ცნობილი მსახიობი, ჯეკი ჩანი საბრძოლო ფილმებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. 58 წლის ვარსკვლავმა 100-მდე ფილმში მიიღო მონაწილეობა და არაერთი კომიკური, თუ მოჩხუბარი გმირის სახე შექმნა.
მისი თქმით, ის "ზედმეტად ბებერია" იმისთვის, რომ "ძალადობრივ სამყაროს" შეეწინააღმდეგოს. ამის შესახებ ჯეკი ჩანმა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე განაცხადა. კითხვაზე, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მსახიობმა უპასუხა, რომ ფიზიკურად მეტი აღარ შეუძლია.
კანის ფესტივალზე ჯეკი ჩანი თავისი ფილმის - "ჩინური ზოდიაქოს" მხარდასაჭერად მივიდა. მსახიობმა განაცხადა, რომ საბრძოლო ჟანრში ეს მისი ბოლო პროექტია.
"ეს ჩემი უკანასკნელი ფილმია. უკვე აღარ ვარ ახალგაზრდა. ძალიან დავიღალე. მსოფლიო ახლა ძალიან აგრესიულია. მე მიყვარს ჩხუბი, ბრძოლა, მაგრამ არ მიყვარს ძალადობა", - განაცხადა ვარსკვლავმა.
მსახიობის თქმით, ახლა მონაწილეობას ისეთი ჟანრის ფილმებში მიიღებს, სადაც ჩხუბი არ მოუწევს.
"მინდა, ხალხს დავანახო, რომ ჩხუბის გარდა, თამაშიც შემიძლია, კომედიური როლების გარდა, სხვა როლების შესრულებაც მინდა. ყოველ წელს ვცდილობ საზოგადოებას ნამდვილი ჯეკი ჩანი დავანახო", - აღნიშნა ვარსკვლავმა.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.