როგორც ჟურნალ "გზის" მე-12 ნომერში გაუწყეთ, საქართველოში სტუმრად ავსტრიელი რეჟისორი, რეინარდ აუერი ჩამოვიდა. მისი ვიზიტის მთავარი მიზანი ავსტრიულ-ქართული პროექტის განხორციელება გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენა არ იცის, სურს, რომ თბილისში გერმანელი დრამატურგის, მიულერის პიესა ქართულ ენაზე დადგას. შესაბამისად, მასში მონაწილეობას ქართველი მსახიობები მიიღებენ. ქალის როლს მაიკო სასწრაფოშვილი შეასრულებს. ეს ის მსახიობია, რომელსაც საქართველოში არავინ იცნობს, ხოლო ვენაში დიდი წარმატებით სარგებლობს. მამაკაცის როლისთვის კი ჯერჯერობით შესაფერისი კანდიდატურა ვერ შეარჩიეს. ბატონ რეინარდს ვენაში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდით და სახელდახელო ინტერვიუ ჩავწერეთ.
- ვიდრე ქართულ-ავსტრიულ პროექტზე ვისაუბრებდეთ, თქვენ შესახებ გვიამბეთ ორიოდე სიტყვით. როგორც ვიცი, ვენაში საკუთარი თეატრი გაქვთ.
- მართალია, მაქვს "თავისუფალი თეატრი". ვიცი, რომ ასეთი დასახელების თეატრი თბილისშიც გაქვთ, რომელიც უკვე მოვინახულე და იქ რამდენიმე სპექტაკლსაც დავესწარი. ავთო ვარსიმაშვილიც გავიცანი და მოვიხიბლე მისი შემოქმედებითა და თეატრით. გარდა ამისა, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელიც გახლავართ. ესენია - ინტერნაციონალური თეატრის ინსტიტუტი პარიზში (ITI), არაოფიციალური ევროპული თეატრალური შეხვედრები (IETM) ბრიუსელში და ევროპული თეატრალური ქსელი (EON) ვენაში.
- რატომ გადაწყვიტეთ ქართულ-ავსტრიული პროექტის გაკეთება?
- ამ პროექტის განხორციელება გასული წლის ნოემბერში გადავწყვიტე. მისი მიზანი კი საქართველოსა და ვენას შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის გაუმჯობესებაა. მინდა, რომ ავსტრიელი ხელოვანები აქ ჩამოდიოდნენ და პირიქით - ქართველებმა ავსტრიაში წარადგინონ საკუთარი შემოქმედება. ამ შემთხვევაში, მინდა ქართველ მაყურებელს ჰაინერ მიულერის "კვარტეტი" შევთავაზო, რომელშიც ქალის მთავარ როლს ვენაში მოღვაწე ქართველი, მაიკო სასწრაფოშვილი შეასრულებს.
- სად და როგორ გაიცანით მაიკო?
- ვენაში, საქართველოს საელჩოს მიერ გამართულ საღამოზე გავიცანი. რასაკვირველია, როგორც მსახიობით, მისით ძალიან მოვიხიბლე. ყველამ იცის, რომ ის "ბურგ თეატრში" თამაშობს და უნდა ვაღიარო, რომ ეს თეატრი მაინცდამაინც არ მომწონს, მაგრამ მაკო არაჩვეულებრივი მსახიობია.
- "ბურგ თეატრი" რატომ არ მოგწონთ?
- ამ თეატრს ადრე ძალიან კარგი დირექტორი ჰყავდა, მაგრამ ახალი დირექტორი და მისი მმართველობის სისტემა არ მომწონს. აქედან გამომდინარე, მაკო "ბურგ თეატრის" სცენაზე არასოდეს მინახავს. უბრალოდ, მისით იმ საღამოს მოვიხიბლე. მან ქართველებსა და საქართველოზე უამრავი რამ მიამბო. მერე კი ამ პროექტში მონაწილეობა შევთავაზე, რაზეც მისგან თანხმობა მივიღე. მალევე შევთანხმდით, რომ საქართველოში ერთად გამოვემგზავრებოდით, დავესწრებოდით აქაურ სპექტაკლებს, რათა ქართულ კულტურაზე წარმოდგენა შემქმნოდა და მოვძებნიდით მამაკაც მსახიობს, რომელიც მაკოს "კვარტეტში" პარტნიორობას გაუწევს. მიულერის ეს პიესა რუსულ და ინგლისურ ენაზეა ნათარგმნი, მაგრამ ქართულად - არა. ამჟამად გოეთეს სახელობის ინსტიტუტთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ "კვარტეტი" ქართულ ენაზე გადაითარგმნოს, რომ მისი დადგმა შევძლოთ.
- მიუხედავად იმისა, რომ უკვე მთელი კვირაა საქართველოში იმყოფებით, სპექტაკლისთვის მამაკაცის როლის შემსრულებელი ჯერაც ვერ იპოვეთ. რატომ?
- აქ ჩამოსვლამდე ქართული თეატრის შესახებ გარკვეული ინფორმაცია მქონდა, მაგრამ არც ერთ ქართველ მსახიობს არ ვიცნობდი. სამაგიეროდ, უკვე საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს ავთო ვარსიმაშვილთან, ქეთი დოლიძესთან და მათ ამ საკითხზე რჩევას აუცილებლად ვთხოვ. მაინტერესებს, ვის კანდიდატურას შემომთავაზებენ. ამ სპექტაკლში მამაკაცის როლის შემსრულებელი ძალიან ძლიერი მსახიობი უნდა იყოს. როგორც ჩანს, ნანახი მსახიობებიდან ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება ჯერ არავინ დატოვა.
- რატომ გადაწყვიტეთ, რომ ქართველებისთვის მაინცდამაინც მიულერის შემოქმედება გაგეცნოთ?
- ძალიან მომწონს ეს პიესა, თანაც "კვარტეტი" პირველად 16 წლის წინ, იტალიაში დავდგი. მაშინ მასში ახალგაზრდა მსახიობები თამაშობდნენ, დაახლოებით 30 წლისანი. ახლა მიმაჩნია, რომ ეს მსახიობები ასაკით ცოტა მეტის უნდა იყვნენ. მგონი უფრო საინტერესო გამოვა. თან მოგეხსენებათ, სპექტაკლი ეროტიკულ სცენებსაც შეიცავს. გარდა ამისა, მსახიობი ქალი - პანტერას, ხოლო მამაკაცი ლომს უნდა ჰგავდეს. ორივე მსახიობმა უნდა შეძლოს, რომ ერთ არსებად გადაიქცეს. ქალი მამაკაცის როლსაც შეასრულებს და მამაკაცი - ქალისას. როგორც უნდა გაგიკვირდეთ, იტალიაში ეს სპექტაკლი თეატრში კი არა, დისკოთეკაზე დავდგი. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ დისკოთეკა საკმაოდ ვრცელი სივრცეა, სადაც ლაღი ხალხი დადის, თეატრი კი ზედმეტად დახურული სივრცეა და იქ მხოლოდ კოსერვატიული მაყურებელი მიდის. ჩვენ გვინდოდა, ეს სპექტაკლი ახალგაზრდებს ენახათ, ახალგაზრდები კი თეატრზე ხშირად დისკოთეკებს სტუმრობენ. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ სპექტაკლი იქ დამედგა...
- თბილისშიც დისკოთეკაზე ხომ არ აპირებთ ამ სპექტაკლის დადგმას?
- (იცინის) არა, ამჯერად თეატრში დავდგამთ, თუმცა ამისთვის რომელ თეატრს შევარჩევთ, არ ვიცით. ამ შეკითხვაზე პასუხს ორი თვის მერე გაგცემთ... მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თბილისში დადგმული "კვარტეტი" ძველი სპექტაკლის რიმეიკი არ იქნება. ამ შემთხვევაში, სპექტაკლის გასაფორმებლად დისკო მუსიკაც აღარ გამოგვადგება. მგონი სპექტაკლს როკოკოს სტილის მუსიკა მოუხდება. იტალიურ და ფრანგულ კომპოზიციებს ვისმენ და ვნახოთ, რას შევარჩევ. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ის არის, რომ სპექტაკლი გადაწყვეტილი იქნება მხოლოდ სამ ფერში: წითელში, თეთრსა და შავში. მასში საკმაოდ მოდურ კოსტიუმებს გამოვიყენებთ. მგონი საინტერესო უნდა გამოვიდეს. იმედია, ქართველებს ჩემი შემოქმედება მოეწონებათ.
- როგორც ჩანს, საკმაოდ რთული პიესაა. ალბათ მისი დადგმაც რთული იქნება.
- როცა რეჟისორს გვერდით კარგი მსახიობები ჰყავს, რთული არაფერია. მაკო ძალიან ძლიერი მსახიობია, იმედია, ასეთივე მამაკაცსაც ვიპოვი და ამ სპექტაკლზე მუშაობა ნამდვილად არ გამიჭირდება. იდეაში გვაქვს, რომ ეს სპექტაკლი არაერთ საერთაშორისო ფესტივალზეც წარვადგინოთ.
- დაბოლოს, ბატონო რეინარდ, საქართველოში პირველად ხართ. ინტერვიუმდე მითხარით, რომ ამ ვიზიტით ძალზე კმაყოფილი ბრძანდებით. ყველაზე მეტად რამ მოგხიბლათ ჩვენს ქვეყანაში?
- მთლიანად თქვენი ქვეყანა მომწონს. ჯერ ერთი, თბილისი მართლაც ძალიან ლამაზი ქალაქია. გარდა ამისა, ქართველები ძალიან თბილი და სტუმართმოყვარე ერი ხართ. მიმაჩნია, რომ ქართველები ძალიან ჰგავხართ იტალიელებს. ილიას სახელობის უნივერსიტეტში რამდენიმე ადამიანს შევხვდი და საკმაოდ გულითადი შეხვედრა მოგვიწყვეს. სწორედ ეს თვისება მომწონს თქვენში...
ნათია ჟივიძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)