რატომ არ ქორწინდება "ჩემი ცოლის დაქალების" სანდრო

რატომ არ ქორწინდება "ჩემი ცოლის დაქალების" სანდრო

გიორგი ნაზარიშვილი სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" კატოს ერთ-ერთ თაყვანისმცემელ სანდროს თამაშობს. თავად მიაჩნია, რომ მისი გმირი ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული ტიპია, თუმცა ფაქტია, რომ გოგონებში ძალიან პოპულარულია. პროფესიით ისტორიკოსმა მსახიობის ამპლუაშიც მოსინჯა ბედი. ინტერვიუს ჩაწერისას სერიალზე მეტად საკუთარ თავზე ვესაუბრეთ და ვნახოთ, თუ გაამართლებს თაყვანისმცემელი გოგონების იმედებს, რადგან რეალურ ცხოვრებაში სერიალის გმირისგან განსხვავდება. მსახიობობის პარალელურად, გიორგი სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერიცაა.

- გიორგი, რამდენად გაამართლა სერიალმა თქვენი მოლოდინი?

- "ჩემი ცოლის დაქალებზე" მუშაობა რომ დავიწყეთ, ზუსტად ვიცოდით, რას ვაკეთებდით. ის არ უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი სერიალი, არამედ ახალი პროდუქტი უნდა გამხდარიყო ქართულ ტელესივრცეში. სერიალისგან განსხვავებით, როგორც კინოს, ისე ვიღებთ.

- მრავალფეროვანი პერსონაჟები მაყურებლის მოსაზიდად გათვალეთ?

- რა თქმა უნდა, საზოგადოების ყველა ფენაზე გავთვალეთ. ყველა პერსონაჟი ახლობელია, ბებია, დედა, ცოლი, ქმარი. ზოგადად დამკვიდრებული სტერეოტიპია, რომ სახალხო პროექტი "პაპსას" ნიშნავს, მაგრამ შევეცადეთ, ხარისხიანი პროდუქტი შეგვექმნა და ხალხს ადვილად მიეღო. მე მგონი, გამოვიდა.

- კონკურენციას უწევთ სხვა ქართულ სერიალებს?

- ეგ ცოტა ხმადაბალი ნათქვამია, კონკურენციას ისინი ვერ გვიწევენ და ეს რეიტინგებზეც აისახება.

- რამდენად მარტივია რეჟისორ გიორგი ლიფონავასთან მუშაობა?

- ლიფონავასთან მუშაობა მარტივი არ არის. ისე მუშაობს და ისეთი რეჟიმი აქვს, რომ თუ არ აჰყევი, უნდა წახვიდე. ადრეც ვმუშაობდით ერთად და ასეთი რეჟიმი შეგვიქმნა. აქ არ არსებობს დამავიწყდა, დამაგვიანდა, ვერ გავიღვიძე...

- კვირაში რამდენი სერიის გადაღებას ასწრებთ?

- ამჯერად ერთ-ნახევარ სერიას ვიღებთ, მაგრამ ცოტა ხანში შესაძლებელი გახდება, ორ სერიაზე გადავიდეთ. რაც მთავარია, ხარისხს ვინარჩუნებთ.

- პროფესიით ისტორიკოსი ხარ, ამ პროფილით არასოდეს გიმუშავია?

- არა, არც მასწავლებელი ვყოფილვარ, არც ექსკურსიამძღოლი და არც მუზეუმის გიდი (იღიმება). 2001 წელს ჩავაბარე, დიპლომატიის ისტორია მაშინ პრესტიჟულ ფაკულტეტად ითვლებოდა. თან მაინტერესებდა. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ "კავეენში" პირველივე კურსიდან ვთამაშობდი. თავიდან სცენარისტი ვიყავი, შემდეგ ეპიზოდურ როლებში გამოვჩნდი.

- ასეთი "მასშტაბური" როლი პირველად გაქვს?

- დიახ, სერიალის "პილოტს" ვიღებდით, ლევან ყოჩიაშვილის მეგობარი უნდა მეთამაშა. მერე მითხრეს, რამდენიმე სერიაში კიდევ გადაგიღებთო და ასე დავრჩი. არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, რთულია...

- ეს ალბათ შენი საუკეთესო როლია, რაც აქამდე გითამაშია?

- ალ პაჩინო ვარ (იცინის)? არა, ეს არ არის ჩემი მაქსიმუმი, მაგრამ კარგად ვმუშაობ, როლი გავითავისე.

- რეალურ ცხოვრებაშიც ასეთი მიმტევებელი ხარ ქალბატონების მიმართ?

- არა... სერიალში ბუნებრივად თამაში იმას არ ნიშნავს, რომ რეალურადაც ასეთი იყო. ცხოვრებაში საერთოდ სხვანაირი ტიპი ვარ.

- და როგორი ტიპი ხარ?

- სერიალი ისეთი რაღაცაა, რომ ყოველთვის შენკენ მიგყავს პერსონაჟი. აქაც ასეა, ჩემს გმირს ვიმსგავსებ. არ მგონია, ჩემი გმირი ჰიტური იყოს.

- რატომ, გოგონებში პოპულარულია...

- ამას ვერ ვგრძნობ, რადგან დღე და ღამე ვმუშაობ. საერთოდ, სერიალზე ხალხის აზრს ვამოწმებთ და მე მგონი, სანდრო ნორმალურად მიიღეს.

- ბევრი დუბლი გჭირდება გადაღებისას?

- პარტნიორს გააჩნია. მე და ლევან ყოჩიაშვილი ორ წუთში ვწერთ. უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის და დიდი სკოლა გავიარე მასთან. ყველანი კარგები არიან, ბავშვებიდან დაწყებული, უფროსებით დამთავრებული. "სლაბი" მსახიობი ჯერ არ გვყოლია. პირველი სერია ცოტა რთული იყო ჩემთვის. წავკისში ვიღებდით. თან ყველა ნერვიულობდა. მერე ნელ-ნელა აეწყო ყველაფერი და დალაგდა. თანაც, ლიფონავას ხელში სხვანაირად მაინც არ არსებობს, ისე გამუშავებს.

- როგორც პროდიუსერი, რომელ გმირს მიიჩნევ გამორჩეულად?

- ბავშვები, მთლიანად ოჯახი და ბებია. ასეც იყო გათვლილი.

- დაოჯახებული არ ხარ. პოპულარობის შემდეგ გოგონებისგან ყურადღება არ გაიზარდა?

- არა, ხომ გითხარით, ძირითადად ვმუშაობ და შინ გვიან ვბრუნდები. ქუჩაში ხანდახან მეუბნებიან, მაგარი ხარო, მიღიმიან. "ფეისბუქზე" რაღაცები მოუწერიათ, კარგი ხარ, ჩემი ძმისშვილივით იქცევი, ჩემს ყოფილ შეყვარებულს ჰგავხარო, მაგრამ შენი გაცნობა ან შეხვედრა მინდაო, არ უთქვამთ.

- შინაგანად მაინც არ შეგცვალა ეკრანზე გამოჩენამ?

- საქართველოში ყველა ყველას იცნობს და თბილისში ბევრი ძმაკაცი მყავს. რაიმე არსებითი გარდატეხა არ მოუხდენია. რადგან დღეს სერიალში ვთამაშობ, სანაპიროზე ვერ გავალ და ლუდს ვერ დავლევ-მეთქი, ასეთი რამ არ ყოფილა. სტადიონზეც წავალ, ვიყვირებ და ბოლომდე დავიხარჯები. ამის გამო არ შევიზღუდები.

- გიორგი, რეალურ ცხოვრებაში შენს შეყვარებულ გოგონასაც იმდენი თაყვანისმცემელი რომ ჰყავდეს, რამდენიც კატოს, როგორ მოიცილებდი მათ?

- თუ შეყვარებულია და კარგი გოგოა, რა თქმა უნდა ბევრს უნდა მოსწონდეს, მაგრამ შემდეგ თავისთავად ლაგდება ყველაფერი. შენთან არის და მორჩა. არასოდეს მქონია ისეთი პრობლემები, ვინმესთვის დამერეკა და მეთქვა, ძმაო, ამ გოგოს აღარ დაურეკო-მეთქი.

- გოგონას გამო არასოდეს გიჩხუბია?

- არა, მიჩხუბია ფეხბურთის თამაშის გამო, მიკამათია სამსახურში გემოვნების გამო, მაგრამ გოგოს გამო არ მიჩხუბია.

- შეყვარებული გყოლია?

- სულ ვიღაც მომწონს, ისე ხომ ვერ იქნები, მაგრამ არ მესმის, რას ნიშნავს სიტყვა შეყვარებული. მყოლია გოგონები, რომლებთან ერთადაც ვყოფილვარ რაღაც პერიოდის განმავლობაში. მარტო არ ვარ, მაგრამ ამ სტატუსის ქართული შეფასება არ მომწონს, ჩემი შეყვარებული, იმის შეყვარებული (იღიმება). ადამიანი მოგწონს, იმასთან ერთად ცხოვრობ და კარგად ხარ...

- პირველი შენ მოდიოდი მათგან?

- ხან მე, ხან ისინი.

- ყურადღებიანი ხარ?

- ზედმეტად, მთელი ცხოვრება ასე ვარ და გოგონა, რომელიც ჩემ გვერდით არის, ამ რიტმს უნდა აჰყვეს, ისე დავიკარგებით. ზოგს გაუჭირდა და ვეღარ აჰყვა. მირჩევნია, სერიალზე ვილაპარაკოთ.

- სერიალზე სხვად­ა­სხვა ინტერვიუში ბევრი გისაუბრია. ცხოვრებაშიც ეჭვიანი ხარ?

- ეჭვიანი ყველა ადამიანია, მთავარია, ზღვარს არ გადახვიდე და ავადმყოფობაში არ გადაგივიდეს. თუ ადამიანი შენთვის რაღაცას წარმოადგენს, ფიქრობ, რაღაც დროს უთმობ, მასზე ნერვიულობ, ზოგი ამას სხვანაირად იგებს. ის რომ უთხრა, შენი "ფეისბუქის" პაროლი მომეციო, ეს პათოლოგიაა.

- შენზე თუ ეჭვიანობდნენ?

- კი და ესეც ურთიერთობის ნაწილია. ერთგული ვარ, მაგრამ ძალიან კომუნიკაბელური და ზოგჯერ ამას სწორად ვერ იგებდნენ. არადა იმდენ დროს ვერ დავხარჯავ, რომ რამდენიმე გოგონასთან ერთდროულად ვიყო. ადვილი ურთიერთობები მიყვარს. ამან დისკომფორტი არ უნდა შეგიქმნას და შემაწუხებელი არ უნდა გახდეს.

- ქართველი ქალბატონები შემაწუხებლები არიან?

- უმეტესობა კი. ყველაზე რთულად უყურადღებობას იგებენ. მაგრამ გოგოსაც გააჩნია. ხომ შეიძლება, მოგეწონოს და მერე რაღაც დამთავრდეს, ზოგს რთულად ესმის ასეთი რაღაცები.

- ცოლობა უნდათ?

- ყველა ქალს უნდა, კარგი ოჯახი შექმნას.

- ამის გამო თუ დაგიმთავრებია ურთიერთობა?

- არა, მაგრამ ცოლის ფუნქციას რომ იძენს ქალი, მერე უკვე გაწუხებს, მომაბეზრებელია. ამ ეტაპზე ასეა. ყოფილა შემთხვევები, ფეხბურთს არ უყურო, ძმაო... კაცი ვარ და ფეხბურთის ყურება მიყვარს, დალევაც მიყვარს, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ.

- ადვილია, ქართველი გოგონა და­ითანხმო ერთად საცხოვრებლად გადასვლაზე?

- თუ ერთად ცხოვრება გინდათ, გადახვალთ და იცხოვრებთ. ის დრო აღარ არის, რომ ძმები და ბიძაშვილები გაგაცნოს. განვვითარდით და ნორმალური ადამიანები გავხდით (იღიმება).

- რაღაც ძალიან კარგად, მარტივად ცხოვრობ...

- მარტივად არ ვცხოვრობ, ამას ახლა ვლაპარაკობ, თორემ მოსახერხებლად რთულია. მინდა, ასე იყოს და ვეძებ... ვჩალიჩობ, რომ ამ ყველაფერთან მიახლოებული გავხადო ურთიერთობები. ნერვიულობაც ამის თანმდევი ნაწილია.

- სერიალში გამოჩენის შემდეგ ძველი ნაცნობები არ გააქტიურდნენ?

- კი, რა თქმა უნდა, ნათესავებიც მირეკავენ, გიყურებთო. სად იყავი აქამდე, რა მნიშვნელობა აქვს, ვჩანდი თუ არა, ისე მომიკითხე რა. იცი, რა ყურადღებიანები გახდნენ? ეს მთელ მსოფლიოში ასეა.

- ყოფილი შეყვარებულები არ შეგეხმიანენ?

- ვინც მახსოვს, ყველასთან ვმეგობრობ და ახლო კონტაქტი მაქვს. ბაღში ვიღაც თუ მიყვარდა, ის არ მახსოვს. მოწიფულობის ასაკში ვინც მომწონდა, ყველასთან ვმეგობრობ (იღიმება).

- როგორ მეგობრობ?

- ადამიანს, რომელთანაც შენი ცხოვრების რაღაც პერიოდი გაატარე, ხომ არ გადახაზავ. მტრად არავისთან დავრჩენილვარ.

- მე მგონი, დროა, რჩევების წიგნი გამოუშვა მამაკაცებისთვის.

- (იცინის) დააფინანსებთ? საერთოდ, გვიან ღამე კვირაში ერთი გადაცემა რომ გავაკეთო, დავჯდე და ათი წუთი ვილაპარაკო, გაამართლებს.

- სერიალით დავასრულოთ ინტერვიუ. როდიდან გავა ეთერში "ჩემი ცოლის დაქალების" კვირაში ორი სერია?

- აპრილის ბოლოდან, ალბათ უფრო მაისის დასაწყისში. ახალ გმირებზე არ ვფიქრობთ, რადგან სერიალში ბევრი პერსონაჟია და თითოეული მათგანი დასამახსოვრებელია. ჩემი გმირის მომავალი არ ვიცი. კატოს პერსონაჟიდან გამომდინარე, მას სულ უნდა ჰყავდეს თაყვანისმცემლები. მე მინდა, დავრჩე სერიალში, ვგიჟდები გადაღების პროცესზე.

- ეკრანზე თუ უყურებ საკუთარ თავს?

- კი, როგორ არა. ადრე მიჭირდა, ვერ ვუყურებდი. ახლაც სულ დაძაბული ვარ. ჩვენ, როგორც წესი, მთელი გუნდი ერთად ვუყურებთ ახალ სერიას და ვარჩევთ. თავიდან მიჭირს, პირველი სცენის შემდეგ ვწყნარდები.

- წარმატებებს გისურვებ. მე მგონი, შენს თაყვანისმცემელ გოგონებს გავაცანით, როგორია რეალურ ცხოვრებაში სანდრო.

- ადვილი ურთიერთობები, ბევრი სექსი და გართობა... თავის დროზე ოჯახიც იქნება და ყველაფერი. არ არის პრობლემა.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება