ზაზა იაქაშვილი - "არ მიყვარს, როცა ჩემს ტკივილს სხვა ხედავს"

ზაზა იაქაშვილი - "არ მიყვარს, როცა ჩემს ტკივილს სხვა ხედავს"

"ის ბუნებით მაქსიმალისტია. მისთვის "ოქროს შუალედის" ცნება უცხოა და პანიკის მომგვრელია იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება მარტო დარჩეს. მისი ცხოვრების გზა რთული და მოულოდნელობებით აღსავსეა. საკუთარ განცდებს ხშირად მალავს. თავისი ნატურით არც მეამბოხეა და არც მებრძოლი, დამყოლი ადამიანია. მთელი ცხოვრება საკუთარ სისუსტეებს ებრძვის", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ღორის წელში დაბადებულ ტყუპს, ეს კი მსახიობ ზაზა იაქაშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

ზაზა:

- ჰოროსკოპს ყოველდღიურად არ ვეცნობი, მაგრამ წაკითხული მაქვს. ის, რასაც ფიქრობ და რისიც გჯერა, ხშირად რეალობად იქცევა. არ მინდა ასტროლოგიური პროგნოზით ვიცხოვრო, მაგრამ ეს მეცნიერებაა და მისი ხელაღებით უარყოფაც არ შეიძლება.

- "უჩვეულოდ გულწრფელია. გარშემო მყოფთა მიმართ კეთილი დამოკიდებულება და სხვათა ნაკლოვანებების მიმართ ტოლერანტული მიდგომა საზოგადოებაში განსაკუთრებულ სიყვარულსა და პატივისცემას უხვეჭს..."

- გულწრფელობას ძალიან ვაფასებ, მაგრამ თუ ვინმე არ მენდობა, მე რატომ უნდა "გავიხსნა" მასთან ურთიერთობისას?.. მიყვარს, როცა ყველაფერს თავის სახელს ვარქმევ. გულწრფელობა არ ჰქვია იმას, როცა ლაპარაკობ თემაზე, რომელზეც წესით, არ უნდა ლაპარაკობდე. ჟურნალისტები ხშირად მეკითხებიან პირად ცხოვრებაზე. მათ ვპასუხობ: ეს ჩემია, ძალიან ინტიმურია და ლაპარაკი არ მინდა-მეთქი. ყველა ადამიანის შინაგან სამყაროშია ისეთი რაღაც, რაზეც არავისთან არ უნდა ილაპარაკოს. რაც შეეხება ხალხის კეთილგანწყობილებას - თავხედობაში ნუ ჩამითვლით, მაგრამ ეს ხშირად მიგრძნია და მეც ვცდილობ, ამის ღირსი ვიყო.

- კარგი ინტუიცია გაქვს?

- ჩემი აზრით, ინტუიცია ქალებს გაცილებით უკეთესად გაქვთ განვითარებული, ვიდრე - მამაკაცებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, საკუთარ ინტუიციას ყოველთვის ვენდობი.

- შენში გულისა და გონების ჭიდილი ხშირად ხდება?

- ყოველთვის გულისხმას ვუსმენ, მაგრამ არც გონებას ვთიშავ. სხვათა შორის, ამის გამო არასდროს წამიგია!

- "სხვათა კარგად ყოფნისთვის ის დაუღალავად იბრძვის. უფრო მეტიც - ზოგიერთი ახლობლის ცხოვრების მოწყობაზე ფიქრი მოსვენებას უკარგავს".

- ეს სიმართლეა... და-ძმა არ მყავს და მშობლები ხშირად მეუბნებიან, - ძალიან ეგოისტი ხარო, მაგრამ ჩემი შვილები ამ აზრს არ იზიარებენ.

- თავად როგორ ფიქრობ, ეგოისტი ხარ?

- საკუთარი თავი ეგოიზმში ბევრჯერ დამიჭერია. ვფიქრობ, ეს გრძნობა მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც, ყველა ადამიანშია. სიკეთის კეთებაც მიყვარს, ხოლო მაშინ, როცა საყვარელ ადამიანებს ჩემი საქციელით კომფორტს ვუქმნი, თავადაც დიდ სიამოვნებას ვიღებ.

- ვინ არიან ის ადამიანები, რომელთა კეთილდღეობაზეც ზრუნავ?

- პირველ რიგში, შვილები, ოჯახის წევრები, მეგობრები ან თუნდაც - კარგი ნაცნობები. იმასაც ვცდილობ, რომ ჩემი ზედმეტი აქტიურობით ვინმე არ გავაღიზიანო... ძალიან მიხარია, რომ ჩემს შვილებს მოსმენისა და ანალიზის უნარი აქვთ. მინდა დამოუკიდებლობას მიეჩვიონ და ამიტომაც ვეუბნები ხოლმე, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ყოველთვის თავად უნდა მიიღონ. ანა 16 წლისაა, მარიამი - 13-ის. მათ არასდროს არაფერს არ ვაიძულებ, რადგან ვიცი, ამით სასურველ შედეგს ვერ მივიღებ.

- "მზრუნველი ბუნებიდან გამომდინარე, ზოგჯერ შვილებს გადამეტებული სიმკაცრითაც ეპყრობა..."

- ვცდილობ, შვილებთან ვიმეგობრო. თაობებს შორის მცირე კონფლიქტი ყოველთვის არსებობს და ასეთ დროს ხისტი დამოკიდებულება არასწორია. მათთან საერთო ენის გამონახვას უნდა ეცადო. ბავშვი უნდა იყოს ლაღი და შინაგანად თავისუფალი. თუმცა, როცა საჭიროა, მკაცრიც ვარ, თან - ძალიან მკაცრი.

- შვილები თაყვანისმცემლებზე გელაპარაკებიან?

- არაფერს მიმალავენ, ჩემი ყველაზე ნაკლებად ერიდებათ. თუმცა, დედასთანაც გულწრფელები არიან.

- მათ თაყვანისმცემლებს იცნობ?

- არ მინდა, რაღაც ზღვარს გავცდე...

- შვილებს შენს პირადულ ამბებზე თუ ელაპარაკები?

- მათთან ვლაპარაკობ იმდენს, რამდენიც საჭიროდ მიმაჩნია. მე არა მხოლოდ შვილებთან, მათ მეგობრებთანაც ვურთიერთობ.

- "მისი ოპტიმიზმი ზოგჯერ მოჩვენებითია..."

- არა, მე ნამდვილად ოპტიმისტი ვარ! ჩემს მეგობრებს ხშირად უთქვამთ, - შენთვის დამახასიათებელი "დებილური" ოპტიმიზმი გადამდებია და ჩვენც ძალიან გვეხმარებაო. თუმცა ეს თვისება არც ტკივილისგან მიცავს და არც - იმედგაცრუებისგან. ცხოვრებაში ცხვირსაც წაიტეხ და კოპიც გექნება, მაგრამ როცა დაეცემი, ფეხზე წამოდგომის ძალას სწორედ მომავლის რწმენა მოგცემს.

- ხშირად დაცემულხარ?

- ცხოვრებისგან არაერთი მძიმე დარტყმა მიმიღია. თავს არ ვიქებ, მაგრამ ოპტიმისტი ადამიანი ძლიერია. ვცდილობ, მიღებული გაკვეთილებიდან სწორი დასკვნები გავაკეთო და ჩემი ენერგია საკუთარი თავის შეცოდებაზე არ დავხარჯო. სასოწარკვეთა ეკლესიურადაც მძიმე ცოდვაა.

- ვისგან გქონია იმედგაცრუება - მეგობრებისგან, საყვარელი ქალისგან თუ...

- (მაწყვეტინებს) ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი ისაა, რომ არასდროს დავბოღმილვარ. ბოღმა ცუდი რამაა, ადამიანს ბედნიერებაში უშლის ხელს.

- "ძლიერ სულიერ განცდებს ხშირად მალავენ, რადგან გარშემო მყოფთა შეწუხება არ სურთ".

- ასეა! არ მსიამოვნებს, როცა ჩემს ტკივილს სხვა ხედავს. ჰოდა, ვცდილობ, ეს ყველაფერი არავინ შემამჩნიოს, მაგრამ თუ ვინმე რაღაცას მაინც მიხვდება და გვერდით დამიდგება, ამას არაფერი სჯობს. სხვათა შორის, ჩემი შვილები ყოველთვის ამჩნევენ, როცა ცუდად ვარ. ყოფილა შემთხვევა, ცუდ ხასიათზე მყოფი ტელევიზორთან ვმჯდარვარ, მათთვის არაფერი მითქვამს, მაგრამ მოსულან, ჩემს თვალებში ჩაუხედავთ და ჩამხუტებიან...

- "როგორც მატერიალური, ისე ემოციური ფასეულობების გაღების თვალსაზრისით უკიდურესად გულუხვი ნატურაა".

- ასტროლოგებს ამ შემთხვევაშიც ვეთანხმები. არ მინდა, ბანალური ვიყო, მაგრამ ამაზე კარგად ვერ ვიტყვი: "რასაცა გასცემ, შენია"...

- "პერიოდულად, მისთვის სულიერი სიცარიელისა და მარტოობის განცდა უცხო არ არის".

- მარტოობას - ნაკლებად, სულიერ სიცარიელეს უფრო განვიცდი. ეს აზრები გონებიდან მოდის, მაგრამ საკმარისია, გულში ჩავიხედო, რომ ჩემი ოპტიმიზმი მაშინვე იღვიძებს: მახსენდება, რომ გვერდით ბევრი საყვარელი ადამიანი მყავს და განწყობილებაც მეცვლება. ან შეიძლება, ცუდ ხასიათზე მყოფს ქუჩაში უცნობმა ადამიანმა გამიღიმოს, კარგი სიტყვა მითხრას და ეს იცი, რამდენს ნიშნავს? - წამალივითაა!

- "ფულისა და მატერიალური დოვლათის შეგროვების- განსაკუთრებული სიყვარული არ ახასიათებს. ის ცხოვრებისთვის საარსებო მინიმუმითაც კმაყოფილდება".

- მომჭირნე ადამიანი არ ვარ, თანხის სწორად დახარჯვა არ ვიცი. მაგრამ ამ ბოლო დროს ჭკუა ვისწავლე და როგორც კი ფული ხელში ჩამივარდება, ვიხსენებ, რა სჭირდებათ ჩემს შვილებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს...

- "ამ ადამიანებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბუნებასთან, მიწასთან კონტაქტს".

- მართალია! ადრე ბოტანიკურ ბაღში ხშირად დავდიოდი, საათობით ვსეირნობდი და ფოთლების შრიალს ვუგდებდი ყურს. ძალიან მიყვარს ზღვის ტალღებისა და ცეცხლის ცქერაც. აგარაკი მაქვს წვერში და იქ ჩემი სამოთხეა. სხვათა შორის, მიწის დამუშავებაც მიყვარს.

- როცა დაქორწინდი, თუ მიაქციე ყურადღება, რამდენად ეწყობოდა ერთმანეთს შენი და შენი მეუღლის ზოდიაქოს ნიშნები? ასტროლოგები ამბობენ, რომ სასურველია ღორის ქორწინება კურდღლის, ცხვრისა და დრაკონის წელში დაბადებულ ადამიანებთან; არასასურველია - გველთან და მამალთან.

- არა, არ გამითვალისწინებია, მაგრამ ვიცი, რომ ნინო ვეფხვის წელში დაბადებული სასწორია.

- "მას ჰაერივით ესაჭიროება გვერდით მდგომი ადამიანის ნუგეში".

- როცა გვერდით ვინმე გიდგას და განუგეშებს, ამას რა სჯობს, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ამაზე ვარ დამოკიდებული. პირველ რიგში, საკუთარი თავის იმედი მაქვს. მიმაჩნია, რომ ჩემს გასაკეთებელს სხვა ვერასდროს გააკეთებს.

- "ძალიან იტანჯება, თუ მისთვის არავის სცალია".

- დავფიქრდები (პაუზის შემდეგ)... ასე იშვიათად ხდება.

- ის მთლიანად ოჯახზეა მიჯაჭვული.

- შვილები და მშობლები მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემი პირადი ცხოვრებაც... არ ვიცი, ამ კითხვაზე როგორ გიპასუხო. ხშირად მეკითხებიან: "ცოლი არ მოგყავს?" მერწმუნეთ, ამაზე არ ვფიქრობ, რადგან ჯერ შვილები უნდა დავაყენო ფეხზე.

- მალე მათ საკუთარი პირადი ცხოვრება ექნებათ...

- (მაწყვეტინებს) და მარტო რომ დავრჩები, რა მეშველება, არა? - არ ვიცი, ამაზე ვერ ვფიქრობ.

- "მისთვის პანიკის მომგვრელია იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება მარტო დარჩეს".

- ასტროლოგებს ამაში ვერ დავეთანხმები. მარტო არც ახლა ვარ და ზუსტად ვიცი, არც მომავალში ვიქნები.

- ამ საკითხზე შენი შვილები რას ფიქრობენ? თუ სწორად მახსოვს, ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში თქვეს: იმედია, ცოლს არ მოიყვანსო.

- და იქვე დასძინეს, - მოლაპარაკებაც შესაძლებელიაო (იცინის)... მგონია, ოჯახი რომ შევქმნა, რაღაც დოზით შვილებს მოვაკლდები, ეს კი ნამდვილად არ მინდა.

- აქაც შენი მზრუნველი ბუნება ჩანს...

- გეთანხმები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე პირადი ცხოვრება არ მაქვს.

- "მთელი ცხოვრება საკუთარ სისუსტეებს ებრძვის". რა არის შენი სისუსტე?

- ამას ვერ გეტყვი, მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ რაღაცები დავამარცხე, რაღაცებს - ახლაც ვებრძვი.

- "თავისი ნატურით არც მეამბოხეა და არც მებრძოლი, ძალიან დამყოლი ადამიანია".

- სიტუაციას გააჩნია - როცა ისეთი საკითხია მოსაგვარებელი, რომელზე გადაყოლაც არ ღირს, არ გადავყვები. მაგრამ როცა საქმე ეხება ჩემს პრინციპებს, ადამიანურობასა და კაცობას, ძალიან ჯიუტი ვხდები, ამ დროს ჩემი ზოდიაქოს ნიშანია - "კახური" (იცინის). თუმცა, კონფლიქტი კონფლიქტისთვის დიდ სიბრიყვედ მიმაჩნია.

- "ზოგჯერ აგრესიულია და ლიდერობის სურვილი იპყრობს".

- აგრესიული მუშაობის დროს ვარ. ერთხელ მაკა ზამბახიძემ მითხრა: მუშაობისას შენგან დიდი აგრესია მოდის, მაგრამ ის დამანგრეველი ნამდვილად არ არის: საქმეში იმდენად ხარ ჩართული, რომ გინდა, ყველა აიყოლიოო.

- "მისი ცხოვრების გზა საკმაოდ რთული და მოულოდნელობებით აღსავსეა".

- ნამდვილად ასეა!

- სირთულე რაში გამოიხატება?

- ჩემთვის გული არაერთხელ უტკენიათ, მაგრამ ესეც საჭიროა - წინააღმდეგობები მაძლიერებს... ჩემს ცხოვრებაში სასიამოვნო მოულოდნელობაც ხშირად ხდება. ჩემმა მოძღვარმა პირველივე შეხვედრისას მითხრა, - ძალიან ძლიერი მფარველი ანგელოზი გყავსო და მერწმუნეთ, ამას მეც ყოველ წუთას ვგრძნობ. არ ვიცი, რით დავიმსახურე, მაგრამ ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიღაცას ხელში აყვანილი დავყავარ.

- "ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცების უმეტესობას მექალთანის იმიჯი აქვს".

- მექალთანე კი არა, ჯანმრთელი მამაკაცი ვარ და ამით არავის არაფერი უშავდება. ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ცხოვრებაში ყოფილა, პატივს ვცემ და მათზე არასდროს ვლაპარაკობ.

- ბევრი მამაკაცისგან განსხვავებით, არა?

- ასეთ მოლაყბე, ტრაბახა კაცებზე ცოტა სხვანაირი წარმოდგენა მაქვს. არ მინდა, ვინმე დავაკნინო, მაგრამ მერწმუნე, მათი უმეტესობა ხშირად იტყუება... ზოგი პარტნიორთან ურთიერთობას მარტივად აგვარებს, ზოგი - ვერა, ზოგს მეტი ძალისხმევა სჭირდება, ზოგს - ნაკლები.

- შენს შემთხვევაში როგორაა საქმე?

- ჩემი ინტიმური დეტალები საჯარო რატომ უნდა გავხადო? მე ხომ ამის შემდეგ გრძნობებისგან, ემოციებისგან განვიძარცვები, ეს კი არ მინდა!

- ფიცხი და ემოციური ხარ?

- სიფიცხე ის თვისებაა, რომელსაც ვებრძვი... ძალიან ემოციურიც ვარ და მიმაჩნია, რომ ეს თვისება ჩემი პროფესიის ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

- დღეს თეატრში რეპეტიცია გქონდა. ახალ სპექტაკლზე მუშაობ?

- ჭოლას სტუდენტი, ძალიან ნიჭიერი ადამიანი - ირაკლი ჭელიძე სპექტაკლს დგამს, რომელსაც "საყვარლები" ჰქვია. მასში მე და ეკა ნიჟარაძე ვთამაშობთ. ეკა არაჩვეულებრივი პარტნიორია. ერთმანეთს სამივემ კარგად გავუგეთ და იმედია, მაყურებელს ჩვენი ნამუშევარი მოეწონება. პრემიერა ივნისის თვეში იგეგმება. გარდა ამისა, ტელეკომპანია "პიკში" მიმიწვიეს, მხატვრულ სერიალში და დოკუმენტურ ფილმში უნდა ვითამაშო.

- წარმატებას გისურვებ!

- დღეს ბევრ რამეზე დამაფიქრე, საკუთარ თავს მეტად ჩავუღრმავდი. გმადლობ ამისთვის!..

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება