"ალუბლების ქუჩა #12" - ასე ჰქვია სერიალს, რომელიც "რუსთავი 2"-ზე შაბათს დაიწყო. ახალ სერიალში "შუა ქალაქში"-ს ყველა პოპულარული მსახიობი თამაშობს. თავის დროზე, სერიალიდან მათი გამოშვება მაყურებლის ნაწილმა საკმაოდ მტკივნეულად აღიქვა. რამდენიმე თვის შემდეგ კონკურენტ არხზე გოგა ბარბაქაძე, მაია დობორჯგინიძე, თათული ედიშერაშვილი, თამუნა ნიკოლაძე და კახა ჯოხაძე ახალი გმირებით დაბრუნდნენ.
სერიალზე "კომედი შოუს" ჯგუფი მუშაობს. გადაღებები დიდ პავილიონში მიმდინარეობს. ძალიან ლამაზი და მშვიდია ალუბლების ქუჩა, როგორც გმირები ამბობენ, იმდენად მშვიდი, რომ კანონსაც არ არღვევენ. გადაღებებზე ყველა კარგ ხასიათზეა. მოუთმენლად ელოდებიან, როგორ მიიღებს ახალ გმირებს მაყურებელი. ინტერვიუ მაია დობორჯგინიძესა და გოგა ბარბაქაძესთან ჩავწერეთ. გოგას გმირი ნიკა ჯაფარიძეა, პროფესიით გარე გაყიდვების მენეჯერი, მაია - ტატა არეშიძეა, დიზაინერი. ცხოვრებაში ცოლ-ქმარს სერიალში ჯერჯერობით ცოტა საერთო აქვთ.
- "ალუბლების ქუჩა #12"-ის პირველი სერია შაბათს გავიდა ეთერში. თქვენი გმირების შესახებ მოგვიყევით.
გოგა:
- მე ვარ ნიკა ჯაფარიძე, გარე გაყიდვების მენეჯერი, დაოჯახებული. შვილი არ გვყავს. სამაგიეროდ, ჩვენთან ერთად სიმამრი და ჩემი და ცხოვრობენ. სახლში არ გვყავს არც ცხოველი, არც ფრინველი და არც თევზი, მერე ვნახოთ.
მაია:
- მე ტატა არეშიძე ვარ, მოდის სახლის მფლობელი. ჩემთან ნიკა ჯაფარიძის მეუღლე მუშაობს, რომლის როლსაც თამუნა ნიკოლაძე თამაშობს. ძალიან კარგი, თანამედროვე მოდის სახლი მაქვს, ვკერავ ლამაზ კაბებს, ბევრი კლიენტი მყავს და წარმატებული ვარ.
- გოგა, როგორი ხასიათისაა ნიკა ჯაფარიძე?
- კარგი, კეთილი ადამიანია, უბოროტო, უყვარს სიკეთის კეთება და ხანდახან ცოტა მაიმუნობს.
- სიმამრი გაბრაზებს თუ შენ აბრაზებ?
- არც ერთი არ ვაბრაზებთ, ხანდახან ვკამათობთ, თუმცა გვიყვარს ერთმანეთი.
- სერიალის "პრომოდან" ჩანს, რომ ძველ გმირებს არ ჰგავხართ და იმიჯი შეცვლილი გაქვთ.
მაია:
- ეგ ძალიან კარგია, ბევრი ვეცადეთ, არ დავმსგავსებოდით. ახალი სერიალის რამდენიმე სერია რომ გავა, მერე უფრო გამოჩნდება. საქართველოში პერსონაჟები მალე უყვარდებათ და მერე ძნელად ეგუებიან სიახლეს.
- ორივე თეატრის მსახიობები ხართ, თუმცა ხალხმა უფრო სერიალიდან გაგიცნოთ. არ იყო რისკი, ისევ სერიალით გაგეგრძელებინათ კარიერა?
გოგა:
- მსახიობი ვარ და ჩემი საქმე ის არის, თეატრშიც ვიყო და სერიალშიც. ნავთობის კომპანიაში ხომ არ დამიწყია მუშაობა. გარკვეული რისკი შეიძლება იყო, მაგრამ თეატრში განსხვავებული როლები მაქვს და მგონი, გამომდის.
- რამდენ ხანს ემზადებოდით სერიალის გადაღებებისთვის და როგორი იყო მუშაობის პროცესი?
მაია:
- დიდი ხანია ვემზადებით, უფრო ადრეც უნდა დაგვეწყო, მაგრამ რაღაც მიზეზებმა ხელი შეგვიშალა. ბევრი რამ შევცვალეთ. თავიდან ექიმები უნდა ვყოფილიყავით. ცვლილებების გამო გადაიდო და ახლა ისეთ დროს გავდივართ ეთერში, მალე ზაფხული იწყება.
გოგა:
- არა უშავს, მაყურებელი ითხოვს, რომ არ უნდა გავჩერდეთ.
მაია:
- სრული შოკი დაემართათ, როდესაც გაიგეს, რომ ახალ სერიალში გამოვჩნდებოდით. გადარეულები არიან... ისე ელოდებიან, ცოტა შეგვეშინდა.
- როგორია ალუბლების ქუჩა?
გოგა:
- ძალიან ლამაზი, ალუბლის ხეები ყვავის, შემდეგ ნაყოფი მწიფდება, ვკრეფთ და მურაბას ვაკეთებთ.
- მორჩილი ქმარი ხარ სერიალში, მეუღლეს ხომ არ აბრაზებ?
- არ ვაბრაზებ, ეს ხომ დრამატული სერიალი არ არის, რომ სიტუაცია დაიძაბოს. საყვარელი გავიჩინო და ვიღაცისგან შვილი მყავდეს. ნორმალური, ჯანმრთელი ოჯახი ვართ.
- სიმამრი ცხოვრობს შენს სახლში, თუ შენ ცხოვრობ მასთან?
- ამჟამად მე ვარ ჩემს სახლში და სიმამრი ჩემთან ცხოვრობს.
მაია:
- სასწაული მოხდა, საკუთარი სახლი აქვს (იღიმება).
- როგორი ადამიანია შენი სიმამრი?
- ოფიციალური სამსახური არ აქვს, მაგრამ სიცოცხლით სავსე ხანში შესული მამაკაცია. ტემპერამენტიანი, უყვარს დროსტარება, დისკოთეკაზე სიარული, უკრავს ყველანაირ ინსტრუმენტზე, მღერის, მაგრამ თეატრსა და კინოსთან არანაირი კავშირი არ აქვს. ახალგაზრდობაში უნდოდა, მსახიობი გამოსულიყო, მაგრამ არ გამოუვიდა. ოცნებობდა, ტროლეიბუსი ეტარებინა, მაგრამ ესეც არ გამოუვიდა.
მაია:
- (იცინის) რას ამბობ, რა ტროლეიბუსი...
გოგა:
- ვხუმრობ...
- სიდედრიც შენთან ცხოვრობს?
- ჯერჯერობით არ ჩანს. არადა, ცოლი ნამდვილად ჰყავს, მაგრამ არ ვიცი, სად არის.
მაია:
- საბერძნეთში ზეთისხილის ხეივნების ბიზნესი აქვს (იცინიან).
- მაია, შენი სალონიც ალუბლების ქუჩაზეა?
- არა, მაგრამ მისი სურნელი მაინც აღწევს ჩვენთან. სამი თანამშრომელი მყავს. სერიალში გოგას მეუღლე თამუნა ნიკოლაძის გმირია, დიზაინერ-მკერავი. დანარჩენი ორი ჩვენთან შედარებით ახალგაზრდები არიან და ჩვენგან განსხვავებით, ბევრი სასიყვარულო თავგადასავალი აქვთ. მათ ისტორიებს ვუსმენთ და თაყვანისმცემლების შერჩევაში ვეხმარებით. რაც შეეხება სიმკაცრეს, მკაცრიც ვარ და მომთხოვნიც, იმიტომ, რომ ისე საქმე არ გაკეთდება, მაგრამ თან კეთილი და მეგობრული ვარ. ეს არის ჩემი როლი, რომ ყველა ეს თვისება ერთად უნდა მოვაქციო. თამუნას რაც შეეხება, სერიალში მარი ჰქვია, ცოტა ცეტია, სამსახურში აგვიანებს, ტელეფონის ზარს გვიან პასუხობს, მაგრამ ამას გააზრებულად არ აკეთებს და ეპატიება. ხანდახან დაგვიანების გამო ვსაყვედურობ.
- როგორც ვნახე, თქვენს ქუჩაზე მშვენიერი კაფეც გაქვთ...
გოგა:
- ეს კაფე ჩვენი შეკრების ადგილია, სადაც პრობლემების გადაჭრაზე ვსაუბრობთ. მეგობრებს ვხვდებით, ვმხიარულობთ და დროს ვატარებთ.
- ვინ არიან შენი მეგობრები სერიალში?
- ორი კარგი მეგობარი მყავს. ერთი სერიოზული ინტელექტუალია, იმდენად განათლებული, რომ ნერვების მომშლელი. მეორე იმდენად უინტელექტო, რომ ისიც ნერვების მომშლელია. გოგონები მოსწონს, არშიყობს, მიმწოლი ვაკელია. ხანდახან ერთად ვხულიგნობთ.
- კანონსაც ხომ არ არღვევთ?
- არა, კანონმორჩილი ხალხი ვართ.
მაია:
- ალუბლების ქუჩაზე კანონი არ ირღვევა (იღიმება).
- როგორ მიმდინარებს გადაღებები?
გოგა:
- ძალიან კარგად. ჩაწერებზე ბევრი ხალხი მოდის, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ერთი სერია გავიდა ეთერში.
- თათული ედიშერაშვილი ვის როლს თამაშობს?
გოგა:
- ჩემი დის... კარგი გოგოა, ცოტა მკაცრი.
მაია:
- ოთხჯერ განათხოვარია, ოღონდ წესიერი, უწესო არ გეგონოთ (იცინის).
გოგა:
- წესიერად განათხოვარი და წესიერად გამოთხოვილი.
- მკაცრი მულია?
- კი, ალბათ ეგეც არის.
მაია:
- რომ გეგონებათ, ძალიან მკაცრია და ვერ დაელაპარაკები, მერე რაღაც მომენტებში ჩანს, რომ თბილი, სევდიანი ადამიანია. მე ასეთს ვხედავ თათულის გმირს.
- ერთმანეთის გმირები თუ მოგწონთ?
მაია:
- არ მიკითხავს, გოგა, მოგწონს ჩემი გმირი?
გოგა:
- დადებითი პერსონაჟები ვართ და რატომ არ უნდა მოგვწონდეს. ყველაფერი მომწონს. არ მომწონს მარტო ის... არაფერი...…
- სერიალშიც ცოლ-ქმარს რომ არ თამაშობთ?
- ცოლ-ქმარი ცხოვრებაშიც ვართ.
მაია:
- პირიქით, კარგია.
გოგა:
- იქნებ, ჩემი საყვარელი გახდე (იცინიან).
მაია:
- მარის გმირს მაგას ვერ ვაკადრებ. სერიალში შვილი მყავს, რომელიც შემდეგ გამოჩნდება. ბავშვს დედა ყოველთვის ენატრება, ისევე, როგორც რეალურ ცხოვრებაშიც ჩემს შვილს.
- როგორ ასწრებთ - თეატრი, სერიალის გადაღებები…...
გოგა:
- ძალიან მიწყობენ ხელს. კვირაში სამი დღე აქ ვარ. ჯერჯერობით პრობლემა არ მქონია. იმასაც ითვალისწინებენ, რომ სხვანაირად არ გამოდის. როცა ოჯახი, შვილი გყავს, მარტო თეატრში ვერ იქნები. ისეთი ანაზღაურება რომ იყოს, ჩემს ოჯახს აკმაყოფილებდეს, არსად წავიდოდი, ძალიან მიყვარს თეატრი.
მაია:
- ბევრი ვართ თავისუფალი თეატრიდან და ბატონი ავთო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი არ შეგვეშალოს პარალელურად მუშაობაში.
- მაია, ბავშვის გაზრდაში ვინ გეხმარებათ.
- ბებიები, ბაბუა, ძიძა... მალე ოთხი წლის გახდება. სულ მეკითხება, როდის მორჩება შენი სამსახურიო.
გოგა:
- არდადეგები რომ დაიწყება, მერე ერთად ვიქნებით.
- დასასრულ, ისევ სერიალზე გკითხავთ, რას ელოდებით "ალუბლების ქუჩა #12"-სგან, როგორ მიიღებს მაყურებელი?
გოგა:
- ვნერვიულობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. ისეთ რეიტინგს დავდებთ, რომელიც მაყურებელს, ტელევიზიას და ჩვენ, ყველას მოგვეწონება.
მაია:
- მართლა ძალიან ველოდებით სერიალის გასვლას, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაყურებელმა შეიყვაროს და კარგად მიიღოს.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)