25 მაისს ეკრანებზე გამოვიდა საკულტო ფილმის "მამაკაცები შავებში" მესამე ნაწილი. პრემიერისთვის ქალის მთავარი როლის შემსრულებელი ელის ივი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში ჩადგა და ფოტოსესიებშიც დიდი ხალისით მიიღო მონაწილეობა.
30 წლის ბრიტანელი მსახიობის ზურგს უკან არც ისე ბევრი როლია - დრო ოქსფორდში სწავლაში "დაკარგა". უნივერსიტეტიდან წამოვიდა, რადგან ეს "სულელი პროფესორები მასში მხოლოდ სექსსათამაშოს ხედავდნენ". ახლა კი მართლა ბედნიერი ბილეთი ამოარჩია - ისეთ ფილმებს, როგორიც არის "მამაკაცები შავებში", მილიონები უყურებენ.
პროდიუსერებიც არ შემცდარან - უცხოპლანეტელი მონსტრების ფონზე ქერა ლამაზმანი განსაკუთრებულად მომხიბვლელი ჩანს.
ელისი მსახიობ ტრევორ ივისა და ასევე მსახიობ შერონ მოგანის ქალიშვილია. ორი უმცროსი ძმა ჰყავს. მთელი ოჯახი ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა. ელისმა ორი სკოლა დაამთავრა, ჯერ ამერიკაში, მერე კი - ლონდონში, სადაც მოგვიანებით გადაბარგდნენ.
სკოლაში სწავლის პარალელურად ელის ივი სამსახიობო ოსტატობის სკოლაშიც დადიოდა, მერე კი ოქსფორდში ჩააბარა. იქვე შედგა მისი დებიუტი თეატრალურ დადგმებში, რომლებიც მოგვიანებით ედინბურგის ფესტივალზეც აჩვენეს.
სამსახიობო კარიერა 2004 წელს დაიწყო - გამოჩნდა რამდენიმე სერიალში და ასევე ფილმში "სილამაზე ინგლისურად". 2006 წლის პირველი ნახევარი ინდოეთში გაატარა, სადაც იღებდნენ მინი-სერიალს Losing Gemma.
კინოს გარდა ელის ივი ახლაც მონაწილეობს თეატრალურ დადგმებში. 2009 წელს როქსანას როლი შეასრულა "სირანო დე ბერჟერაკში", ორ წელიწადში კი ლონდონის ვეტს-ენდსა და ბროდვეიზე ფურორი მოახდინა ტომ სტოპარდის "როკ-ენ-როლის" მიხედვით დადგმულ სპექტაკლში.
"ინგლისურ სილამაზეში" რუპერტ ევერეტსა და კლერ დეინსს გაუწია პარტნიორობა, "ათიანში მოხვედრაში" კი - ჯეიმს მაკევოის. თუმცა ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი სწორედ "ადამიანები შავებშია".
ამჟამად ელისი ლოს-ანჯელესსა და ლონდონში ცხოვრობს. 2009 წლიდან ხვდება პოეტ ადამ ორიორდანს, რომელსაც ოქსფორდში სწავლისას გაუმიჯნურდა. მანამდე კი რამდენიმე მსახიობთან ჰქონდა რომანი.
სხვათა შორის, ელისი ჰეტეროქრომია - მარჯვენა თვალი მწვანე აქვს, მარცხენა - ლურჯი. და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - კომედიაში "მეტისმეტად მაგარია შენთვის", ელისის მშობლების როლები მისმა ნამდვილმა მშობლებმა შეასრულეს.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)