8 აპრილს რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმმა "ნეტავ იქ თეატრი არის?!" საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში რუსეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო "ნიკა" მოიპოვა. ფილმი საქართველოს კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ის მხატვრულ-დოკუმენტურია და კავსაძეების ოჯახის ტრაგიკულ ბედზე მოგვითხრობს. ფილმის წარმატება მით უფრო მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს შორის მეტად დაძაბული ურთიერთობის ფონზე. საქართველოს კინოსადისტრიბუციო კომპანიას, რომელსაც ჩვენში წარმატებული კინოპროდუქციის შემოტანა და პოპულარიზაცია ევალება, ამ ფილმის კინოთეატრებში ჩვენება ხანგრძლივი დროით უნდა დაეგეგმა, მაგრამ შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს რეჟისორისთვის არც მიუმართავთ...
ნანა ჯანელიძე, ფილმის რეჟისორი:
- მთელი ოქტომბერ-ნოემბერი და იანვარი ვუკავშირდებოდი ბატონ გუგა ფუტკარაძეს და ის მეუბნებოდა, რომ ფილმი კომერციული თვალსაზრისით მოგებიანი არ არისო. ეტყობა, კინოსადისტრიბუციო კომპანია სხვა კანონებით ცხოვრობს. ფილმის საპრემიერო ჩვენება თბილისში უკვე გაიმართა, მაგრამ ასეთი დიდი აღიარების შემდეგ მის მიმართ საზოგადოების ინტერესი, ბუნებრივია, გაიზარდა. მცირე დარბაზზეც თანახმა ვიყავი, რომ იქ თუნდაც ერთი დღე მოეწყოთ ჩვენება. პრემიერის შემდეგ გამუდმებით მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, ამ ფილმს ფართო მაყურებლისთვის რატომ არ აჩვენებთო. რაც შეეხება ტელევიზიით ჩვენებას, ხშირი სარეკლამო ჭრის გამო იქ გასაშვებად მენანება.
გუგა ფუტკარაძე, კინოსადისტრიბუციო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი:
- ჯერჯერობით არ არის დაგეგმილი, როდის გავუშვებთ ამ ფილმს კინოთეატრების ეკრანებზე. საზოგადოების დაინტერესების შემთხვევაში, ფილმის პროდიუსერი და კინოთეატრის ხელმძღვანელობა ერთად გადაწყვეტენ, კომერციული თვალსაზრისით ის მოგებიანი იქნება თუ არა.
- საზოგადოების დაინტერესება ახსენეთ. ვინ და რა მექანიზმით დაადგენს, დაინტერესებულია თუ არა ამ ფილმით მაყურებელი?
- როგორ გითხრათ, დაინტერესების შემთხვევაში, თხოვნით უნდა მოგვმართონ.
- აი, მაგალითად, მე, ჟურნალისტი და ჩემი მეგობრები, რომლებსაც გვაინტერესებს ამ ფილმის ფართო ეკრანზე ნახვა, წარმოვადგენთ თუ არა დაინტერესებული საზოგადოების ნაწილს?
- რა თქმა უნდა, საზოგადოების ნაწილი ხართ.
- კეთილი... გარდა ამისა, მასალაში, რომელსაც ამ თემაზე დავწერ და გაზეთ "ყველა სიახლეში" დაიბეჭდება, საზოგადოებაში პოპულარული ადამიანების თვალსაზრისსაც გაგაცნობთ.
- კი ბატონო, სიამოვნებით გავეცნობი.
არჩილ შუბაშვილი, საქართველოს კინოკავშირის თავმჯდომარის მოადგილე:
- ეს ფილმი მრავალი მიზეზის გამო უნდა ნახოს მაყურებელმა. პირველ რიგში, ეს არის მხატვრულად გააზრებული თანამედროვე დოკუმენტური ფილმი, რომელიც ისე საინტერესოა, რომ მაყურებელი ეკრანს ვერ სწყდება. ეს ფილმი განსაკუთრებით ახალგაზრდობამ უნდა ნახოს, იმისთვის, რომ გაიგოს, რა იყო საბჭოთა კავშირი. ფილმში მსახიობი კახი კავსაძე მთხრობელის ამპლუაშია და არაჩვეულებრივად ასახიერებს საკუთარ თავსა და ცხოვრებას. რაც მთავარია, ეს არის უნიკალური შემთხვევა, რომ ერთი ოჯახის მაგალითზე საქართველოს მეტად მძიმე და წინააღმდეგობებით სავსე პერიოდს გაეცნო. ყველაფერი საკმაოდ ემოციურად და პოეტურადაა წარმოდგენილი.
ჯემალ ღაღანიძე, რუსთაველის თეატრის მსახიობი:
- ფილმი ავტობიოგრაფიულია, მაგრამ იმ საშინელ ეპოქას გვახსენებს, რომელიც ყველამ გამოვიარეთ. აღფრთოვანებული ვარ რეჟისორით და მსახიობით! ახალგაზრდებმა უნდა ნახონ ეს ფილმი, სადაც ასეთი პატრიოტიზმი და გმირული ამბებია ნაჩვენები.
მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი:
- ფილმი ძალიან საინტერესოა თემატური თვალსაზრისით. მასში ნაჩვენებია, როგორ შეეწირა ერთი ოჯახი საბჭოურ იდეოლოგიურ რეპრესიას და მიუხედავად გადატანილისა, მაინც როგორ დარჩნენ ამ ოჯახის წევრები ადამიანებად. ფილმი სათნოებასა და სიკეთეზეა, აგრეთვე, სიმართლისათვის ბრძოლაზეც და როცა სიმართლის თქმას ნიჭიერებაც ახლავს, მაშინ ეს უკვე დიდი ხელოვნებაა. ფილმში ნაჩვენებია, რომ ქვეყანას კულტურა გადაარჩენს, ყველაფერი კომერციული კი მას ჭამს! უკულტურო ადამიანი ღირებულს ვერაფერს შექმნის... ამიტომ უნდა იბრძოლო, რათა სულიერად ამაღლებული ადამიანების ქვეყანა შექმნა. ნანა ჯანელიძემ ამ ფილმით დიდი საქმე გააკეთა! ეს არის ოცნება კულტურის მშვენიერი ხატის შესახებ.
მზია გოგნიაშვილი
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)