კახა კინწურაშვილის აფხაზეთი - "თვითმფრინავი რომ აფეთქდა, იქ ვიყავით..."

კახა კინწურაშვილის აფხაზეთი - "თვითმფრინავი რომ აფეთქდა, იქ ვიყავით..."

მსახიობი კახა კინწურაშვილი დაახლოებით სამი თვის წინ ვნახე სპექტაკლში "წერილები ღმერთს". მის მიერ განსახიერებულმა პატარა ოსკარმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ჯერ კიდევ მაშინ მინდოდა, მსახიობთან ინტერვიუ ჩამეწერა და კახა უკეთ გამეცნო მკითხველისთვის. შემდეგ გადაცემა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" წამყვანის ამპლუაში გამოჩნდა, მაგრამ შეხვედრისას ძირითადად მსახიობის განვლილ ცხოვრებაზე ვისაუბრეთ. მისი ინტერვიუები ხშირად წამიკითხავს, მაგრამ ასეთი გულახდილი - არასოდეს.

- კახა, საუბარი ბავშვობით დავიწყოთ. სოხუმში დაიბადე და გაიზარდე.

- დიახ, სოხუმელი ვარ. ჩემი გვარის გამო კითხვა უჩნდებათ, კინწურაშვილი იქ საიდან მოვხვდი. მამა წარმოშობით იმერელია. ყველას ჰგონია, რომ სოხუმში მხოლოდ მეგრელები ცხოვრობდნენ, მაგრამ, მათ გარდა, იყვნენ იმერლები, რაჭველები, კახელები... რვა წელი ვცხოვრობდი სოხუმში, ოქტომბერში ცხრის ვხდებოდი, მაგრამ ქალაქი 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ოჯახთან ერთად დავტოვე. პორტში იდგა ერთი დიდი გემი და ორი პატარა, რომლებსაც სასეირნო გემებს ეძახდნენ და ერთ-ერთით დავტოვე ქალაქი.

- რამდენად აცნობიერებდი ომ­ის საფრთხეს პატარა ბავშვი?

- თავიდან ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო ყველაფერი, სანამ რეალურად, საკუთარი თვალით არ დავინახე სისხლი. მანამდე მხოლოდ ბომბის აფეთქების ხმა მესმოდა. ვიგებდი, რომ ვიღაც დაიღუპა, მაგრამ ვერ ვხედავდი. ეს ის პერიოდი იყო, სანამ სოხუმში შემოიჭრებოდნენ. ეს იყო დამალობანას თამაში, სულ ვიმალებოდით. ასეთი შეხედულებაც არსებობდა, რომ თუ ლეიბის ქვეშ დაწვებოდი, ყუმბარის ნამსხვრევი აღარ მოგხვდებოდა. მშობლებს სხვა გზა არ ჰქონდათ, ბოლომდე ვერ შემაშინებდნენ. ომის სიმძაფრეს კისერზე ვერ ამკიდებდნენ და ამიტომ ცდილობდნენ, ჩემთვის არ ეგრძნობინებინათ და გარშემო უფრო მეტ ღიმილს ვხედავდი, ვიდრე ცრემლს.

- რატომ არ დატოვეთ სოხუმი მანამდე?

- ძნელია, იმ ადამიანს აუხსნა, ვინც ასეთ სიტუაციაში არ ყოფილა, რამდენად რთულია რაღაცის დაკარგვა. ყველა ადამიანს თავის ქალაქში, სახლში, საკუთარი მიკროსამყარო აქვს, მეზობლები გყავს, უამრავ ადამიანს იცნობ და როდესაც ამ სივრცეს კარგავ, ძალიან დიდი ტკივილია. ეს იგივეა, რაც საყვარელი ადამიანის დაკარგვა. მამაკაცები ომში იბრძოდნენ, ქალები ბავშვებს უვლიდნენ. ჩემზე 5 წლით უფროსი ძმა მყავს - თენგო, რომელსაც იმ პერიოდში გარდატეხის ასაკი ჰქონდა და მან უფრო მძაფრად განიცადა ყველაფერი, ვიდრე მე. ჩემთვის მაინც ზღაპარი იყო, რადგან ბავშვს ცუდი რეალობის დაჯერება არ უნდა. დღემდე კადრებად, სხვანაირ ფერებად მახსოვს ყველაფერი.

- კახა, შეგიძლია, ბავშვობის მეგობრები გაიხსენო?

- ყველანი ქართველები ვიყავით, მე ასე ვიცოდი. მამას ბევრი აფხაზი მეგობარი ჰყავდა. როდესაც მიხვდნენ, რომ სისხლისმღვრელი ომი გაიმართა ძმებს შორის და ამ დროს ვერც ერთ მხარეს ვერ დაიკავებდნენ, დიდმა ნაწილმა იარაღი ხელში არ აიღო. მერე რაღაცის გამო მაინც მოუწიათ, რადგან ადამიანები, რომლებიც ამ საშინელებას ხლართავდნენ, არასწორად აწოდებდნენ ინფორმაციას. მახსოვს, ერთი მეგობარი მყავდა, მამას მეგობრის შვილი, დღეს არ ვიცი, სად არის. არადა, ერთად ვიზრდებოდით აფხაზი და ქართველი. მისი სახელი მახსოვს, გვარი აღარ...

- როდის გითხრეს მშობლებმა, რომ ქალაქს ტოვებდით?

- სოხუმის დაცემამდე ბოლო დღეები აეროპორტში გავატარეთ. თუ გახსოვთ კადრი, თვითმფრინავი რომ აფეთქდა, იქ ვიყავით. უბრალოდ, ჩვენ ტრაპამდეც ვერ მივაღწიეთ. ის იყო ბოლო თვითმფრინავი, რომელიც გაფრინდა და ორას კაცამდე ვერ ჩაეტია. აფეთქების შემდეგ ხალხში პანიკა დაიწყო. აქეთ-იქით დავრბოდით...მანამდე სულ მესმოდა ბომბების ხმა, მაგრამ როდესაც ჩემ თვალწინ თვითმფრინავი აფეთქდა, მიხვდი, რომ არც ისე კარგად იყო საქმე, როგორც მეგონა. აეროპორტიდან წამოსვლის შემდეგ იმედი გაჩნდა, რომ შეიძლება, პორტში გემი ყოფილიყო, რომლის საშუალებითაც ქალაქის დატოვებას შევძლებდით. ორი კილომეტრი ფეხით გავიარეთ. ხალხი ჯგუფებად მოდიოდა, თან იმალებოდნენ. ქალაქში ომი იყო და იარაღს ისროდნენ.

- შენ, დედა-მამა და ძმა მოდიოდით?

- მამა და ბიძა იბრძოდნენ, ჩვენ ვიყავით და ბებია გვახლდა. ბაბუამ სახლი არ მიატოვა, უნდოდა, ომიდან დაბრუნებულ ბიძას დახვედროდა. ბოლოს პორტში გასაცილებლად მოგვაკითხა. კარგად მახსოვს, ველოსიპედით მოვიდა. ვთხოვდით, ვემუდარებოდით, ჩვენთან ერთად წამოსულიყო, მაგრამ უარს გვეუბნებოდა. ბოლოს გულში ჩავიკარით და აღარ გავუშვით. ძალით წამოვიყვანეთ. ბოლო გემით დავტოვეთ სოხუმი.

- თბილისში ჩამოსული სად ცხოვრობდით?

- რუსთავში ბევრი ნათესავი გვყავს და დედას დეიდაშვილთან ვცხოვრობდით. მანამდე მამას ბიზნესი ჰქონდა დაწყებული ყაზახეთში და რამდენიმე თვეში მთელი ოჯახი იქ გავემგზავრეთ. წლები იქაურ სკოლაში ვსწავლობდი. ჟენია ალბაკიროვა ყაზახეთში ცნობილი პიანისტია და მამას მეგობრის მეუღლე გახლდათ. ჟენიას თავისი კერძო სკოლა ჰქონდა და იქ მიმიყვანეს. ომგამოვლილ პატარას, რომელმაც რთული გზა გავიარე, ჟენიამ ყველანაირი კომფორტი შემიქმნა, მაგრამ ისე, რომ თავში არ ამვარდნოდა.

- დიდი დრო დაგჭირდათ სტრე­სიდან გამოსასვლელად?

- რეალურად იმ ფიქრებს, რაც ჩემს მშობლებში, ძმაში და ჩემში არსებობს, შეიძლება, ყოფითმა ცხოვრებამ ჩამოგვაშორა, მაგრამ ჩემი ოჯახისთვის ეს ტკივილი არ განელებულა. მერე იწყებ ფიქრს, რომ ცხოვრება გრძელდება და სადაც ხარ, იქაური ქუდი კი არ უნდა დაიხურო, უბრალოდ, ისე უნდა აეწყო. ჩემი ოჯახი იმაზე ოცნებით ცხოვრობს, რომ ოდესღაც იმ მიწაზე დაბრუნდებიან, რომელიც ჩვენიც არის და აფხაზებისაც.

- იცით, დღეს ვინ ცხოვრობს თქვენს ბინაში სოხუმში?

- დიახ, როგორც რვა-ცხრა წლის წინ გავიგე, ვიღაც აფხაზი გენერალი ცხოვრობდა.

- როგორი შემორჩა ის ადგილი შენს მეხსიერებაში, სადაც ბავშვობა გაატარე?

- კერძო სახლში გავიზარდე. ბოლოს სახლი რომ დავტოვეთ, დედამ მხოლოდ აუცილებელი ნივთები ჩაალაგა, პირსახოცი და ყოფითი რაღაცები. გზაში გაახსენდა ძვირფასეულობა და გაეცინა. მაშინვე მიხვდა, რომ რაც დატოვა იქ, იმ წუთას, საერთოდ არაფერს ფასი არ ჰქონდა და ოქრო კი არა, ჩვეულებრივი ქვა, რკინა იყო.

- ყაზახეთიდან საქართველოში როდის დაბრუნდით?

- ჩემს ძმას იურიდიულზე უნდა ჩაებარებინა. იქ ყველანაირი პირობა გვქონდა, მამას მეგობრები ეხვეწებოდნენ, რომ დარჩენილიყო, მაგრამ გადაწყვიტა, ჩამოსულიყო. სოხუმი თუ აღარ ჰქონდა, საქართველო მაინც ჰქონოდა. მაშინ, იმ პატარა ასაკში, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მერე ყველა დავბრუნდით და რადგან ნათესავები ისევ რუსთავში ცხოვრობდნენ, გადავწყვიტეთ, მათთან ახლოს დავსახლებულიყავით. რამდენიმე წელი ვიცხოვრეთ და თორმეტი წლის წინ, თეატრალურ უნივერსიტეტში რომ ვაბარებდი, თბილისში გადმოვედით.

- პროფესია როგორ შეარჩიე?

- ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა. სოხუმში ცხოვრებისას თითქმის ყველაფრის წრეზე დავდიოდი და მსახიობობა აღმოჩნდა საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მომწონდა. გავიზარდე, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ მსახიობობის სურვილი არ გამნელებია.

- პირველივე წელს მოეწყვე?

- დიახ, თავიდან ასიკო გამსახურდიასთან მოვხვდი, მერე ჯგუფი დაიშალა. ძალიან გამიმართლა და ლილი იოსელიანთან გადავედი. ქალბატონი ლილი დამეხმარა, რომ მივხვედრილიყავი, რა არის მსახიობობა. როგორ უნდა იცხოვრო ამ პროფესიით და რამდენად ბედნიერი უნდა იყო იმით, რასაც აკეთებ. მანანა ბერიკაშვილისგან, რომელიც იმ დროს ლექტორი იყო, სტუდენტობის პერიოდში იმდენად დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი, რომ სადიპლომო სპექტაკლშიც მათამაშა და შემდეგ მუსკომედიაშიც. მე დღეს იქ რომ ვარ, მანანას და დოის დამსახურებაა. მერე შემხვდა ძალიან მაგარი მსახიობი და ადამიანი ამირან ამირანაშვილი, რომელმაც კიდევ სხვანაირად შემახედა ჩემს პროფესიას და ჩემს კარიერულ ზრდაში ძალიან დიდი როლი ითამაშა.

- რამდენიმე ფილმშიც ითამაშე...

- (თვლის) შვიდი გამოვიდა... მოკლემეტრაჟიანებშიც, მეგობრულებშიც და ასე შემდეგ...

- მოგწონს ის ფილმები, რომლებშიც თამაშობდი?

- ისეთი კითხვაა (იღიმება)... კონკრეტულად არ ვისაუბრებ. იყო შემთხვევები, როდესაც კარგი გაგებით პირო­ვნული ვალდებულება მქონია ადამიანთან და რაღაც პროექტებში ვყოფილვარ. ჩემი პირველი ფილმი ლევან ზაქარეიშვილის "თბილისი თბილისი" იყო. ლევანი არაჩვეულებრივი ადამიანი გახლდათ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ეს იყო პირველი ფილმი, როცა დიდი სიამოვნება მივიღე გადაღებებიდან. საერთოდ, ყოველთვის გჭირდება ადამიანები, რომლებიც თანამოაზრეებად გაგხდიან. კინო, თეატრი, კოლექტიური ხელოვნებაა...

- რატომღაც მგონია, რომ თეატრი უფრო მეტად გიყვარს...

- ორივე მიყვარს... რაღაც სპეციფიკით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ ორივე შემოქმედებასა და ადამიანური მხარეების აღმოჩენას ემსახურება. შენი პერსონაჟებიდან გამომდინარე, შემდეგ უკვე ადამიანებში ეძებ ამ თვისებებს და უფრო მდიდრდები. უკეთეს კითხვებს სვამ და უკეთესი პასუხები გხვდება ღმერთისგან.

- თეატრალურ წრეებში ხშირად გაქებენ, მაგრამ საკმაოდ დახურული ხარ საზოგადოებისთვის და ნაკლებად გულახდილი. დღეს ბევრი რამ მომიყევი შენს ცხოვრებაზე.

- მოდი, პიროვნულად ჟურნალისტებზე არ ვისაუბრებ, მხოლოდ იმას გეტყვით, რა აინტერესებთ. არსებობს კითხვები და დამოკიდებულებები, რაც რაღაც ისეთს ემსახურება, რომ ჩემთვის საინტერესო არ არის. ჩემთვის გამოჩენა და იმის თქმა, რისი ჩაცმა მიყვარს, უინტერესოა. ეს შეიძლება ვუთხრა მეგობარს, ახლობელს, თან მგონი, არც არავის აინტერესებს. თან, ჩემი პროფესიაც ამას არ ემსახურება.

- მსახიობობა არ არის პოპულისტური პროფესია?

- დიახ, შეიძლება ჩანდე, ვიღაც გიცნობდეს, შენი სპექტაკლები ნახონ და სახეზე დაგიმახსოვრონ, მაგრამ დადგე და ყველაფერს მოჰყვე, ცოტა ისეთი მომენტია. ახლაც ისეთი რაღაცები გითხარით, რომ თუ ვინმეს აინტერესებს, მე რა ბიოგრაფია მქონდა, კი ბატონო... შეიძლება, ერთ ადამიანს მაინც აინტერესებდეს. ეს იყო ჩემი განვლილი გზა, რომელიც ყველას აქვს და დღეს ამაზე ვისაუბრეთ.

- კახა, ისეთ როლებს თუ გთავაზობენ, რომლებზეც უარის თქმა გიწევს?

- სამწუხაროდ, ყოფილა როლები, რომლებზეც უარი ვერ მითქვამს, რაღაცებიდან გამომდინარე. კინოშიც ბევრი გაუგებარი გმირი შემხვედრია. საერთოდ მიმაჩნია, რომ დრამატურგია, ყველაფერი ერთ სივრცეში უნდა იყოს და მთლიანად შეიკრას, სპექტაკლი იქნება ეს თუ კინო. მეც მიმყავს პროექტი და ეს აბსოლუტურად არ არის ჩემი საქმე, მაგრამ დღეს სამყარო უფრო რიტმული და ენერგიულია, რაღაცებზეა დამოკიდებული და ბევრი მათემატიკა გაჩნდა ადამიანებში. კომპრომისებზე წასვლა გიწევს, მაგრამ ძალიან დიდზე არ უნდა წახვიდე.

- დროს როგორ ანაწილებ?

- იყო პერიოდი, როცა ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა. არადა, შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ რამდენიმე თვე სახლში უსაქმურად იჯდე. ცხოვრებაა ასეთი... გამოცდას გიწყობს და ვერ გაიგებ, საით წახვალ და სად დახარჯავ მეტ ენერგიას. ძნელია, მაგრამ თუ რაღაცას ხელს მოაწერ, დრო უნდა გაანაწილო, თუმცა უფრო დიდი დრო დაუთმო იმას, რაც ძალიან მოგწონს.

- დღეს როგორი პერიოდი დგას შენს ცხოვრებაში?

- არაფერი ისეთი, მხოლოდ საქმე და გრაფიკი, რომელზეც მე ხელი მოვაწერე, მაგრამ ძალიან ცოტა ხნით. ეს გრაფიკი მალე დამთავრდება. დავისვენებ და უფრო მეტ დროსა და ენერგიას დავუთმობ საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს.

- ტელეწამყვანობას აღარ გააგრძელებ?

- არ ვიცი, როგორ იქნება და რანაირად. კარგია ის, რაც ხდება. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი. თან ღია ეთერი, ნერვიულობა, ხალხი ფსიქიკას იმ კუთხით ავარჯიშებს, რომელიც მე მსიამოვნებს.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება