ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის მუზეუმში ”კოსტუმის ინსტიტუტის გალა საღამო 2012” გაიმართა. წლევანდელი საღამოს მთავარი თემა მეტალის სტილში გადაწყვეტილი გლამურული კაბები იყო.
ღონისძიებაზე ჰოლივუდის ვარსკვლავები ერთი-ორად ბრწყინავენ ოქროსა და ვერცხილისფერ ”მეტალის გლამურულ კაბებში”.
საღამოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი კამერონ დიასი იყო, რომელმაც უპირატესობა სტელა მაკარტნის ოქროსფერ, ელეგანტურ კაბას მიანიჭა და არჩევანშიც არ შემცდარა. მოდის კრიტიკოსებმა მსახიობი კიდევ ერთხელ აღიარეს ჰოლივუდის ყველაზე გემოვნებიან ქალად.
ასევე თვალში საცემი იყო ჯესიკა ალბას ოქროსფერი კაბაც, რომლის დიზაინი მაიკლ კორსს ეკუთვნის. ამ კაბაში გამოწყობილი მსახიობი ამერიკული კინოაკადემიის დაჯილდოების "ოსკარის" ქანდაკებასაც კი შეადარეს.
გვინეტ პელტროუ კოსტუმების ინსტიტუტის მოდურ გამოფენაზე ყველაზე გავლენიანი ბრენდის - "პრადას" მინიმალურ სტილში გადაწყვეტილი, ვერცხლისფერი, მოკლე კაბით გამოჩნდა.
რაც შეეხება სკარლეტ იოჰანსონს, მან D&G-ს ორნაწილიანი, ხორცისფერი კაბა აირჩია, რომლის ზედატანი ოქროსფერი ჩუქურთმებითა და ძვირფასი ქვებით იყო გაფორმებული.
არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა Victoria's Secret-ის მოდელი კაროლინა კურკოვა. მას რეიჩელ ზოის მიერ შექმნილი ოქროსფერი, შიშველ ზურგიანი კაბა ეცვა. სამოსი მოდელის დახვეწილ ფორმებს უსვამდა ხაზს.
ყველაზე სასურველი ქალის ტიტულის მფლობელი სოფია ვერგარა საღამოზე Marchesa-ს ნაცრისფერი, ვერცხლით გაფორმებული კაბით გამოჩნდა. მსახიობმა შესანიშნავად იცის საკუთარი უპირატესობა - მხრები და მკერდი, სწორედ ამიტომ აირჩია ისეთი კაბა, რომელიც საღამოს თემასაც და მის ღირსებებსაც შესანიშნავად მოერგო.
მსახიობთა ერთმა ნაწილმა უგულებელყო საერთო სტილი. მათ შორის იყვნენ ბიონსე, რომელმაც უპირატესობა შავ, მაქმანებიან კაბას მიანიჭა, რომლიც იასამნისფერი ბუმბულის მსგავსი ფაქტურით სრულდებოდა. ამ კაბის დიზაინი "ჟივენშის" ეკუთვნის.
დრამატული, შავი, მჭიდრო და გრძელი კაბები აირჩიეს რიანამ, რენე ზელვეგერმა და მილა იოვოვიჩმა. სამივე მათგანი საღამოს ელეგანტურობის ეტალონად აღიარეს.
იხილეთ ვიდეო: თვალისმომჭრელი კაბების აღლუმი - ჰოლივუდში Met Ball-2012 გაიმართა
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.