ცნობილი სერიალი "სასოწარკვეთილი დიასახლისები" დასრულდა. პროექტი ეკრანზე 8 წლის განმავლობაში გადიოდა. მსახიობებმა გადაღებების ბოლო დღე აღნიშნეს. 37 წლის ევა ლონგორიამ, რომელიც სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირია, იტირა კიდეც.
გადაღებების ბოლო დღე ემოციური არა მხოლოდ ევასთვის, გადამღები ჯგუფისთვისაც აღმოჩნდა. ფოტოებზე, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, კარგად ჩანს, თუ როგორ ემშვიდობებიან ერთმანეთს სერიალის მონაწილეები და შემქმნელები.
მსახიობებმა განაცხადეს, რომ ეს დღე მათ არასოდეს დაავიწყდებათ. ისინი სერიალს "ტვიტერზე" დაპოსტილ სტატუსებში დაემშვიდობნენ.
ლონგორიას გარდა, ცრემლები ვერ შეიკავეს პროექტის სხვა მონაწილეებმაც. მათ შორის მედისონ დე ლა გარზამ, რომელმაც განაცხადა, რომ "ამ სულელური შოუს ბოლო დღემ აატირა".
"სასოწარკვეთილი დიასახლისები" ტელეარხ ABC-ს პროექტია და 2004 წლიდან გადის. სერიალს სხვადასხვა დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის 2 "ოქროს გლობუსი" და 6 Emmy.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.