ლიკა ევგენიძე და მისი ქმარი ღამეებს თბილისის სასტუმროებში ატარებენ

ლიკა ევგენიძე და მისი ქმარი ღამეებს თბილისის სასტუმროებში ატარებენ

ალბათ შეხსენება არ გჭირდებათ, რომ "შუა დღის" წამყვანი ლიკა ევგენიძე მუსიკოს დათო ევგენიძის ქალიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის რძალია. მიუხედავად ასეთი გარემოცვისა, ურთიერთობაში ლიკა ძალიან ლაღი და თავისუფალია და არ ჰგავს იმ რესპონდენტებს, რომლებიც ტელეფონსაც კი არ პასუხობენ. ლიკას სასაუბროდ "რუსთავი 2"-ში შევხვდით, მართალია, შვილთან, პატარა ანა-სოფიასთან მიეჩქარებოდა, მაგრამ ჩვენთვის მაინც გამოყო რამდენიმე წუთი და საკუთარი ხასიათის შტრიხებზე გვესაუბრა.

- ლიკა, გარდა იმისა, რომ "შუა დღის" წამყვანი ხარ, კიდევ რას საქმიანობ?

- დღის პირველ ნაწილს ვუთმობ გადაცემას, შემდეგ მივდივარ სახლში და ყურადღებას ვაქცევ ოჯახს, ბავშვს, ქმარს. გარდა ამისა, ჩემი ჰობი ხატვაა, რისთვისაც ვცდილობ ვიპოვო დრო. ჩემს დაგროვილ შინაგან ემოციას ხატვით გადმოვცემ. ჩემი ერთი დღე მეორეს არ ჰგავს, ყოველთვის ვცდილობ, მრავალფეროვნება შევიტანო.

- რამდენი წლისაა შენი პატარა?

- 25 მაისს ხდება 2 წლის, ძალიან ცელქია, სულ ყირაზე გადადის. ახლახან დაიწყო გამართულად ლაპარაკი, უკვე წინადადებებს კარგად აბამს ერთმანეთს და არ ჩერდება, შეგიძლია სახლში დაჯდე, უყურო, უსმინო და მაგრად გაერთობი. საოცრებებს ლაპარაკობს, იკეთებს ჩემს სამკაულებს, უნდა ჩემი კოსმეტიკა წაისვას, მოკლედ, ძალიან საყვარელია.

- როგორ აღიქვამს იმას, რომ დედა ტელევიზორშია?

- ნორმალურად. იმდენად პატარა იყო, როცა მე ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, რომ მისთვის ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია, შეჩვეულია, რომ სახლიდან გასვლის შემდეგ ტელევიზორში შეუძლია მიყუროს.

- განიცდის ანა-სოფია დედის ნაკლებობას?

- არა, გადაცემის დასრულების შემდეგ სახლში მივდივარ, მერე კი იმ დროს გამოვდივარ შინიდან, როცა ბავშვი იძინებს. ჯერ კიდევ პატარაა და რეჟიმშია, ცოტა რომ წამოიზრდება, სულ თან ვატარებ. ძალიან მინდა, ანა-სოფია იყოს ჩემზე წარმატებული, ჩემზე განათლებული და რაც შეიძლება მეტი მივცე. ყველანაირად დავუდგები გვერდით, რომ სწორი გზა იპოვოს და მერე უკვე თვითონ მიხედავს თავს, თან ისეთი ხასიათი აქვს, მგონი, არ დაიკარგება.

- საოჯახო საქმეებს თუ აკეთებ?

- კი, ყველამ იცის, რომ მიყვარს საოჯახო საქმეების, სადილების კეთება, ძალიან ვერთობი ასეთ დროს. ხანდახან მიყვარს ვახშმის მოწყობა, მე და ჩემი ქმარი წითელ ღვინოს ვწრუპავთ და კარგად ვატარებთ დროს. როდესაც რაიმე დიდი დღესასწაულია, ვცდილობ, დიდი ვახშამი მოვაწყო, ვეპატიჟები მეგობრებს და მიხარია, რომ ერთად კარგად ვერთობით. ადამიანი, როგორი დაკავებულიც უნდა იყოს, თუ მოინდომებს, დროს ყველაფრისთვის იპოვის.

- ხშირად ამბობენ, რომ წყვილის ცხოვრებაში აუცილებელია ცვლილებები, მრავალფეროვნება, თქვენ როგორ ახალისებთ თქვენს ურთიერთობას?

- მართლია, ამიტომაც ყოველთვის ვცდილობთ, გავიხალისოთ ჩვენი ურთიერთობა. ხან ფილმს ვუყურებთ ერთად, ხან ვახშამს ვაწყობთ, ხან მივდივართ და ერთი დღით ვრჩებით სასტუმროში ისე, ვითომ არ ვართ თბილისში. ეს ყველაფერი დადებით მუხტს სძენს ჩვენს ურთიერთობას.

- საერთოდ, ემოციური ხარ?

- კი, ძალიან. არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, რომელიც თამაშობს. ჩემი აზრით, არ უნდა დამალო შენი ემოცია და მოსაზრება, თუ ის რაღაცას ძირფესვიანად არ ცვლის და თუ ამით ტრაგედია არ ხდება. აქედან გამომდინარე, ხშირად პირდაპირ გამოვხატავ ჩემს ემოციებს.

- როცა რამე გაწუხებს, ვინმეს უზიარებ თუ გულჩათხრობილობით გამოირჩევი?

- ყოფილა სიტუაციები, როდესაც არავისთვის მიჩვენებია, რომ რაღაც მიჭირდა, რადგან ის პრობლემა "ჩემი" იყო. მაქსიმალურად ვცდილობ, არ შევიმჩნიო პრობლემები, რომ სხვა ადამიანს, რომელიც კარგ ხასიათზეა, ჩემი ცუდი განწყობა არ გადავდო.

- როცა შენს მეგობარს რაღაც აწუხებს, შეგიძლია მაშინაც მოუსმინო, როცა თავადაც ცუდად ხარ?

- კი, მეგობრობის უპირველესი მნიშვნელობა ეს არ არის?! თუმცა არსებობს რამდენიმე კატეგორიის მეგობრები: ისინი, ვისთან ერთადაც ერთობი, ისინი - ვისთანაც შეიძლება 24 საათს ატარებდე და ასევე ისინი, ვინც შეიძლება თვეების განმავლობაში ვერ ნახო, მაგრამ ერთი სიტყვით ან ერთი გამოხედვით მიხვდნენ, რა გიჭირს და როგორ ხარ. მე მყავს ასეთი მეგობარი მოსკოვში, რომელიც ერთი შეხედვითაც კი ხვდება, როგორ ვარ და ერთი სიტყვაც კი საკმარისია, რომ გაიგოს ჩემი მდგომარეობა.

- მეგობარი თუ დაგიკარგავს?

- ცხოვრებაში ხდება ისე, რომ სხვადასხვა ეტაპზე ადამიანებს აქვთ საერთო ინტერესები, რაც მათ აახლოებს, მაგრამ დროთა განმავლობაში, რიგი მიზეზების გამო, ხვდებიან განსხვავებულ გარემოში, სიტუაციაში და შორდებიან ერთმანეთს. პირადად მე შემიძლია ბევრი რამ ვაპატიო ადამიანს, მაგრამ თუ ბევრჯერ მაწყენინებს, ვეღარ ვაპატიებ. ვხვდები, რომ ის აღარ გამოიცვლება და მასთან ურთიერთობის სურვილს ვკარგავ. ამის შემდეგ, როგორც უნდა ვეცადო, მის მიმართ ნდობა აღარ მექნება.

- ლაღი და მხიარული ადამიანი ხარ, რამ შეიძლება გაგიფუჭოს განწყობა?

- მართალი ხარ, იმდენად ვცდილობ, კარგ ხასიათზე ვიყო და სხვებს არ გადავდო ჩემი ცუდი განწყობა, რომ იშვიათად ვარ ცუდ ხასიათზე. კონკრეტულად ვერ გეტყვი, რამ შეიძლება გამიფუჭოს ხასიათი, შეიძლება ტელევიზიით ცუდი ამბავი გავიგო და დავითრგუნო. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ბავშვი გამიჩნდა, უფრო მგრძნობიარე გავხდი, უფრო მეტ რაღაცაზე ვფიქრობ, მეტად განვიცდი რაღაცებს, მეტად შევდივარ ადამიანის მდგომარეობაში.

- რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში, რას გამოასწორებდი?

- არაფერს არ შევცვლიდი. იმიტომ, რომ რაც ცხოვრების განმავლობაში ხდება, კანონზომიერია და ეს არის ერთგვარი გამოცდილება. დღეს მე რომ ასეთ ადამიანად ჩამოვყალიბდი, სწორედ იმ შეცდომების დამსახურებაა. თუ შეცდომას არ დაუშვებ, ვერ ისწავლი, შენი შეცდომებიც უნდა გიყვარდეს, რომ წინ წახვიდე, მე მიყვარს ჩემი შეცდომები. უმჯობესია, თუ სხვის შეცდომებზე ვისწავლით, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს მხოლოდ თეორიაა, რადგან სხვის შეცდომას ვერ აღიქვამ ისე, როგორც შენ მიერ ჩადენილს.

- ადვილად გიჩუყდება გული? მტირალა თუ ხარ?

- კი, როგორ არა. ფილმებზე აღარაფერს ვამბობ, მუ­სიკაზეც მიჩუყდება გული, მულტფილმებზეც ვტირი, ბედნიერი ფინალიც მგვ­რის ცრემლებს, მოკლედ, ბევრ რამეზე მეტირება. ვფიქრობ, არ უნდა გრცხვენოდეს შენი ემოციის გამოხატვა, რადგან მერე ყველაფერი იხარშება შენში და გახრჩობს, ამიტომ უმჯობესია, დაგროვილი ენერგია გამოუშვა.

- შეგიძლია საკუთარი ხასიათიდან გამოარჩიო თვისება, რომელსაც ებრძვი?

- სიმართლე გითხრათ, ბევრ რამეს ვებრძვი, ერთი მათგანი შეიძლება სიჯიუტეც იყოს. წესით, ყველა ადამიანი უნდა ებრძოდეს საკუთარ თავს. ცუდია, როცა საკუთარი თავით კმაყოფილი ხარ, გგონია, რომ ყველაფერი გააკეთე და ხარ სრულყოფილი, ასეთ შემთხვევაში ერთ ადგილას გაიყინები და ვეღარ განვითარდები.

- თავს ძლიერ ადამიანად მიიჩნევ?

- კი, შემიძლია ვთქვა, რომ ძლიერი ვარ. მქონია მომენტი, როცა ძალას ვერ ვპოულობდი საკუთარ თავში, მაგრამ ერთადერთი ადამიანი, ვინც ასეთ სიტაუაციაში დაგეხმარება, ისევ შენ ხარ, თუ შენ არ აიყვანე შენი თავი, ამას სხვა ვერავინ გააკეთებს, აქ კი უპირველესი სურვილია. ყველა გადალახული სირთულე ადამიანს აძლიერებს.

- ანუ, დეპრესიული მომენტებიც გქონია...

- კი, როგორ არა, მქონია მომენტი, როცა მგონებია, რომ აღარაფრის თავი არ მაქვს და ყველაფრით დავიღალე. მაგრამ სინამდვილეში საკუთარ თავს ამას აჯერებ, თორემ როგორც კი ჩართავ შენს თავში გააქტიურების ღილაკს და მომართავ შენში არსებულ პატარა თოჯინას, ყველაფერი ნორმალურ კალაპოტში ჩადგება. მგონია, რომ ჩვენ ჩვენშივე გვყავს პატარა მარიონეტები, რომელთა თოკებიც ჩვენსავე ხელშია, მარტო შენ შეგიძლია მოქაჩო, სხვა ამას ვერ გააკეთებს, ამიტომ ასეთ სიტუაციებში საკუთარი თავის დამხმარე ყოველთვის თავად ხარ.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება