იუმორისტი ფიზიკოსის მრავალფეროვანი ცხოვრებისეული გამოცდილება

იუმორისტი ფიზიკოსის მრავალფეროვანი ცხოვრებისეული გამოცდილება

გოგა ვეშაპიძე სერიალში - "შუა ქალაქში" ფიზიკოსი პროფესორის როლს ასრულებს, რომელიც გამუდმებით ექსპერიმენტებს ატარებს. ერთ-ერთის დროს სამეზობლო დენის გარეშეც კი დატოვა... დინჯი ფიზიკოსი რეალურ ცხოვრებაშიც ასეთია, თან - პროფესიითაც ფიზიკოსია; საკმაოდ საინტერესო ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს - ფიზიკის სფეროსა და იუმორშიც...

- გოგა, სერიალში ფიზიკოსის პერსონაჟი სცენარისტებმა სპეციალურად თქვენთვის ხომ არ შექმნეს?

- არ ვიცი, რადგან პერსონაჟის შექმნის პროცესს არ ვესწრებოდი. უბრალოდ, კასტინგის პერიოდში დამირეკეს და მკითხეს: სერიალში მონაწილეობით დაინტერესებული ხომ არ ხარო? წინასწარ არ ვიცოდი, როგორი გმირი უნდა განმესახიერებინა. მივედი კასტინგზე და სერიალში დღემდე შემოვრჩი... რეჟისორი და სცენარისტების გარკვეული ნაწილი მიცნობდა. ამიტომ პერსონაჟს ისეთი სახე მისცეს, რაც ახლა აქვს: ეცადნენ, ჩემს გმირს "მოვრგებოდი". ბევრი თამაში არ მიწევს.

- შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ თავს ასახიერებთ?

- მეტ-ნაკლებად.

- გვითხარით, თქვენს პერსონაჟთან რა საერთო და რა განმასხვავებელი თვისებები გაქვთ?

- მართლა ფიზიკოსი რომ ვარ, შეიძლება, ეს საერთო "თვისებად" ჩაითვალოს. ცხოვრებაშიც ისეთივე წყნარი, დინჯი ვარ, როგორიც - სერიალში. ჩვენ შორის განსხვავებას რაც შეეხება: სხვის სააბაზანოში დასაბანად არ დავდივარ. სერიალში ჩემი გმირის მიერ ნათქვამი ზოგიერთი ფრაზა ვითომ ფიზიკასთანაა დაკავშირებული, სინამდვილეში კი აბსურდულია - მსგავს რაღაცებს არ ვამბობ.

- ვიდრე სერიალში გამოჩნდებოდით, მაყურებელმა ტელეეკრანზე გნახათ "ფუკუსიმასთან" მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით - იაპონიიდან საინფორმაციო პროგრამაში კომენტარს აკეთებდით.

- მიწისძვრის დროს მართლაც, იაპონიაში ვიყავი და იმ დროს მქონდა ჩართვა. თითქმის ორწელიწად-ნახევარი იქ ვცხოვრობდი. საქართველოში შარშან, მარტში დავბრუნდი. სერიალში კი, იმ სერიაში, რომელშიც ჩემი გმირი ვითომ იაპონიაშია წასული, სინამდვილეში გერმანიაში, კონფერენციაზე გახლდით.

- აღნიშნეთ, სერიალის რეჟისორი და სცენარისტების ნაწილი მიცნობდაო.

- დიახ, მათ სტუდენტობის დროიდან ვიცნობ: როცა ფიზიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში), "კავეენსაც" ვთამაშობდი.

- მართალია, რომ "კავეენის" გუნდს მარტო შეეჯიბრეთ და დაამარცხეთ კიდეც?

- გეოლოგია-გეოფიზიკის გუნდს უნდა შევჯიბრებოდით, მაგრამ თამაშის წინა საღამოს ჩვენი გუნდის წევრებმა შეჯიბრებაზე უარი თქვეს: მაინც წავაგებთ და შევრცხვებითო. მე და ჩემი კარგი მეგობარი - პაატა ნებიერიძე ჩემს ბინაში ავედით. სცენარი ერთი კაცისთვის დავწერეთ. რეპეტიციებიც გავიარე. მეორე დღეს შეჯიბრებაზე მივედი, მაგრამ დენი გამოირთო და თამაში ერთი კვირით გადაიდო. გუნდის შესაკრებად დრო უკვე გვქონდა, მაგრამ იდეა, რომ სცენაზე მარტო გამოვსულიყავი, საინტერესო იყო. მსგავსი რამ წინათ არასოდეს მომხდარა. ამიტომ ერთ კვირაში შეჯიბრებაზე გეოლოგია-გეოფიზიკის გუნდის წინააღმდეგ ისევ მარტო გავედი და გავიმარჯვე. სამწუხაროდ, ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერი არ არსებობს. მაშინ კამერა ფუფუნების საგანი იყო.

- თქვენგან განსხვავებით, იუმორის სფეროში მომუშავე ბევრმა ადამიანმა თავისი პირველი პროფესია დაივიწყა. ფიზიკით როგორ დაინტერესდით?

- სპეციალური მუსიკალური სკოლა - ნიჭიერთა ათწლედი დავამთავრე (საყვირის განხრით), მაგრამ ფიზიკის ისეთი კარგი მას-წავლებელი მყავდა, რომ მისი ახსნილი გაკვეთილები ჩემთვის იოლად გასაგები იყო, დავინტერესდი... მერე ფანტასტიკური ჟანრის წიგნი წავიკითხე: ბოროტ მეცნიერს ლაზერის მსგავსი ხელსაწყო აქვს, რომლითაც ყველაფერს ჭრის, რასაც მოისურვებს. მინდოდა, ასეთი ხელსაწყო მეც გამეკეთებინა.

- რის გაჭრას აპირებდით?..

- საერთოდ, ბავშვებს ასეთი იარაღები უყვართ. მაშინ დაახლოებით მეხუთე კლასის მოსწავლე ვიყავი. ფიზიკაში ბევრი რამ თავად ვისწავლე, ძირითადად - ენციკლოპედიიდან. ფარდობითობის თეორიამ დამაინტერესა - "დროის მანქანის" ვარიანტი წარმოვიდგინე. მოკლედ, ფიზიკას შევყევი. მივხვდი, ამ საგნის სწავლა კარგადაც გამომდიოდა. ფიზიკის ფაკულტეტზე ჩაბარება გადავწყვიტე.

- მისაღები გამოცდებისთვის დამოუკიდებლად მოემზადეთ?

- 2 წელი რეპეტიტორთანაც დავდიოდი. ბაკალავრიატი, მაგისტრატურა დავამთავრე. მერე სამსახურს ვეძებდი. ვიცოდი, ფიზიკოსად ვერ ვიმუშავებდი. ჩემი კურსელებიდან ზოგი პროგრამისტი (ბანკში) იყო, ზოგი - მობილური კომპანიის ოპერატორი. რამდენიმე თვე მეც მობილური კავშირის კომპანიაში ვიმუშავე: სიმბარათის ნომერთან ტელეფონის ნომრის შესაბამისობაში მოყვანა და მაღაზიებში გაგზავნა მევალებოდა. შემდეგ "მეკუჭნავედ" გადამიყვანეს.

- მოსაწყენი სამსახური გქონდათ?

- ძალიან! მერე საბედნიეროდ, "შემამცირეს" (იღიმის). იმ პერიოდში მაგისტრატურაში ვსწავლობდი. ამასობაში, ერთ-ერთ კერძო კომპანიაში დავიწყე მუშაობა. შემდეგ იქიდანაც წამოვედი. ბანკში სამსახურს ვეძებდი, როცა უნივერსიტეტში განცხადება გამოაკრეს - იაპონელ პროფესორს (ექსპერიმენტატორს) იაპონიაში სტუდენტის წაყვანა უნდოდა (ასპირანტურაში სწავლის გასაგრძელებლად). კონკურსანტებმა გამოცდა (რომელიც 3 დღეს გაგრძელდა) გავიარეთ. გადაწყდა, რომ სტუდენტებიდან იაპონიაში მე წავიდოდი. მოკლედ, 2 კვირაში ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა. იაპონელი პროფესორი საქართველოში რომ არ ჩამოსულიყო ან კონკურსში მონაწილეობა არ მიმეღო, დღეს ალბათ, ბანკში პროგრამისტად ვიმუშავებდი. იაპონიაში გავემგზავრე და იქ 4 წელზე მეტხანს ვიცხოვრე. ტოკიოს "მეტროპოლიტენ უნივერსიტეტში" ვსწავლობდი (ექსპერიმენტატორად ვმუშაობდი, ატომური ფიზიკის მიმართულებით).

- სწავლის გარდა, იაპონიაში რითი იყავით დაკავებული?

- იქ არ მყავდა ჩემი სოციალური წრე - მეგობრები, ვისაც დიდი ხანია, ვიცნობდი. ბიბლიოთეკიდან წიგნს ვერ გამოვიტანდი - იაპონურად წერა-კითხვა არ ვიცოდი. ინგლისურ ენაზე გამოცემული წიგნების მაღაზია ტოკიოს ცენტრში იყო და იქ მივდიოდი ხოლმე. 5-6 თვე მარტო ვცხოვრობდი, შემდეგ კი ოჯახიც (მეუღლე და 2 წლის ბიჭი) იაპონიაში წავიყვანე. ახლა უკვე 2 ბიჭი მყავს.

- მეორე შვილი იაპონიაში შეგეძინათ?

- არა, საქართველოში, 2005 წელს შემეძინა.

- სწავლების კურსს ინგლისურ ენაზე გადიოდით?

- ბევრი ლექცია არ მქონდა. ძირითადად, ლაბორატორიულ, კვლევით სამუშაოს ვასრულებდი. საერთაშორისო ჟურნალებიდან სტატიების კითხვა ინგლისურ ენაზე მიწევდა. სალაპარაკო იაპონური ვისწავლე. ძალიან რთული არაა. შეიძლება, სტრუქტურულად ქართულს ჰგავს კიდეც. სტუდენტებთან და ხელმძღვანელთანაც იაპონურ ენაზე ვურთიერთობდი, თუმცა არსებობდა ვერგაგების საშიშროება.

- თქვენი ოჯახი იაპონიაში ცხოვრებას როგორ შეეგუა?

- ჩემს მეუღლეს იქაურობა ძალიან მოეწონა. მეგობრები გაიჩინა. ჩვენი ერთ-ერთი მეზობელი ალჟირელი იყო, მისი ქმარი - იაპონელი; მათი გოგონა დაახლოებით, ჩემი ბიჭის ასაკისაა. ამ ოჯახთან დღესაც ვმეგობრობთ.

- მიწისძვრის პერიოდში იაპონიაში როგორ აღმოჩნდით?

- ეს ამბავი იაპონიაში ჩემი მეორე ვიზიტისას მოხდა. "მეტროპოლიტენ უნივერსიტეტში" სწავლა რომ დავასრულე, დისერტაცია დავიცავი და საქართველოში დავბრუნდი. შემდეგ, ამერიკაში, კანზასის უნივერსიტეტში 3 წელი ვიმუშავე - დაქირავებული მკვლევარი ვიყავი. იქაც ბევრი რამ ვისწავლე. იაპონიაში მეორედ რომ გავემგზავრე, სხვა უნივერსიტეტში მუშაობა დავიწყე. იქაც კვლევით სამუშაოს ვასრულებდი. მიწისძვრის დროს ლაბორატორიაში ვიყავი. მეგონა, თავბრუ მეხვეოდა - თავი კარგად ვერ ვიგრძენი. მერე დავინახე, რომ კაბელი ქანაობდა. მივხვდი, მიწისძვრა იყო. გარეთ გავედი. სხვებიც გარეთ იყვნენ... 15 წუთში ყველამ ჩვეულებრივად განვაგრძეთ მუშაობა - რაღა უნდა გვექნა?!. ლაბორატორიას სქელი კედლები აქვს. იქ მობილური ტელეფონი კარგად არ მუშაობს. საღამოს შინ დაბრუნებულს ტელეფონზე ბევრი ზარი და შეტყობინება დამხვდა. თურმე საქართველოდან ჩემთან დაკავშირებას ცდილობდნენ, აინტერესებდათ, როგორ ვიყავი. ტელევიზიით, ინტერნეტით შევიტყვე, რაც მოხდა. ცუნამიმ კი ჩაიარა, მაგრამ ბირთვული რეაქტორის კრიზისი დიდხანს გაგრძელდა და სახიფათო იყო, რომ გარემო დაბინძურდებოდა. საქართველოში დაბრუნება ერთი კვირით დავაჩქარე.

- მას მერე იაპონიაში აღარ ყოფილხართ?

- არა.

- ამჟამად თქვენს კარიერაში რა ხდება?

- აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში (რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეკუთვნის) ვმუშაობ.

- მეუღლე რას საქმიანობს?

- განათლებით მუსიკოსია - ფორტეპიანოზე უკრავს. უცხო ენების ფაკულტეტზეც (გერმანულის განხრით) ჩააბარა, მაგრამ სწავლის დასრულება არ დასცალდა - იაპონიაში გავემგზავრეთ. ახლა სკოლაში ბავშვებს იაპონურ ენას ასწავლის...

- გოგა, სერიალის გარდა, ტელემაყურებელს "ბუდარიიდანაც" ახსოვხართ.

- რა ვიცი, ვახსოვარ (იღიმის)?.. "ბუდარიას" ვინც "აკეთებდა" (ალეკო მალხაზიშვილი, ბაკურ სვანიძე...), ყველანი ვმეგობრობდით, "კავეენში" ვთამაშობდით. "ბუდარიის" გარკვეულ სცენებში ვმონაწილეობდი...

- ვიდრე ფიზიკოსის კარიერას აიწყობდით და სამსახურს ეძებდით, იმ პერიოდში, იუმორის სფეროში მუშაობის გაგრძელებაზე არ გიფიქრიათ?

- ახლა ყველა ტელეარხს ერთი ან მეტი იუმორისტული გადაცემა აქვს, მაშინ ასე არ იყო - იუმორის სფერო დიდად არ ფასდებოდა. მერე იაპონიაში წავედი და იუმორისტობას იქ ხომ არ განვაგრძობდი?! იაპონელებს სხვანაირი იუმორი აქვთ - სულ სხვა "სიმებზე უკრავენ".

- იაპონური იუმორი არ მოგეწონათ?

- რაღაცები მომეწონა. ზოგი იუმორისტული ნომერი სანახაობრივია - სკეტჩების სახითაა დადგმული. "კომედი შოუს" მსგავსი გადაცემაც ჰქონდათ.

- სერიალში თქვენი პერსონაჟი დინჯი ადამიანია; აღნიშნეთ, თავადაც ასეთი ვარო. გადაღების დროს არ გაგცინებიათ?

- ამას წინათ ეთერში ის სერია გავიდა, სადაც თითქოს დენი გამორთულია და პაატას სახლში, აკუმულატორზე შეერთებული ტელევიზორით რაგბის თამაშს ვუყურებთ. მოგეხსენებათ, სერიალის ერთ-ერთი პერსონაჟი - ფრიდონი რაგბის ქომაგია. "ემოციებში" იყო და იმდენი იხტუნავა, რომ ტახტი ჩაინგრა. თავი ვეღარ შევიკავე - მეცინებოდა (იღიმის)... ეს კადრში ჩანს კიდეც.

- თქვენი პერსონაჟის მსგავსად, საშიშ ექსპერიმენტებს თუ ატარებთ?

- საშიში აპარატურისთვისაა - შეიძლება, რაღაც გაფუჭდეს. ერთხელ მუშაობისას, ჯანმრთელობისთვის სახიფათო სითხე თვალში შემესხა. ძალიან ვინერვიულე. ექიმთან გამაქანეს. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.

- ერთმანეთისგან განსხვავებულ ორ სამუშაოს ერთმანეთს როგორ უთავსებთ?

- ცხოვრებისეული გამოცდილება რაც უფრო მრავალფეროვანია, მით უკეთესია.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება