2006 წელს, მოსკოვსა და ლონდონს შორის დიდი სკანდალი აგორდა. მაშინ საქმე რუსეთიდან ბრიტანეთის დიპლომატების გაძევებამდეც კი მივიდა. მიზეზი კი ერთი შეხედვით მოსკოვში ნაპოვნი უბრალო ქვა იყო, რომელშიც სადაზვერვო ინფორმაციის შემნახველი და გადამცემი მოწყობილობები იყო ჩამონტაჟებული.
როგორც ჩანს, ამ გამოგონებას აქტუალობა არ დაუკარგავს. ცნობილი გახდა, რომ ავღანეთიდან გასვლის შემდეგ, ამერიკელები ინფორმაციის მიღებას არა მხოლოდ ქვეყნის ხელისუფლებიდან აპირებენ.
ამჟამად, ამერიკული სამხედრო უწყების დაკვეთით, "ლოქჰიდ მარტინი" რამდენიმე სახის კომპაქტურ სადაზვერვო აღჭურვილობაზე მუშაობს. არსებული ინფორმაციით, შეკვეთა ლანდშაფტში შენიღბული ელექტონული დევაისების შექმნასაც ითვალისწინებს.
2014 წელს, ავღანეთიდან წასვლის წინ, ამერიკელი სამხედროები ქვეყნის სხვადასხვა უბნებში ასობით მსგავს მოწყობილობას განათავსებენ. მიზანი მარტივია - თალიბების გადაადგილების მარშრუტებისა და შეკრების წერტილების დადგენა. რელიეფიდან გამომდინარე, ავღანეთში ბევრი ადგილია, სადაც ადამიანები საერთოდ არ ცხოვრობენ. შესაბამისად, შესაძლებელია ასეთ რაიონებს თალიბები ბანაკების მოსაწყობად იყენებდნენ.
ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ, პენტაგონმა 1500 კომპაქტური სეისმური მოწყობილობა შეუკვეთა. მოწყობილობები, რომელთა განთავსებაც ავღანეთის გარკვეულ რაიონებში მოხდა, ოპერატორებს ტრანსპორტის ან ხალხის გადაადგილების შესახებ ატყობინებდა. სწორედ მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თალიბების რამდენიმე დაჯგუფება გაანადგურეს.
ცნობილია, რომ ელექტრონული შიგთავსის მქონე 7500-მდე "ქვა" ამერიკა-მექსიკის საზღვარზე რეგულარულად გამოიყენება. მოწყობილობათა ეს რაოდენობა საზღვის 25-30 %-ის გასაკონტოლებლად სავსებით საკმარისია. გაბარიტებით ის ჰოკეის შაიბას არ აღემატება. ექსპლუატაციაში მარტივი მოწყობილობა, სამი თვის განმავლობაში შეუჩერებლივ ავტონომიურად მუშაობს და რამდენიმე ათეულ მეტრის რადიუსში ნებისმიერ გადაადგილებას აფიქსირებს.
ამჟამად, "ლოქჰიდ მარტინი" მსგავსი მოწყობილობების სრულყოფაზე მუშაობს. პირველ რიგში, სპეციალისტების ძალისხმევა ენერგომოხმარების შემცირებაზეა მიმართული. გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა ერთიანი სისტემის შექმნაზე, რომელშიც 50-მდე სეისმური მოწყობილობა იქნება გაერთიანებული. ყველა მათგანი პარალელურ რეჟიმში იმუშავებს და ინფორმაციის გადაცემა ერთ კომპიუტერზე მოხდება. მსგავსი სისტემა მესაზღვრეებსა და სპეც-სტრუქტურებს წაადგებათ.
"ლოქჰიდ მარტინის" წარმომადგენლების თქმით, მსგავსი მოწყობილობა 1000 დოლარი ეღირება, რაც ამგვარი სადაზვერვო აღჭურვილობისთვის არც ისე ძვირია. ფასის დაკლების მიზნით, სპეციალისტებმა, თავიანთ ქმნილებაში ლიტიუმ-იონური აკუმულატორების გამოყენება გადაწყვიტეს. ამ უკანასკნელებს სამოქალაქო ელექტრონიკაში უკვე დიდი ხანია იყენებენ. დამჯდარი აკუმულატორის შეცვლას წუთიც არ სჭრდება. პერსპექტივაში კი უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, აკუმულატორის მუშაობის ხანგრძლივობის გაზრდა რამდენიმე წლამდე იგეგმება.
ნუკრი მგელაძე