კოკო როინიშვილი: "ანი ერთადერთი ადამიანია, ვისაც ჩემი გაცხარება შეუძლია"

კოკო როინიშვილი: "ანი ერთადერთი ადამიანია, ვისაც ჩემი გაცხარება შეუძლია"

კოკო როინიშვილმა და ანი იმნაძემ ერთმანეთი თეატრალურ ინსტიტუტში გაიცნეს. მათი დაახლოება კი სერიალ "მესამე თაობის" გადაღებებზე მოხდა, რომელიც "პირველი არხის" ეთერში გადიოდა. დღეს წყვილი კოკოს დედის, თამრიკო ჭოხონელიძის ბინის გვერდით სადარბაზოში ცხოვრობს და დამოუკიდებლად უმკლავდება საოჯახო საქმეებს.

ჩვენ ახალბედა წყვილს შინ ვესტუმრეთ და რეიტინგული დაკითხვა მოვუწყვეთ.

- სად და რა ვითარებაში გაიცანით ერთმანეთი?

ანი:

- თეატრალურ ინსტიტუტში გავიცანით ერთმანეთი. დავახლოვდით სერიალ "მესამე თაობის" გადაღებებზე.

კოკო:

- თეატრალურ ინსტიტუტში ვნახე ანი პირველად. მერე სერიალ "მესამე თაობის" გადაღებებზე დავახლოვდით.

- როგორი იყო შენი პირველი შთაბეჭდილება მასზე? რით დაგამახსოვრა თავი? როგორ გგონია, მას რა წარმოდგენა შეექმნა შენზე?

ანი:

- ვერ ვიტყვი, რომ თავიდანვე სიმპათიები გამიჩნდა მის მიმართ, როგორც ქალს კაცის მიმართ. დამამახსოვრდა ერთი დეტალი, ინსტიტუტში კარი გამომიღო და გზა დამითმო, ჯენტლმენობა გამოავლინა... მე რით დავამახსოვრე თავი? არ ვიცი.

კოკო:

- ძალიან ლამაზია და მომეწონა. მე მგონი, ვერ მივიქციე მისი ყურადღება. თეატრალურის აივნიდან იყურებოდა ანის მეგობარი და დაუძახა თურმე, ნახე, რა კაი ბიჭიაო, ჩემზე. ანიმ გადმოიხედა, არი რააო, უთქვამს და შესულა.

- ვინ გამოტყდა პირველი სიყვარულში?

ანი:

- კოკო. სიტუაციაც კარგად მახსოვს, მაგრამ ძალიან პირადულია, არ მინდა ამაზე ლაპარაკი.

კოკო:

- მე. ჩავეხუტე და ვუთხარი, მგონი შემიყვარდი-მეთქი.

- თუ იცი, რამდენჯერ ჰყვარებია შენამდე? შენ?

ანი:

- კოკოს ბევრი შეყვარებული ჰყავდა ჩემამდე (იცინის), მაგრამ სერიოზულად ალბათ ერთხელ უყვარდა ჩემამდე, მეც მყავდა მანამდე შეყვარებული, მაგრამ კოკოსავით არავინ მყვარებია.

კოკო:

- როგორც თვითონ ამბობს, არც ერთხელ. მე ერთხელ მიყვარდა.

- ქათინაურებით თუ ანებივრებთ ერთმანეთს? რომელი უფრო გულუხვია ამ მხრივ?

ანი:

- ორივე ერთნაირად.

კოკო:

- ორივე თანაბრად.

- რა მეტსახელით მიმართავთ ერთმანეთს?

ანი:

- ხუმრობით რაღაც სისულელეებს ვეძახით ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ არ მინდა ამის თქმა. რისი თქმაც შეიძლება, ეს არის "ჩემო".

კოკო:

- "პრუტუკას" ვეძახით ერთმანეთს ხუმრობით (იცინიან), ანიკოს ვეძახი კიდევ "ჩემოს".

- როდის აქვს დაბადების დღე? შენ?

ანი:

- 9 დეკემბერს. მე - 15 ივლისს.

კოკო:

- 15 ივლისს. მე - 9 დეკემბერს.

- რა აჩუქე ბოლოს დაბადების დღეზე? მან რა გისახსოვრა?

ანი:

- ჩარჩოში ჩავსვი ჩვენი ფოტოები, წარწერები, ლექსი, რომელიც მან მომიძღვნა, პატარა ნივთები და ეს ვუსახსოვრე. კოკომ თეთრი კედები და გრძელი ქვედაბოლო მიყიდა.

- გრძელი რატომ, მოკლეებზე გართულება აქვს?

- არა, უბრალოდ იცის, რომ კედებზე გრძელი ქვედაბოლო მომწონს. საერთოდ ჩაცმის მხრივ პრეტენზიული არ არის.

კოკო:

- (ფიქრობს) აუ, არ მახსოვს. ირლანდიურ ბარში ვიყავით, ტანგო ვიცეკვეთ, კარგი დრო გავატარეთ, მაგრამ რა ვაჩუქე არ მახსოვს. ანიმ ჩვენი ფოტოების, ნაჯღაბნების და პატარა სუვენირების კოლაჟი გააკეთა და ჩარჩოში ჩამისვა.

- მისი საყვარელი კერძი? შენი?

ანი:

- ხორციანი კერძები უყვარს; ჯონსი, კიევური კატლეტი. მე სალათის ფურცლების სალათი მიყვარს კიტრით და შემწვარი კარტოფილი არაჟნით.

კოკო:

- სალათის ფურცლები უყვარს, კიტრი. მე ხორციანი საჭმელები მიყვარს: ჯონსი, კიევური კატლეტი.

- გაბრაზებას როგორ გამოხატავს? შენ?

ანი:

- არ ყვირის, ჩუმად დადის ხოლმე, იბუტება. არც მე ვყვირი. მეც ჩუმად ვარ. სერიოზული სახით დავდივარ ხოლმე.

კოკო:

- ჩუმია. მაგრამ ამ სიჩუმეს მირჩევნია იყვიროს. ეს სიჩუმე ყველაზე მეტად "მირტყამს". მე ვცხარდები, როცა ვბრაზობ, მაგრამ ანი ერთადერთი ადამიანია, ვისაც ჩემი გაცხარება შეუძლია. ხშირად ნამდვილად არ მაბრაზებს. თან, როგორც ამბობენ, მეც არ მაქვს კარგი ხასიათი (იღიმება).

- როცა რაიმეზე ვერ თანხმდებით, ვინ უფრო ხშირად თმობს?

ანი:

- კოკო იტყვის - მეო. მე ვამბობ, რომ მე (იცინის).

კოკო:

- ნუ, ანი ალბათ იტყოდა, რომ ის, მაგრამ მე ვამბობ, რომ მე.

- რას გსაყვედურობს ხშირად? შენ მას?

ანი:

- (ფიქრობს) არ უყვარს, როცა ტელეფონზე არ ვპასუხობ. ოღონდ სპეციალურად კი არ ვაკეთებ ამას, არ მესმის ზოგჯერ. კოკოს არ ესმის, რომ ზოგჯერ შეიძლება ქუჩაში იყო ან ხალხმრავალ ხმაურიან ადგილას და ვერ გაიგო მობილურის ხმა. ათას სისულელეს წარმოიდგენს ხოლმე, რომ რაღაც დამემართა. მარტო ჩემზე კი არა, ყველაზე სჭირს ეს გართულება, მარიამმა ან თამრიკომ თუ არ უპასუხეს ტელეფონზე, ამაზეც ბრაზობს. მე, რომ იბუტება, იმას ვსაყვედურობ.

კოკო:

- (დიდხანს ფიქრობს) მგონი, კარგი ბიჭი ვარ, არ ვიმსახურებ საყვედურებს. მეც არ ვსაყვედურობ ანის.

- ბოლოს რაზე იკამათეთ?

ანი:

- ამ დილით ვიკამათეთ იმაზე, სამზარეულოში უნდა ესაუზმა თუ სასტუმრო ოთახში. მას სასტუმრო ოთახში უნდოდა, გამოვუტანე საუზმე და ისევ სამზარეულოში შეიტანა. ამ შემთხვევაში ორივემ დავთმეთ. ჯერ მე და მერე მან (იცინის).

კოკო:

- საუზმეზე (იცინიან). მე მინდოდა სასტუმრო ოთახში მესაუზმა. ანი სამზარეულოსკენ მექაჩებოდა. მოკლედ სისულელეზე ვიკამათეთ.

- ბოლოს ვინ დათმო?

- ჯერ ანიმ დამითმო და მერე მე დავთმე.

- რისი ფობია აქვს? შენ?

ანი:

- ვირთხებისა და თაგვების გვეშინია ორივეს, თან ძალიან. სულ ვფიქრობ, ერთად რომ ვიყოთ და სადმე თაგვი დავინახოთ, რა გვეშველება, ვინ ვის უშველის, არ ვიცი.

კოკო:

- ვირთხებისა და თაგვების გვეშინია ორივეს.

- რისი გაკეთება გეზარება საოჯახო საქმეებიდან ყველაზე მეტად?

ანი:

- გარდერობის მოწესრიგება.

- კოკო გეხმარება საოჯახო საქმეებში?

- ნუ, ვერ ვიტყვი, რომ სულ გვ­ე­რდში მიდგას, მაგრამ როცა სტუმრები გვიან მიდიან და მაგიდა ასალაგებელი რჩება, ჭურჭლის სამზარეულოში გატანაში მეხმარება.

კოკო:

- გარდერობის დალაგება. მე მძიმე საქმეებში ვეხმარები. ჭურჭელს არ ვრეცხავ. ამასწინათ ავად იყო და სარეცხი გავფინე მშვენივრად.

- რომელ საიტს სტუმრობს ინტერნეტით ხშირად? შენ?

ანი:

- ბარსელონას საფეხბურთო გუნდის საიტს სტუმრობს. მეც ამ საიტზე შევდივარ ხშირად. გუშინაც ერთად ვუყურეთ "ბარსელონა"-"ჩელსის" შეხვედრას.

კოკო:

- "ფეისბუქა" დავარქვი, სულ იქ ზის. მე "ბარსას" საიტზე შევდივარ ხოლმე.

- სად გაისეირნეთ ბოლოს მხოლოდ თქვენ ორმა?

ანი:

- თავისუფალ თეატრში ვიყავით. "რვა შეყვარებული ქალი" ვნახეთ. ჩვენი მეგობარი სალომე ჭულუხაძე თამაშობს და მან დაგვპატიჟა.

კოკო:

- რუსთაველზე ვისეირნეთ, პურის მოედანზე ვსეირნობთ ხოლმე. ბოლოს თავისუფალ თეატრში ვიყავით სპექტაკლზე "რვა შეყვარებული ქალი".

- ეჭვიანია? შენ?

ანი:

- ზომიერად ეჭვიანია. ქუჩაში ვიღაცამ რატომ შემოგხედაო, მაგაზე არ ბრაზობს. ადრე სერიალში რომ ვთამაშობდი, თუ ვინმე ფეისბუქზე კომპლიმენტებს მწერდა, ეს დიდად არ სიამოვნებდა.

- საიდან იგებდა, ვინ რას გწერდა ფეისბუქზე? შენი პაროლი იცის?

- არა, ერთმანეთის მესიჯების ნახვა და პაროლების გამხელა ჩვენთან არ ყოფილა. ეს არ გვჭირდება, ვენდობით ერთმანეთს. მე საერთოდ არ ვარ ეჭვიანი. მიზეზი არც ერთს არ გვქონია, რომ ერთმანეთი ვაკონტროლოთ და ეჭვიანობის სცენები გავუმართოთ. უბრალოდ კოკო ბუნებით არის ეჭვიანი.

კოკო:

- არა. ჩემზე უფრო ითქმის ეჭვიანი, მაგრამ ანიზე კი არ ვეჭვიანობ, სამყაროსადმი მაქვს უნდობლობა. ანის იმედი კი მაქვს, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოიქცევა სხვა და ამის გამო ვნერვიულობ, როცა მარტო მიდის სადმე. მერე მეუბნებიან, ეჭვიანი ხარო.

- ზარმაცია? შენ?

ანი:

- ზარმაცი არა, უფრო დაბნეულია. დედაჩემი სულ მეუბნებოდა, წინ გიდევს და ვერ ხედავო. ჩემზე უარესს თუ ვიპოვიდი, რას წარმოვიდგენდი. კოკო უარესი ყოფილა (იცინის). მე რაც შემეხება, მეგონა მეტად ზარმაცი ვიყავი, რადგან სახლში დედა მანებივრებდა, არაფრის გაკეთება არ მიწევდა. მაგრამ როცა დამჭირდა, ყველაფერი გავაკეთე. მსიამოვნებს კიდეც საჭმლის მომზადება, სახლის დალაგება. მარტო ვცხოვრობთ და ნორმალურად ვართმევ თავს საქმეს.

კოკო:

- არა. მე უფრო ზარმაცი ვარ. დაბნეულიც ვარ. ვერაფერს ვერ ვპოულობ. ანიც ეგეთია. ყველაფერი დაკარგული გვაქვს სახლში (იცინიან). ისე, ანი უფრო მოხერხებულია მაგ საკითხში.

- რაზე წუწუნებს ხშირად? შენ?

ანი:

- ორივე ვწუწუნებთ მაშინ, როცა გვშია და ჭამას ვერ ვახერხებთ. კუჭი მაინც თავისას შვება (იცინის).

კოკო:

- არ უყვარს ანის წუწუნი. მე უფრო მაქვს ხასიათში ეს თვისება.

- როგორ გგონიათ, რამდენად დაემთხვევა თქვენი პასუხები ერთმანეთს?

ანი:

- 69-80%-ით, ალბათ.

კოკო:

- იმდენ შეკითხვას ვერ გავეცი პასუხი... 60-65%-ით ალბათ.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება