სად დაიკარგა და რას საქმიანობს თამთა გოგუაძე

სად დაიკარგა და რას საქმიანობს თამთა გოგუაძე

მომღერალი თამთა გოგუაძე უკვე კარგა ხანია, ქართველი მსმენელის წინაშე არ წარმდგარა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ სოლო კარიერას დროებით შეეშვა და ანსამბლთან "ქართული ლეგენდა სამაია" ერთად წლებია, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს.

- საკმაოდ პოპულარული იყავი, ახლა კი აღარ ჩანხარ. მოგვიყევი, რას საქმიანობ?

- უკვე მეხუთე წელია, რაც ანსამბლის - "ქართული ლეგენდა სამაია" წევრი ვარ. ეს არის ფოლკლორული ნაციონალური ანსამბლი. ჩვენ უკვე ძალიან ბევრ ქვეყანაში გავმართეთ კონცერტი. ყოველ წელს ახალ პროგრამას ვაკეთებთ. მორიგი გასტროლი ალჟირში, ივლისში გვაქვს დაგეგმილი. ყველაფერს შოუს სახით ვაძლევთ, ეს კი უცხოელ მაყურებელს ძალიან მოსწონს... საზღვარგარეთ ყოფნისას თავისუფალ დროს ქალაქის დასათვალიერებლად ვიყენებ. საინტერესო ადგილებში ფოტოსურათებს ვიღებ, თან - ვშოპინგობ.

- ქართული ნაციონალური კოსტიუმი ძალიან გიხდება.

- მეც მომწონს. მასში თავს კომფორტულად ვგრძნობ. როცა სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე გავდივარ და ისინი ჩვენი ფოლკლორით აღფრთოვანდებიან ხოლმე, სიამაყით ვივსები. ამბობენ, რომ ჩინელების მოხიბვლა რთულია. თუმცა, ცოტა ხნის წინ ჩინეთშიც ვიყავით და ჩვენი გამოსვლა ძალზე მოეწონათ. აი, ეს ყველაფერი ამ სურათზეც კარგად ჩანს.

- არ გენატრება ის პერიოდი, როცა პოპულარული იყავი?

- რა თქმა უნდა, მენატრება. კარგი პერიოდი იყო. სწორედ მაშინ გამიცნო და შემიყვარა მსმენელმა, მაყურებელმა. აი, ეს ფოტო, სადაც თეთრებში ვარ, კლიპზე მუშაობის დროსაა გადაღებული და ძალიან მიყვარს.

- სოლო კარიერის გაგრძელებას არ აპირებ?

- როგორ არა, მაგრამ ანსამბლმაც ძალიან გამიტაცა. მომწონს აქ ყოფნა. სოლო კარიერისთვის ადრე დრო ვერ გამოვნახე, ახლა კი სიმღერა დავწერე და ახლო მომავალში მის ჩაწერას ვაპირებ...

- მომიყევი, როგორი ბავშვი იყავი?

- ქერა, რუსს ვგავდი; ამავე დროს - ძალზე მსუქანი. ისეთი მსუქანი ვიყავი, რომ ექიმმა რამდენიმე თვის ჩვილს დიეტა დამინიშნა. წყნარიც ვყოფილვარ თურმე და სადაც დამსვამდნენ, იქ ვიჯექი მანამ, ვიდრე არ მეტყოდნენ, - ადექიო. თუმცა, ყოფილა შემთხვევა, როცა დივნიდან ან სკამიდან მეც გადმოვვარდნილვარ (იღიმის).

- ამ სურათში მამასთან ერთად ხარ, არა?

- დიახ. აქ და იმ ფოტოსურათში, სადაც მარტო ვდგავარ, კარგად ჩანს, თუ როგორი თეთრი და ქერა ვიყავი. გარეგნულად დედას ვგავარ. ბაღში სიარული არ მიყვარდა, მაგრამ დედას მაინც დავყავდი ხოლმე. თუმცა მთლიანობაში ალბათ, ორი თვეც არ მექნება ბაღში გატარებული. ბოლოს გამოსაშვებ კონცერტზე ვიყავი და ფოტოალბომიც მაქვს.

- ეს კი სკოლის ასაკში გადაღებული ფოტოა...

- როცა სკოლაში შემიყვანეს, უკვე გამხდარი ვიყავი. ბავშვობის შემდეგ წონის პრობლემა არ მქონია, მხოლოდ ფეხმძიმობის დროს გავსუქდი და მშობიარობის შემდეგ სარკეში აღარ ვიხედებოდი, საკუთარი თავი აღარ მომწონდა. საბედნიეროდ, ისე მოხდა, რომ ყოველგვარი დიეტის გარეშე, სულ რაღაც 4 თვეში ფორმაში ჩავდექი.

- სკოლის პერიოდში იპრანჭებოდი?

- არა. ძალიან ბეჯითი და ბავშვური ვიყავი. გაპრანჭვის სურვილი სკოლის დამთავრების შემდეგ გამიჩნდა.

- შენი გაპრანჭვა რაში გამოიხატებოდა?

- თმა შინდისფრად შევიღებე. იმ პერიოდში რუსა მორჩილაძესთან დავდიოდი და მასაც ამ ფერად ჰქონდა შეღებილი. ვინაიდან ძალიან მომწონდა, მეც ამიტომ შევიღებე. მას მერე თმას სულ ვიღებავ, ამ მხრივ ექსპერიმენტებს არ ვერიდები. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ხალხს ჩემი ბუნებრივი თმა არ უნახავს. ასევე ხშირად ვიცვლი ვარცხნილობას. აი, ამ სურათში ხვეული თმა მაქვს და ძალიან მომწონდა. ახლა კარე შევიჭერი და ესეც მომწონს. სხვათა შორის, ასეთ "პრიჩოსკას" პატარაობისას ვატარებდი. მოკლედ, ვარცხნილობით ბავშვობის წლებში დავბრუნდი.

- მაკიაჟს არ იკეთებდი?

- როგორ არა! სტუდენტობის დროს ძალიან მიყვარდა მაკიაჟის გაკეთება. ქუჩაში ისე არ გავიდოდი, სახეზე რაიმე რომ არ წამესვა, მაგრამ ახლა პირიქითაა - უკვე წლებია, მაკიაჟი არ გამიკეთებია. სახეზე კრემებისა და კანის მოვლის საშუალებების გარდა, აღარაფერს ვისვამ. ბუნებრიობა უფრო მომწონს. მაკიაჟს მირჩევნია, კარგად გავირუჯო და ამ მიზნით სოლარიუმს ხშირად ვსტუმრობ.

- რამდენი წლის იყავი, როცა გათხოვდი?

- 20 წლის ვიყავი. მე და ჩემი მეუღლე მხოლოდ ორი წელი ვიყავით ერთად. ამ ქორწინებიდან მყავს ლუკა, რომელიც აგვისტოში 8 წლის გახდება. მიუხედავად იმისა, რომ დავშორდით და ჩვენმა ქორწინებამ არ გაამართლა, ეს ურთიერთობა მაინც ღირდა - დღეს ლუკას სახით დიდი განძი მყავს. ის საოცრად კარგი ბავშვია. მასთან გატარებული ყველა წუთი უძვირფასესია ჩემთვის.

- ლუკას მამასთან ურთიერთობა აქვს?

- კი. როცა თავისუფალი დრო აქვს, მოდის ხოლმე...

- ახლა რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

- არაფერიც არ ხდება. თავიდან ბოლომდე სამუშაოში ვარ ჩაფლული. თან, ისეთი დღის რეჟიმი მაქვს, რომ არა მგონია, ამას ვინმე შეეგუოს (იღიმება).

- ჩაცმის როგორ სტილს ანიჭებ უპირატესობას?

- სპორტულ და კლასიკურ ტანსაცმელს ერთმანეთს ვუხამებ ხოლმე. არ მიყვარს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მაგრამ სცენაზე გასვლის წინ მისი ჩაცმა მაინც მიწევს. ჰოდა, ამ დროს თავს არაკომფორტულად ვგრძნობ. ბევრი კედი და "ბალეტკა" მაქვს.

- საკუთარ გარეგნობაში რაიმის შეცვლაზე თუ გიფიქრია?

- მომწონს ჩემი თავი ისეთი, როგორც ვარ, მაგრამ თუკი მომავალში საკუთარ გარეგნობაში რაიმე არ მომეწონება, რა თქმა უნდა, ნაკლის გამოსწორებაზე ვიფიქრებ. არც პლასტიკური ქირურგიის წინააღმდეგი ვარ. ადამიანი ამქვეყნად ერთხელ მოდიხარ და უნდა შეეცადო, რაც შეიძლება ლამაზად, კარგად იცხოვრო.

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება