სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარმა რედაქტორმა, "კვირის პალიტრის" სამხედრო მიმომხილველმა ირაკლი ალადაშვილმა სამხედრო ჟურნალისტიკაში 20 წელი გაატარა. მას შვიდი საბრძოლო მოქმედების გაშუქებამ მოუწია. ამ სფეროში სრულიად შემთხვევით მოხვდა, თუმცა სამხედრო საქმე ბავშვობიდან უყვარდა და ახალ პროფესიას ალღო მალევე აუღო. 1992 წელს - ცხინვალის, 1992-1993 წლებში - ქართულ-აფხაზური ომის, 1998 წელს ე.წ. გალის მოვლენების, 1997-1998 წლებში - ჩეჩნეთში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების, 2004 წელს - კვლავ ცხინვალის, ხოლო 2008 წელს - ერაყში არსებული ვითარების შესახებ ქართველმა (და არა მარტო) საზოგადოებამ მის მიერ მომზადებული საგაზეთო, ფოტომასალებიდან და ვიდეოსიუჟეტებიდან უამრავი მნიშვნელოვანი, გაუხმაურებელი და საინტერესო ფაქტის შესახებ შეიტყო. 2008 წლის აგვისტოში კი რუსეთ-საქართველოს ომის ეპიცენტრშიც აღმოჩნდა...
- აპრილში 20 წელი შესრულდა, რაც სამხედრო ჟურნალისტიკაში ვარ. ამ სფეროში 1992 წელს გაზაფხულზე სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი: სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, ამავდროულად, ლაბორატორიაში ნახევარ შტატში ვმუშაობდი. ერთ დღეს უნივერსიტეტთან ჩემი მეგობარი შემხვდა, რომელიც გაზეთ "7 დღეში" მუშაობდა და მთხოვა, - თუ შეძლებ, საავიაციო ქარხანაში წამომყევი, ინტერვიუ მაქვს ჩასაწერიო. თბილისსა და მთელ საქართველოში დაძაბული ვითარება იგრძნობოდა, რადგან სამოქალაქო ომი ახალი ჩავლილი იყო... ინტერვიუს დროს რამდენიმე კითხვა მეც დავსვი.
ქარხნის დირექტორს გაუკვირდა, საიდუმლო სამხედრო თვითმფრინავების შესახებ ამდენი საიდან იციო?! ბავშვობიდან მაინტერესებდა ეს სფერო, განსაკუთრებით, სამხედრო ავიაცია... ის სტატია მე და ჩემმა მეგობარმა გოგონამ ერთად დავწერეთ და ჩემი დებიუტიც შედგა. შემდეგ, "იკარუსის" ავტობუსით ცხინვალის რეგიონში იმდროინდელი სახელმწიფო საბჭოს წევრებთან - ნოდარ ნათაძესა და ირაკლი მელაშვილთან ერთად გავემგზავრეთ. მაშინ სამაჩაბლოში ომი იყო. სოფელ ვანათში ყოფნისას ოსებმა ალყა შემოგვარტყეს და სერიოზული ბრძოლები გაიმართა. მაშინ მთელმა მსოფლიომ გაიგო ეს ამბავი: სახელმწიფო საბჭო ალყაში მოექცა!.. მე საბჭოთა ჯარი მქონდა გავლილი, მაგრამ ცხინვალში რეალურ ბრძოლებში, თანაც ალყაში პირველად მოვხვდი. მერე კიტოვანი შემოვიდა ჯავშანტექნიკით და დაგვიხსნა... ეს იყო ჩემი "ნათლობა" სამხედრო ჟურნალისტიკაში. შემდეგ, საუბედუროდ, აფხაზეთის ომიც დაიწყო და იქიდან ვაკეთებდი რეპორტაჟებს.
- ეს ის წლებია, როცა ქართული დამოუკიდებელი პრესა ფეხს იდგამდა. როგორი იყო იმ დროს თქვენი მუშაობის სპეციფიკა?
- ძალიან საინტერესო იყო. პროფესიით ქიმიკოსი ვიყავი, მაგრამ ალღოს აღება არ გამჭირვებია. სამხედრო თემაზე მიღებული თვითგანათლება გამომადგა. იმდენი ლიტერატურა მქონდა წაკითხული, დამწყებ სამხედროებს ალბათ არაფრით ჩამოვუვარდებოდი... ქართული ჯარი არსებობას მაშინ იწყებდა. 1992 წლიდან თავდაცვის სამინისტროს სარედაქციო კოლეგიასთან დავიწყე თანამშრომლობა. ფრონტის ხაზზე სიარული ხშირად მიწევდა. ორჯერ გუდაუთაში, ტყვეების გაცვლის პროცესში მომიწია მონაწილეობამ. ორივე შემთხვევა კარგად მახსოვს. მაშინ გაგრა ახალი დაკარგული გვქონდა. პირველად, ორი წვერიანი ჩრდილოკავკასიელი ბოევიკი გუდაუთაში, ბომბორის აეროდრომზე რუსული შვეულმფრენით გადავიყვანეთ. ამ პროცესს გია ბარამიძე და პაატა ზაქარეიშვილი ხელმძღვანელობდნენ.
ბოევიკები გუდაუთაში, სამხედრო აეროდრომზე მივიყვანეთ. მაშინ უცნობმა ფორმიანმა რუსულად მკითხა, - სადაური ხარო? - ქართველი ვარ, თბილისელი-მეთქი. - აქედან თუ არ წახვალ, დაგხვრეტო. - სანამ ტყვეთა გაცვლის პროცესი არ დასრულდება, ვერსად ვერ წავალ-მეთქი... ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. მეორედ, თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ბატალიონის ბიჭები გამოვიყვანეთ ტყვეობიდან. მათ გაგრაში ბოლომდე იბრძოლეს, მერე ტყვედ ჩაცვივდნენ და თვეზე მეტხანს ჰყავდათ. მათ შორის დაჭრილებიც იყვნენ... ძალიან მძიმედ მახსენდება ის დღე... წინა ხაზზეც არაერთხელ მომიწია ყოფნამ. ერთხელ გუმისთაზე ქვეითთა საბრძოლო მანქანით შევედით. როგორც კი მანქანიდან თავი ამოვყავი, სნაიპერის ნასროლმა "მანათობელმა" ტყვიამ თავს ზემოთ გადამიფრინა. მოწინააღმდეგეს ჩვენზე უკეთესი პოზიცია ეკავა... ასე, რისკის ფასად ვაგროვებდი ინფორმაციას და რედაქციას ვაწვდიდი.
- იარაღი არასდროს გჭერიათ?
- იარაღი არასდროს გამომიყენებია. ასე რომ მოვქცეულიყავი, ჟურნალისტი აღარ ვიქნებოდი. თუმცა ორი ხელყუმბარა სულ თან დამქონდა, რადგან ტყვედ ჩაბარებას არ ვაპირებდი...
- ჟურნალისტებსა და მეომრებს შორის როგორი დამოკიდებულება იყო?
- ნორმალური. თუმცა რამდენიმე ჟურნალისტის საქმისადმი არასწორ დამოკიდებულებას ჩვენი ბიჭები შეეწირნენ: ვიდეოკამერით მიადგებოდნენ ხოლმე და სთხოვდნენ, "კადრებისთვის გვჭირდება" და გაისროლეთო; გასროლის შემდეგ ჩვენი კოლეგები მუშაობას აგრძელებდნენ, მოწინააღმდეგე კი შეტევაზე გადადიოდა... აფხაზეთში ბოლოს 1992 წლის 19 სექტემბერს ჩავედი. თბილისთან დაკავშირება უკვე შეუძლებელი იყო. იმდენად დაიძაბა ვითარება, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო. მაჭარკის ხიდს "გლდანის საძმო" იცავდა და მეც მათთან ერთად ვიყავი. ხიდის დაცვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა - მოწინააღმდეგეს ზღვიდან დესანტი რომ გადმოესხა, სოხუმი ორმაგ ალყაში აღმოჩნდებოდა და კოდორისკენ მიმავალი გზაც ჩაიკეტებოდა.
ერთ დღესაც, გია ყარყარაშვილი, 200-300 კაცთან ერთად, კოდორის ხიდით სოხუმის დასაცავად გაემართა. გამიხარდა, სოხუმს იქნებ რამე ეშველოს-მეთქი, მაგრამ უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა... მაშინ შევესწარი ჩვენს შტაბთან საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის, პოლკოვნიკ იზანი ცერცვაძის "სუ-25"-ის ჩამოგდებასაც. თვითმფრინავი ჰაერშივე დაიშალა და პილოტიც დაიღუპა... ამ ტრაგიკული ფაქტის ამსახველი ფოტოები გადავიღე და დღემდე შენახული მაქვს.
- რამდენი ხანი მოგიწიათ იქ ყოფნამ? ვიცი, რომ ოჯახს დაკარგულიც ეგონეთ...
- არ ვიცი, დღეების სათვალავი არეული მქონდა... ერთი ეპიზოდი მახსოვს: ღამე ჩვენი მიმართულებით ინტენსიური სროლები იყო. პატარა ჯგუფმა ერთ-ერთ ოჯახში ჩხრეკის ჩატარება გადავწყვიტეთ. სომხური ოჯახი იყო. რამდენიმე დღის უჭმელი ვიყავით. იცით ალბათ, მაშინ როგორი სიტუაცია იყო: ჟურნალისტებს კი არა, სამხედროებს არ ჰქონდათ საჭმელი... იმ ოჯახში, სასადილო მაგიდაზე პური, კარაქი, თაფლი და კიდევ რაღაცები ელაგა. ნერწყვი მოგვადგა, მაგრამ ბიჭებს ვთხოვე, ხელი არაფერს ვახლოთ-მეთქი. მასპინძელმა კი გვითხრა, მიირთვითო, მაგრამ თავს მოვერიეთ და ხელი არაფერს დავაკარეთ... აივნის ქვეშ გასროლილი მასრები ეყარა, ხელყუმბარაც აღმოვაჩინეთ. თუმცა, ეს ყველაფერი უხეშობის გარეშე ამოვიღეთ... იქიდან წამოსულებმა ზღვას მივაშურეთ, ხელ-პირის დაბანა გვინდოდა. ამ დროს შევამჩნიეთ, ორი სადესანტო ხომალდი შემოვიდა.
ვიფიქრეთ, ცეცხლს გახსნიან-თქო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დევნილების გასაყვანად შემოსული რუსულ-უკრაინული ხომალდები ყოფილა. მათ სოხუმში მომუშავე ჟურნალისტებიც მიჰყვებოდნენ. მეც მითხრეს, - წამოდი, ფოთამდე ჩაგიყვანთო, მაგრამ მეომარი ბიჭების დატოვება დამენანა და დავრჩი... ღამით უკან დახევის ბრძანება მივიღეთ და კოდორის ხეობით გამოსვლამ მოგვიწია. უკანასკნელად გავხედე სოხუმს, - ახლა დამარცხებული მივდივართ და ნეტავ გამარჯვებულებს თუ მოგვიწევს ოდესმე დაბრუნება-მეთქი?.. კოდორის ხეობაში ხან ფეხით, ხანაც მანქანით ვიარეთ. საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი, რომ შიმშილისა და დაღლილობისგან ძალაგამოცლილს, ბავშვიანი ქალების დახმარება არ შემეძლო... ასე გადავედით ჭუბერში. იქ სამაშველო ორგანიზაცია წამოგვეშველა და საკვები დაგვირიგა. როცა ისინი ხეობით მომავალი დანარჩენი დევნილებისკენ წავიდნენ, მეც გავყევი. შვეულმფრენში "როიტერის" ორი ამერიკელი ჟურნალისტიც იყო, რომლებიც ამ კადრებს იღებდნენ. კადრში მეც მოვხვდი და იქიდან გაიგეს ჩემებმა, რომ ცოცხალი ვიყავი...
- ომის შემდეგ ამ სფეროში საბოლოოდ დარჩენა გადაწყვიტეთ, არა?
- დიახ. ომის შემდეგ ოჯახი შევქმენი და ვაჟკაცი შემეძინა... ქვეყანაში ბევრი ცვლილება მოხდა, მაგრამ ყოველთვის აქტიურ ჟურნალისტიკაში ვიყავი. გაზეთის გარდა, საინფორმაციო სააგენტოებშიც ვმუშაობდი. 1995 წელს შინაგანი ჯარების პრესსამსახურის უფროსი გახლდით. შემდეგ, 1996 წელს "კვირის პალიტრის" რედაქციას შევთავაზე თანამშრომლობა... 2000 წელს ჩემი ნებით დავტოვე შინაგანი ჯარები, რადგან ოფიცრის ღირსება უფრო მაღლა დავაყენე. მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმარების სამმართველოს ოფიცერი ვიყავი. მოგვიანებით, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მიწვეულ სპეციალისტად ვმუშაობდი, ამავდროულად კი, "კვირის პალიტრაში" ვწერდი. 2004 წელს, სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" გამოვუშვით და მას შემდეგ ვცდილობ, ჩვენს მკითხველს ამ სფეროზე ამომწურავი და საინტერესო ინფორმაცია მივაწოდო...
რამდენიმე დღის წინ ქართულ არმიას 21 წელი შეუსრულდა. რეალურად, მისი ჩამოყალიბება 1992 წელს დაიწყო. ეს სტრუქტურა ჩემ თვალწინ ყალიბდებოდა. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გრძელი გზა გამოიარა, რაღაც სწორად გაკეთდა, რაღაც - არასწორად... 90-იან წლებში ყველაზე დიდი პრობლემა დაფინანსება იყო. იმ მიზერულ ხელფასს თვეობით ვეღარ ვიღებდით, მაგრამ ომგამოვლილ ადამიანებს სხვანაირი მოტივაცია ჰქონდათ - ოფიცრის ღირსება უფრო მაღლა იდგა. მის გარეშე სამხედრო სამსახურში ყოფნა ძნელია; ყველაფერს ფული არ განსაზღვრავს.
- ჩეჩნეთის ომს როგორ გაიხსენებთ?
- ჩემი იქ ყოფნისას საბრძოლო მოქმედებები შეჩერებული იყო, მაგრამ დაძაბულობა მაინც იგრძნობოდა. ჩვენი ვიზიტის მიზანი ქართველებსა და ჩეჩნებს შორის ურთიერთობის მოგვარება გახლდათ. პრეზიდენტ ასლან მასხადოვის ინაუგურაციაზე დასასწრებად ვიყავით მიწვეული... ჩემ თვალწინ ჩეჩნეთის ახლანდელი პრეზიდენტის, რამზან კადიროვის მამამ მასხადოვი ყურანზე დააფიცა. ეს ვიდეოფირზე მაქვს აღბეჭდილი... იქ ყოფნისას შამილ ბასაევსაც დაველაპარაკე. ვკითხე, - ხომ არ ნანობთ, აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ რომ იბრძოდით-მეთქი? - "ნეტ! ია ზაშიშალ აბხაზსკი ნაროდ ატ გრუზინსკავა გენოციდა", - მიპასუხა მან. რა უნდა მეთქვა?.. იქ ყოფნისას გროზნოს ბაზარში შევედი: ომში გადაღებული დოკუმენტური კადრების შეძენა მინდოდა, სადაც ასახული იყო, როგორ ექცევიან რუს ტყვეებს ჩეჩნები. კასეტების გამყიდველმა მკითხა, - რად გინდაო? - თბილისში რომ ჩავალ, უნდა ვუყურო-მეთქი. - კასეტა რად გინდა, თბილისში დენი არ გაქვთო. არადა, ჩეჩნეთის დედაქალაქი მიწასთან იყო გასწორებული. ბაზარი ნანგრევებად იყო ქცეული, მის გვერდით კი სკოლის მერხებზე დალაგებული, თითქმის ყველანაირი იარაღი იყიდებოდა. ავტომატის ფასი მილიონ-ნახევარი რუბლი იყო. ხუმრობით ვუთხარი, ტანკსაც ხომ არ ყიდით-მეთქი? - კი, იქით გვიყენია; თუ გინდათ, განახვებთო...
- 2008 წლის ომზე რას გვეტყვით?
- ეს ომი ისე სწრაფად განვითარდა, დაფიქრებაც ვერ მოვასწარით... ჯერ ერთი, ომამდე საქმე არ უნდა მისულიყო. დიპლომატიური პოლიტიკით ომი თავიდან რომ აგვეცილებინა, ჩვენი გამარჯვება იქნებოდა; მეორეც - ქართულ არმიაში არსებული შეიარაღება შეგვეძლო, ბევრად ეფექტიანად გამოგვეყენებინა და მოწინააღმდეგისთვის მეტი დარტყმა მიგვეყენებინა... 7 აგვისტოს როცა იქ ჩავედი, გორის მიდამოებიდან განხორციელებულ ზალპს შევესწარი და მივხვდი, რა ძალები იყვნენ ამ შეტაკებაში ჩართული. არადა, ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი რამდენიმე ჟურნალისტი გამარჯვების იმედით იყო აღვსილი... მეორე დღეს სოფელ მეღვრეკისთან ვიდექით ჟურნალისტები, როცა რუსულმა ავიაციამ შეტევა განახორციელა და მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ რუსეთი ღია ომში ჩაება, რადგან სეპარატისტებს თვითმფრინავები არ ჰყავდათ... ამიტომაც ვამბობ - ყველა ღონე უნდა გვეხმარა, რომ ომი თავიდან აგვეცილებინა.
ლალი პაპასკირი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)