ჯულიეტ ბინოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფრანგი მსახიობია და ერთ-ერთია იმ ხუთ ფრანგ ქალს შორის, რომელთაც "ოსკარი" დაიმსახურეს. კანის კინოფესტივალზე ჯულიეტი ახალგაზრდა პოლონელი რეჟისორის მალგოჟატ შუმოვსკის დრამით "ისინი" გამოჩნდა. სურათში გლამურულ ჟურნალისტს განასახიერებს, რომელიც სტუდენტ-მეძავებს მათი მძიმე შრომის შესახებ ეკითხება.
დოსიე:
ჯულიეტ ბინოში 1964 წლის 9 მარტს დაიბადა პარიზში. დრამატული ხელოვნების ეროვნულ კონსერვატორიაში სწავლობდა. დებიუტი ჰქონდა ჟან-ლიუკ გოდარის ფილმში "სალიუტ, მარია" 1965 წელს, რის შემდეგაც თავისი ერთ-ერთი საუკეთესო როლი ითამაშა ლეოს კარაქსის "ცუდ სისხლში". მისი საუკეთესო ფილმებია "ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე", "ინგლისელი პაციენტი", "ახალი ხიდის საყვარლები", "სამი ფერი"... 1997 წელს მიიღო "ოსკარი" "ინგლისელ პაციენტში" შესრულებული როლისთვის. არასდროს ყოფილა გათხოვილი. 1993 წელს გააჩინა ვაჟი პროფესიონალი მყვინთავის ანდრე ჰოლასგან, ექვს წელიწადში კი - ქალიშვილი ჰანა მსახიობ ბენუა მაჟიმელისგან, რომელიც მისი პარტნიორი იყო ფილმში "პიანისტი ქალი".
"მგონი, ერთადერთი ვიყავი, ვინც იცინოდა"
- საკმაოდ პროვოკაციული თემაა წამოჭრილი თქვენს ახალ ფილმში. განიხილავდით მას რეჟისორთან?
- არა, გადასაღები მოედანი სადისკუსიო ადგილი არ არის. გადაღებებზე ერთადერთი მიზანია, ამოცანა შეასრულო და ყველაფერი რაც შეიძლება რეალისტური ჩანდეს. თუმცა მანამდე, რასაკვირველია, ყველაფერზე მოვილაპარაკეთ. რეჟისორმა ახალგაზრდა მეძავების ნამდვილი სცენებიც მაჩვენა, სიუჟეტის მიხედვით ხომ მე კარგად უნდა მცოდნოდა მათი ავან-ჩავანი. ეს იყო დოკუმენტური ფილმი სამ ახალგაზრდა გოგონაზე, რომელთა რეალურ ამბებზეა დაფუძნებული სცენარი. გავოგნდი, ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთი რამ შესაძლებელია. დღეს მართლაც ბევრია მეძავი სტუდენტი, რომლებიც საარსებო ფულისთვის, სწავლისთვის, კეთილდღეობისთვის ამ გზას ირჩევენ. თუმცა შოკი იყო უფრო იმისგან, თუ რა სიამოვნებას იღებენ ამით და მალე აუცილებლობადაც კი ექცევათ, მეძავობა მათთვის ნამდვილი ნარკოტიკი ხდება! ისინი ფიქრობენ, რომ მამაკაცებზე გარკვეული ძალაუფლება აქვთ, თუმცა ეს ძალაუფლება იოლად შეიძლება მათ წინააღმდეგ შემობრუნდეს. ისინი ხშირად აღმოჩნდებიან საფრთხის ზონაში.
- თქვენ თვითონ თუ სარგებლობთ მამაკაცებზე ძალაუფლებით?
- მე ვიცი, რომ ეს ძალაუფლება მაქვს, თუმცა ვერ ავურევდი ერთმანეთში სექსუალურობასა და მომხიბვლელობას. იმიტომ, რომ ბავშვიც კი რაღაც დოზით ხიბლავს დედას, ასე არ არის? ეს ადამიანებს შორის კომუნიკაციის ნაწილია. ჩვენ ყველანი ვთამაშობთ მოხიბვლისა და ცდუნების თამაშს. მე მირჩევნია, ჩემი სიღრმით მივიპყრო ყურადღება. ბავშვობიდან ღრმა ურთიერთობები მაინტერესებდა.
- ძირითადად დრამებში ამჯობინებთ თამაშს, თუმცა თქვენი ცოტა ხნის წინანდელი სურათი "ასლი ზუსტია", საკმაოდ სასაცილო იყო...
- მეც ასე ვფიქრობ. თუმცა კანში ჩვენებაზე, მგონი, ერთადერთი ვიყავი, ვინც იცინოდა. მეშინოდა კიდეც, ჩემი სიცილით სხვებისთვის არ შემეშალა ხელი ყურებაში.
- იმ წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო მიიღეთ და სცენაზე გამოხვედით ირანელი რეჟისორის ჯაფარ ფანახის მხარდასაჭერად, რომელიც დაპატიმრებული იყო...
- და ამან იმოქმედა კიდეც! ორ დღეში გაათავისუფლეს. თუმცა ადამიანების მხსნელად არ მივიჩნევ თავს. იმ მომენტში შემეძლო რაღაცის გაკეთება და გავაკეთე კიდეც.
"თუ რეჟისორი გავხდები, ვერც დავხატავ, ვერც ვიცეკვებ და ვერც ვითამაშებ"
- დროდადრო საკმაოდ გიჟურ პროექტებში მონაწილეობას თანხმდებით...
- აი, ახლაც ბრუნო დიუმონთან ვთამაშობ, ეს არის სიგიჟე? (დიუმონი ფილოსოფოსი რეჟისორია, რამდენიმე სკანდალური და რადიკალური სურათის ავტორი, როგორებიცაა "იესოს ცხოვრება", "ადამიანობა", "29 პალმა" - მთარგმ.). მასთან ცნობილ მხატვარ კამილა კლოდელს განვასახიერებ.
- ახლა მსახიობები თავად იწყებენ რეჟისორობას - მადონა, ანჯელინა ჯოლი, სოფი მარსო... თქვენ არ აპირებთ ცდას?
- არ ვგრძნობ, რომ ამის რაიმე განსაკუთრებული ნიჭი მაქვს. რეჟისორებთან ჩემი თანამშრომლობა ძალიან ინტენსიური და პიროვნული ხასიათისაა. თანაც, როცა ვცეკვავ, მე არ ვთამაშობ, ხოლო როცა ვთამაშობ - არ ვხატავ (ბინოში რა ხანია ხატავს, ცოტა ხნის წინ კი ბალეტითაც დაინტერესდა და ცნობილ ქორეოგრაფსა და მოცეკვავე აკრამ ხანთან ერთად საბალეტო დადგმა გააკეთა, რომლითაც მსოფლიო შემოიარა - მთარგმ.). ხოლო როცა ვხატავ, მაშინ არ ვცეკვავ და არც კინოში ვთამაშობ. თუ რეჟისორი გავხდები, ასეთ შემთხვევაში ვერც დავხატავ, ვერც ვიცეკვებ და ვერც ვითამაშებ... ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოვხატავ ჩემს ცხოვრებისეულ ვნებას. მე ვცხოვრობ ადამიანის შეცნობის, შესწავლის სურვილით - რისგან ვართ გაკეთებული, სად მივდივართ. ადამიანის პიროვნების შესწავლა, დაკვირვება ჩემი ვნებაა.
- ხშირად ამბობთ უარს გადაღებაზე?
- ვერ ვიტან გამეორებას, ამიტომაც ვამბობ უარს. იმის ხელახლა გაკეთების სურვილი, რაც უკვე გავაკეთე, არ მაქვს. მეორე "ინგლისელი პაციენტი", მაგალითად, არანაირად არ მხიბლავს. უნდა შეგეძლოს, წარსული წარსულში დატოვო და ყოველთვის მიიღო საღი გადაწყვეტილება.
- მთელი ცხოვრება ყველაზე აქტუალური რეჟისორების მუზა იყავით - ლეოს კარაქსიდან მიხაელ ჰანეკემდე. ახლა აბას კიაროსტამისა და დევიდ კრონენბერგის მუზა ხართ...
- ყოველთვის მსურს თამამ რეჟისორებთან მუშაობა, რომლებიც მზად არიან, წარმატებისთვის საკუთარი თავის ნაწილი გაიღონ. მომწონს იმის განცდა, როცა რეჟისორი მზად არის ამ ფასის გადასახდელად - თავისი სულის, სხეულის ნაწილის, და არა მხოლოდ იდეების, რომლებიც თავში უქრის.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)