პატარა რეპერი სამტრედიიდან, რომელიც ჟიურის რჩეული გახდა

პატარა რეპერი სამტრედიიდან, რომელიც ჟიურის რჩეული გახდა

ის ყველაზე პატარა, დედისერთა რეპერია საქართველოში. "ნიჭიერის" მონაწილე ოთო ბუაძის სცენაზე გამოჩენას პირველ ტურში ჟიური სკეპტიკურად შეხვდა, მაგრამ მის მიერ გარეპილმა "წერილი ემინემს" დარბაზი შოკში ჩააგდო და მეორე ტურის საგზურიც მოუტანა. ორშაბათს კი ჟიურის გული მეორედ მოიგო და მათი რჩეული გახდა. ოთო ფინალშია და დანარჩენ ფინალისტებთან ერთად, გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

- ოთო, შენზე მოგვიყევი, რამდენი წლის ხარ, სად სწავლობ.

- 12 წლის ვარ, წარმოშობით სამტრედიიდან. შვიდი წელია, რაც ვრეპავ. ამჯერად სამტრედიის მე-11 საჯარო სკოლაში ვსწავლობ. ცხრა წელი ვცხოვრობდი თბილისში, მაგრამ ორი თვის წინ სამტრედიაში დავბრუნდით, თუმცა ახლა ისევ ვაპირებთ საცხოვრებლად თბილისში გადმოსვლას.

- სიმღერა რა ასაკში დაიწყე?

- ლაპარაკთან ერთად ვმღეროდი. ადრე ტელევიზიით რა სიმღერებიც გადიოდა, ძირითადად იმას ვიმახსოვრებდი და ვმღეროდი. 5 წლის რომ ვიყავი, ლექს-სენი, კაბუ, შავი პრინცი და ბედინა ყველაზე მაგარი რეპერები იყვნენ და მათ სიმღერებს ვუსმენდი. მამას ჩემი გატაცება არ მოსწონდა, დედა კი ჩემნაირად რეპის მსმენელი გახდა. ემინემს პირველად ინტერნეტში მოვუსმინე. თავიდან ყოველდღე ვუსმენდი, მერე ყოველ საათში და ბოლოს უკვე ძალიან შემიყვარდა.

- სიმღერებს თავადაც წერ?

- დიახ, პირველი სიმღერა რომ დავწერე, ათი წლის ვიყავი, ეს იყო "წერილი ემინემს", ამ სიმღერით მინდოდა, ჩემი სათქმელი გადმომეცა. მანამდეც ვწერდი.

ირმა სურმავა (ოთოს დედა):

- სასაცილო რაღაცებს წერდა, ლექსებს ვერ დავარქმევ. მაშინ გულს არ ვუტეხდი, ვხედავდი, რომ მონდომებით წერდა. ვფიქრობდი, ეს იყო თამაში, რომელიც მალე გაუვლიდა. არ მეგონა, აქამდე თუ მივიდოდა.

- მუსიკაზე არასოდეს უვლია?

- მესამე კლასში იყო, როცა ვოკალზე მივიყვანე ანსამბლში "ლურჯა ცხენები". დამატებით მეტყველებას, ინგლისურსა და ცეკვას ასწავლიდნენ. ნახევარი წელი ვატარე და განვითარება ვერ დავინახე. ფულის მახე იყო. ჩემნაირად ბევრი მოტყუვდა, რასაც დაგვპირდნენ, ისე არ მოხდა.

ოთო:

- ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, რომ კონცერტებზე გამიყვანდნენ, მაგრამ არავის გავყავდი. ორი წელი პაუზა მქონდა და ჩემს ახალ ვოკალის პედაგოგთან, ანუ კომპიუტერთან ვმეცადინეობდი. "ნიჭიერში" მონაწილეობა დედამ დამაძალა. ამხელა სცენაზე პირველად გავედი. ჟიურისიც მეშინოდა, სამივესი, მაგრამ გეგასი გამორჩეულად. პირველ ტურში გადასვლა ძალიან გამიხარდა, ყველა მილოცავდა, მთელი სამტრედია ზეიმობდა, მაგრამ თავში არ ამვარდნია. საერთოდ, თავმდაბალი ადამიანი ვარ.

- ოთო, მეორე ტურისთვის დიდხანს ემზადებოდი?

- არა, მხოლოდ ერთი კვირა მქონდა. მეორე მუსიკა და ტექსტი "რეპ რაისმა" დამიწერა, მაგრამ ჩემი წვლილიც შევიტანე, რომ უკეთესი სიმღერა გამოსულიყო.

ირმა:

- დარბაზში ვიჯექი და ძალიან ვნერვიულობდი. ზოგს ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა. ჩვენ მაინც სამტრედიელები ვართ და არავინ ჩამოსულა. არც ბანერები გვქონია, მაგრამ ვირწმუნე, რომ თურმე სამართლიანი რაღაცებიც ხდება ცხოვრებაში.

ოთო:

- კონცერტამდე ძალიან ვინერვიულე, ზოგიერთი მონაწილე იძახდა, ჩვენ უეჭველად გადავალთო. მე ხმა არ ამომიღია. მგონი, ჟიური ჩემი მიმიკებით, ხელის მოძრაობებითა და თავისუფლებით მოვხიბლე.

- პროექტში კიდევ ერთი რეპერია - შავი პრინცი.

- "ნიჭიერში" გავიცანი, მივესალმეთ ერთმენთს და არჩევისას, როცა გვერდზე დამიყენეს, არ მეგონა, თუ ორივეს გადაგვიყვანდნენ.

ირმა:

- არაფერი აღარ მახსოვს იმ წუთებიდან. ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავდა, მე ბავშვისკენ წავედი და ჩავეხუტე. ამ ტელევიზიამ უბედნიერესი დედა გამხადა.

ოთო:

- ქუჩაში უამრავი ადამიანი მცნობს და მეუბნებიან, რომ ძალიან მოსწონთ ჩემი სიმღერა. ახლა ფინალისთვის ვიწყებ მომზადებას და ყველანაირად ვეცდები, უკეთ ვიმღერო. მამა ახლა გაოცებულია, რეპი მასაც შევაყვარე.

პროექტის მიმდინარეობის შესახებ რამდენიმე კითხვა ჟიურის ერთ-ერთ წევრს, გეგა ფალავანდიშვილსაც დავუსვით.

- გეგა, როგორ შეაფასებთ "ნიჭიერის" მესამე სეზონს?

- მაყურებლის გამოხმაურებით და ოფიციალური რეიტინგებით თუ ვიმსჯელებთ, "ნიჭიერის" მესამე სეზონი, წინა ორის მსგავსად, სუპერპოპულარული, სუპერრეიტინგული და ქართულ ტელესივრცეში ყველაზე წარმატებული პროექტია.

- როგორ უპასუხებთ კრიტიკაზე, როცა ამბობენ, რომ წელს ცოტა გამორჩეული ნომერი ვნახეთ.

- ყველაფრის გაკრიტიკებაა შესაძლებელი, თუმცა ფაქტია, რომ არც ქვიშით ხატვა, არც ძელზე მოცეკვავე გოგონა, არც ხელნაკეთი ინსტრუმენტების ანსამბლი, არც პიანისტი, არც იუმორისტული ნომერი, არც მზარეული და არც ეკვილიბრისტი წინა წლებში არ ყოფილა. რაც შეეხება სიმღერას და ცეკვას, წლევანდელი მონაწილეები უფრო დახვეწილები და მეტად მომზადებულები არიან წინა წლებთან შედარებით.

- რომელი ნომერი იყო ამ სეზონზე თქვენთვის ყველაზე გამორჩეული?

- ლევან ფარჯიკია და გიორგი ვარძელაშვილი, იგივე "ფაინა".

- ნახევარფინალის პირველ კონცერტზე ჟიურის რჩეული ოთო ბუაძე გახდა. მაყურებლის რჩეული მომღერალი გოგონა ნინიკო კახაძე, რის შემდეგაც ველოდით, რომ ჟიური მომღერალს აღარ შეარჩევდა.

- ჟიურის მომღერალი არ შეურჩევია. პირველ ნახევარფინალში ერთი მომღერალი იყო - ნინიკო კახაძე, რომელიც მაყურებელმა გადაიყვანა. ნახევარფინლის ყველა მონაწილემ თავისი მაქსიმუმი აჩვენა. ძალიან კარგები იყვნენ "დრიმ ვოლქერსი" და "მეგობრების ტრიო". ჟიურის რჩეული კი გახდა რეპერი, რომელიც თვითონ წერს ტექსტებს, აქვს არაჩვეულებრივი რიტმის და მელოდიის შეგრძნება და ძალიან სცენურია მიხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 12 წლისაა.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება