მიხეილ გომიაშვილი: "ჰარლინისთვის ეს მორიგი პროექტი იყო, ჩვენთვის კი ცხოვრება და ტკივილია"

მიხეილ გომიაშვილი: "ჰარლინისთვის ეს მორიგი პროექტი იყო, ჩვენთვის კი ცხოვრება და ტკივილია"

მსახიობ მიხეილ (მიშა) გომიაშვილს სცენასა თუ ეკრანზე არაერთი შთამბეჭდავი სახე აქვს შექმნილი. გამორჩეული ხელწერითა და ზუსტად მიგნებული გამომსახველობითი ხერხებით ყოველთვის ახერხებს გმირის და რაც მთავარია, ეპოქის მაჯისცემის გამოხატვას. ის იმ ერთეულ მსახიობებს განეკუთვნება, რომელსაც თავისი მაყურებელი ჰყავს, ისინი, ვინც "გომიაშვილზე დადიან". დღეს არტისტი ქართულ სცენასა და სცენის მიღმა მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება.

- ფრანგი მწერალი დენი დიდრო ამბობდა, როცა მსახიობს ტაშისცემის სურვილი იპყრობს, ის ყოველთვის ამლაშებსო. რა არის მთავარი მსახიობისთვის?

- ტაში, ოვაცია დამწყები მსახიობისთვის ყოველთვის ცდუნებაა, ამას მსახიობთა 99 პროცენტი ვერ უძლებს, და არამარტო ახალგაზრდები, "ძველგაზრდებიც"... ჩემი აზრით, არტისტისთვის მთავარი, ნიჭის გარდა, იღბალია. შეიძლება შუაზე გაიპო, გაიგლიჯო, ისე ითამაშო, მაგრამ ვერავინ შეგნიშნოს.

თეატრში მსახიობი რეჟისორის გარდა, პარტნიორზეც არის დამოკიდებული, ამ მხრივ ბედმა ნამდვილად გამიღიმა, ჩემი პარტნიორები იყვნენ და არიან: ნოდარ მგალობლიშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, სოფიკო ჭიაურელი, ზურა ყიფშიძე.

- თქვენ თემურ ჩხეიძის არაერთ სპექტაკლში თამაშობთ - "მარადი ქმარი", "არტ ხელოვნება", "მამა". რთულია მასთან მუშაობა?

- თემურ ჩხეიძესთან მუშაობა რთული როგორ შეიძლება იყოს? ასეთი, კარგი გაგებით, "კაიფი", სიამოვნება არ არსებობს, როგორიც თემურ ჩხეიძესთან მუშაობაა - არ გინდა, რეპეტიცია დასრულდეს. ამ რეჟისორმა ზუსტად იცის, რა უნდა მსახიობისგან, იცის, როგორ მიგაღწევინოს მიზანს. თემურ ჩხეიძის სპექტაკლებში ნათამაშევი როლებისთვის არაერთი გრან-პრი მაქვს აღებული. ისეთი რეჟისორების სპექტაკლებშიც მითამაშია, რომლებმაც არ იციან თავიანთი პროფესია, და მქონია შემთხვევა, სცენაზე გასვლას, სიკვდილი მერჩივნა... ცუდია, როცა ადამიანმა თავისი ხელობა არ იცის, ზოგს ხელობა ხელოვნებაში ცუდი ჰგონია, არადა, პირიქით არის. უნდა იცოდე, როგორ ააგო სპექტაკლი, რომ მერე ღმერთმა გაფრენის საშუალება მოგცეს, ჩემდა სამწუხაროდ, დღეს ქართული თეატრი ცუდ მდგომარეობაშია: რობერტ სტურუა გააგდეს ქვეყნიდან, ვერ აიტანეს, თემურ ჩხეიძე აქ არ არის; ამქვეყნად აღარ არიან მიშა თუმანიშვილი, შალვა (მუმუშა) გაწერელია, ახალგაზრდებში კი მათ ტოლ რეჟისორებს ვერ ვხედავ.

- რამდენიმე თეატრში მსახობებს, რომლებმაც, ხელფასთან ერთად, ფონდ "ქართუს", ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებაც აიღეს, პრობლემები შეექმნათ. რა სიტუაციაა ამ მხრივ მარჯანიშვილის თეატრში?

- პირდაპირ უნდა ვთქვა: ჩვენი თეატრის მმართველს ეკა მაზმიშვილს ამ კუთხით არ ვიცნობდი და ჩემთვის მოულოდნელიც კი იყო მისი პოზიცია. მისი დამსახურებაც არის, რომ მარჯანიშვილის თეატრში ხელფასები თითქმის გასამმაგდა და არც ჩვენთვის, მსახიობებისთვის უთქვამს ვინმეს, ივანიშვილის დახმარებაზე უარი თქვითო.

- თქვენ პოპულარული მსახიობის, არჩილ გომიაშვილის შვილი ხართ... განსაზღვრა თუ არა ამ ფაქტორმა თქვენი არჩევანი?

- არჩილ გომიაშვილი ძალზე მაგარი არტისტი იყო და პოპულარობაც ამიტომ მოიხვეჭა. მამაჩემი არჩილ გომიაშვილი რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა, სხვა პროფესია ამერჩია; მე თეატრში გავიზარდე, მამას დავყვებოდი გადაღებებზე, გასტროლებზე... როცა მარჯანიშვილის თეატრში ახალმისულმა, ზედიზედ რამდენიმე როლი ვითამაშე, ზოგიერთმა თქვა: მისცემენ როლს, აბა რა, არჩილის შვილიაო. ასეთ ადამიანებს ვეტყოდი: არჩილის შვილობის გამო ერთხელ შეიძლება მოგცენ როლი, მეორედ და მესამედ კი აღარ გენდობიან, თუ ამის ღირსი არა ხარ! სცენაზე ხომ მე ვდგავარ და არა მამაჩემი?! ვიდრე სცენასა თუ ეკრანზე ვიქნები, არჩილ გომიაშვილის შვილობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

- მამათქვენი, მსახიობობის გარდა, წარმატებული ბიზნესმენი იყო. თქვენ თუ გიცდიათ ბედი ბიზნესში?

- მამას დიდი სურვილი ჰქონდა, მის ბიზნესში ჩავრთულიყავი. ჩემი მსახიობობა არ უნდოდა, რადგან თვითონ საკმაოდ რთული ცხოვრება გამოიარა. მესამე კურსზე ვიყავი, როცა "ვგიკიდან" წამოვედი. რაც შეეხება ბიზნესს, ჩემგან ბიზნესმენი ვერ და არ გამოვიდა. ამ საქმეს თავისი ნიჭი უნდა, ეს გენი, როგორც ჩანს, არ გადმომყვა. მოსკოვში ყოფნისას მამამ ტაგანკაზე სათამაშო აპარატების ბიზნესი ჩამაბარა, სამ დღეში ერთხელ მივდიოდი და საკმაოდ დიდ, ოთხნიშნა თანხას ვიღებდი, სულ ეს იყო ჩემი საქმიანობა, მაგრამ ესეც მეზარებოდა ხოლმე და ამაზე გიჟდებოდა მამაჩემი. ამ დროს, მოსკოვის აეროპორტში, შემთხვევით თემურ ჩხეიძე შემხვდა, იქ გაიგო, რომ არც ერთ თეატრში არ ვიყავი და მითხრა: აბა, ჩქარა, მარჯანიშვილის თეატრშიო.

- რუსეთში დარჩენა თუ შემოგთავაზეს?

- არამარტო რუსეთში. არაერთი შეთავაზება მქონდა პოლონეთის, იტალიის თეატრებიდან, მაგრამ ასეთი უცნაურობა მჭირს: წყნეთში რომ ავდივარ, თბილისი მენატრება. თუმცა ზოგიერთი ამტკიცებს, აყვავებულიო, ევროპულიო, მაგრამ ჩემი გაუბედურებული თბილისი, საქართველო ყველას და ყველაფერს მირჩევნია.

- ფილმს "აგვისტოს ხუთი დღე" კრიტიკოსთა არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, თუმცა, თქვენი როლი საუკეთესოდ მიიჩნიეს.

- ფილმი არ გამოვიდა, სუსტია, მიუხედავად ამერიკული სპეცეფექტებისა, თუმცა, ესეც ცუდად შესრულდა. რენი ჰარლინი ხომ "კერკეტი კაკალი-2"-ის და "მეკლდეურის" ავტორია. იმ ფულით, რომელიც ამ ფილმზე დაიხარჯა, 10 ქართველი რეჟისორი გენიალურ სცენარზე გენიალურ ფილმებს გადაიღებდა და გაცილებით უკეთესს, ვიდრე რენი ჰარლინმა გადაიღო, რადგან ჰარლინს, ბოდიშს ვიხდი და, ფეხებზე ეკიდა საქართველოც და მისი პრობლემებიც. ეს მისთვის მორიგი პროექტი იყო, ჩვენთვის კი ტკივილი და ტრაგედიაა. როცა რენი ჰარლინმა ამ ფილმის 15-წუთიანი რგოლი საჩვენებლად კანის კინოფესტივალზე ჩაიტანა, ის არავინ იყიდა. როცა მას ქართველ მსახიობებზე ჰკითხეს, მან თქვა: მიშა გომიაშვილმა შვილის სიკვდილის სცენა ისე ითამაშა, მხოლოდ ალ პაჩინოს შემიძლია შევადარო "ნათლიმამა-3"-ში, როცა შვილი უკვდებაო. ამ სცენის გადაღების მერე ჰარლინმა ხელში ამიტაცა, ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა და მითხრა: შენ მე ფილმი გადამირჩინეო. თუმცა, ამ ეპიზოდის 90 პროცენტი ფილმში ამოჭრილია. პრემიერაზე (რომელზეც ქართველი მსახიობები წითელ ხალიჩაზე არ გაგვატარეს, იქ მინისტრები, დეპუტატები მათი ცოლები იყვნენ) ფილმით ძალზე უკმაყოფილო დავრჩი, არ მომეწონა...

- როგორია თქვენი დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი? ზოგი თქვენი კოლეგა ამბობს, რომ არაფერში ერევა და სათქმელს სცენიდან ამბობს.

- არ ვეთანხმები პოზიციას, რომ ყველამ მარტო ჩვენ-ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. ჩვენ ხომ არ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტის გვარი არ იციან, ჩვენში პარლამენტარებს ბავშვებიც კი ცნობენ, დღეს ისინი იქცნენ ეკრანის ვარსკვლავებად. ხომ შეუძლებელია, ის, რაც ქვეყანაში ხდება, არ გეხებოდეს? შეიძლება ბარიკადებზე დროშით ხელში არ ავარდე, მაგრამ შენი პოზიცია უნდა გამოხატო, მით უმეტეს ისეთმა ადამიანმა, ვისაც ხალხი იცნობს, პატივს სცემს.

- ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები გამწვავდა, უფრო დინამიკური გახდა. როგორ აფასებთ მის ამ ნაბიჯს?

- ბიძინა ივანიშვილს სახეზე არც კი ვიცნობდი, მაგრამ თითქმის რვა წელია მე და არაერთ ჩემს კოლეგას გვეხმარება. ამქვეყნად ვერავინ დამაჯერებს, რომ ბიძინა ივანიშვილს რვა წლის წინ რაიმე პოლიტიკური მიზნები ჰქონდა. ეს ანდერსენის ზღაპრები სხვებს მოუყვნენ. არ ვიცი, რა იქნება მას შემდეგ, რაც ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვა (ალბათ, მოვა), რადგან სავარძელს თავისი ძალა აქვს, რაც არაერთხელ ვნახეთ, მაგრამ იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანებს ჯიბეში არ ჩაუძვრება და არ დააყვედრის, გზები გავაკეთეო, თითქოს ჩვენი პრეზიდენტი ამ გზას ბაბუამისის დანატოვარი ფულით აშენებდეს. ერთ რამეშიც დარწმუნებული ვარ: თუ გინდა, ადამიანი გაიცნო, მისი ოჯახი უნდა ნახო. ბიძინა ივანიშვილს კი ძალზე ზრდილი შვილები ჰყავს.

- როგორია თქვენი შემოქმედებითი გეგმები?

- საბედნიეროდ, დაძაბული სამუშაო გრაფიკი მელის; 2 მაისს ოთარ შამათავას ახალ ტელესერიალში გვეწყება გადაღებები. გარდა ამისა, სანდრო მრევლიშვილმა შემომთავაზა დოსტოევსკის "იდიოტში" მიშკინის როლი, ახალ სპექტაკლში მიმიწვიეს ჩემს, მარჯანიშვილის თეატრშიც. ბედნიერი ვარ იმითაც, რომ გასულ წელს გიორგი ფარაჯანოვის ფილმზე "ყველა წავიდა" მუშაობისას გავიცანი ჩემი მეუღლე ქეთი კალანდაძე - კინომხატვარი და დიზაინერი.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება