ლია ელიავა - თითქმის უცნობი რეჟისორის დრამატული ცხოვრება

ლია ელიავა - თითქმის უცნობი რეჟისორის დრამატული ცხოვრება

"ახალგაზრდები არ მიცნობენ... მინდა გავაგებინო, საიდან მოვდივარ, ვინ ვარ, რას წარმოვადგენ", - მეუბნება სევდიანი ღიმილით რეჟისორი ლია (ლიანა) ელიავა. ახალგაზრდული სილამაზე ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს... სამშობლოში გატარებული წლების გახსენებაზე თვალები ცრემლებით ევსება. ვატყობ, წარსულზე საუბარი ერთდროულად შვებასაც ჰგვრის და ტკივილსაც. ფინეთში დასაბრუნებლად ემზადება და მოწყენილია, - თან, საქართველოს დატოვება მენანება, თან - გული იქითკენ მიმიწევსო... მეუღლის ქვეყანაში დაბრუნებამდე სამშობლოს კიდევ ერთი ნამუშევარი უსახსოვრა, წიგნი, სადაც მისი ცხოვრებაა ასახული."კინო უეკრანოდ", - ასე ჰქვია რეჟისორის მიერ გამოცემულ წიგნს, სადაც მისი ცხოვრების არცთუ ფიანდაზებით მოფენილი გზა"სიზმრად ნანახ ფილმებად" არის აკინძული. წარსულზე ზოგს თვითონ მიყვება, ზოგსაც - წიგნში ვკითხულობ...

პირველი ნაბიჯები

პირველი პროფესიით ფილოლოგი ვარ - კავკასიოლოგი. ჩემს სულიერ მასწავლებლად აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას მივიჩნევ. ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, შემდეგ კი მოსკოვის კინოინსტიტუტში,"ვგიკში" ჩავაბარე. რეჟისორის პროფესიას მიხაილ რომის სახელოსნოში დავეუფლე და პრაქტიკა თენგიზ აბულაძესთან გავიარე... კინოსტუდია"ქართულ ფილმში" რეჟისორის თანაშემწედ, შემდეგ კი დამდგმელ რეჟისორად ვმუშაობდი. გადაღებული მაქვს ორი სრულმეტრაჟიანი ("სინემა","გზის დასაწყისი") და ოთხი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ზოგიერთი ფილმის სცენარის ავტორიც ვარ."სინემამ" საერთაშორისო ფესტივალებზე - ვენეცია, სალონიკი, მელბურნი აღიარება მოიპოვა... თუმცა გზადაგზა იყო უამრავი ხელოვნური თუ ცხოვრებისეული ბარიერი, გულისტკენა, იმედგაცრუება, დამარცხება და ისევ წამოდგომა - წარმატება და აღიარება. ამ ყველაფერმა ძლიერ და დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამომაყალიბა...

ერთ დღეს, უნივერსიტეტიდან სახლში ვბრუნდებოდი, როცა"ვილისმა" ცხვირწინ დამიმუხრუჭა: - გოგონა ერთი წუთით, მოიცადეთ! - არც შევჩერებულვარ. - ცუდი არაფერი იფიქროთ, კინოსტუდიიდან ვარ, რეჟისორის ასისტენტი, სასინჯ გადაღებაზე უნდა მიგიწვიოთ, - მითხრა. მსახიობობაზე გიფიქრია? - მკითხა გადასაღებ მოედანზე ამწეზე"ამხედრებულმა" რეჟისორმა, - არა-მეთქი. ფოტოები გადაუღეთ, - განკარგულება გასცა... მას შემდეგ, როგორც უკურნებელი სენის ბაცილა, ისე შემომეჭრა კინორეჟისორობა სულში. მსახიობობაზე თავი არც მე გამომიდვია და არც მათ, ვისაც სურვილი ჰქონდა, რომ ამ გზაზე დავეყენებინე. უნივერსიტეტში წარმატებით კი ვსწავლობდი, მაგრამ ჩემი გონება სხვაგან ქროდა და შემდგომ"ვგიკში" ჩაბარებით ავისრულე ოცნება... სწავლის პერიოდში, თითქმის ყველა ახალგაზრდული ფესტივალის მონაწილე, ორჯერ პრიზიორი ვიყავი...

გზა თუშეთის მთებისკენ

ფილმის გადასაღებად კინოექსპედიციის წევრები თუშეთში გავემგზავრეთ. ომალოში მწყემსებთან ლამის ველურ პირობებში მოგვიწია ცხოვრებამ. გადაღებების სირთულეებს მათი ყოველდღიურობა, პრობლემები და სიხარული ემატებოდა და ავსებდა... ფილმის ბოლომდე გადაღებაში უამინდობამ შეგვიშალა ხელი. თბილისში ჩამოსულს გადაღებული კადრები კინოსტუდიის სამხატვრო საბჭოსთვის უნდა გვეჩვენებინა, რომ ფილმის ბედი გადაწყვეტილიყო - გაეგრძელებინათ თუ არა სურათის გადაღება. საბჭოს წევრები აგრესიით შეხვდნენ ჩემს ნამუშევარს. ვფიქრობდი - ნუთუ მართლა ფუჭად იყო ჩავლილი ამხელა შრომა?! ნუთუ ღმერთმა არც შექმნის ნიჭი მომმადლა, არც შეფასებისა, რომ ცუდი და კარგი გავარჩიო-მეთქი?!. თანამშრომლების გულგრილობა დირექტორმა არ გაიზიარა და ფილმის დასრულების ბრძანება გასცა...

პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ლაპარაკი არ მიყვარს, ჩემს წიგნში ყველაფერია მოთხრობილი და ვინც მას წაიკითხავს, ყველაფერს მიხვდება. ნამუშევარი მესამე პირშია დაწერილი, მაგრამ მისი"ამოხსნა" თქვენთვის და მკითხველისთვის ძნელი არ იქნება... ჩემი გმირი თავის მსახიობზე უზომოდ შეყვარებული რეჟისორია. ის დაოჯახებულია, ოღონდ ამბობს, რომ გაცილებულია მეუღლეს... თუმცა დამალული სიყვარული იმაზე ძლიერი ყოფილა, ვიდრე - აშკარა. აი ისეთი, საღ აზროვნებას რომ გაკარგვინებს. ყმაწვილური, მდინარესავით მოვარდნილი და ორ ადამიანს შორის გაჩენილ-გაზრდილი გრძნობა სტატუსებსა და ბარიერებს არ ცნობს... ისე კი, ცხოვრებაში სიყვარული სამჯერ მეწვია. პირველი ორი სრული მარცხით დასრულდა. ჩემმა პირველმა რჩეულმა მატარებელში გაცნობილი სლავი ქალი შეირთო ცოლად, მეორე კი, სასამართლოს ძალით გაყრილ მეუღლეს შეურიგდა...

დაკარგული დედა და შვილივით ტკბილი შემოქმედების ნაყოფი - ფილმის პრემიერა

თუშეთიდან დაბრუნებულს, საავადმყოფოს დერეფანში ექიმი შემეფეთა: - დედათქვენის მკურნალი ვარო... მის ოთახში დიდხანს ვისმენდი ტრაგიკულ მონოლოგს იმის შესახებ, რომ ზოგჯერ მედიცინა უძლურია... შემდეგ ძალა მოვიკრიბე და დედაჩემის პალატაში შევედი. მას ჩემი ნამტირალევი თვალები არ გამოჰპარვია და მისუსტებული ღიმილით მითხრა: რას იზამ, შვილო, ასეთია ბუნების კანონი, ჩვენ უნდა წავიდეთ, თქვენ უნდა დარჩეთო... ამ დროს მამა გარდაცვლილი იყო. ღონეს ვიკრებდი, რომ მომაკვდავი დედის წინაშე არ მეტირა, მაგრამ ვერ შევძელი... მისი ჯანმრთელობა მალე გაუარესდა. მაშინ, როცა ამ ფილმის გადაღება დასრულდა და გადაღებიდან პირდაპირ საავადმყოფოში მივვარდი, თითქოს მე მელოდებოდა, - თქვენთან მინდოდა ყოფნაო, - ამოიკვნესა და მე და ჩემს დას ხელებში ჩაგვაკვდა... პედაგოგი იყო, ყველა პატივს სცემდა და მთელმა ქალაქმა დაიტირა. ჩემს სიძნელეებით აღსავსე ცხოვრებაში, ის ყველაზე მძიმე დღეები იყო... რამდენიმე დღეში ჩემი ფილმის პრემიერა გაიმართა. ვღელავდი. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს პირველად ვუყურებდი ჩემს ფილმს. შემოქმედება შვილივით არის. ჯერ თითქოს შენშია, შენით ცოცხლობს, შენი სულის განუყოფელი ნაწილია. მერე კი, როცა ფეხს აიდგამს, შენ აღარ გეკუთვნის, ცხოვრების გზას თავად მიიკვლევს. ქუჩაში გამოსული თითქოს მძიმე ტვირთისგან გავთავისუფლდი...

პრიზიორი ფილმები, რომელთაც სამშობლოში აღიარება არ ეღირსათ

ჩემი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმია"ბზიანეთი", რომლის სცენარიც რეზო ჭეიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით შეიქმნა და უამრავი სირთულე გადალახა. სიუჟეტი ადამიანთა სულის მოძრაობაზეა შექმნილი. ჩემი ოსტატი, მიხაილ რომი მიიჩნევდა, რომ მთავარი"რა" კი არა,"როგორ" არის. მისივე დამტკიცებული და ხელმოწერილი სცენარის ხორცშესხმაში სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე რეზო ჩხეიძე დამეხმარა, - სამხატვრო საბჭოს ეწინააღმდეგობდა, მაგრამ ის გაჯიქდა, - თუ ამ სცენარს წარმოებაში არ ჩაუშვებთ, სამხატვრო საბჭოს დავტოვებო!.. სამუშაო გუნდის ხელმძღვანელად უმშვენიერესი მსახიობი - ლია ელიავა ავირჩიეთ. იმაზე არ შევჩერდები, თუ რამდენი ვიწვალეთ ფილმის გადაღებაზე, სურათის განხილვისას, იმათაც კი არ დამინდვეს, ვისაც ჩემიანებად მივიჩნევდი. ერთმა მსახიობების არჩევანიც კი დამიწუნა. ასეთ გამოხდომებს უკვე შეჩვეული ვიყავი, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია. ნამუშევრის მოსკოვში წაღება გადავწყვიტე. ეს"ბზიანეთი" მოსკოვის კინოინსტიტუტის საკურსო ნამუშევარი უნდა ყოფილიყო და ამასთან, საქართველოს ტელეფილმების სტუდიის გეგმაშიც შედიოდა. მას იქაც გამოუჩნდნენ ავისმოსურნეები, მაგრამ დაჩეხას გადავარჩინე და მიხაილ რომს ვაჩვენე. რის გაფუჭებას აპირებდი ამ მშვენიერ ფილმშიო? - მკითხა მან... შემდეგ ქართული ტელეფილმების სტუდიამ"სინემა" სხვებთან ერთად, საკავშირო ასპარეზზე გაიტანა. მოსკოვის კინოსახლში გამართული პრემიერის შემდეგ, ცნობილმა რეჟისორმა - სერგეი სოლოვიოვმა მითხრა, ყველაზე მეტად შენი ფილმი მომეწონაო. თუმცა ფილმების განხილვისას, ჩვენებურმა მარლენ ხუციევმა არ დამინდო, - ამ ფილმებს შორის ყველაზე სუსტი"ბზიანეთი" იყოო. იმავე წამს მოახსენეს, რომ ამ ფილმმა"ვგიკის" ახალგაზრდულ ფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის პრიზი მოიპოვა. შემდეგ რეჟისორმა ქართლოს ხოტივარმა მითხრა, - ელდარ რიაზანოვი შენს ფილმზე გიჟდებაო... მაშინ ეს კაცი ნანახიც კი არ მყავდა. არ მინდოდა, დიპლომზე ქართველი ოპონენტი მყოლოდა და მას ვთხოვე. სიამოვნებით დამთანხმდა. ისე, ცნობისთვის, მისი რეცენზია"ბზიანეთზე" ჩემი კოლეგების აზრს რადიკალურად ეწინააღმდეგება. ეს ფილმი, არაერთი ქვეყნის საელჩომ იყიდა და თავის ქვეყანაში გაგზავნა. თუმცა, საქართველოს საზღვარგარეთ გაგზავნილ ფილმებს შორის ჩემი"ბზიანეთი" ისევ აღარ იყო. წლებია ვფიქრობ, რატომ მექცეოდნენ ასე? მაგრამ პასუხი არ მაქვს... ასევე ათვალწუნებული იყო ფილმი -"ეპისკოპოსი ნადირობაზე", რომელსაც ამპუტირებულს ვეძახი, რადგან მისი მესამე ნაწილი ფირებიდანაც კი გაქრა და აღარც არქივში არსებობს. ფილმმა რისხვა ჯერ საქართველოში დაიმსახურა, შემდეგ - მოსკოვში. საკავშირო კინოს მესვეურებს განსაკუთრებით ფინალი არ მოეწონათ, - მძაფრ სატირას ველოდით, აქ კი ეკლესია გაიდეალებულიაო. რა თქმა უნდა, 1971 წელს ეკლესიის დადებით როლზე ლაპარაკი არავის უნდოდა, მაგრამ სიამაყით აღვნიშნავ, ჩემი ჯიუტი ბუნების გამო, დროისთვის ხარკი არასდროს გადამიხდია, იმას ვქმნიდი, რაც მინდოდა და როგორც მინდოდა."სინემა" - ეს ფილმი ჩემი პირმშოა, რომლის გზამკვლევი ვერ აღმოვჩნდი. მან თვითონ გაიკვლია გზა მსოფლიოსკენ, მაგრამ სამშობლოში აღიარება არ ეღირსა. რესპუბლიკურ ფესტივალზე ქართული კინოს მესვეურებმა ის ყველაზე სუსტ ნაწარმოებად დაასახელეს. ერთხელაც ფილმი ცნობილ ლიტველ რეჟისორს - ვიტაუტას ჟალაკიავიჩუსს ვანახვე, რომელმაც თავის დროზე ამ ფილმის სცენარი დამიწუნა, მაგრამ როცა ნახა, ძალიან მოეწონა. ეს იყო მოსკოვში, სადაც მან სპეციალურად რეჟისორებიც მოიწვია. მაშინ"სინემა" ცნობილმა კინომცოდნემ, კარლო ლიძანიმ და ასევე ცნობილმა მწერალმა, ალბერტო მორავიამაც ნახეს. მათი ძალისხმევით, ფილმი ვენეციის კინოფესტივალზე მოხვდა, სადაც 200 საბჭოთა კინოფილმიდან 20 შეირჩა. ისიც გავარკვიე, შემდეგ ვენაში,"ვიენელაზე", სალონიკისა და მელბურნის საერთაშორისო ფესტივალებზეც წაუღიათ. სასწაულებრივად მივაკვლიე პაპირუსის ქაღალდზე ლამაზი ხელწერით შესრულებულ სალონიკისა და მელბურნის ფესტივალების დიპლომებსაც. ამ წარმატების შესახებ არავინ არაფერს მეუბნებოდა, მხოლოდ თავდაუზოგავი ძიების შემდეგ ვიგებდი. საფესტივალო ჩვენებებზე რეკლამის გარეშე გასული ფილმის ავტორს თურმე ავადმყოფობა დააბრალეს... რომელი ერთი გითხრათ... რაც უნდა ეცადონ კინოს მედროვე მოხელენი, თავს ხელმოცარულ რეჟისორად მაინც არ ვგრძნობ!

თენგიზ აბულაძე -"მონანიების" ექო და დიდი მეგობარი

მასთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებდა."ვგიკში" სწავლისას ხშირად მატანდა ფულს, რომ უცხოელ მხატვართა ალბომები მეყიდა. მოსკოვის მრავლისმნახველ ბუკინისტებს ისეთ გვარებს ვეუბნებოდი, თვალები შუბლზე ასდიოდათ... თბილისში ჩასვლამდე, მათი თვალიერებით ვტკბებოდი. ალბათ, მისგან გადამედო გამოსახულებისადმი სიყვარული. მას გამოსახულება კი არა, ის ფირიც კი უყვარდა, რაზეც გამოსახულება იბეჭდებოდა... ერთხელ, მოსკოვში ყოფნისას შეამჩნია, რომ ფირების ჩასალაგებელი ჩანთა არ მქონდა და თავისი მაჩუქა. საოცარი ადამიანი იყო, სამართლიანი, გულიანი. ერთხელ ოჯახში სტუმრობისას, სამუშაო ოთახში გამიყვანა, მივხვდი, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა ეთქვა."მონანიებაზე" დაიწყო ლაპარაკი. ნოდარ წულეისკირის რაინდული საქციელის შესახებ მომიყვა, - ტიტრებში თავისი სახელისა და გვარის შეტანაზე უარი თქვაო... გეგა კობახიძეზეც ვისაუბრეთ, მის ხსენებაზე თენგიზს ცრემლები მოადგა, - ნანობდა, - ვერ ვუშველეთო... წლების შემდეგ, მოსკოვში ყოფნისას დამირეკა, გვიანი იყო და უხერხულობის დასაფარავად ხუმრობით მითხრა, - შენ ქმარს უთხარი, მეგობრობამ დრო არ იცისო..."მონანიების" დახურულ ჩვენებაზე გვეპატიჟებოდა. მაშინ ფილმზე მიღებული შთაბეჭდილებები ჩავინიშნე, მაგრამ სიცოცხლეშივე მისთვის ხოტბა-დიდების შესხმის რატომღაც მომერიდა. ახლა ვგრძნობ, რომ დავაშავე. არადა, მინდოდა მეთქვა, - ამბობენ,"მონანიების" მხატვრული ფორმა გადატვირთულია და ძნელად აღსაქმელიო. არადა, მაყურებლის მარაგია მსუბუქი. ამიტომაც, მისმა სიმძიმემ გადაგვწონა."მონანიების" ექო საუკუნეებს გაჰყვება.

ლია ელიავა - სეხნია, სულიერი მეგობარი

ახალბედა რეჟისორი ვიყავი, როცა აღიარებული უმშვენიერესი ლია ელიავა"ბზიანეთის" სინჯებზე მივიწვიე. სამუშაო გუნდმა თავის ხელმძღვანელად ლია ერთხმად აირჩია. ის ყველას ძალიან უყვარდა. ბუნებრივი ნიჭის გარდა, მას ადამიანური კეთილშობილებაც ამშვენებდა. მის მიმართ თაყვანისცემა ზოგჯერ ჩემზედაც ვრცელდებოდა. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, - ერთხელ ფილმის გადაღებისას ცხენები დაგვჭირდა. დაქირავება ძვირი ჯდებოდა. იპოდრომის მაშინდელი დირექტორი ლიას დიდი თაყვანისმცემელი იყო. ამასთან, დავადგინეთ, რომ ცუდი მხედველობა ჰქონდა. ლიას არ ეცალა და მე წავედი. მას მეგრულად ავუხსენი ჩვენი გაჭირვება. სიხარულისგან გაგიჟდა, ძვირად ღირებული თეთრი ცხენებიც კი უფასოდ გვათხოვა. ლია ამ ამბავზე ხალისობდა... მისთვის განკუთვნილ სასიყვარულო ბარათებს მიგზავნიდნენ ჯარიდან, ციხიდან... ერთხელ ლიამ თავად წამიკითხა სერგო ფარაჯანოვის მიერ გადასახლებიდან მისთვის გამოგზავნილი წერილი, სადაც ჩემი ფილმის -"ფერმა მთაშის" შთაბეჭდილებებს უზიარებდა და რეჟისურას უქებდა. როგორც ჩანს, ეგონა, კინოცხოვრებას მოწყვეტილმა მსახიობმა რეჟისორობა დაიწყოო და წარმატებულ დებიუტს ულოცავდა. ლიასთან მუშაობა ჩემთვის დიდ პატივთან ერთად, ერთგვარი შვებაც იყო, რადგან მასთან ურთიერთობას არაფერი სჯობდა...

მესამე,"დაღვინებული" სიყვარული

საქართველოში ყოფნისას მუდმივად მსაყვედურობენ, რომ უცხოელზე გავთხოვდი. რა მექნა? ჩემი ორი"ქართული სიყვარული" წარუმატებლად დასრულდა. რა ჩემი ბრალი იყო, თუ უცხოელ პოეტს ერთი ნახვით შევუყვარდი? გამოგიტყდებით, ამაზე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი... რობერტ ვინონენი არაჩვეულებრივი ადამიანია. ჩვენ ერთნაირი შეხედულებები, წარსული და ხასიათები გვაქვს. ფინეთსაც საქართველოს მსგავსი, მძიმე ხვედრი ერგო, - ისიც რუსეთის ტყვეობაში იყო. რობერტის მრავალსულიანი ოჯახი გადასახლებაში მოყვა და 11 წევრიდან, მხოლოდ ორი გადარჩა, მათ შორის იყო რობერტი. დანარჩენები გზაში დაიხოცნენ. მისი სიყვარული სამშობლოსგან შორს ყოფნად დამიჯდა, მაგრამ ხელი მაინც ვერ ვკარი. გამიჭირდა შორს ყოფნა, მაგრამ ვიდრე ნოსტალგია ბოლოს მომიღებდა, ეს განცდა ლექსებად, მოთხრობებად და ნახატებად გარდავქმენი. მათ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ვაქვეყნებ. თან, ჩემი საარსებო მინიმუმით, რომელსაც ფინეთის მთავრობა მიხდის, ჩემიანებსაც ვეხმარები.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ