ფორესტ უიტაკერი ლუი არმსტრონგის როლისთვის ემზადება

ფორესტ უიტაკერი ლუი არმსტრონგის როლისთვის ემზადება

ოსკაროსანმა ამერიკელმა მსახიობმა, რეჟისორმა და პროდიუსერმა ფორესტ უიტაკერმა, რომელმაც სახელი გაითქვა ფილმით "შოტლანდიის უკანასკნელი მეფე", მუშაობა დაასრულა კომედიაზე "ოჯახური ქორწინება". ფორესტი ნაკლებად ჩნდება კომედიებში, თუმცა აღიარა, რომ დრამის თამაში გაცილებით ადვილი ყოფილა.

დოსიე

ფორესტ სტივენ უიტაკერი 1961 წლის 15 ივლისს დაიბადა ამერიკის ქალაქ ლონგვიუში, ოთხი წლის ასაკში ოჯახთან ერთად ლოს-ანჯელესში გადაბარგდა. მამამისი სადაზღვევო აგენტი იყო, დედა კი - მასწავლებელი, რომელმაც ორი უმაღლესი დაამთავრა და მთელ დროს ბავშვების - ფორესტისა და მისი სამი და-ძმის აღზრდას უთმობდა.

სკოლაში სწავლისას ფორესტი ფეხბურთით იყო გატაცებული, გარდა ამისა, სიმღერის გაკვეთილებზე დადიოდა და მიუზიკლებშიც მონაწილეობდა. 1980-იანი წლებიდან კი კინოსა და ტელევიზიაში დაიწყო წარმატებული კარიერა.

ყველაზე იღბლიანი როლი აღმოჩნდა უგანდის პრეზიდენტის, გენერალ იდი ამინის როლი ფილმში "შოტლანდიის უკანასკნელი მეფე". 2006 წელს ამ როლისთვის მიიღო "ოსკარი", "ოქროს გლობუსი" და "ბაფტას" პრემია. მეოთხე აფროამერიკელი გახდა, რომელმაც "ოსკარი" დაიმსახურა მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, სიდნი პუატიეს, დენზელ ვაშინგტონისა და ჯეიმს ფოქსის შემდეგ.

1996 წელს ფორესტმა ყოფილ მსახიობ კეიშა ნეშზე იქორწინა. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს.

ფორესტი ვეგეტარიანელია, იოგით არის დაკავებული და კარატეს შავი ქამარი აქვს.

საინტერესო ფაქტია კიდევ ის, რომ ფორესტს მარცხენა თვალის თანდაყოლილი დაავადება აქვს, ნერვი აქვს დაზიანებული. თუმცა კრიტიკოსებიც და მაყურებლებიც ამბობენ, რომ ეს ნაკლი მას ერთგვარ ხიბლსა და იდუმალებას სძენს.

"ჩვენ მივდივართ და ორგანოებს "ვართმევთ"

- დრამაში უფრო რთულია ალბათ თამაში, ვიდრე კომედიაში?

- აღიარებული ფაქტია, რომ მაყურებლის გაცინება უფრო ძნელია, ვიდრე ატირება. დრამაში თამაში იმიტომაც არის იოლი, რომ ცუდადაც თუ გამოგივა ნამუშევარი, ამის შესახებ შეიძლება ვერც გაიგო. ემოციური სცენაა, შენ ტირი და თმას იგლეჯ დარდისგან, მაგრამ ამ დროს მაყურებელი ზის და ფიქრობს: "ღმერთო, რას აკეთებს, რა საშინელებაა!" მაგრამ არაფერს ამბობს და გგონია, რომ გამოგივიდა. როცა კომედიას თამაშობ და სიცილი არ გესმის, ეს იმას ნიშნავს, რომ კრახი განიცადე.

- თქვენი ერთ-ერთი ახალი ფილმია "მფატრავები"...

- დიახ, საკმაოდ რთული ფილმია, რომელიც ჯანდაცვის საკითხებს ეხება და მგონია, რომ ამერიკის კონგრესმაც კი უნდა მიაქციოს მას ყურადღება. ამ ფილმში ნაჩვენებია, როგორ "ვზრუნავთ" ავადმყოფ ადამიანებზე. მოქმედება მომავალში ვითარდება, ადამიანებს შეუძლიათ ხელოვნური ორგანოები იყიდონ, მაგრამ როგორც კი რაიმე მიზეზის გამო მათი საფასური კრედიტის გადახდას შეწყვეტენ, ჩვენ მივდივართ და საკმაოდ ამაზრზენი მეთოდით ორგანოებს "ვართმევთ". ჩვენი ფილმი იმის მეტაფორაა, რაც ახლა ხდება. ჩემმა ნაცნობებმა მთელი ქონება დაკარგეს იმის გამო, რომ კრედიტის თანხა დროულად ვერ გადაიხადეს.

"ლუი არმსტრონგი ყოველდღე მარიხუანას ეწეოდა"

- ამბობენ, რომ წონაში მომატებას აპირებთ ახალი პროექტისთვის, რომელშიც ცნობილი არტისტის ლუი არმსტრონგის როლი უნდა შეასრულოთ...

- უკვე დავიწყეთ მუშაობა ფილმზე (What a Wonderful World ). ლუი არმსტრონგის როლს შევასრულებ და ფილმის რეჟისორიც თავად ვიქნები. ამ ლეგენდარული ადამიანის უამრავი ჩანაწერი და ინტერვიუ არსებობს, რომლებიც კარგად შევისწავლე. მთლად მის "ტალღაზე" გადავერთე - მის სიმღერებს ვუსმენ და ვცდილობ გავიგო, როგორ ცხოვრობდა. ჩვენს ფილმში ბევრ ისეთ რამეს ნახავთ, რაც გაგაოცებთ. მაგალითად, ლუი ყოველდღე მარიხუანას ეწეოდა და პრეზიდენტს მისწერა კიდეც, რომ "ბალახეულის" მოწევა ლეგალიზებული გაეხადა. მაგრამ ჩვენი ფილმის ძირითადი იდეაა ვაჩვენოთ მისი ცხოვრების მთავარი ოცნება, სურვილი, გარშემო ყველა ერთ დიდ ოჯახად გაეერთიანებინა. მისი მუსიკა ამ ოცნების მიღწევის ერთგვარ საშუალებად იქცა.

- რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

- კარიერის დასაწყისში იდეალისტი ვიყავი. არ ვღელავდი იმაზე, მივიღებდი თუ არა როლს. უბრალოდ, ვცდილობდი უკეთესი გავმხდარიყავი. იოლად ვამბობდი უარს, თუ როლი არ მაინტერესებდა. 10 წლის განმავლობაში უარს ვამბობდი ნარკოტიკების გამსაღებლების როლებზე, იმ დროს ფულზე არ ვფიქრობდი, მერჩივნა მეშიმშილა, ვიდრე ერთფეროვან "ზანგურ" როლებში მეთამაშა. ამაშია ჩემი საიდუმლო. კარიერა იმით გავიკეთე, რომ მხოლოდ საინტერესო როლებს ვთანხმდებოდი, იმიტომ, რომ გულის კარნახს მივდევდი.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება