თამუნა მუსერიძე და ლევან გოგორელიანი, იგივე ფაქო ერთმანეთს რადიო "აფხაზეთის ხმაში" დაუახლოვდნენ, სადაც გადაცემა "თეთრი ღამეები" მიჰყავთ, საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს ერთმანეთს აცნობენ და ხანუმების როლს ირგებენ. დღეს მათ ტრადიციული რეიტინგული "დაკითხვა" ჩავუტარეთ.
- სად და როგორ გაიცანით ერთმანეთი?
ფაქო:
- მისი არსებობის შესახებ ყოველთვის ვიცოდი, შორიდან ვესალმებოდით ერთმანეთს. ვახო ბიჭიკაშვილის ქორწილში გამოველაპარაკე. მაშინ მკითხა, "ბაბნიკი" ხარო? კი-მეთქი, ვუპასუხე და აბა, კარგადო, მითხრა. ცხოვრებაში პირველად ვინანე, რომ სიმართლე ვთქვი (იცინის).
თამუნა:
- არ მახსოვს, სად გავიცანი.
- დამისახელე აქსესუარი, რომელსაც ხშირად იყენებს. შენ თუ გაქვს რაიმე ამოჩემებული აქსესუარი?
ფაქო:
- შარფები უყვარს ჩემსავით. კიდევ ერთი საერთო გვაქვს გემოვნების თვალსაზრისით, მასაც ჩემსავით მოსწონს ქოქოსის არომატის ლოსიონი და შხაპის გელი.
თამუნა:
- სამაჯური უკეთია სულ. მე ამოჩემებული აქსესუარი არ მაქვს.
- როდის აქვს დაბადების დღე? შენ?
ფაქო:
- თამუნას დაბადების დღე აქვს წელიწადის ყველაზე ლამაზ დროს, თამუნა რომ დაიბადა, ყველას გაუხარდა. დაბადების დღეს ყოველთვის მეგობრებთან ერთად აღნიშნავს (იცინის). აუ, არ გამახსენდა და რა ვქნა... მე 14 მარტს დავიბადე.
თამუნა:
- 14 მარტს, მე 10 ოქტომბერს დავიბადე.
- რა არ მოგწონს მის ხასიათში? როგორ გგონია, მას რა არ მოსწონს შენში?
ფაქო:
- ჯერ არ აღმომიჩენია ცუდი თვისება თამუნაში. მას ალბათ ის არ მოსწონს, "ბაბნიკი" რომ ვარ, უფრო სწორად, ასე რომ ამბობენ ჩემზე. არ ვარ "ბაბნიკი", მაბრალებენ!
თამუნა:
- ჯერ მინუსი ვერ აღმოვუჩინე. მას რა არ მოსწონს? არ ვიცი.
- არაფერს არ გსაყვედურობს?
- კი, მსაყვედურობს, მამაკაცების მიმართ ცუდად რომ ვარ განწყობილი. რადიოში ისეთი მსმენელი რომ რეკავს, რომელიც არ მსიამოვნებს, პირდაპირ გამოვხატავ ხოლმე. ეს კი მეჩხუბება, ცოტა ნორმალურად ელაპარაკეო.
- რა სტილის სამოსს ანიჭებს უპირატესობას? შენ?
ფაქო:
- კომფორტულს. ძალიან გადატვირთული დღის რეჟიმი აქვს. 24 საათში 3 საათი სძინავს და კიდევ არაკომფორტული ტანსაცმელი გააგიჟებს... მე კლასიკურიც მიყვარს, სპორტულიც და ზანგურიც - ჩაჩაჩულები.
თამუნა:
- სპორტულს, თავისუფალს. მე კლასიკურადაც მაცვია და სპორტულადაც.
- ხშირად რის გამო წუწუნებს? შენ?
ფაქო:
- უძილობის გამო. დრო არ აქვს, რომ დაიძინოს. მე სულ ვწუწუნებ, მაგრამ არ შეიძლება ამის თქმა, ვერ ვიტყვი (იცინის).
თამუნა:
- ბევრი გოგონა ურეკავს და ამის გამო წუწუნებს. ბევრი მეგობარი ბიჭი მყავს ქართულ შოუბიზნესში, მაგრამ სრული სერიოზულობით გეუბნებით, ასეთი არაფერი მინახავს. კვირაში ორ ღამეს ვატარებთ ერთად და ამ საათების განმავლობაში მისი ტელეფონი არ ჩერდება. ურეკავენ გოგონები, ეპატიჟებიან თავისთან, გამოდი დღეს ჩემთან რადიოდან, ღამით დარჩიო. ეს სრულ გაუგებრობაშია, არ იცის, ვისთან წავიდეს და რაც მთავარია, არც იცნობს ამ გოგონებს, მგონი, ნანახიც არ ჰყავს. ამას წინათ უკრაინაში იყო წასული და მარტოს მიმყავდა გადაცემა, არ იცით, რა დღეში ჩამაგდეს გოგონებმა, ფაქო სად არის, როდის მოვაო... მე უძილობაზე ვწუწუნებ. ღამის სამ საათზე რადიოში ეთერს რომ ვამთავრებ, დილის ხუთზე ტელევიზიაში მივდივარ, "პირველ არხზე" დილის ეთერი მაქვს. მგონი გასაგებია, რატომ მაწუხებს უძილობა.
- რა აღიზიანებს საწინააღმდეგო სქესში? შენ?
ფაქო:
- ძველბიჭური მანერები, მარიაჟი, ზედმეტად თავდაჯერებული ტიპები. აგრესიული ხდება და პირდაპირ "უსრულებს". "შენ ვინ ხარ "ვაფშე", რა გინდაო, პირდაპირ ეუბნება (იცინის). მე არასტაბილურობა მაღიზიანებს გოგონებში, არასტაბილური ერთგულება, არასტაბილური ყურადღება. დაკომპლექსებული გოგონები არ მომწონს, ვითომ კარგებს რომ თამაშობენ, ასეთ გოგონებთან ვერ ვურთიერთობ.
თამუნა:
- ზედმეტად რომ აწუხებენ, ისეთი გოგონები აღიზიანებს. მის ყურადღებას არ მიიქცევენ დაკომპლექსებული და მოუვლელი გოგონები. თვითონ ძალიან პეწენიკაა. ზუსტად ვიცი, რომ მის მოსაწონ გოგოს უნდა ჰქონდეს წვრილი მაჯა, ვიწრო წელი. მოსწონს თავისზე მაღალი გოგონები. მოსწონს, როცა გოგო ხელს ხვევს.... მე რაც შემეხება, მამაკაცში მაღიზიანებს უყურადღებობა და ამავდროულად ზედმეტი ყურადღება. უზრდელი და აზიატი მამაკაცები არ მომწონს.
- პუნქტუალურია? შენ?
ფაქო:
- სხვის პუნქტუალურობაზე ლაპარაკი ცოტა მიჭირს. არადა, ვცდილობ პუნქტუალური ვიყო, სულ მეჩქარება, საათს ვერ ვიტან, აღარ ვუყურებ უკვე. თამუნა პუნქტუალურია.
თამუნა:
- ზედმეტად პუნქტუალურია. ჩვენი პირველი ეთერის დროს დაბადების დღე ჰქონდა. მთელი ვაჟა-ფშაველა შემოვიარე, ტორტი და 26 სანთელი რომ მეყიდა და ცოტა დამაგვიანდა. პანიკაში იყო, რომ მოვედი, სად ხარო. ერთადერთხელ დააგვიანა ისე, რომ ჩაი გაუცივდა. ჩაი უყვარს და მე ვახვედრებ ხოლმე. მე არ ვარ პუნქტუალური, მაგრამ თავს ძალას ვატან და სამსახურში არ ვაგვიანებ.
- როგორია, როცა უყვარს? შენ?
ფაქო:
- არ მინახავს შეყვარებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კატასტროფულად მესაკუთრე იქნება. მე მაგარი ვარ შეყვარებული. დილა თენდება და ვფიქრობ, რა ვასიამოვნო, რა გავაკეთო ისეთი, რომ გავახარო. მიყვარს სიურპრიზები. მომწონს, გაბრწყინებული და გაოცებული თვალებით რომ მიყურებს ჩემი შეყვარებული.
თამუნა:
- არ მინახავს ასეთი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი შეყვარებული იქნება. ჰოროსკოპით თევზია და ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულნი კომფორტულნი არიან. ქალს აგრძნობინებს, რომ ის ქალია. მეც მაგარი შეყვარებული ვარ. არ მეგულება ქალი, რომელიც მამაკაცს ჩემზე მეტად გააბედნიერებს და გაანებივრებს.
- რა მეტსახელით მიმართავთ ერთმანეთს?
ფაქო:
- ორივე რაჭველები ვართ და ის ფაქუნიკას მეძახის, მე - თამუნიკას.
თამუნა:
- ფაქუნიკა დავარქვი, ის თამუნიკას მეძახის.
- როგორ ატარებს თავისუფალ დროს? შენ?
ფაქო:
- რომელ თავისუფალ დროს, რომელიც არ აქვს (იცინის). მე მეგობრებთან ვერთობი, ჩემს გოგოსთან.
- ვინ არის შენი გოგო?
- რატომ უნდა გითხრა? მოიცა, ავირჩიო ჯერ (იცინის).
- ე.ი. არჩევის პროცესში ხარ?
- არ მესმის, რას მეკითხები.
- ეს შენი გოგო, ერთია თუ ბევრი?
- არ ისმის, არა (იცინის).
თამუნა:
- მეგობრებთან ვერთობით ორივე, თუ გვაქვს თავისუფალი დრო.
- ვის ელაპარაკება მობილურით დღის განმავლობაში ყველაზე მეტს? შენ?
ფაქო:
- არ ვიცი, მე ჩემს გოგოს ველაპარაკები.
- რომელიც რამდენია?
- ერთია, ერთი!
თამუნა:
- ვიღაც გოგოს. მე ჩემს დაქალს ველაპარაკები.
- მისი საყვარელი სექცია მაღაზიაში? შენი?
ფაქო:
- უცნაური ჩანთები უყვარს, გამორჩეული ჩანთები აქვს. გაშლი, დაკეცავ და სხვანაირი იჩითება (იცინის). მე ტანსაცმლის მაღაზიები მიყვარს.
თამუნა:
- გუშინ ვიყავით ერთად მაღაზიაში და ყველაზე დიდი დრო კოსმეტიკის სექციასთან გაატარა, ქოქოსის ტანის ლოსიონს ეძებდა. მე აქსესუარების სექცია მიყვარს.
- მიამბეთ რაიმე სახალისო შემთხვევა, რომელიც ერთად გადაგხდათ თავს.
ფაქო:
- ჩვენი რადიოეთერი სულ სახალისო არ არის. ის არის ღადაობა, რომ ყველა ეთერის დროს რაღაც გვექცევა მაგიდაზე - ჩაი, ყავა. ამან ქრონიკული სახე მიიღო. უნდა დაგვისველდეს ფურცლები და ატყდეს ერთი ამბავი. კიდევ კარგი, მსმენელი ვერ გვხედავს.
თამუნა:
- არ ვიცი, რამდენად სახალისო იყო, მაგრამ ერთი გოგო გადაეკიდა. ტელეფონი არ ჩერდებოდა, ბოლოს გამოვართვი ტელეფონი და ისე ველაპარაკე, რომ გადაიფიქრა ფაქოს გაცნობა. ძველი ბიჭივით "ვეკაჩავე", მოვაშორე ის გოგო ფაქოს.
- როგორ გგონია, რამდენად დაემთხვევა თქვენი პასუხები ერთმანეთს?
ფაქო:
- ან ძალიან ბევრი დაემთხვევა, ან ძალიან ცოტა.
თამუნა:
- 20% შეიძლება დაემთხვეს.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)