სერიალში - "შუა ქალაქში" ე.წ. დურბინდა ანუ გოგონა, რომელსაც თითქმის ყველა მამაკაცი პერსონაჟი დურბინდით უთვალთვალებს, მხოლოდ ერთ სერიაში გამოჩნდა, მაგრამ მასზე მაინც, ხშირად ლაპარაკობენ. სიუჟეტის მიხედვით, მოპირდაპირე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები გოგონა პაატას შეუყვარდა და მისი გულის მოსაგებად ძალ-ღონეს არ იშურებს; ტომარაც კი აჩუქა და როგორც სერიალიდან გაირკვა, მისი რჩეული საჩუქრით აღფრთოვანდა კიდეც.
"დურბინდას" როლის შემსრულებელი მშვენიერი სოფია ჩხაიძისთვის უცნაური საჩუქრის მიღება უცხო არ ყოფილა: ერთ-ერთ თაყვანისმცემელს მისთვის დიდი ლურჯი ბურთის მსგავსი ნივთი უჩუქებია, - თვალი რომ არ გეცესო... ჩვენ სოფია ჩხაიძესა და რატის (რომელმაც "დურბინდა" აღმოაჩინა) როლის შემსრულებელს - ირაკლი ფრანგიშვილს ვესაუბრეთ. გაირკვა, რომ ამ ინტერვიუმდე წყვილი ერთმანეთს არც იცნობდა.
ირაკლი:
- სოფიას მხოლოდ დურბინდიდან "ვიცნობდი". ეკრანზე მაშინ გამოჩნდა, როგორც კი "ცოლი შევირთე". ნეტავ, არ "შემერთო" (ფიქრობს)... დღეს ერთმანეთს პირველად შევხვდით.
- როგორი წარმოგედგინა გოგონა, რომელსაც შენი პერსონაჟი დურბინდით ძალიან დიდხანს უთვალთვალებდა?
- დურბინდით ცქერისას, ყველანი ვამბობდით: - აუ, რა მაგარი გოგოა-თქო! ჰოდა, ყველას ცუდი გემოვნება ხომ არ ექნებოდა? ვფიქრობდი, - აშკარად კარგი გოგო უნდა იყოს-მეთქი, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა: სოფია გარეგნობით ბევრად უკეთესია, ვიდრე - "დურბინდში" ჩანდა.
- მაშინ, როცა ამბობდი, - აუ, რა მაგარი გოგოაო, - დურბინდიდან სინამდვილეში რას ხედავდი?
- ვისაც რა უნდოდა, იმას ხედავდა, მაგრამ პაატა რომ "ოცნებებში გაიჭრა", ცხადია.
- სოფია, ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავს.
- მეუღლე მყავს!
- ერთმანეთი როგორ გაიცანით?
- ჩვენი სიტუაცია სერიალში განვითარებული მოვლენებისგან განსხვავებულია: ერთმანეთი საერთო მეგობრების მეშვეობით გავიცანით. ჩვენი პირველი საუბარი ვირტუალურად შედგა. მესამე წელია, ოჯახი მაქვს.
- ირაკლი, ოჯახი რამდენჯერმე შექმენი. შენი პერსონაჟის მსგავსად, ვინმესთვის საცოლე ან შეყვარებული წაგირთმევია?
- არა, არავისთვის არაფერი წამირთმევია: თავად მიპოვია, მიშრომია...
- გული არ გწყდება, სერიალში სოფია თქვენი წასვლის მერე რომ გამოაჩინეს?
- კი, გული ძალიან დამწყდა! როგორც აღვნიშნე, სულ ველოდი, "დურბინდის გოგო" როდის გამოჩნდებოდა.
სოფია:
- სხვათა შორის, მაგ გოგოს გამოჩენას მეც ველოდი (იცინის).
- სერიალში მონაწილეობის სურვილი თავად გამოთქვი თუ მიგიწვიეს?
- სერიალის წარმომადგენლებმა ჩემი ფოტო ნახეს და თავად დამიკავშირდნენ, რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო. ალბათ, მათ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებ.
- შემოთავაზებაზე ბევრი იფიქრე?
- არა, დავინტერესდი. სერიალში გადაღება ჩემთვის რაღაც ახალი იყო... პროფესიით იურისტი ვარ, მაგრამ ამჟამად აღარ ვმუშაობ - ორი კვირაა, რაც სამსახურიდან წამოვედი და ახლა ძირითად დროს ჩემს 10 თვის შვილთან ვატარებ. გადავწყვიტე, დროებით თავი მას მივუძღვნა.
- მართალია, ეკრანზე ერთხელ გამოჩნდი, მაგრამ შენს პერსონაჟზე ხშირად ლაპარაკობენ. არაა გამორიცხული, გადასაღებად ისევ მიგიწვიონ. მზად ხარ, მთელი დატვირთვით იმუშაო?
- ალბათ კი... თუმცა ამ მხრივ გამოცდილება არ მაქვს. როგორც მოდელს, სარეკლამო გადაღებებში მონაწილეობა მიმიღია, მაგრამ სამსახიობო სფერო ჩემთვის მაინც უცხოა.
- თქვენი მეუღლეების შესახებ გვიამბეთ.
ირაკლი:
- ორი შვილი მყავს: 5 და 3 წლის. მეუღლე დიასახლისია - აბა, სხვა რა გზა დარჩენია? ტექნიკური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. მისი პროფესიის სრული სახელწოდება ვერც მე დავიმახსოვრე და მგონი, არც თავად იცის, მაგრამ ხე–ტყეს ეხება. ასე რომ, თუ შეშა დაგჭირდათ... მახსოვს, ჩემი მეუღლე მერქნების შესახებ რაღაცებს სწავლობდა.
- სტუდენტობისას გაიცანი?
- არა, და სანამ ცოლად შევირთავდი, მისთვის დიპლომიც კი არ მომითხოვია (იღიმის)! უბრალოდ, მის მეგობრებს ხშირად ვხვდებოდი, ბებიამისი ლექტორი იყო... მოკლედ, ბევრი ურთიერთდაკავშირებული ამბავი მოხდა და "ხეტყე" "ყურში დამრჩა".
სოფია:
- ჩემს მეუღლეს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, მაგრამ პროფესიით არ მუშაობს - თავისი ბიზნესი აქვს.
- ე.წ. დურბინდა ირაკლის პერსონაჟის - რატის აღმოჩენილია...
ირაკლი:
- დიახ, პირველად დურბინდი მე ავიღე ხელში, სოფიას გმირს თვალთვალი დავუწყე და, იქვე "დავეცი"...
სოფია:
- ეს არ ვიცოდი... ეგ სერია როგორ გამომრჩა?!
- რეალურ ცხოვრებაში ვინმესთვის დურბინდით გითვალთვალიათ?
ირაკლი:
- ყმაწვილკაცობაში - კი (იცინის). თუ მეგობრის მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ვიყავით და სახლში ჭოგრიტი აღმოჩნდებოდა, მოპირდაპირე კორპუსის ფანჯრებს, აივნებს ვუთვალთვალებდით. ერთხელ, მე-14 სართულზე მცხოვრებ მეგობართან ყოფნისას, როცა დურბინდით ვიცქირებოდით, გოგონები შევნიშნეთ, რომლებიც სახლის სახურავზე ირუჯებოდნენ. შემდეგ, ერთი-ორჯერ იმავე მეგობართან სწორედ იმიტომ ავედით, რომ კარგი ამინდი იყო და გვეგონა, ის გოგონები ისევ სახურავზე იქნებოდნენ.
- მერე, გოგონები ადგილზე დაგხვდნენ?
- ერთხელ - კი, მეორედ - არა.
- მათთან ახლოს მისვლის სურვილი არ გაგჩენიათ?
- მაშინ პატარა ბიჭები ვიყავით და ამხელა გამბედაობა არ გვქონდა.
სოფია:
- რუსეთში ბაბუას კერძო სახლი აქვს და მასთან ყოფნისას, დურბინდით მინდვრები დამითვალიერებია.
- ირაკლი, თქვენი გმირის მიერ აღმოჩენილ გოგოს ახლა დურბინდით სხვა უთვალთვალებს - გოგონა პაატას შეუყვარდა, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ რატიმ სასიძოს პატარძალი წაართვა... რეალურ ცხოვრებაში მსგავს სიტუაციებში რომ აღმოჩენილიყავით, როგორ მოიქცეოდით?
- პაატა "ფანტაზიებში რომ შევიდა", ეს საქმე მასთან ჯერ კიდევ "გასარჩევი" მაქვს, მაგრამ ამჟამინდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ამის უფლება არ მაქვს - უკვე "ცოლი შევირთე". იმ ამბავს რაც შეეხება, ვიღაცას ცოლი რომ "წავართვი", სასიძო თვითონ ამბობდა, - დაქორწინება არ მინდოდა, მშობლებმა დაიჟინესო და... "არ მსურდა", გოგონას ცხოვრება დანგრეოდა.
სოფია:
- და გააბედნიერა კიდეც!
ირაკლი:
- ჩემი გმირი გაბედნიერდა თუ არა, ეგ ჯერ არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ, ბედნიერია - ხარაგაულიდან აღარ ჩამოდის, სუფთა ჰაერზეა.
- პირად ცხოვრებაში ექსპრომტად გადაწყვეტილება მიგიღიათ?
- საერთოდ, გადაწყვეტილებების ექსპრომტად მიღება კარგია, რადგან ასეთ დროს ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი ხდება, წინ მეტი სიურპრიზი, მეტი თავგადასავალი გელის, მაგრამ ექსპრომტად ცოლის შერთვა არა მგონია, კარგი იყოს.
სოფია:
- სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ, ბევრს ვფიქრობ ხოლმე... ოჯახი მომავალი მეუღლის გაცნობიდან ერთ წელიწადში შევქმენი და ამ ნაბიჯს "ექსპრომტი" აშკარად არ ჰქვია (იცინის).
- ირაკლი, ოჯახის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად რამდენი დრო დაგჭირდა?
- დაახლოებით 2 წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ ჩამოვყალიბებულიყავით და გადაწყვეტილებაც მიგვეღო. როგორც ამბობენ, ოჯახის შექმნა პირველადაა ძნელი, თორემ მერე (იცინის)... საერთოდ, ყველაზე რთულად გადასაწყვეტი ოჯახის შექმნაა. ამიტომ ქორწინების წინ ბევრი ფიქრია საჭირო, ოღონდ - ძალიან ბევრიც არა.
- სერიალში ცოლი კი "შეირთეთ", მაგრამ თქვენი პერსონაჟი მექალთანე კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა...
- (მაწყვეტინებს) ღმერთმა დამიფაროს, რომ გოგონები არ მომწონდეს, მაგრამ თავს უფლებას არ ვაძლევ, საქმე მოწონების იქით წავიდეს.
- სოფია, ირაკლი პირველად სად, რა ამპლუაში ნახე?
- სიმართლეს გეტყვი: ირაკლი მხოლოდ სერიალიდან - "შუა ქალაქში" მახსოვს.
ირაკლი:
- ჰკითხე, - რამდენი წლისაა?..
სოფია:
- 25-ის ვარ. თან, წლების განმავლობაში რუსეთში ვცხოვრობდი და რა გასაკვირია, რომ ირაკლის შემოქმედებას კარგად არ ვიცნობ... დედა რუსი მყავს, მამა - ქართველი. რუსეთში დავიბადე და სასკოლო ასაკამდე იქ ვცხოვრობდი, შემდეგ - ბებია-ბაბუასთან, გურიაში ჩამოვედი. სკოლა რომ დავამთავრე, ისევ რუსეთში გავემგზავრე და უმაღლესი განათლებაც იქ მივიღე, შემდეგ კი საქართველოში დავბრუნდი, გავთხოვდი...
- დაბოლოს, სერიალი - "შუა ქალაქში" ძველი შემადგენლობით უფრო მოგწონთ თუ - განახლებული?
- როგორც ვიცი, ეს სერიალი დიდხანს გადიოდა. მე რამდენიმე სეზონი მაქვს ნანახი. ხალხი ძველ პერსონაჟებს შეეჩვია, თორემ განახლებულიც ძალიან კარგია.
ირაკლი:
- მაგალითად, 4-სერიიანი ფილმებიდან რატომღაც, პირველი სერია ყველას სჯობს ხოლმე. ვერ ვიტყვი, - განახლებული სერიალი ცუდია-მეთქი, მაგრამ ალბათ, მართლაც შეჩვევის მომენტია და მეც თითქოს, ძველი პერსონაჟების ნოსტალგია მაქვს... ეს კითხვა ერთი თვის შემდეგ რომ დამისვათ, შეიძლება სულ სხვანაირი პასუხი გაგცეთ.
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)