ტელეკომპანია "იმედის" პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" სამორი ბალდემ გაიმარჯვა. მრავალი კვირის განმავლობაში ცნობილი სახეები პროფესიონალ მოცეკვავეებთან ერთად ძალ-ღონეს არ ზოგავდნენ, რათა ჟიურის წინაშე ღირსეულად წარმდგარიყვნენ და თავიანთი ქორეოგრაფიული შესაძლებლობები წარმოეჩინათ. მართალია, ნაჩქარევ რეპეტიციებს გარკვეული სირთულეები ახლდა, მაგრამ შოუ მაინც შედგა.
საზოგადოება ბევრს საუბრობდა პროექტის ავ-კარგიანობაზე, აკრიტიკებდნენ კონკურსანტებს, კრიტიკა არ აკლდა ჟიურის შემადგენლობასაც, თუმცა ფაქტია, რომ გადაცემა რეიტინგული გამოვიდა. ყველაზე მეტი კრიტიკა ნანუკა ჟორჟოლიანის ვარცხნილობასა და საერთოდ ჟიურიში მის ყოფნას მოჰყვა, ასევე ლელა წურწუმიას კონკურსანტობას, მის "ვარსკვლავურ სტატუსსა" და ლევან როსტოშვილის "ბრწყინვალე ქორეოგრაფიას", თუმცა მაყურებელთა ვნებები ჩაცხრა და ყურადღების ცენტრში ფინალში დარჩენილი თიკო სადუნიშვილი და სამორი ბალდე რჩებოდნენ.
თიკო სადუნიშვილს პარტნიორობას გიგი გაჩეჩილაძე, ხოლო სამორი ბალდეს - ლიკა ლაბაძე უწევდა.
ფინალისტების გამოსვლამდე მაყურებელთა წინაშე ყოფილი კონკურსანტები წარსდგნენ, შემდეგ კი უშუალოდ ფინალისტ წყვილებს დაეთმოთ ასპარეზი. მათ ორ-ორი ცეკვა შეასრულეს და გამარჯვებულის გამოსავლენად წამზომიც ჩაირთო.
გამარჯვებულის გამოვლენაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჟიურის შეფასების გარდა, მაყურებლის მიერ გაგზავნილ sms-ებს ენიჭებოდა. დაგროვილი ქულებისა და მაყურებელთა მხარდაჭერის წყალობით, გამარჯვება სამორი ბალდეს ხვდა წილა.
დაპირებისამებრ, კომპანია "დექსუსი" სამორის ბათუმის საცხოვრებელ კომპლექს "მაგნოლიაში" ბინას გადასცემს.
მის მეწყვილეს, ლიკა ლაბაძეს ბანკმა "რესპუბლიკამ" 5000 ლარიანი ვაუჩერი გადასცა. ბანკს არც სამორი დაუტოვებია უსაჩუქროდ - 5000 ლარიანი ვაუჩერის გარდა მან მუსიკალური ალბომის დაფინანსება მიიღო. ბანკმა საკუთარ თავზე აიღო ასევე სამორის ალბომის პრომოუშენი. გამარჯვებულები სხვა სპონსორებმაც დაასაჩუქრეს. "იბერია ბიზნეს ჯგუფმა" თიკო სადუნიშვილს საჩუქრად ავტომობილი "კია" გადასცა.
დაჯილდოების ცერემონია უკვე სრულდებოდა, როდესაც სცენაზე პროექტის მთავარი პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე გავიდა და მაყურებელს აუწყა, რომ სპეციალურად შოუსთვის აფრიკიდან სამორის მამა - ივისა ბალდე გუნდაიდა ისაუდე ჩამოვიდა. სამორს მამა 22 წლის განმავლობაში არ ენახა.
მამა-შვილის შეხვედრამ მაყურებლებისა და ჟიურის ემოციები მოჰგვარა, კონკურსანტები კი ცრემლად იღვრებოდნენ.
სამორის მამამ განაცხადა, რომ მან უმაღლესი განათლება მოსკოვში მიიღო და მისი შვილის დედა სწორედ იქ გაიცნო. მან მაყურებელს რუსულ ენაზე მიმართა.
"მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, სითბოსთვის და იმისთვის, რომ სამორი ასეთი კარგი ადამიანია, მადლობა სამორს, მის ბებიასა და ბაბუას, რომლებმაც ის ასე კარგად გაზარდეს. თბილისში მხოლოდ ორი საათი ჩამოვედი და ერთი ქართული სიტყვა ვისწავლე: მადლობა, მადლობა ყველას!”, - განაცხადა სამორის მამამ.
სამორი ბალდეს გამარჯვება ჟიურის წევრებმაც მიულოცეს. მამა-შვილის ემოციური შეხვედრის შემდეგ სცენაზე ანრი ჯოხაძე გამოჩნდა და შოუ სიმღერით "ჩემპიონ" დახურა.
იხილეთ ვიდეო: სამორისა და ლიკას ფინალური ცეკვა შოუში "ცეკვავენ ვარსკვლავები"
გიორგი ბერიძე