რატომ დაბლოკეს ყიფშიძეები და როგორ დაძლია ლენუკამ დეპრესია

რატომ დაბლოკეს ყიფშიძეები და როგორ დაძლია ლენუკამ დეპრესია

პოპულარულ ოჯახში დაიბადა, მაგრამ ამის გამო ამბიციებს არასოდეს შეუწუხებია. 18 წლის იყო, როდესაც დაოჯახდა. უფროს მეგობრებს აჰყვა და თბილ და მყუდრო ოჯახზე მეოცნებე, ერთ დღეს მომავალ მეუღლესთან ერთად გაიპარა. ურთიერთობა არ აეწყოთ და ოჯახი დაინგრა... იყო დეპრესიაც, განმეორებული გრძნობაც, მაგრამ 30 წლის ასაკში ყველაფერი გადააფასა და ცხოვრებას თითქოს თავიდან იწყებს. ერთ დროს ემოციური ლენუკა ყიფშიძე საკუთარმა შეცდომებმა გააძლიერა და ფიქრობს, რომ დღეს აღარ აქვს უფლება, დეპრესიაში ჩავარდეს ან ემოციებს აჰყვეს.

- ლენუკა, ცხოვრებაში პირველად როდის დაგჭირდა საკუთარი სიძლიერის გამომჟღავნება?

- კონკრეტული დრო არ მახსოვს, ალბათ გარდატეხის პერიოდში, რომელიც საკმაოდ რთული ასაკია ნებისმიერი გოგონასთვის. ჩაკეტილი ბავშვი არ ვყოფილვარ, არც მარტოსული. სიძლიერე გამოცდილებამ მოიტანა, ბევრი რამ ვნახე ცხოვრებაში, რამაც დამაღვინა და ერთ დღეს მივხვდი, რომ შეცდომებსაც ვუშვებდი, მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ უკეთესია, თუ სხვის შეცდომებზე ისწავლი.

- თუმცა ეს ყოველთვის არ გამოდის და ყველა შეცდომა ერთმანეთს არ ჰგავს...

- მართალია, ადამიანზეა დამოკიდებული. როდესაც ვხედავ, რომ მეგობარი რაღაცას საკუთარი გამოცდილებიდან მირჩევს, ყოველთვის არ ვეთანხმები, შეიძლება პირიქით, შეცდომაში შემიყვანოს. მე მაინც ჩემს შეცდომებზე მაქვს ნასწავლი.

- დღეს რამდენად განიცდი დაშვებულ შეცდომებს?

- ემოციური ადამიანი ვარ, ეს მამის მხრიდან მომყვება. ამან ბევრჯერ დამანგრია შინაგანად, მორალურად, ემოციურად გამანადგურა, მაგრამ როცა დადებით ემოციას გავცემ, კარგად ვარ და ნეგატიური განწყობა თავადაც მანგრევს. ადამიანს შეუძლია, საკუთარი თავი მართოს. დეპრესიაც მქონია, ექიმიც ურჩევიათ და დამამშვიდებელიც. თუ შენ თვითონ არ უშველე საკუთარ თავს, გამორიცხულია, რამე გამოვიდეს.

- ამ შეცდომებით რამეს ხომ არ აპროტესტებდი?

- დედამაც მკითხა, სა­კუთარ თავს ხომ არ ებრძვიო. ახლო მეგობრებსაც უთქვამთ, არ გიყვარს სა­კუთარი თავი და იმიტომ ხარ ასეო. ამან ძალიან დამაფიქრა. დედასთან მივედი და ვკითხე, რაში გამოიხატებოდა, რომ საკუთარი თავი არ მიყვარდა. მერე მივხვდი, რომ საკუთარი თავის იმხელა რწმენა არ მაქვს, რამეში გამოვიყენო.

- როდესაც დაოჯახება გადაწყვიტე, მაშინ რას უმტკიცებდი საკუთარ თა­ვს?

- კარგად მახსენდება, მაშინ, 18 წლის ასაკში როგორ მინდოდა ოჯახის შექმნა. მეგობრებთან ერთად გავიპარეთ, თუმცა ორივეს ოჯახმა იცოდა, რომ ერთმანეთი გვიყვარდა და პრობლემა არ ჰქონიათ. ძალიან ბავშვური ვიყავი.

- და იმ ასაკში რატომ ფიქრობდი ოჯახის შექმნაზე?

- არ ვიცი, ჩემი მეგობრები ჩემზე უფროსები არიან და ისინი რომ გათხოვდნენ, ეტყობა მომეწონა, წარმოვიდგინე საკუთარი ოჯახი, ჰარმონიული ურთიერთობა. ამის გამო იმდენი განათლება ვერ მივიღე, რამდენიც ჩემს მშობლებს უნდოდათ. წავსულიყავი, მემოგზაურა, ყოველი დღე უნდა გამომეყენებინა. ამას დღემდე განვიცდი და სულ ვფიქრობ, ხომ არ წავიდე სადმე სასწავლებლად. სამაგიეროდ, შვილი მყავს და ახალგაზრდა დედა ვარ. ნიკუშა 11 წლის ხდება და უკვე ჩემი სიმაღლეა.

- მარტო დარჩენილი ტკივილს როგორ გაუმკლავდი?

- მე და სანდრო სამჯერ-ოთხჯერ დავშორდით ერთმანეთს, შემდეგ ისევ ვურიგდებოდი. ვცდილობდით, ბავშვის გამო ოჯახი შეგვენარჩუნებინა. დეპრესია არ მქონია, რადგან მეგობრები, ოჯახის წევრები გვერდში მედგნენ. წლები გადამაგორებინეს. სანამ ნიკუშა სამი წლის გახდა, გარეთ არავის ვუნახავვარ, ყველას ეგონა, რომ მოვკვდი. მანიაკურად ვიყავი ბავშვზე გადართული. არსად წასვლა არ მინდოდა. შემდეგ ბავშვი გაიზარდა, სკოლაში წავიდა და იკითხა, მამა რატომ არ მოდიოდა ჩვენთან. მაშინ მივხვდი ოჯახის ფასს და ამან დამთრგუნა. მერე მქონდა დეპრესიული მომენტებიც, ვფიქრობდი, რომ შეიძლება მე არ ვაკეთებდი რაღაცას სწორად.

- როდის მიხვედი იმ წერტილამდე, როცა მიხვდი, რომ მზად იყავი ახალი ცხოვრების დასაწყებად?

- კონკრეტულად დღე არ მახსოვს. ბავშვი სამი წლის იყო, მოდების ჩვენებები ეწყობოდა, ვგრძნობდი, რაღაც მახრჩობდა. საერთოდ, სიახლის განცდა გაზაფხულზე მეწყება, დათბება და ბედნიერი ხარ, გინდა, ფორმაში იყო. რაღაც პერიოდი ვამბობდი, რომ გაზაფხულის სუნს ვერ ვგრძნობდი. იგივე თქვა დედამ, რამდენიმე ხნის წინ დავკარგე გაზაფხულის სუნიო. ჩვენი ფანჯრების პირდაპირ ნუში დგას, ამაზე ვხუმრობთ, ალბათ მამაჩემის გამო ხდება-მეთქი. პირველი ეგ ხე ხარობს და მისი სუნი ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებდა. ერთ დღეს მივხვდი, რომ არ შეიძლება, წარსულს მივტიროდე და შინაგანად გავძლიერდი. ფეთქებადიც ვარ, აგრესიულიც, მაგრამ ახლა ვცდილობ, თავი ვაკონტროლო. ეს თვისებები მამის მხრიდან გამომყვა. დედა ამაზე ხუმრობს, რაც ცუდი გაქვს, ყიფშიძეებისგან გამოგყვა და რაც კარგი, ჩემკენ ხარო.

- ეგ თვისება ალბათ ყველაზე მეტად მამაკაცებთან ურთიერთობაში გიშლიდა ხელს...

- დიახ, მართალია და ვცდილობ, ეს თვისებები უკან მოვიტოვო. ვხვდები, ამით მხოლოდ საკუთარ თავს ვავნებ. ყოფილა შემთხვევა, ამის გამო მამაკაცთან ურთიერთობა გამფუჭებია.

- ცნობილი ოჯახიდან ხარ, პოპულარული გოგონა, ამის გამო მამაკაცს შენ გვერდით თავი უსუსურად არ უგრძნია?

- დიახ და ძალიან არ მესიამოვნა. მივეჩვიე, რომ ასეთ ოჯახში გავიზარდე და ხალხი მიცნობს. როდესაც ყურადღებას მაქცევდნენ, ვიგრძენი, რომ ჩემ გვერდით მყოფ მამაკაცს არ მოსწონდა და გაუპროტესტებია, რატომ გიყურებენო. არ გამოჩნდა ისეთი ადამიანი, რომ ვენდო, მენდოს. არადა, თუ ნდობა და ურთიერთგაგება არ არის ქალსა და კაცს შორს, არ არსებობს რამე გამოვიდეს.

- შეყვარებულები ხშირად ამბობენ, რომ ეს სიყვარული მათთვის უკანასკნელია. შენ თუ გქონია ასეთი განცდა?

- არა, ასეთი რამ არასოდეს მქონია. ორი წელი მიყვარდა ერთი ადამიანი, რომელიც ძალიან კარგადაც მახსენდება და ცუდადაც. ხანდახან მინდა, საერთოდ აღარ მახსოვდეს, გაქრეს... ვიზრდები და ახლა სხვანაირად ვუყურებ ცხოვრებას. მგონია, რომ ვიპოვი ისეთ ადამიანს, რომელიც ჩემი მეორე ნახევარი იქნება. 30 წლის გავხდი, ქალისთვის ახლა მეორე ცხოვრება იწყება. ადრე უფრო ეჭვიანი ვიყავი, ახლა აღარ. დავაბალანსე ჩემი აგრესია, წლოვანებასაც მოაქვს ალბათ რაღაცები.

- მამაკაცის ასაკს თუ აქვს შენთვის მნიშვნელობა?

- ძალიან მიყვარს, როდესაც მამაკაცი ქალზე უფროსია, რამდენიმე წლით მაინც. ჩემზე უმცროს ბიჭებს ძალიან ბევრი აქვთ გასავლელი. ყოფილა შემთხვევა, უთქვამთ, ვაიმე, ვგიჟდები შენზეო... კოშკებს მიგებენ, მაგრამ მე ვეუბნები, შვილო (იღიმება)...

- ძლიერი ქალების შვილები ამბიციურები არიანო, ეთანხმები ამ გამონათქვამს?

- არა, ნიკუშა ძალიან სხვანაირია, პატარა ჰაკერს ვეძახი. მამაჩემი ეუბნება, "ჟულიკი" ხარო, მაგრამ არ არის ასე. ძალიან არ მიყვარს ტყუილი, ამის გამო ადამიანიც დამიკარგავს. ჩემმა შვილმაც იცის, რომ არ შეიძლება ტყუილი.

- წეღან ვსაუბრობდით, რომ დაოჯახებამ ხელი შეგიშალა განათლების მიღებაში. მხოლოდ ეს არის მიზეზი, რომ კარიერა ვერ ააწყვე?

- არასოდეს არ არის გვიან სწავლა. დღეს ამის ყველანაირი საშუალებაა. დიპლომი არ მაქვს და ადრე განვიცდიდი, დღეს - აღარ. ჩემი დიდი ბებია 42 წლის იყო, უმაღლესში მეორედ რომ ჩააბარა. თავიდან ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მერე მივხვდი, რომ "ჩემი" არ იყო. ვიღაც რომ მეჩხუბოს, შეიძლება ტირილი დავიწყო. საბუთები უცხო ენების ფაკულტეტზე გადავიტანე. მოკლედ, მიქროდა, სად ვბანაობდი, დღემდე არ ვიცი. ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია. კოსმეტიკურ კომპანიაშიც ვიყავი, მოსკოვში მაკიაჟის კურსებიც გავიარე, მერე სამი წელი "მაგთიში" ვმუშაობდი, მერე ნათია მაქაცარიას სამოდელო სკოლაში ბავშვებს ვასწავლიდი. ვერ გამოვიყენე ჩემი პროფესია.

- დღეს არ მუშაობ?

- არა, სამოდელო სააგენტო დაიხურა, ამან ძალიან დამთრგუნა, მაგრამ შინაგანად ისეთი ძლიერი ვარ, რომ არ მაქვს უფლება, ამას თავი დავანგრევინო. შვილი მეზრდება და დეპრესიისთვის დრო არ მაქვს.

- არ გიცდია, ამის შემდეგ რაღაც ახალი დაგეწყო?

- ჭორის დონეზე მომივიდა ინფორმაცია, რომ ყიფშიძეები დაბლოკილები არიან, ოღონდ ვერ გეტყვით, რატომ.

- ამბობდნენ, რომ ლენუკა "ფეისბუქზე" აქტიურად იწონებს ბერა ივანიშვილის კლიპებს.

- ჩემი შვილი ძალიან შეყვარებულია ბერაზე და ამას წინათ "ფეისბუქზე" მოგვმართეს, ხომ არ იქნებით წინააღმდეგი, რომ თქვენი შვილი ბერას ახალ კლიპში გადაიღონო. მე პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ მაქვს. ბერას არ ვიცნობ, მაგრამ საერთო მეგობრები გვყავს. ჩემი შვილი ისეთი ბედნიერია და ბერას ისეთი ფანია, რომ მეც ვუსმენ.

- ბავშვის განცდებზე მოგვიყე­ვი...

- ნიკუშას ძალიან უყვარს ბერა. კლიპის გადაღება რომ დამთავრდა, სამახსოვრო სურათებიც გადაიღო. მე არ ვიცნობ, მაგრამ მგონია, რომ ბერა ძალიან დადებითი ადამიანია.

- შენთვის რომ შემოეთავაზებინათ ამ კლიპში მონაწილეობა, დათანხმდებოდი?

- სიამოვნებით, მე ვფიქრობ, ეს ხელოვნებაა და პოლიტიკაში საერთოდ არ ვერევი. არავის არ ვეხები. მიყვარს კამერასთან მუშაობა და ეს ჩემი სფეროა.

- გაზაფხული დადგა და ალბათ ნუშის სუნსაც იგრძნობდი... დღეს შეყვარებულია ლენუკა თუ ახალ გრძნობას ელოდება?

- ახლა შეყვარებული არ ვარ. ამას არ განვიცდი, მაგრამ როდესაც ქალი ხარ, გინდა, ვიღაც გიყვარდეს. ჯერ მოლოდინის რეჟიმში ვარ და იმედია, ეს გრძნობა თავისით მოვა, ღმერთის ნებაა. არ მესმის დაძალებული და დაგეგმილი სიყვარულის. ისე დაიწყო ეს გაზაფხული, რომ თითქოს ახლა დაიწყო წელიწადი. დათბა, ნელ-ნელა იხდი ტანსაცმელს, ირუჯები, ზღვა, მზე, ბედნიერი ხარ... სულ ვცდილობ, დადებით განწყობაზე ვიყო.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება