რომი შნაიდერის უცნობი დღიურები

რომი შნაიდერის უცნობი დღიურები

30 წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან. მისი ცხოვრება თითქოს მართლაც ელიტური ქრონიკებისთვის იყო შექმნილი - მრავალწლიანი რომანი ალენ დელონთან, რომელიც ქორწინებით არ დასრულდა, ორი უიღბლო ქორწინება, შვილის ტრაგიკული სიკვდილი...

რომი შნაიდერის დღიურები და წიგნი მისი ცხოვრებისა და სიყვარულის შესახებ რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა.

პირველად რომი და ალენი ერთმანეთს 1958 წელს შეხვდნენ, ფილმ "კრისტინას" გადაღებების დაწყებამდე - ალენ დელონი აეროპორტში ყვავილების თაიგულით მივიდა. 1960-იანი წლების ცნობილი სასიყვარულო რომანი, რომელზეც ევროპასა და ამერიკაში წერდნენ, მისი მთავარი მოქმედი გმირების სრული გულგრილობით დაიწყო. მაგრამ რაც მეტად ხვდებოდნენ ერთმანეთს, მით მეტ ინტერესს გრძნობდნენ ერთმანეთის მიმართ.

"პარიზში გავიცანი ნამდ­ვილი ალენი, ეკლიანი, იმპუ­ლ­სური, მოუხეშავი ჭაბუკი, რო­მელიც ჯინსსა და პერანგს არ იშორებდა, სულ აგვიანებდა გადაღებებზე, მთელ ქალაქს უვლიდა თავისი "რენოთი" და არაჩვეულებრივ ამბებს ჰყვებოდა, - იხსენებდა მოგვიანებით რომი, - გადაღებების პირველი დღიდან ვჩხუბობდით და ვკამათობდით".

მაგრამ ბრიუსელში კინემა­ტოგრაფისტთა მეჯლისზე რომი მიხვდა, რომ თავისი პარტნიორი უყვარდა. მალე ისიც გაირკვა, რომ ალენიც შეყვარებული იყო.

1959 წლის 22 მარტს დაინიშნენ, თუმცა რომის მშობლებს ქალიშვილის არჩევანი არ მოსწონდათ. რომი უკვე ცნობილი იყო გერმანიაში, გერმანელების საყვარელი მსახიობი გამხდარიყო, ალენს კი ჯერ ნაკლებად იცნობდნენ. "ვიღაც ალენი", - ასე იხსენიებდა რომის დედა მას და ყურმილში შვილს ჩაჰყვიროდა: "რომი, საყვარელო, გონს მოეგე, ამ ურცხვს მხოლოდ შენი ფული და დიდება აინტერესებს. როგორც კი გამოგწურავს, მიგატოვებს".

როცა დისტანციაზე ვერაფერი გააწყო, რომის დედამ გადაწყვიტა, ეს ურთიერთობა ისეთ კალაპოტში ჩაესვა, რომ შვილის კარიერა არ დანგრეულიყო. ცოტა ხანში მაგდამ ფოტოგრაფები მოიწვია და ორი ახალგაზრდა მსახიობის პირადი საქმე ლამის საერთაშორისო მასშტაბის მოვლენა გახდა. მოგვიანებით რომი ამბობდა, რომ ალენთან რომანმა მისცა საშუალება დედის, წარსულში ცნობილი მსახიობის მაგდა შნაიდერისა და მამინაცვალ ჰანს ბლატცჰაიმის მეურვეობას გაჰქცეოდა. ისინი ხომ მის ყველა ნაბიჯს აკონტროლებდნენ...

ქორწილის დღე არ დაუნიშნავთ და პარიზში დაბრუნებული ალენი ისევ თავისუფლად ცხოვრობდა, არც გართობას და ფლირტს იკლებდა. მას თავისუფლება არ ეთმობოდა, თანაც, როგორც მოგვიანებით აღიარა: "რომი იმ საზოგადოების პირმშო იყო, რომელსაც მე ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი - მდიდარი ობივატელების. ხუთწლიანი ურთიერთობის განმავლობაში მასში ვერ ამოვძირკვე ის, რასაც 20 წელი უტენიდნენ თავში. ორ რომისთან ვცხოვრობდი. ერთი გიჟურად მიყვარდა, მეორეს კი ვერ ვიტანდი".

სულ მალე ალენ დელონი სუპერპოპულარული გახდა, პარიზში სახლი იყიდა და რომისთან ერთად იქ გადავიდა. თუმცა გამუდმებული გადაღებების გამო ერთმანეთს თითქმის ვერ ხედავდნენ. 1963 წელს რომიმ ჰოლივუდურ კომპანიასთან გააფორმა კონტრაქტი და აშშ-ში გაემგზავრა. იქვე გაიგო, რომ დელონმა მსახიობ ნატალი ბარტელემისთან გააბა რომანი. დელონმა მასზე იქორწინა კიდეც, შვილიც გაუჩნდათ, რომი კი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

"მისი ღალატის შემდეგ გა­ნა­დ­გურებული და დამცირებული ვიყავი, - წერს რომი დღიურში, - ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, მას არასდროს დავტოვებდი. ძალიან მიყვარდა და ყველაფერს ვპატიობდი".

რომის დეპრესია დაემართა, ლო­თობდა, პარტნიორებს ხშირად იცვლიდა. 1966 წელს გათხოვდა 42 წლის გერმანელ რეჟისორ გარი მაიენზე. რამდენიმე თვეში ვაჟი გაუჩნდა - დავიდი. მოგვიანებით ამბობდა, რომ დავიდი დაეხმარა დაწყნარებაში და ალენის დავიწყებაში. მაგრამ 1968 წელს ალენი ნატალის დაშორდა, შნაიდერს დაურეკა და მასთან ერთად ფილმ "აუზში" მონაწილეობაზე დაითანხმა. პრემიერის დღეს სკანდალი აგორდა - რომი და ალენი ერთმანეთს ჩახუტებულები გადაიღეს, ქმარს ეწყინა, რომისთვის კი სულერთი იყო...

1975 წელს რომი თავის მძღოლს გაჰყვა ცოლად და ქალიშვილი სარა გააჩინა, მაგრამ ვერც ამ ქორწინებაში იპოვა ბედნიერება. 1979 წელს მისმა პირველმა ქმარმა თავი მოიკლა. რომიმ თავი დამნაშავედ იგრძნო და ისევ სასმელში გადაეშვა. ქმარი არყის ბოთლებს უმალავდა. 1981 წელს მისი 14 წლის ვაჟი გარდაიცვალა - ღობეზე ძვრებოდა, ჩამოვარდა და ლითონის ეკლებზე დაეცა. იმ მძიმე დღეებში ალენ დელონი რომის გვერდით იყო. "იმ დღეს, როცა დავიდი მოკვდა, რომიმ ჩვენ დაგვტოვა, - იხსენებდა ალენ დელონი, - მას აღარ სურდა სიცოცხლე".

1982 წლის 29 მაისს 43 წლის რომი შნაიდერი პარიზის ბინაში მკვდარი იპოვეს - ექიმებმა გულის შეტევის დიაგნოზი დასვეს.

დელონი პირველი მივარდა, მთელი ღამე არ მოსცილებია, ტიროდა. სანამ ჩაასვენებდნენ, სამი ფოტო გადაუღო, რომლებიც მას შემდეგ სულ უდევს საფულეში.

რომის სიკვდილის მერე ალენს ოთხი უიღბლო რომანი ჰქონდა, ახლა კი მარტო ცხოვრობს. რომის თავისი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს უწოდებს, ყოველ წელს აღნიშნავს მასთან ნიშნობის თარიღს - 22 მარტს, ერთ-ერთ ინტერვიუში კი აღიარა: "ცოლად უნდა მომეყვანა..."

Daily Mirror

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება