ქუთაისში ექიმი მამისა და პედაგოგი დედის ოჯახში გაიზარდა. თავადაც სტომატოლოგობას უპირებდნენ, მაგრამ გეზი ხელოვნებისკენ აიღო, მარტო ჩაჯდა მატარებელში და თბილისში არტისტობის დაუფლების მოლოდინში დამოუკიდებლად ცხოვრებას შეუდგა. აქ დაიწყო სირთულეებიც. ცოტამ თუ იცის, რომ ჯგუფ "ფრანის" სოლისტი გაგა ჩიხლაძე პროფესიით მსახიობია. არც ქუჩა, ბოჰემა, ღვინო და მარიხუანა ყოფილა მისთვის უცხო.
სწორედ ალკოჰოლის "დამსახურებით" შედგა ჩვენი ინტერვიუ მის საძინებელ ოთახში. გაგა მოტოციკლით ავარიაში მოყვა და დღეს იარებს საწოლში იშუშებს.
- ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, ქუთაისში. ჩვენი ოჯახი ხუთი წევრისგან შედგებოდა: დედა, მამა, ბებია, მე და ჩემი და. მე ყველაზე პატარა ვიყავი ოჯახში. მამაჩემი სტომატოლოგია, დედა - ფილოლოგი. ჩემი და სამი წლით უფროსია ჩემზე. სულ ვჩხუბობდით, ვჭამდით ერთმანეთს. ერთად სადილობის, ვახშმობის ტრადიცია გვქონდა. იმ პერიოდში ისედაც ჭირდა ცხოვრება და მით უმეტეს ქუთაისში. ფუფუნებაში არ ვცხოვრობდი, მკაცრი რეჟიმი მქონდა. მხოლოდ ორ საათს ვატარებდი ეზოში. დედა მაკონტროლებდა. დედაჩემი პედაგოგი იყო, ქართულს მასწავლიდა. იმ სკოლაში ვსწავლობდი, რომელიც მამაჩემმა და ჩემმა დამ დაამთავრეს. პატარა ასაკიდან ჩემი გამზრდელი ბებია იყო, ბათუმელი ქალი, გვარად კალანდაძე. ბებოს ძირითადად არ ვუჯერებდი, მაგრამ ძალიან მიყვარდა. ერთი ადამიანი არ მეგულება, ვისაც ჩემზე მეტად უყვარდა ბებო. ჩემი კარგი მეგობარი იყო. მახსოვს მისი გაკეთებული კარაქიანი პურები, მასთან მეძინა. მოვლილი ქალი იყო, ლილაში იბანდა თავს (იცინის), თეთრი თმა ჰქონდა და ლილას ივლებდა. რომ გარდაიცვალა, ახალი მოყვანილი მყავდა ცოლი. ძალიან განვიცადე. კონცერტის გამართვას ვაპირებდით, ქუთაისში ვიყავი, ბებია უკვე ცუდად იყო, იწვა. სუფრასთან ვისხედით, დედა რომ გამოვიდა, თქვა, ცუდად არისო. შევედით მის ოთახში და წამებში, ჩემ თვალწინ გარდაიცვალა. დღესაც მაკლია ბებო.
- სკოლაში დედის ხათრით გიწერდნენ ნიშნებს?
- დედის ხათრითაც დამიწერდნენ ალბათ, მაგრამ უფრო იმიტომ მიწერდნენ, რომ ვმღეროდი, სკოლის სახე ვიყავი. თუ რამეში ხელი მეშლებოდა, ისევ მათი რეპეტიციებიდან გამომდინარე, მეექვსე კლასიდან დღეში ოთხ გაკვეთილზე დავდიოდი, იმ გაკვეთილებზე, რომლებიც მაინტერესებდა.
- რა გიზიდავდა?
- თეატრი, სცენა, ჰუმანიტარულ საგნებს ვსწავლობდი. ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს ექიმი გამოვსულიყავი, ჩემი დაც სამედიცინოზე "შეტენეს". დღეს ექიმია. მეც რატომღაც სტომატოლოგი უნდა გამოვსულიყავი. ბოლო ოთხი წელი ქიმია-ბიოლოგიაში მამზადებდნენ, ოღონდ მე არ ვსწავლობდი. გამოცდების დრო რომ დადგა, ვთქვი, არაფერი არ ვიცი და საერთოდ სხვა პროფესია მინდა, თეატრალურში უნდა ჩავაბარო-მეთქი. შეიცხადეს. რომელ მშობელს გაუხარდებოდა, ამდენი წლის სწავლის წყალში ჩაყრა. ზოგადად ხშირად ვაპროტესტებდი რაღაცებს. ერთხელ სახლიდან გავიპარე, მე-6-მე-7 კლასში ვიქნებოდი. ახალი ფეხსაცმელები ჩავიცვი, რომელიც წინა დღეს მიყიდეს და გავიპარე. მეორე მხრიდან მოვუარე სახლს და იქ ვიმალებოდი. ხუთი საათი ვიჯექი. ბოლოს, პანიკა რომ ატყდა და ძებნა გამოცხადდა, გამოვჩნდი. ეს იყო პროტესტი სახელწოდებით "დიდი ბიჭი ვარ" (იცინის).
- ამ დიდი ბიჭის ცხოვრებაში ქუჩის აკადემიაც იყო ალბათ...
- კი, როგორ არ იყო, თანაც ქუთაისში. ახლა არ ვიცი, რას აძლევს ქუჩა ხალხს, მაგრამ მე თავმდაბლობა, უფროს-უმცროსი მასწავლა. ამას ოჯახშიც ისწავლი, მაგრამ იქ სხვანაირად სწავლობ, ცოცხალ მაგალითებზე. ქუჩა ცხოვრებაა, აკადემიაა. ბავშვი ქუჩაში როგორ არ უნდა გაიყვანო. სახლში რომ გიზის სულ კომპიუტერთან, ცოტა შესაცოდია ეგეთი ბავშვი, დაიჩაგრება მერე გარეთ. მუხლიც უნდა იტკინოს და ჩხუბიც უნდა ნახოს. მე ცოტა დაფეთებული ვარ ჩემს შვილზე, მაგრამ სულ სახლში არ მყავს.
- ცუდი მხარეც აქვს ქუჩას, ხულიგნობა, ნარკომანია. დამდგარხარ ამ საფრთხის წინაშე?
- ნარკომანი არასდროს ვყოფილვარ. იმ პერიოდში ტაძართანაც მქონდა ურთიერთობა. თან ჩემი ქუჩა ნარკომანიით გარყვნილი არ ყოფილა. დღეს ნებისმიერი თაობის ნარკომანები ერთად "იჩხერენ". მაშინ ის შეგნება მაინც ჰქონდა ნარკომანს, რომ პატარა ბავშვთან არ გაეკეთებინა წამალი. ბავშვებში თავისი მაიმუნობები იყო, მაგალითად, სიგარეტი. ამას უფროსებს ვუმალავდით. მოზრდილ ასაკში მარიხუანას ვეწეოდით. პირველად მთვრალი რომ მიმიყვანეს სახლში, მე-6 კლასში ვიყავი. "შნაპსით" დავთვერი. საშინელი სასმელი იყო, 2 ბოთლი დავლიეთ. 2 ბიჭი ვიყავით გოგონებთან ერთად მეგობრის დაბადების დღეზე. თამადა გახლდით, ვკაცობდი. მე-8 კლასში ვიყავი, ღვთისმშობლის ხატში დიდი ძალა რომ დავინახე და მოძღვართან მივედი. ვუთხარი, მე ვმღერი და თქვენთან მინდა ვიგალობო-მეთქი. მამა მეგობრობდა იმ მოძღვართან. ამ კაცმა გამზარდა სულიერად. სხვა გზაზე დავდექი. სიგარეტს არ მივეჩვიე მაშინ, მე-2 კურსამდე არ ვეწეოდი.
- საკმაოდ რთული გზა გამოიარე, სანამ მსახიობი გახდებოდი.
- პირველ წელს ვერ ჩავაბარე. მეორე წელს ვიმაიმუნე, ვიაფერისტე გამოცდაზე, მოვიტყუე რაღაცები. მაღაროში ვმუშაობ-მეთქი, მიჭირს და ესეთები. ვიცოდი, ფასიანზე მიმიღებდნენ, მაგრად ვიყავი მომზადებული, მაგრამ ვიცოდი, სწავლის საფასურს ვერ გადავიხდიდი და უფასოზე მინდოდა მოვხვედრილიყავი. გაჭრა, შალვა გაწერელიას ჯგუფში მოვხვდი.
- პირველი ხელფასი... პირველი სამსახური...
- მე ხომ ვგალობდი. ჯვრისწერაზე ვიგალობეთ ერთხელ ბავშვებმა და იქ მოგვცეს ფული. უფრო ადრე ალუმინი ჩავაბარე და მაგაში ავიღე გასამრჯელო. სახლში მოვიტანე ის ფული. არ იყო დალხენილი ცხოვრება. მამაჩემი უმუშევარი დარჩა, დედაჩემს 80 ლარი ჰქონდა ხელფასი. პური არ იშოვებოდა, რიგში ვიდექით, უმარილო პური რომ გვეყიდა. მახსოვს, ჰუმანიტარული რძე რიგდებოდა. იმ ხსნარს, რძე რომ ერქვა, სითბოში ვდებდით და მისგან არაჟანს ვაკეთებდით. უფრო სწორად, გვეგონა, რომ ის არაჟანი იყო. "კერასინკის" დროინდელი ვარ, "სალიარკის" ღუმელზე გაზრდილი. გალობა რომ დავიწყე, მიცვალებულებთანაც მომიწია გალობამ. ოჯახში ამას არ ვამბობდი. ეს დიდი მადლია, მაგრამ მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი. მაგრად მიტყდებოდა, ფარდის უკან მინდოდა ვმდგარიყავი, სახლში ვამბობდი, ჯვრისწერაზე ვგალობ-მეთქი, ის ფულიც სახლში მომქონდა. მერე, თეატრალურში რომ ჩავაბარე, გერმანელი რეჟისორი იყო ჩამოსული, მოკლემეტრაჟიან ფილმზე დამაკავა. 500 ლარი ავიღე...
- განსაკუთრებული გამოცდილება თუ შეიძინე რომელიმე მასწავლებლის, დირექტორის ან უბრალოდ მეგობრისგან?
- შალვა გაწერელია იყო ადამიანი, რომელმაც ცხოვრება მასწავლა. ჩემი მოძღვარი მამა გაბრიელი, რომელიც ახლახან გარდაიცვალა, გრიგოლს მეძახდა, კოღოს. ერთხელ მახსოვს, ბატონ შალვას ვაწყენინე, მერე პატიება ვთხოვე და ასეთი რამ მითხრა, მე გაპატიებ, მაგრამ ცხოვრება არ გაპატიებს ასეთ შეცდომებს, თუ გინდა წყალს გაჰყვე, წყალი წაგიღებსო. მაშინ ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა. ერთხელ გვითხრა, აქედან შეიძლება დიდი არტისტები ვერ გახვიდეთ, მაგრამ ვინც მე მომისმენს, კაცებად მაინც ჩამოყალიბდებითო. ერთხელ მახსოვს, სპექტაკლი დაიდგა თეატრალურში, ოღონდ შალვას არ დაუდგამს. მეორეკურსელები ვართ, "ზვეზდები" გვგონია თავი, თეატრალურში ანშლაგია, სხვა უნივერსიტეტებიდან მოდის ხალხი სანახავად. მე მთავარ როლში ვარ და უზომოდ ვამაყობ ამით. ყველა გვილოცავს, მეუბნებიან, რომ მაგარი არტისტი დადგება ჩემგან. მე ვითომ ვთავმდაბლობ და არ მესმის, ამ დროს მოდის შალვა და გვეუბნება, რა არის ეს, რას ჰგავდითო. ჩვენ, უტვინო ბავშვებმა გადავწყვიტეთ, რომ შალვას ბოღმა აქვს გულში, იმის გამო, რომ მისი სპექტაკლი არ იყო. დიდი ხნის მერე შალვამ გვითხრა, მაშინ რომ გეგონათ, არ მომეწონა თქვენი სპექტაკლი, ძალიან კარგი იყო ყველაფერი, მაგრამ მაშინ რომ შემექეთ, მე-2 კურსის დონეზე დარჩებოდით და აღარ განვითარდებოდით, მეტისმეტად გქონდათ ავარდნილი "ვარსკვლავობა" თავში და თქვენი დონე გაჩერდებოდაო. მართალი იყო, მაგრად აგვივარდა თავში, იმ დონეზე, რომ მე უკვე "ჰამლეტი" მინდოდა მეთამაშა, თან მაგარი ჰამლეტი უნდა მეთამაშა (ეღიმება).
- მას მერე თავში ავარდნის მომენტი კიდევ გქონია?
- არა, არასდროს.
- არც მაშინ, როცა "ფრანმა" პოპულარობის პიკს მიაღწია?
- არც "ფრანით" მოვხიბლულვარ, მოვხიბლულვარ იმით, რომ სხვისი ხელშეწყობის გარეშე, დამოუკიდებლად მივაღწიეთ წარმატებას. მაგრამ ეს არ იყო თავში ავარდნა. ყოველთვის მეპარება ეჭვი ჩემს ნიჭში. ეს გრძნობა სულ თან დამყვება თეატრშიც, მუსიკაშიც. კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც გაწერელიას მერე მსახიობად ჩამომაყალიბა, იყო ლალი კეკელიძე. ის გვარწმუნებდა, რომ ჩვენ მაგრები ვიყავით. ინსტიტუტის მერე ჩარეცხილ თაობას გვეძახდნენ. ქალბატონმა ლალიმ ამოგვქაჩა, მან დაინახა ნიჭი ჩვენში, ერთ გუნდად შეგვკრა. სამწუხაროდ, ამ ქალსაც ვაწყენინე. ბოლო სპექტაკლზე უარი ვუთხარი და მალევე გარდაიცვალა.
- რატომ თქვი უარი?
- არჩევანი უნდა გამეკეთებინა "ფრანსა" და თეატრს შორის. ძალიან დატვირთული რეჟიმი იყო, ყოველდღე 14 საათი რეპეტიციაზე უნდა ვყოფილიყავი, ორივეს ერთად ვერ შევძლებდი. "ფრანი" დიდი ასპარეზია ჩემთვის, როგორც არტისტისთვის. ახლა მიწვეული ვარ გორის თეატრში, სადაც ჩემი მეუღლე, ანი ჩოგოვაძეც არის დაკავებული და მალე ვითამაშებ.
- ცოლ-ქმარს ხომ არ თამაშობთ?
- ეს არის კლოდ მონის "ბლეზი". მე ვთამაშობ მთავარ გმირს, ბლეზს, და მყავს ქუთაისელი მოახლე ჩემი ცოლის სახით (იცინის). იმერელი "კრუხი" გოგოა - მოდის და მიყვარდება. სასიყვარულო სცენებიც გვექნება.
- "ფრანში" რა სიახლეებია?
- როგორც იქნა, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც დაგვაფინანსეს და ალბომს ვუშვებთ. უანგაროდ გვეხმარებიან. გვერდში გვიდგას ნიაზის სტუდიაც. ალბომის პრეზენტაციაზე დაგპატიჟებთ.
- გაგა, თავად რა გამოცდილებას უზიარებ შვილს, აღზრდის როგორი მეთოდები გაქვს?
- ჩემი ცხოვრების მაგალითებზე ვზრდი შვილს. მე გაჭირვება მაქვს ნანახი. არ ვარ შურიანი, არ ვწუწუნებ, როცა არ მაქვს. როცა მაქვს, მინდა, მალე დაიხარჯოს, რომ ჩვეულ რეჟიმში ჩავჯდე. სპეციალურად ვერც ფუფუნებაში გაზრდი ბავშვს და ვერც გაჭირვებაში. არ მინდა, ფულს შეეჩვიოს. მსურს, უბრალოდ გაიზარდოს. მე მაქვს იმის შესაძლებლობა, მისი პატარ-პატარა მოთხოვნილებები დავაკმაყოფილო. ჩვენს თაობას ბავშვობა ნაკლებად გვქონდა. ამიტომ არ მინდა, მას ბავშვობა მოვაკლო. არც ის მინდა, ისეთი ბავშვობა მივცე, მერე დიდობა გაუჭირდეს. ჩვენ დიდობა არ გაგვჭირვებია, პატარაობიდანვე იმდენად დიდები, დამოუკიდებლები გავხდით. ყველაზე დიდი გამოცდილება ცხოვრებაში მაშინ მივიღე, როცა ქუთაისიდან წამოვედი და მარტო ვცხოვრობდი თბილისში. როცა არ მყავდა არც ერთი მეგობარი, არ ვიცნობდი არავის, თვითონ ვაკეთებდი საჭმელს, ვალაგებდი სახლს, ვრეცხავდი სარეცხს, თეთრეულს, იატაკს ვხეხავდი, "უბორკები" მქონდა სახლში.
- თბილისელი ბიჭები ზემოდან ხომ არ გიყურებდნენ?
- ყველა არა, მაგრამ გარკვეულ წრეებში მიუღებელი ვიყავი, ჩემი წრე არ მყავდა. იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მიმიღეს და გულში ჩამხედეს, არ შემოუხედავთ, რა მეცვა და რამდენი ლარი მედო ჯიბეში. ასე რომ, მთავარი გამოცდილება მარტოობაშია, დამოუკიდებლობაში. ბედნიერი ვიყავი, როცა მარტო ვიჯექი მატარებელში და თბილისში მოვდიოდი.
- დასასრულ, შეცდომებზეც ვისაუბროთ, რას ნანობ? შეცვლიდი რაიმეს შენს ცხოვრებაში?
- ნებისმიერი შეცდომა წამალია ადამიანისთვის. შეცდომები რომ არ დამეშვა, დღეს თუ რაღაც დონეზე კარგი ვარ, არ ვიქნებოდი. ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება. რადგან ღმერთი განსაცდელს გივლენს, ე.ი. ასეა საჭირო. ჩვენ ზოგჯერ ვივიწყებთ ღმერთს, მიწიერები ვხდებით. თუ რამე შეცდომა მომსვლია, სწორედ მაშინ, როცა ღმერთი დამვიწყებია. ვნანობ იმას, რომ მარიხუანას ვეწეოდი. ამან არაფერი მომცა, პირიქით, დრო წამართვა. სმა მიყვარს ძალიან და ცოტას მოვუკლებდი. უფრო მეტი სიფხიზლე მინდა. დრო მოვიდა ასეთი, ფხიზლად უნდა ვიყოთ ადამიანები. ვნანობ იმას, რომ ცოტა მძიმე ვარ. ბევრს ვაწყენინე. გული მწყდება, რომ მათთან, ვინც აღარ არიან ამ ქვეყანაზე, ვეღარაფერს გამოვასწორებ. მაგალითად, ვნანობ იმას, რომ მეორე გურულ ბებოს ვაწყენინე. ერთხელ ახლობელი გარდაიცვალა და გურიაში ჩავედით გასვენებაში, მთელი დღე იქ ვიყავი და მხოლოდ ორი წუთით ვნახე ბებია. ფეხი სტკიოდა, გამიმზადა ღვინო 20-ლიტრიანით, ყველი, მჭადის ფქვილი, თან მისაყვედურა, სად იყავი ამდენ ხანს, რატომ მალე არ მოხვედიო. ვეჩხუბე, შენ მე პატარა ბიჭი ხომ აღარ გგონივარ-მეთქი. გავირდიო, მითხრა, მე მალე მოვკვდები და ჩემს სატირალში რომ მოხვალ, ნაჭყებიებში წადი, თამარასთანო (მათთან გამოვიარეთ გასვენების მერე და ვიქეიფეთ), არც ვაკოცე, ისე წამოვედი. მისი გამზადებული სანოვაგე კი წამოვიღე. მეორე დღეს სუფრა გავშალეთ თბილისში, მისი მჭადის ფქვილისგან მჭადები დავაცხვეთ, მის ღვინოს ვსვამდით რომ დამირეკეს, ბებია გარდაიცვალაო. ამას დღემდე ვერ ვინელებ.
- მაგ ღვინომ დაგღუპა, მოგვიყევი ავარიის ამბები...
- დავთვერი და აქვე უბანში გავერთე, მოტოციკლეტით შევასკდი გაჩერებულ მანქანას. ერთი კვირაა ვწევარ, კუნთების დისპლაზია მჭირს. მუხლი მაქვს ამოვარდნილი და მყესები გაგლეჯილი. კიდევ ხუთი დღე უნდა ვიწვე, კონცერტი გვაქვს დაგეგმილი ანაკლიაში, იმედი მაქვს, მანამდე ავდგები.
- დროულად გამოჯანმრთელებას გისურვებთ.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)