა. გაიპარნენ, მაგრამ "კაგებემ" წაართვა, უნდოდათ, ის გოგო ერთ კანადელ ბიჭზე გაეთხოვებინათ და შეყვარებულები ერთმანეთს დააშორეს.

- "კაგებეს" რა ინტერესი ჰქონდა?

- გოგოს მშობლებს ასეთი სურვილი ჰქონდათ და საქმეში "კაგებე" ჩარიეს... მახსოვს, ყველანი ერთად ხაშურში, რეჟისორ დათო ჯანელიძესთან გავიპარეთ და იქ გვიპოვეს... გეგასთვის ეს საოცრად მტკივნეული რამ იყო. საყვარელი ადამიანი ხელიდან გამოსტაცეს. წარმოიდგინეთ, რას გადაიტანდა. ის გოგო შეიძლება ითქვას, რომ "გააქრეს", სასწრაფოდ კანადაში წაიყვანეს... არადა, ისე უყვარდა, ფეიერვერკებს უწყობდა, - ხეებზე ადიოდა და შეყვარებულს ლექსებს ისე უკითხავდა... როცა გეგასა და თინა ფეტვიაშვილის რომანი დაიწყო, მაშინ მოსკოვში ვიყავი. თინა ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე გავიცანი...

- გეგასთვის ძალიან ახლობელი ადამიანები იყავით. მას "თვითმფრინავის საქმესთან" დაკავშირებით არასდროს არაფერი უთქვამს?

- სიტყვაც არ დასცდენია. მისი ბავშვობის მეგობრები ჩვენ ვიყავით, ხოლო იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც "თვითმფრინავის საქმეში" აღმოჩნდა, მხოლოდ 2-წლიანი ურთიერთობა აკავშირებდა... დათო მიქაბერიძეს მანამდეც ვიცნობდით, მაგრამ დანარჩენები გეგას გვერდით არასდროს გვინახავს. გეგას ქორწილიდან მე და კიდევ რამდენიმე მეგობარი ადრე წამოვედით. მაშინ ნუცუბიძეზე ჩემი ბინა ცარიელი იყო. იქ არ ვცხოვრობდი, მხოლოდ ინსტრუმენტები მეწყო, სახლს სარეპეტიციოდ ვიყენებდით. იმ ღამესაც იქ ვაპირებდით მისვლას. გეგა გამოგვეკიდა, - რატომ მიდიხართო?.. საოცარი წინათგრძნობა მქონდა...

- მაშინ რას გრძნობდით?

- რაღაც ცუდის მოლოდინში ვიყავი. გეგას ვუთხარი, ნუცუბიძეზე ვიქნებით-მეთქი. მაშინ იქ მოვალთო. იმ ბინაში მე და ირაკლი გვიან ღამით მივედით. წერილი დამხვდა: "ვიყავით გეგა, თინა და კამპანია". ირაკლის ვუთხარი, - გეგას ჩვენი ნახვა ნდომებია, თან ხვალ საქორწინო მოგზაურობაში მიდის-მეთქი. - მივაკითხოთო, - მითხრა ირაკლიმ და მასთან წავედით; თინა უკვე იწვა, გეგაც დასაძინებლად ემზადებოდა. დილის 8 საათზე მიფრინავდნენ. დასვენება არ მინდაო, - გვითხრა; თინა გააღვიძა და ნუცუბიძეზე გამოგვყვნენ. იქ ჩვენი სხვა მეგობრებიც მოვიდნენ...

- იმ ღამეს ვერაფერი შეატყვეთ?

- ვერა, ჩვეულ ფორმაში იყო - დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავდა. თინა იჯდა და ხმას არ იღებდა. მაშინ ვიფიქრე, ეს რა უჟმური გოგო მოუყვანია-მეთქი. თურმე გოგოს რამხელა საფიქრალი ჰქონია... სახლამდე რომ მივაცილეთ, თენდებოდა. 2 საათში უნდა გაფრენილიყვნენ. მხოლოდ ის მეუცნაურა, რომ დამშვიდობებისას ძალიან ჩამეხუტა, სხვა დროს ისე არასდროს დამმშვიდობებია, თითქოს აღარ უნდოდა, რომ ჩემთვის ხელი გაეშვა. ბოლოს მე და ირაკლის "ქემელი" გადმოგვიგდო, ხელით მაჩვენა წარწერა - "თურქიშ ბლენდ". ალბათ ეს იმის მესიჯი იყო, თურქეთში მივფრინავო, მაგრამ მაშინ ამას ვინმე წარმოიდგენდა?! კოლოფში 8 ღერი სიგარეტი იყო დარჩენილი, მე და ირაკლიმ გავიყავით, თან ვუთხარი: გეგა როგორ გაგვიქრა ცხოვრებიდან-მეთქი. მისი ჩვენთან ურთიერთობის ბოლო 2 წელიწადს ვგულისხმობდი - ჩვენთან ისეთი ინტენსივობით, როგორც ადრე, აღარ ურთიერთობდა; ადრე დღეებსა და ღამეებს ერთად ვატარებდით, ხან ჩემთან, ხანაც ირაკლისთან ვრჩებოდით. ძმებივით ვიყავით...

- თვითმფრინავის გატაცების ამბავი ვინ გითხრათ?

- ირაკლიმ დამირეკა და მითხრა, გეგამ თვითმფრინავი გაიტაცაო. ეს დაუჯერებელი ამბავი იყო, სასწრაფოდ აეროპორტში გავცვივდით, მაგრამ შესასვლელი გადაკეტილი იყო, იქ ვინ მიგვიშვებდა?! "კაგებეში" დაგვიბარეს, რადგანაც იცოდნენ, რომ წასვლის წინ ჩემს ბინაშიც იყო მისული... საშინელი პერიოდი გამოვიარეთ. მისი დახვრეტის ამბავს დიდი ხნის მანძილზე არ ახმაურებდნენ. ჩვენამდე მხოლოდ ასეთი ხმა აღწევდა: ციმბირში წაიყვანესო. არადა, თურმე დახვრეტილი ჰყავდათ, ჩვენ კი გეგას დედასთან, გეგასთვის თბილი ტანსაცმელი მიგვქონდა. მაშინ მივხვდი, რას ნიშნავდა 1937 წლის რეპრესიები. საშინელებაა, როცა მეგობარს გიკლავენ, მაგრამ უფრო დიდი ტკივილია, როცა გიხვრეტენ... "ემოუშენი", რომელსაც მე და ირაკლი ვმღეროდით, გეგას ხსოვნას ეძღვნება... ეს ლევან აბაშიძის საყვარელი სიმღერა იყო... ის ფილმის - "არა, მეგობარო" გადაღებიდან აფხაზეთის ომში გაიპარა და სამწუხაროდ, იქ დაიღუპა... ამიტომ, "ემოუშენი", როგორც მისი საყვარელი სიმღერა, ჩემი და ირაკლის შესრულებით, აღნიშნულ ფილმში შევიდა... მოგვიანებით ირაკლიც გარდაიცვალა და ისე გამოვიდა, რომ ეს ნამუშევარი ჩემს გარდაცვლილ მეგობრებს ეძღვნება. სიმღერას უცნაური ბედი ერგო...

- ლევან აბაშიძეზე კიდევ რას გვეტყვით?

- ლევანი უფლისწული იყო, ჰაერივით გამჭვირვალე; კი არ დადიოდა, დაფრინავდა. ის ისეთი იყო, ჩემი აზრით, აფხაზეთის ომში თუ არა, 2008 წლის ომში მაინც დაიღუპებოდა... გმირი იყო... მახსოვს, აფხაზეთში წასვლის წინ კინოსტუდიაში შემოიარა, გაფითრებული იყო. წასვლა დავუშალეთ, მაგრამ აზრი ვერ შევაცვლევინეთ... აფხაზეთის ომში ხომ მისნაირი გულანთებული არაერთი ქართველი ყმაწვილი წავიდა, რომლებმაც არც კი იცოდნენ, ომი რა იყო. ლევანი საბრძოლველად ბაბუის ნაქონი ძველი რევოლვერით წავიდა... მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ გოგოს უყვარდა, ყოველთვის მორიდებული იყო. მის ნაცვლად, 1 წლის მანძილზე, ერთ გოგოსთან ყვავილები მე ამქონდა... "კინოს სახლში" ლევანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ტარდებოდა. დარბაზში სამხედრო ტანსაცმელში გამოწყობილი ირაკლი ამირეჯიბი (ჭაბუა ამირეჯიბის შვილი) შემოვიდა. რადგან დარბაზში თავისუფალი ადგილი არ იყო, სკამზე, ჩემ გვერდით მოვისვი. ეკრანზე ლევანის გამოსახულებას შეხედა და მითხრა: მალე მეც მის ბედს გავიზიარებო. წავიდა ომში და 1 კვირაში დაიღუპა. ჩემი თაობიდან ბევრი ნიჭიერი ადამიანი ნაადრევად წავიდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ "დაკარგული თაობა" მაინც არ ვართ. ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, თითოეულმა ბევრი რამის გაკეთება მოასწრო. შეიძლება სხვამ ათეული წლები იცხოვროს, მაგრამ ისე არ ახსოვდეთ და უყვარდეთ, როგორც ეს ბიჭები...

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება