აქტიური მოდელი, სააგენტო "კატრინის" ქორეოგრაფი, "მის თინეიჯერის" ჟიურის თავმჯდომარე, რადიოწამყვანი და ახლა უკვე ახალი სატელევიზიო არხის მთავარი პროდიუსერი - კრისტი ყიფშიძე საკუთარ განცდებზე გულახდილად მოგვითხრობს და პირადი ცხოვრებისა და საქმის ერთმანეთისაგან გონივრულად გამიჯვნის თავისებურ ხერხებსაც გვთავაზობს.
- კრისტი, რა შეგძინათ შოუმ - "ცეკვავენ ვარსკვლავები"?
- პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ ამ პროექტში მონაწილეობა რაიმე პრიზის ან ბინის გამო არ მიმიღია. უბრალოდ, ცეკვა მინდოდა. რამდენიმე ჩემი საოცნებო ცეკვა უნდა შემესრულებინა, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ 4 ტური გავიარე. ვაცნობიერებ, რომ ეს შოუა, თამაშია და ამის გამო არ ვნერვიულობ. ამ პროექტის წყალობით დიდი გამოცდილება მივიღე. ვერ ვიტყვი, რომ პროფესიონალი მოცეკვავე გავხდი, მაგრამ ამ მიმართულებით საკმაოდ განვვითარდი.
- როგორც ვიცით, შეიქმნა ახალი სატელევიზიო გასართობი არხი Style TV სადაც თქვენ მთავარი პროდიუსერი ხართ.
- სახელიდან გამომდინარე, არხის ძირითადი თემა სტილი და მოდაა. სხვათა შორის, მეც ვაპირებ საავტორო გადაცემის გაკეთებას.
- პოდიუმზე როგორ აღმოჩნდით? თავიდანვე გქონდათ მისწრაფება მოდელობისკენ თუ ვინმემ აღმოგაჩინათ?
- როგორც ყველა გოგონა, მოდელობაზე მეც ვოცნებობდი, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი, თუ ამ სფეროში მომიწევდა მუშაობა. ეს სრულიად შემთხვევით მოხდა: ჩემს მეზობელთან სტუმრად მოსულმა ადამიანმა დიზაინერ მაკა ნაცვლიშვილთან მიმიყვანა. მაკას მოვეწონე და 1 თვეში ჩვენებაზე გამიყვანა. ეს 1994 წელს, ანუ მაშინ მოხდა, როცა მოდის შესახებ მხოლოდ ზღაპრული წარმოდგენა მქონდა... დროთა განმავლობაში პროფესიონალ მოდელად ჩამოვყალიბდი და ამ საქმიანობამ სხვა მრავალი პროფესიის დაუფლების საშუალება მომცა.
- ჩვენებებზე სხვა ცნობილ მოდელებთან ერთად გამოდიოდით, მაგრამ დღესდღეობით, პოდიუმზე თუ ტელეეკრანზე თქვენ ყველაზე აქტიურად ჩანხართ. რა არის ამის მიზეზი?
- პირველ რიგში, ალბათ ის, რომ ახლაც ფორმაში ვარ და ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. თუმცა ახლა პოდიუმზე ისეთი სიხშირით აღარ გამოვდივარ, რადგან უკვე ხარისხს ვანიჭებ უპირატესობას და არა - რაოდენობას. რაც შეეხება სხვა მოდელებს, მათგან ამ საქმეს ზოგი არაპროფესიონალურად მოეკიდა, ზოგს საკმარისად არ უყვარდა, ალბათ...
- გაიხსენეთ გარდამტეხი მოვლენა თქვენს კარიერაში.
- ალბათ, ეს "კენტის" ჩვენება იყო, სადაც მაკა ასათიანმა შემამჩნია. ამ დროს დაემთხვა მოდის სფეროში სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება, პირველი სამოდელო სააგენტო "ნატალიც" მაშინ გაიხსნა და უკვე აქტიურად ჩავები ამ საქმეში.
- სამოდელო კარიერა საზღვარგარეთ რატომ არ გააგრძელეთ?
- მაშინ, როცა სამოდელო კარიერას ვიწყებდი, ქვეყანაში არეულობა იყო და საზღვარგარეთ წასვლაც დიდ რისკთან გახლდათ დაკავშირებული. ახლა 18 წლის რომ ვიყო, აუცილებლად წავიდოდი!
- ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებით. წონის დაკლებისას გარკვეული დისკომფორტი ალბათ, თქვენც გექმნებათ. ვგულისხმობ გაუთავებელ დიეტებს, მუდმივ ფიზიკურ აქტივობას...
- თუ ფორმაში არ ვარ, პოდიუმზე არ გავდივარ. ჭამა ძალიან მიყვარს და ამაზე უარს ვერასდროს ვამბობ. დიეტა ჩემთვის სწორი კვება უფროა - ანუ ღამით არ ვჭამ; ვერიდები ცომეულს, ალკოჰოლს. ყავას წლებია, უშაქროდ ვსვამ და სიგარეტსაც იშვიათად ვეწევი. თუ ვიცი, რომ დილით ადრე უნდა ავდგე, აუცილებლად ადრე დავიძინებ...
- ხშირად აღნიშნავთ, რომ მოდელისთვის სხეულის შემდეგ, მთავარი თვალების გამომეტყველებაა...
- ჩემი შეფასებით, მსახიობისთვის ერთ-ერთი მთავარი "ინსტრუმენტი" ხმაა. თუ სპექტაკლზე მსახიობის ხმა არ მომეწონება, შეიძლება ავდგე და დარბაზი დავტოვო. ზუსტად ასევეა მოდელისთვის თვალები: მოდელმა საკუთარი განცდა თვალებით უნდა გადასცეს ხალხს.
- თქვენს ცხოვრებაში ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა ვინმემ ძალიან გაწყენინათ, მაგრამ იმისთვის, რომ საერთო საქმეს აკეთებდით, წყენა დაივიწყეთ?
- ვფიქრობ, მეგობართან ერთად საქმის წამოწყებას უნდა მოერიდო. მეგობარს, როგორც თანამშრომელს, ვერ დაელაპარაკები, ეს კი ადრე თუ გვიან, უსიამოვნებას მოიტანს... მეგობარი ყველანაირ საქმეს მირჩევნია!
- როგორ ფიქრობთ, წარმატებული კარიერა პირდაპირ კავშირშია პირად ცხოვრებასთან?
- ზოგადად, ასეა: ან ერთში გიმართლებს, ან მეორეში. პირადად მე, კარიერაში გამიმართლა, მაგრამ არც პირად ცხოვრებას ვუჩივი. არაა აუცილებელი, გვერდით ქმარი გყავდეს. მე მყავს ნატალია, მშობლები და ამითაც ბედნიერი ვარ.
- შვილის გაჩენამ თქვენი მსოფლმხედველობა შეცვალა?
- ნატალიას დაბადების პირველივე დღიდან ყველა ჩემი ფიქრი მისკენაა მიმართული. პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" რომ აღმოვჩნდი, ესეც ნატალიას დამსახურებაა: როცა მასში მონაწილეობა შემომთავაზეს, ცოტა არ იყოს, შემეშინდა. დედაც მირჩევდა, არ გამერისკა, მაგრამ ნატალიას ჰქონდა სურვილი, მეცეკვა...
- მისი გულშემატკივრობა ალბათ, უდიდესი სტიმულია საქმის წარმატებით შესასრულებლად...
- ეს რეალითი შოუ იყო და ამიტომაც ვაძლევდი თავს უფლებას, ბავშვზე მელაპარაკა. აუტსაიდერად დგომისას მართლა არ მაინტერესებდა, რა შედეგით დამთავრდებოდა ეს პროცესი. უბრალოდ, როცა ვხედავდი, რა დღეში იყო ნატალია, როგორ ტიროდა, გული მიკვდებოდა. ისიც კი თქვეს, რომ ეს შოუსთვის დამჭირდა და ვიმსახიობე, რაც სიცრუეა! მერწმუნეთ, ნამდვილად არ იყო დადგმული ჩემი ყოფილი შეყვარებულის შემოსვლაც. ის პოლონეთში იყო, იქიდან დაუკავშირდა პროდიუსინგის ჯგუფს და ასეთი სიურპრიზი გამიკეთა. მიხარია, რომ პირველი ვარ, ვისაც ასეთი სიურპრიზი გაუკეთეს - აქამდე საქართველოში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა.
- დეპრესია თქვენი ხშირი სტუმარია?
- დეპრესიას ვერ დავარქმევ, მაგრამ მელანქოლიური მომენტები ყველას ცხოვრებაშია. სხვათა შორის, დეპრესია მხოლოდ ცუდისგან არ ემართება ადამიანს; ეს შეიძლება ბევრმა გართობამაც გამოიწვიოს. მე ოპტიმისტი ვარ, მომავლის იმედი ყოველთვის მაქვს.
- რაიმე ისეთი ცუდი თვისება თუ გაქვთ, რომელსაც ებრძვით, მაგრამ ვერ დაძლიეთ?
- შეიძლება ელემენტარულ რამეზე გავიბუტო. თუ რაღაც არ მინდა, ვერავინ გამაკეთებინებს. არავის შევარჩენ ცუდად ნათქვამ ერთ სიტყვასაც კი. ვინმე ისე თუ არ მომესალმება, როგორც საჭიროა, მივალ და მიზეზს ვკითხავ. არ შემიძლია ნაწყენი, გაბრაზებული ვიყო და ეს არ გამოვხატო.
- ალბათ, თვითონ ხართ ყოველთვის გულწრფელი...
- ალბათ! როცა პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" გამოაცხადეს, რომ შემდეგ ტურში თიკო გადავიდა და მე პროექტი უნდა დამეტოვებინა, ყველა თიკოსთან მივიდა და ულოცავდა. ერთადერთი, სამორი მოვიდა ჩემთან, ჩამეხუტა და ბევრი თბილი სიტყვა მითხრა. მერე, რა თქმა უნდა, სხვებიც მოვიდნენ, მაგრამ ვფიქრობ, მათ შორის ყველაზე გულწრფელი სამორი იყო. ის იმდენად ღირსეული ადამიანია, რომ გამარჯვებას ნამდვილად იმსახურებდა... ვფიქრობ, რადგანაც ჟიურის წევრებს შორის არც ერთი ჩემი ნათესავი და მეგობარი არ იყო, ალბათ თამაშს ისე ადრე ამიტომაც გამოვეთიშე.
- წონასწორობას ადვილად კარგავთ? რამ შეიძლება ეს გამოიწვიოს?
- ყველანაირი ფიზიკური ტკივილი შემიძლია ავიტანო, მაგრამ ზოგჯერ სისულელეებზე ვტირი. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ სალონში თმა შევიღებე და ისეთი ფერი არ გამოვიდა, როგორიც მინდოდა. ჰოდა, ავტირდი. ხალხი გაოცებული მიყურებდა... საერთოდ, მერყევი ხასიათი მაქვს. რაღაცის შეძენისას მთელი საათი ვფიქრობ, ვიყიდო თუ არა - ანუ გადაწყვეტილებას უცებ ვერ ვიღებ.
- განტვირთვაში რა გეხმარებათ?
- ბევრი ძილი ჩემთვის საუკეთესო დასვენებაა. მიყვარს სპაცენტრებში სიარული, მასაჟი და ბუნებაშიც ხშირად გავდივართ. ჩემი და ნატალიას საყვარელი ადგილი ლოპოტას ტბაა... არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც დასასვენებლად მიდიან და დილამდე სადღაც ცეკვავენ.
- ბედისწერის თუ გჯერათ? მიგაჩნიათ, რომ იღბლიანი ხართ?
- არ მინდა, ღმერთის წინაშე რაიმე საყვედური წამომცდეს. რაც მაქვს, იმის მადლობელი ვარ. მიმაჩნია, რომ ბედნიერი ქალი ვარ, ვაკეთებ საყვარელ საქმეს, მყავს შვილი, მშობლები.
- შეიძლება არასასიამოვნოა ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ ადრე თუ გვიან, მოდელის კარიერა დასრულდება...
- მოდელის კარიერა მართლაც, ხანმოკლეა, თუმცა კარიერის დასრულება მოდელის აქტიურობაზეცაა დამოკიდებული. კეიტ მოსსა და ნაომი კემპბელს თავს ვერ შევადარებ, მაგრამ ასაკის მიუხედავად, ისინი დღემდე აქტიურები არიან. თუ ფორმაში ხარ, 40 წლის ასაკშიც შეგიძლია ამ სფეროში იყო... საკუთარ თავს არ ვთვლი სტანდარტულ მოდელად. მე პოდიუმზე მხოლოდ გავლას კი არა, სამსახიობო, პერფორმანსის ნაწილს ვასრულებ.
- დაბოლოს, გარეგნული მონაცემების გარდა, რა თვისებები და გარემო პირობებია საჭირო იმისთვის, რომ მოდელი წარმატებული გახდეს?
- იმედი არ უნდა დაკარგო, მაგრამ არც იმის ილუზია უნდა შეიქმნა, რომ ყველგან მხოლოდ შენ აგირჩევენ. ბევრ კასტინგში მიმიღია მონაწილეობა და მინდა გითხრათ, რომ ყველა ერთნაირად წარმატებული არ ყოფილა, თუმცა ამის გამო ხელი არ ჩამიქნევია. ხშირად 1000-დან ერთს ირჩევენ და ის ერთი, ბუნებრივია, ყოველთვის შენ ვერ იქნები.
შორენა ლაბაძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)