"ნიდას" ყველაზე ნიჭიერი სტუდენტი-გოგონა საქართველოდან!

"ნიდას" ყველაზე ნიჭიერი სტუდენტი-გოგონა საქართველოდან!

ცოტა ხნის წინ სიდნეის სახელგანთქმულ დრამატული ხელოვნების ნაციონალურ ინსტიტუტ "ნიდაში" დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია გაიმართა. ჟიურიმ "ნიდას" ყველაზე ნიჭიერ სტუდენტად სასტუმროთა ქსელ "ჰილტონის" სახე, "ავსტრალიის ვარსკვლავი - 2012", მოდელი, მსახიობი და ჟურნალისტი, "ყველა სიახლის" სპეციალური კორესპონდენტი ავსტრალიაში თათული ბართაია დაასახელა. ვულოცავთ თათულის კიდევ ერთ გამარჯვებას და გთავაზობთ ინტერვიუს ავსტრალიაში უკვე ძალიან პოპულარულ ქართველ გოგონასთან:

- მოლოცვისთვის უღრმეს მადლობას გიხდით ყველას! ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ "ნიდას" აღმასრულებელი დირექტორი ლინე უილიამსი, ცნობილი ავსტრალიელი რეჟისორი ლეს ჩენტრი, მოდის დედოფალი დანი მინოუგი (მომღერალ კაილი მინოუგის და) და ჟიურის საპატიო თავმჯდომარე - ჯეფრი რაში. შეგვაფასეს 4 ნომინანტი, რომლებმაც წლის განმავლობაში თავი დავამახსოვრეთ პედაგოგებს, კოლეგებს, სტუმრებს. ისინი აფასებდნენ ჩვენს ნამუშევრებს - ფილმებს, სპექტაკლებს, აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლებს, აჯამებდნენ მასტერკლასებზე ჰოლივუდის ვარსკვლავების მიერ ჩვენს შეფასებებს. გადამწყვეტ დღეს "ნიდას" თეატრში ლამაზი დღესასწაული მოეწყო. დარბაზი გადაჭედილი იყო ხალხით, ჩვენ კი კულისებში გულისფანცქალით ველოდებოდით შედეგს. საღამოს დანი მინოუგი უძღვებოდა. მან აღნიშნა, რომ "ნიდაში" სტუდენტის დაჯილდოება დაახლოებით იგივეა, რაც მსახიობებისთვის "ოსკარის" გადაცემა. ქალბატონმა მინოუგმა გამოაცხადა: ჟიურიმ "ნიდას" ყველაზე ნიჭიერ სტუდენტად თათული ბართაია დაასახელა და მოხარული ვარ, რომ სიგელს მას გადავცემო. დარბაზიდან აპლოდისმენტები მესმოდა, ჩემი კოლეგები კი კულისებიდან არ მიშვებდნენ - მეხვეოდნენ და მილოცავდნენ გამარჯვებას. დანის მეორედ დასჭირდა ჩემი გვარის გამოცხადება. მუხლები მეკეცებოდა, სცენაზე რომ გავდიოდი. არადა, შინ ვრცელი სამადლობელი სიტყვა მოვამზადე, ეგებ, გამიმართლოს და გავიმარჯვო- მეთქი, მაგრამ სცენაზე, მიკროფონში "მადლობის" მეტი ვეღარაფერი ამოვთქვი - ბედნიერებისგან ცრემლი მახრჩობდა. დანიმ გადამკოცნა და სიგელი გადმომცა. შემდეგ პლაზმურ ეკრანზე გაუშვეს ყველა კადრი, დაწყებული მისაღები გამოცდებიდან, დასრულებული ნაწყვეტებით ფილმებიდან, სადაც გადამიღეს.

კიდევ მაქვს სიახლეები: გადამიღეს ნაყინის - "ვაუ, ქაუ" (wow cow) რეკლამაში რამდენიმე მოდელთან ერთად. მალე გამოვა ჩვენი პოსტერები და ბილბორდები. წაგვიყვანეს ქალაქგარეთ, პოპულარულ ფერმაში, სადაც ჰყავთ ძროხები, თხები, ცხენები, ცხვარი. მოდელებს რეკლამისთვის ძროხის მოწველაც კი გვთხოვეს. ვერც ერთმა მოდელმა ვერ გაბედა ძროხასთან მიახლოება. გამახსენდა, ბავშვობაში ბაბუას სამეგრელოში რომ ვყავდი სტუმრად და მეზობლისგან ყოველ დილით რძეს რომ ვყიდულობდი, თან ინტერესეით ვაკვირდებოდი, რძეს როგორ წველიდა. ჰოდა, სიდნეის ფერმაში გამოვუცხადე რეჟისორს, მე ვცდი ძროხის მოწველას- მეთქი და ძალიან გაუხარდა.მოკლედ, მოვწველე, რძეც დავაგემოვნეთ, ბევრიც ვიხალისეთ, ნაყინი "ვაუ, ქაუ" კი ავსტრალიაში კიდევ უფრო პოპულარული გახდა. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ მსოფლიოში ცნობილი დიზაინერის, ლიონა ედმისტონის ახალი კოლექციის ჩვენებაში ვმონაწილეობდი. ლიონამ თვითონ ამირჩია თავისი კოლექციის წარსადგენად. სხვათა შორის, ლიონა ედმისტონი სახელგანთქმული მსახიობის, ნიკოლ კიდმანის დიზაინერიცაა. ჩვენება სიდნეის ყველაზე პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრ "მაიერიში" მოეწყო და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ. გადამიღეს ლიონას კლიპში. ეს ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან ამით საერთაშორისო ასპარეზზე მოვახერხე გასვლა. აქვე გეტყვით, რომ მალე ვასრულებ მუშაობას წიგნზე "საქართველო - ავსტრალია". წიგნში ვიხსენებ შეხვედრებს საინტერესო ადამიანებთან, ავსტრალიურ თავგადასავლებს, კურიოზებს, ვწერ ნოსტალგიაზე. ძალიან მინდა, საქართველო და ავსტრალია დამეგობრდნენ. ყველაფერს ვაკეთებ, რომ საქართველო კარგად გაიცნონ აქაურებმა და ქვეყნის სტუმრებმა. იმედია, ჩემი წიგნი ქართველ მკითხველს დააინტერესებს.

აი, როგორ შეაფასეს ჰოლივუდელმა ვარსკვლავებმა თათული ბართაია:

კეიტ ბლანშეტი: "ძალიან საინტერესო ადამიანია, გარდა იმისა, რომ ნიჭიერი მსახიობია, კარგი ჟურნალისტიცაა. მე პირველად მივეცი ინტერვიუ სტუდენტს და საუბრისას დიდი სიამოვნებაც მივიღე. წარმატებებს ვუსურვებ!".

რასელ ქროუ: "პერსპექტიული გოგონაა. "ნიდას" სცენაზე პარტნიორობა გავუწიე და გამაოცა თავისი შესაძლებლობებით. ჩემი მორაგბეთა კლუბის, "რებიტოსის" ფანკლუბის წევრიც ყოფილა, რაგბი ჰყვარებია, ასე რომ, ჩემიანია".

ჯეფრი რაში: "ნიდას" საახალწლო წვეულებაზე ყველაზე მეტად დამამახსოვრდა გოგონა საქართველოდან. უგემრიელესი ხაჭაპურით გამიმასპინძლდა და თავის სამშობლოზეც მესაუბრა".

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება