რაზე ოცნებობენ ეკა ანდრონიკაშვილი და მეგრელა

რაზე ოცნებობენ ეკა ანდრონიკაშვილი და მეგრელა

მსახიობები - ეკა ანდრონიკაშვილი და გიორგი მეგრელიშვილი დიდი ხნის მეგობრები არიან. ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როცა აბიტურიენტი გიორგი მეოთხეკურსელმა ანუ უკვე გამოცდილმა სტუდენტმა ფოიეში შენიშნა და წინასაგამოცდო "რეპეტიცია" ჩაუტარა. მას მერე ერთად ბევრ სპექტაკლში ითამაშეს, შემდეგ მათი სატელევიზიო დუეტიც შედგა... ბოლო პერიოდში გიორგიმ საკუთარ სცენარზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, ეკა კი სიახლეებს "ბოლივუდის" წარმომადგენლებისგან ელოდება.

ეკა:

- კარგად მახსოვს: ინსტიტუტის ფოიეში სკამზე ერთი პატარა ბიჭი იჯდა და რაღაცას ელოდებოდა. ვკითხე, - წელს აბარებ-მეთქი? - მერე კი დავარიგე, დავამშვიდე...

გიორგი:

- როცა აბიტურიენტს ასეთ ყურადღებას გაქცევენ, სხვანაირად გამახსოვრდება. მერე საერთო პროფესიამ უფრო დაგვაახლოვა, დაგვამეგობრა.

ეკა:

- პირადად მე, ვიდრე თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარებდი, მსახიობმა გოგა გველესიანმა დამმოძღვრა. ეს რაღაც ნათლობასავით იყო...

- როგორი მეგობრები ხართ?

გიორგი:

- არიან კოლეგები, მეგობრები, რომლებთანაც მართლა კომფორტულად ვგრძნობ თავს და ეკა ერთ-ერთი მათგანია. სხვათა შორის, ახლა მის სააგენტოსთანაც ვთანამშრომლობ.

ეკა:

- მართალია, ვმეგობრობთ, მაგრამ სულაც არ გვაქვს მარწყვივით ტკბილი ურთიერთობა; ზოგჯერ ვკამათობთ კიდეც. ვფიქრობ, ასეთი ურთიერთობა უფრო ბუნებრივი და საინტერესოა, ვიდრე ისეთი, როცა ადამიანები ერთმანეთს ყველაფერში ეთანხმებიან.

- როგორ დაახასიათებთ გიორგის?

- ერთი რამ ნამდვილად ვიცი: როცა პროფესიული თვალსაზრისით სანდო პარტნიორი დამჭირდება, აუცილებლად გიორგი გამახსენდება. ის ნიჭიერია და ღრუბელივით ისრუტავს ყველაფერს, რჩევას ყოველთვის შესაბამისად იგებს და ითვალისწინებს. მასში ის თვისებაც მომწონს, რომ ყოველთვის სიახლეს ეძებს; დარბის, ვარჯიშობს, საკუთარ თავზე მუშაობს და ცდილობს, მეტი ისწავლოს. რაც შეეხება უარყოფით თვისებებს, ცოტა უცნაური ადამიანია, ბუტიაა.

გიორგი:

- თუ ადამიანი დაუმსახურებლად მისაყვედურებს, ამის გამო შეიძლება გავებუტო. პირადად მე, ყოველთვის ვცდილობ, არავის ვაწყენინო.

ეკა:

- გიორგისთან ურთიერთობისას რაღაცები უნდა აწონ-დაწონო, თორემ ზოგჯერ ცოტა არაადეკვატურიცაა და შეიძლება, რაღაც სხვანაირად გაიგოს (იცინის)... მე მშვილდოსანი გახლავართ და რაც თავში მომივა, იმას ვამბობ ხოლმე. ჰოდა, ამის გამო არაერთხელ დავზარალებულვარ.

- გიორგი, როგორც ვიცი, თეატრში აღარ მუშაობთ. სცენა რატომ მიატოვეთ?

- არ მსურს ამ თემაზე ლაპარაკი... კინოხელოვნებამ, ტელევიზიამ გამიტაცა. თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ მალე ჩემთვის სასურველ თეატრში სასურველ როლს შემომთავაზებენ... მსახიობებისგან ბევრჯერ მსმენია, რომ იმ როლს არ ათამაშებენ, რაც მათ უნდათ. ეს მგონი, ყველაზე დიდი პრობლემაა: ერთია, თუ როგორ ხედავ საკუთარ თავს სარკეში და მეორე - როგორ გხედავენ რეჟისორები. როცა ახალგაზრდა ხარ, ყველაფერზე მიდიხარ, მაგრამ ასაკისა და გამოცდილების მატებასთან ერთად, სხვანაირად იწყებ ფიქრს... ამას წინათ მომინდა, კინოსცენარი დამეწერა, რომელიც ეროვნულ კინოცენტრში მივიტანე და 80-დან 59 ქულა მივიღე. ამან სტიმული მომცა, რომ პატარა კამერით, დიდი გულითა და მეგობრების წყალობით ამ სცენარის საცდელი, ინგლისურენოვანი ვერსია გადამეღო. ამ ნამუშევრით მინდა, რეჟისორებსა და პროდიუსერებს ჩემი სათქმელი ვუთხრა.

- თქვენს ნამუშევარს ვინმე თუ გამოეხმაურა?

- კომპეტენტურმა ხალხმა ნახა და აზრი გამიზიარა. შენიშვნებიც მივიღე, მაგრამ ნამდვილად არ უთქვამთ, - მეორედ კამერა ხელში არ აიღოო. ეს 12-წუთიანი ფილმი "მზესუმზირის"ბოლო ბლოკში გაუშვეს - ანუ პრემიერა "მზეზე"შედგა.

ეკა:

- ვფიქრობ, დღეს ამა თუ იმ თეატრში იდეების ნაკლებობაა. სხვისთვის არ ვიცი, მაგრამ პირადად ჩემთვის მთავარია, ვნახო კარგი სპექტაკლი და არა - საოცრად გაკეთებული, მაღალ დონეზე გარემონტული დარბაზი ან ფოიე.

- ბოლო დროს, ჟურნალისტების ნაცვლად, გადაცემების წამყვანებად მსახიობები გვევლინებით. კინოსა თუ თეატრში მიღებული გამოცდილება პირდაპირ ეთერში მუშაობისას რამდენად გეხმარებათ?

გიორგი:

- ამპარტავნობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ "მზის სახლს"ხალხი მე და ეკას გამო უყურებდა. ვფიქრობ, ასეთ პროექტში მონაწილეობა იმ ადამიანებმა უნდა მიიღონ, რომლებსაც ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ და კარგი გაგებით, "გიჟებიც"არიან. "მზის სახლს"დისკუსიები მოუხდებოდა, მაგრამ პროექტში მონაწილე ადამიანები ერთმანეთის საუბარს მშვიდად, გუგულებივით უსმენდნენ ანუ იქ ინტრიგა არ იყო, ინტრიგა!

ეკა:

- ჩემი აზრით კი - ამ პროექტს მაყურებელი უჩვენოდაც ეყოლებოდა, რადგან ხალხს რეალობა, სხვისი ცხოვრება აინტერესებს... პირდაპირ ეთერში მუშაობა საოცრად საინტერესო და ამავდროულად, საპასუხისმგებლოცაა - უამრავი ადამიანი გიყურებს და ერთი შეცდომაც არ გეპატიება.

გიორგი:

- მოკლედ, კარგი პროექტი იყო, მაგრამ ზოგჯერ "მზის სახლი"კი არა, ნამდვილი ჯოჯოხეთი გახლდათ (იცინის). სატელევიზიო პროექტი, რომელსაც კიდევ ერთხელ, თანაც - სიამოვნებით წავიყვანდი, "ექსტრასენსთა ბრძოლაა", მაგრამ კინოსა თუ სერიალში მონაწილეობა ყველაფერს სჯობს.

- ტელეეკრანზე ქართული სერიალიც მომრავლდა, მაგრამ თქვენ რატომღაც, არსად ჩანხართ. რა არის ამის მიზეზი?

- კასტინგებზე კი მივდივართ ხოლმე, მაგრამ ჯერჯერობით არავინ შეგვხმიანებია.

ეკა:

- სხვათა შორის, "კანალ პიკზე"რუსული სერიალის გადაღება იწყება, სადაც ძალიან საინტერესო როლი შემომთავაზეს. ტექსტი ამოვბეჭდე, სწავლა დავიწყე და მერე გაირკვა, რომ თურმე ჩემს პერსონაჟს სომხეთიდან მოწვეული მსახიობი ითამაშებს. ამ ფაქტით გაკვირვებული დავრჩი... კინო და კამერა ძალიან მიყვარს, მაგრამ სცენასაც თავისებური მუღამი აქვს: საოცარი გრძნობა გეუფლება, როცა დარბაზს ფლობ... რაც შეეხება ჩემს სააგენტოს - "ჯე-არტი""ბოლივუდის"წარმომადგენლებს ელოდება. ისინი საქართველოში ჯერ კლიპების გადაღებას აპირებენ, ზაფხულში კი სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობას დაიწყებენ, რომელშიც როგორც ქართველი, ასევე ინდოელი მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას. ფილმში სასიყვარულო ამბავი იქნება მოთხრობილი. სცენარი მათ ეკუთვნით.

- ბოლოს რომელ სპექტაკლში ითამაშეთ ერთად?

- "ვაკის სარდაფში", სპექტაკლში - "სხვა მთვარე"ვითამაშეთ. გიო ხშირად წუწუნებს: კინო მინდა, კარგი კინოო! მეც მინდა, მაგრამ...

გიორგი:

- (აწყვეტინებს) იმას, რაც გულით მინდა, აუცილებლად მივაღწევ - ღმერთის, ბედის, იღბლის, მეგობრებისა და კოლეგების დახმარებით!

ეკა:

- ერთ წიგნში წერია: როცა რაღაც ძალიან გინდა, "კოდი" სივრცეში უნდა გაუშვა, მერე კი იცხოვრო შენი ცხოვრებით და ადრე თუ გვიან, ოცნება აუცილებლად აგიხდებაო. მეც ამის მჯერა! ჰოდა, ამ იმედით ვცხოვრობ და კარგ შემოთავაზებებს ველოდები!

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება